განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.05.2019
საქმის ნომერი
130210017002082856
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7481-17 13 თებერვალი 2019 წელი

ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი – მედეა წიკლაური

 

აპელანტი - ბ-------–------–---–ი

წარმომადგენელი – ნ------------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – დ---------–-----–---–ი

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. მოპასუხე დ---------–-----–---–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 32 019,54 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ-------–------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

4.1. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, რამაც საბოლოოდ საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.

 

4.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ სარჩელის არცნობის შემთხვევაშიც მოპასუხეს საქმის მოგების პერსპექტივა არ გააჩნდა, რადგან მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კრედიტორს დაგვიანებით ჰქონდა მიწოდებული და გასული იყო მოთხოვნის სპეციალური ხანდაზმულობის ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

7. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

8.1. მოსარჩელის ძმას - დ------–------–---–სა და სს „პ------------------ს“ შორის 2011 წლის 14 აპრილს დაიდო გენერალური სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტი 40000 აშშ დოლარი, ვადა 360 თვე, სარგებელი არაუმეტეს 36%-ისა. ამავე ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა დ------–------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები - საკადასტრო კოდებით 6------------------ და 6------------------- გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2011 წლის 14 აპრილს დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც გაიცა კრედიტი 28000 აშშ დოლარი 72 თვის ვადით, წლიური 19%-ის დარიცხვით. (მხარეთა ახსნა-განმარტება, სარჩელი და შესაგებელი, ასევე, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება, ს.ფ. 15-21).

 

8.2. დ------–------–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 11 აპრილს. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „პ------------------ის“ სარჩელი და ბ-------–------–---–ი ცნობილ იქნა ძმის - დ------–------–---–ის უფლებამონაცვლედ. სასამართლომ დაადგინა ბ-------–------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე საკადასტრო კოდებით 6------------------ და 6------------------- ამავე გადაწყვეტილებით ბ-------–------–---–ს და ნ-----–--------------ეს სოლიდარულად დაეკისრათ სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ 32019,54 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად დადგინდა იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაცია აუქციონზე. ბ-------–------–---–ს და ნ-----–--------------ეს სოლიდარულად დაეკისრათ სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის 1109,5 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. (იხ. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება, ს.ფ. 15-21).

 

8.3. სს „პ------------------ის“ სარჩელის განხილვისას სასამართლოს 2016 წლის 1 და 8 სექტემბრის სხდომებზე მონაწილეობას იღებდა როგორც ბ-------–------–---–ი, ასევე, მისი წარმომადგენელი დ---------–-----–---–ი.

 

8.4. 2016 წლის 8 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ სარჩელი ცნო. სხდომის დამთავრების შემდეგ კი მხარეებმა წერილობით განაცხადეს, რომ ეთანხმებოდნენ მიღებულ გადაწყვეტილებას, არ ასაჩივრებდნენ და ითხოვეს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბება. აღნიშნულ განცხადებას ხელი მოაწერა წარმომადგენელმა - დ---------–-----–---–მა, ასევე, მარწმუნებელმა - ბ-------–------–---–მა. (იხ. განცხადება, ს.ფ. 88).

 

8.4. ბ-------–------–---–ის საჩივრის საფუძველზე, 2017 წლის 16 მარტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში, დ---------–-----–---–ის მიმართ დისციპლინური დევნა აღიძრა. ეთიკის კომისიის 2--------- წლის გადაწყვეტილებით დ---------–-----–---–ს საადვოკატო საქმიანობის უფლება შეუჩერდა 6 თვის ვადით.

 

8.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2----–-–--------------ის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2--------- წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ადვოკატ დ---------–-----–---–ისათვის დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ.

 

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2----–-–--------------ის გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

