განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
საქმე №060311219002847196 (3/ბ-128-19წ.)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ - მოსამართლეები ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი) გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი, სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე - 2019 წლის 05 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავით დადგენილი წესით, მხარეთა მონაწილეობით განიხილა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი შპს „გ-------------ის“ (ს/ნ 4--------) საჩივარი.
საქმეში მონაწილე მხარეები:
საჩივრის ავტორი - შპს „გ-------------ი“ (ს/ნ 4--------)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი − ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება
2019 წლის 13 თებერვალს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მ------ ნ------ემ შუამდგომლობით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს შპს „გ-------------ის“ (ს/ნ 4--------) მიმართ და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გაცემა.
თავის მოთხოვნას შუამდგომლობის წარმდგენი იმ გარემოებაზე ამყარებდა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 0-----------ის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №0------ ბრძანების საფუძველზე შპს „გ-------------ის“ (ს/ნ 4--------) ქონებას დაედო ყადაღა. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება (შუამდგომლობის მომზადების თარიღია: 11.02.2019) ბიუჯეტის წინაშე შეადგენდა 99 173,36 ლარს (მათ შორის, ძირითადი თანხა - 79 150,43 ლარი, ჯარიმა - 8 152 ლარი, საურავი - 11 870,93 ლარი).
საგადასახადო ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზურნველყოფის ერთ-ერთ სახეს წარმაოდგენს ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა და ამ ქონების განკარგვის აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
საგადასახადო ორგანოს მიერ ქონებაზე ყადაღის დადება, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საგადასახადო დავალიანებაზე, რომელიც პირის მიერ აღიარებულია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია, აგრეთვე ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის დასკვნის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგება; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
შუამდგომლობის წარმდგენი მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, წარმოშობილია დეკლარაციების საფუძველზე. დეკლარირებული თანხების გადაუხდელობის გამო გადამხდელის ქონება დაიტვირთა საგადასახადო გირავნობა-იპოთეკით, ხოლო შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, გადამხდელის ქონებაზე გავრცელდა ყადაღა. გადასახადის გადამხდელს 2018 წლის 05 დეკემბერს ჩაჰბარდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“, რაც არ გასაჩივრებულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV თავით დადგენილი წესით, შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გაატაროს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, ქონებაზე ყადაღის დადების აქტი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და იგი ჩაჰბარდა გადასახადის გადამხდელს, რაც დასტურდება მისი წარმომადგენლის ხელმოწერით. ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 დეკემბერს რეგისტრირებულია ყადაღა. შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის დადება მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც შუამდგომლობის ავტორი ითხოვდა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ ბრძანების გაცემას.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ღია აუქციონის წესით რეალიზაციას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის შპს „გ-------------ის“ (ს/ნ 4--------) ყადაღადადებული ქონება, რეალიზაციის დროისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს ბრძანება 2019 წლის 27 თებერვალს გაასაჩივრა შპს „გ-------------ის“ (ს/ნ 4--------) წარმომადგენელმა ლ-----ა ს---------მ, რომელმაც გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ შპს „გ-------------ის“ (ს/ნ 4--------) აღიარებული საგადასახადო ვალდებულება შეადგენს 99 173,36 ლარს (ძირითადი - 79 150,43 ლარი, ჯარიმა - 8 152 ლარი, საურავი - 11 870 ლარი). სასამართლომ გასაჩივრებულ ბრძანებაში არასწორად დააფიქსირა გადამხდელის პოზიცია. კერძოდ, შპს „გ-------------ის“ (ს/ნ 4--------) წარმომადგენელი, მართალია, აღიარებდა საგადასახადო დავალიანებას, მაგრამ შამდგომლობას არ ეთანხმებოდა იმ საფუძვლით, რომ შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა მათი განცხადება საგადასახადო დავალიანების შემცირებისა და საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ (N2---------1), ხოლო დასახელებულ განცხადებაზე კი გადაწყვეტილება არ მიღებულა.
საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საგადასახადო შეთანხმების არსი მდგომარეობს იმაში, რომ კეთლსინდისიერ მეწარმეს შეუმსუბუქოს შეუსრულებელი ვალდებულების გადახდის ტვირთი ისე, რომ არც სახელმწიფო დაზარალდეს. გასაჩივრებული ბრძანებით კი აშკარაა, რომ სასამართლო არც კი შეეცადა მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის მოსმენისა და საქმის გარემოებათა შეფასებით მიეღო სამართლიანი გადაწყვეტილება - გადაედო ბრძანების გამოცხადება საგადასახადო შეთანხმების განცხადებაზე პასუხის მიღებამდე.
ყადაღადადებული ქონება არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საწარმოს საქმიანობისთვის აუცილებელი საშუალებაა და მისი რეალიზაციის შემთხვევაში საწარმო ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს.