9.1. ,,მოსამზადებელი სხდომის შემდეგ მხარეებს მიეცათ ვადა მორიგებისათვის, რის შემდეგაც საქმეზე ჩატარდა არაერთი სხდომა. ამდენად, მარწმუნებელს სავსებით საკმარისი დრო ჰქონდა, რათა გარკვეულიყო დავის არსში. სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, მოთხოვნის აღიარებას წინ უსწრებდა: სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ მოთხოვნის აღიარებას შედეგად მოსდევს სახელმწიფო ბაჟის განახევრება; სასამართლოს მოწოდება მოპასუხე მხარისადმი დათანხმდეს ბანკის მიერ შემოთავაზებული მორიგების პირობებზე; ტექნიკური მიზეზით შესვენების გამოცხადება, რომლის განმავლობაშიც ოქმში ასახული სხდომის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკება; სხდომაზე ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში ქონება მოპასუხეზე აღირიცხება და მას მიეცემა მისი რეალიზაციის შესაძლებლობა, ბანკი რამდენიმე თვის განმავლობაში არ მიაქცევს ქონებას იძულებით აღსრულებაზე და მისცემს მოპასუხეს უძრავი ქონების რეალიზებისა და დავალიანების ნებაყოფილობით დაფარვის შესაძლებლობას; აღნიშნულზე ადვოკატმა განაცხადა, რომ სამკვიდრო ქონება უნდა აღირიცხოს ბ-------–------–---–ის სახელზე, ხოლო აღსრულებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ აღსრულება უნდა შეჩერდეს 6-7 თვით; ხსენებულ განცხადებაზე დაყრდნობით სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პირველ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო; მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით ადვოკატმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ რეალიზებული ქონება არ იქნება საკმარისი ვალის დასაფარად, დანარჩენ ნაწილში აღსრულება მიექცევა თავმდების ქონებაზე. ადვოკატის ეს განმარტება ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ თავდებობის ხელშეკრულების შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ქონება არ იქნებოდა საკმარისი ვალის დასაფარავად, მისი დაფარვა ნ-----------ეს (თავდები) უნდა მოეხდინა. აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, მოსამართლის შეკითხვაზე ცნობს თუ არა სარჩელს სრულად, ადვოკატმა განაცხადა, რომ „ასე გამოდის“. ამასთანავე დაამატა, რომ 32 000 აშშ დოლარის ნაწილშიც ცნობენ მოთხოვნას და ითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ მიქცევა“.

 

9.2. სადისციპლინო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ: ,,მარწმუნებელი ბ-------–------–---–ი ესწრებოდა პროცესს, განცხადება სარჩელის აღიარების შესახებ მისი თანდასწრებით იქნა გაცხადებული. ბ-------–------–---–ს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განცხადება არ გაუკეთებია. სადისციპლინო პალატის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნის ცნობის შესახებ განცხადება, მისი შედეგები თავისი არსით ყოფით დონეზე მარტივად აღქმადია. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა არა ფაქტის (სსკ-ის 131-ე მუხ.), არამედ სარჩელის ცნობას (სსკ-ის 208-ე მუხ.), რომლის შინაარსი და შედეგი იმთავითვე სავსებით ცხადი იყო. ამდენად, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მოპასუხის თანდასწრებით მოსარჩელის მოთხოვნის ცნობა, მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადება, სხდომაზე დამსწრე მარწმუნებლის დუმილი კონკლუდენტურად გამოხატავს მარწმუნებლის თანხმობას მოთხოვნის ცნობაზე. მარტივი იყო აგრეთვე იმ ორწინადადებიანი წერილობითი განცხადების შინაარსის გააზრება, რომლითაც მოპასუხე დაეთანხმა სასამართლოს 08.09.16 წლის გადაწყვეტილებას და უარი თქვა მის გასაჩივრებაზე; არ დასტურდება, რომ დ--------–-----–---–ის განცხადებებს რაიმე სამართლებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. მართებულია იმის პრეზუმირება, რომ ადვოკატი სარჩელის ცნობით გამოხატავდა მარწმუნებლის ნებას, ადვოკატის მიერ გაჟღერებული პოზიცია ემთხვეოდა მარწმუნებლის ნებას, მით უფრო, რომ მარწმუნებლის მიერ 0-------–. გაცემული რწმუნებულება არ ანიჭებდა ადვოკატს სარჩელის ცნობის უფლებამოსილებას. სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის თანახმად, მარწმუნებლის მიერ ადვოკატისათვის მინიჭებული საგანმკარგულებლო უფლებამოსილებათა შორის ითვალისწინებდა დავის მორიგებით დასრულებას, შეთანხმების აქტის გაფორმებას და არა სარჩელის ცნობის უფლებამოსილებას. შესაბამისად, ადვოკატის მიერ სარჩელის ცნობა სასამართლოს მიერ თავად მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობად აღიქმებოდა. ოქმის თანახმად, სასამართლო დ---------–-----–---–ის განცხადებებს აღიქვამდა მოპასუხის განცხადებებად“.