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლოს როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი აძლევს შესაძლებლობას დანიშნოს დამატებით ვადა, რა ვადაშიც გადასახადის გადამხდელი სასამართლოს წარუდგენდა მასსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებულ საგადასახადო შეთანხმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით გარანტირებულია უფლება, საგადასახადო შეთანხმების მიღწევისა, რომელიც შეიზღუდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული ბრძანებით. თუ რეალიზებული იქნება ყადაღადადებული ქონება, ცხადია მიღწეული შეთანხმება ვერ გამოიწვევს განხორციელებული აუქციონის შედეგის გაუქმებას.
სასამართლო უფლებამოსილი არ იყო დაეკმაყოფილებია შუამდგომლობა, რადგან ამით მან გადასახადის გადამხდელს ხელი შეუშალა უფლების განხორციელებაში, უპირატესობა მიანიჭა რა ადმინისტრაციულ ორგანოს, არათანაბარ პირობებში ჩააყენა პროცესის მონაწილე მხარეები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის N3/13-19 ბრძანების გაუქმებას, საქმის ხელახლა განსახილველად სამტრედიის რაიონული სასამართლოსთვის დაბრუნებას, რათა შესაძლებელი გახდეს კანონით გარანტირებული უფლებების სრულად რეალიზება.
გასაჩივრებული ბრძანების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლომ გააანალიზა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ შპს „გ-------------ის“ (ს/ნ 4--------) საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სსკ 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება (მოცემულ შემთხვევაში ბრძანება) აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. სსსკ-ის 385.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 385.2 მუხლით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათაგან ერთ-ერთს. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება საგადასახადო ორგანოს უფლებაა და ამ უფლების რეალიზაცია ხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრული წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2121 მუხლით, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის მიხედვით. 2123 მუხლით, ოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში, ხოლო საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში.
საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „გ-------------ი“ რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი: 4-------- (ს.ფ 17-18).
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 0-----------ის N0------ ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო შპს „გ-------------ის (ს/ნ 4--------, იურ. მის.: სამტრედიის რაიონი, ფ---------ის ქ. N6) საკუთრებაში რიცხულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას (ს.ფ. 5)
2019 წლის 24 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მთავარი ოფიცრების მიერ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 0----.2018 წლის N0------ ბრძანების საფუძველზე შედგენილ იქნა შპს „გ-------------ის“ (ს/ნ 4--------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0---- აქტი, რომლითაც დაყადაღდა:
1. უნაგირა საწევარა „DAF FR XF 105“, სახელმწიფო ნომერი: W------, 2007წ;
2. ფურგონი ნახევარმისაბმელი „SCHMITZ SCS 24“, სახელმწიფო ნომერი: W-----;
3. საკონტროლო-სალარო აპარატი: Daisy Expert DY0------- (ს.ფ. 15).
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 დეკემბრის ყადაღის აქტი შედგენილია შპს „გ-------------ის“ (ს/ნ 4--------) დირექტორის გ------ი ლ-–--ას (პ/ნ 3----------) თანდასწრებით, რაც დასტურდება აქტზე მისი ხელმოწერით (ს.ფ. 15).
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2019 წლის 11 იანვრის N4---------- დასკვნით შპს „გ-------------ის“ (ს/ნ 4--------) კუთვნილი ქონების საერთო საბაზრო ღირებულებამ შეფასების დღისათვის შეადგინა 60 180 ლარი, საიდანაც უნაგირა-საწევარას ღირებულებაა - 44 000 ლარი, ნახევარმისაბმელი ფურგონის - 16 000 ლარი, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატის - 180 ლარი (ს.ფ. 7-13).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯაროსამართლებრივი შეზღუდვიდა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრის მონაცემებით შპს „გ-------------ის“ (ს/ნ 4--------) მთელ ქონებაზე 2018 წლის 17 იანვრიდან გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (საფუძველი - სსიპ შემოსავლების სამსახურის 17.01.2018 წლის N0----- შეტყობინება), ხოლო 27.12.2018 წლიდან მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღა (საფუძველი: ბრძანება (2018 წლის 24 დეკემბრის N0---- აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ), N0------, 0----.2018, შემოსავლების სამსახური).
გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის დროისთვის, კერძოდ, 2019 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელის - შპს „გ-------------ის“ (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა - 99 756,3 ლარს (ძირითადი: 79 297,43 ლარი, ჯარიმა: 8 152 ლარი, საურავი: 12 306,87 ლარი) (ს.ფ. 42).
2019 წლის 27 თებერვალს შპს „გ-------------ის“ (ს/ნ 4--------) მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საჩივართან ერთად წარმოდგენილ იქნა საგადასახადო დავალიანების შემცირების და საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განცხადების ასლი (განცხადება არ არის დათარიღებული და მასზე ხელით მიწერილია სარეგისტრაციო ნომერი: 2---------11). წარმოდგენილ განცხადებაში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ 2018 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება 96 909,5 ლარის ოდენობით და ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XLI თავის შესაბამისად საგადასახადო შეთანხმებების გაფორმებას შემდეგი პირობებით: 2018 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანება განისაზღვროს 74 000 ლარით, რაც გადახდილი იქნება შემდეგი წესით:
1) 18500 ლარი შეთანხმების გაფორმებიდან 90 დღეში;
2) 18500 ლარი შეთანხმების გაფორმებიდან 180 დღეში;
3) 18500 ლარი შეთანხმების გაფორმებიდან 270 დღეში;
4) 18500 ლარი შეთანხმების გაფორმებიდან 365 დღეში (ს.ფ. 52).
შპს „გ-------------ის“ საჩივარი წარმოდგენილია იმ პრეტენზიით, რომ მან მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით, თუმცა სასამართლომ მისი მიმართვა არ გაითვალისწინა და შემოსავლების სამსახურისგან შესაბამისი პასუხის არარსებობის მიუხედავად, მიიღო გადაწყვეტილება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.
შპს „გ-------------ის“ საჩივარი, მასში მოყვანილ საკითხებზე წერილობით მოსაზრების წარმოსადგენად, გადაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახური, 2019 წლის 03 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოდგენილ მოსაზრებაში, არ დაეთანხმა წარმოდგენილ საჩივარს და აღნიშნა, რომ არ არსებობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის ბრძანების გაუქმებისა და შპს „გ-------------ის“ საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განცხადების წარდგენა არ შეიძლება იყოს საფუძველი სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი წესით წარდგენილ შუამდგომლობაზე უარის თქმისა. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით, შპს „გ-------------ის“ მიერ 2018 წლის 18 დეკემბერს მართლაც იქნა წარდგენილ განცხადება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, თუმცა 2019 წლის 14 მარტის წერილით მოთხოვნილი იქნა ზემოაღნიშნული განცხადების გაუქმება.
შემოსავლების სამსახურის მიერ ქუთაისის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოდგენილ მოსაზრებაზე დართულია:
1. შპს „გ-------------ის“ (წარმომადგენლის ლ-----ა ს---------ს განცხადების ასლი (განცხადებაზე დასმული შტაპის მიხედვით განცხადება შესულია შემოსავლების სამსახურის ქუთაისის სერვის ცენტრში 2018 წლის 18 დეკემბერს ნომრით: 2---------11) საგადასახადო დავალიანების შემცირებისა და საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს 2018 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე რიცხული საგადასახადო დავალიანება განისაზღვროს 74 000 ლარით, რაც გადახდილი იქნება შეთანხმების გაფორმების შემდგომ 01.04.2019-დან 31.12.2019-ის ჩათვლით;
2. შპს „გ-------------ის“ განცხადების ასლი (განცხადებაზე დასმული შტაპის მიხედვით განცხადება შესულია შემოსავლების სამსახურის ქუთაისის სერვის ცენტრში 2019 წლის 14 მარტს ნომრით: 5--------11), რომლითაც მოთხოვნილია საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე 2018 წლის 18 დეკემბერს დაწერილი N2---------11 განცხადების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 05 აპრილს 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე შპს „გ-------------ის“ წარმომადგნელი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა უწყება, არ გამოცხადდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის თანახმად საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის. ამავე კოდექსის 293-ე მუხლით, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია: ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე; ბ) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაწილობრივ ან სრულად გაუქმების/არგამოყენების შესახებ.
შესაბამისად, სააპელაციო პაალტა განმარტავს, რომ იძულებითი ღონისძიებების ნაწილობრივ ან სრულად გაუქმება არ ხდება საგადასახადო შეთანხმების საბოლოო გაფორმებამდე და მხარეთა მიერ მის ხელმოწერამდე და უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმება ასევე საჭიროებს შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებას, რომელიც არა ვალდებული, არამედ უფლებამოსილია მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით განცხადების წარდგენა კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავით დადგენილი ამ კაეგორიის საქმეთა შემჭიდროვებულ ვადებში განხილვის წესისას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 279 მუხლით განსაზღვრული საქმის წარმოების შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლების გათვალისწინებით, ვერ გახდებოდა სასამართლოს მიერ შუამდგომლობის უარყოფის ან/და საქმის წარმოების შეჩერების/შეწყვეტის საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, არც სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის დროისათვის ყოფილა წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს „გ-------------ს“ შორის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების დამადასტურებელი დოკუმენტი,ზემოთ მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტებს, რაც გააქარწყლებს შუამდგომლობის ავტორის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო ვალდებულების არსებობისა და ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ვალდებული პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ. მეტიც, საჩივრის ავტორი აღიარებს არსებულ დავალიანებას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, რაც შუამდგომლობის შეტანის დროისთვის შეადგენდა 99 173,36 ლარს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საგადასახადო კოდექსის 238-ე, 241-242-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, დაიშვება გადამხდელის ან/და სხვა ვალდებული პირის კუთვნილი ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია. ამდენად, რაიონული სასამართლოს ბრძანება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ, კანონიერია და მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს.
ზემოთ მოხსენიებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით სააპელაციო პალატა უარყოფს შპს „გ-------------ის“ საჩივარს და უცვლელი ტოვებს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის ბრძანებას.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2123-ე მუხლით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს
1. შპს „გ-------------ის“ (ს/ნ 4--------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის ბრძანება;
3. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე მურთაზ მეშველიანი