 

9.3. სადისციპლინო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეზე არ დასტურდებოდა ადვოკატის მიერ მოპასუხის საწინააღმდეგო პოზიციის დაკავება:

 

სადისციპლინო პალატის განმარტებით ,,კანონიერ ძალაში მყოფი 08.09.16 წლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხე ბ-------–------–---–მა სარჩელი ცნო. ამ გარემოების გამო, მოპასუხეს სსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი (1109,50 ლარი). სარჩელის ცნობა სახელდობრ მოპასუხის და არა მისი წარმომადგენლის მიერ დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილებით, აღნიშნულის საწინააღმდეგოს დადგენა სადისციპლინო კოლეგიის მიერ ფაქტობრივად უტოლდება კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ამომწურავი შემთხვევების გაფართოებას, სადისციპლინო წარმოების მეშვეობით კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმების დამატებითი საშუალების შემოღებას.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ სასამართლო აქტის გასაჩივრების შესაძლებლობა და ვადა. მოპასუხე ბ-------–------–---–ს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, უფრო მეტიც, საქმეში დაცული 08.09.16 წლის განცხადებით, რომელიც ხელმოწერილია მოპასუხისა და მისი წარმომადგენლის მიერ, დასტურდება, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 08.09.16წ. გადაწყვეტილებას #2/338-16 სამოქალაქო საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, მოსარჩელის წარმომადგენელი, მოპასუხე და მისი წარმომადგენელი დაეთანხმნენ და არ ასაჩივრებენ. განცხადების ტექსტის თანახმად, მხარეებმა თხოვნით მიმართეს სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების გარეშე, სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით შემოფარგვლის შესახებ. ხსენებული განცხადება ცხადად ადასტურებს, რომ მოპასუხის ნება მისი წარმომადგენლის მიერ პროცესზე გაკეთებულ განცხადებასთან მიმართებაში სრულ თანხვედრაში იყო (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2----–-–--------------ის გადაწყვეტილება).

 

9.4. რაც შეეხება, სააპელაციო პრეტენზიას იმ ნაწილში, იყო თუ არა სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1487-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ. ამავე კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად, კი მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ბ-------–------–---–მა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება იმისა, სს „პ------------------ისათვის“ ცნობილი იყო დ------–------–---–ის გარდაცვალების შესახებ, რაც აპელანტის მხრიდან სადავო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებას უსაფუძვლოდ აქცევს.

 

10. საგულისხმოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2----–-–--------------ის გადაწყვეტილების თანახმად, ადვოკატის მიერ პოზიციის შეცვლა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ არ დასტურდებოდა ბანკისათვის მოვალის გარდაცვალების ცნობის ფაქტი, ხოლო სარჩელი ბანკის მიერ აღიძრა კრედიტის გადახდის გრაფიკის ვადის დასრულების შემდეგ. სასამართლოს სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ადვოკატმა აღიარა ქონების მოპასუხის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნა იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ბანკის წარმომადგენელმა უარი განაცხადა უძრავი ქონების აღსრულების დაუყოვნებლივ მიქცევაზე, რითაც ბ-------–------–---–ს მიეცემოდა უძრავი ქონების რეალიზაციის საშუალება. ადვოკატს არ უცნია მოთხოვნა დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში, ამასთანავე, ადვოკატმა სასამართლო სხდომის განმავლობაში, სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, არაერთგზის აღნიშნა, რომ რეალიზებული ქონების ღირებულებაზე ზევით დავალიანების ანაზღაურება დაეკისრებოდა თავდებს, სოლიდარულ მოვალეს.

 

11. სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბ-------–------–---–ის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოაწერა ხელი, რადგან იძულების, მოტყუების ან თავისუფალი ნების გამომრიცხავი რაიმე გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. მან სხდომაზე დაადასტურა, რომ იცოდა, რომ ხელს აწერდა განცხადებას გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ და პროტესტი არ გამოუხატავს (იხ. სხდომის ოქმი 06.11.2017წ. 15:00:00-15:01:05; 15:21:55-15:23:01).

 

12. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ადვოკატი დ---------–-----–---–ი მოქმედებდა მარწმუნებლის ნების საწინააღმდეგოდ. საქმის მასალებით არ დასტურდება მარწმუნებლის და წარმომადგენლის პოზიციებს შორის სხვაობა, არ დასტურდება წარმომადგენლის მიერ სასარჩელო მოთხოვნების მოულოდნელად, მარწმუნებელთან შეუთანხმებლად ცნობა.

 

13. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

15. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

16. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა

 

1. ბ-------–------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

თავმჯდომარე ნატალია ნაზღაიძე

 

მოსამართლეები მაია სულხანიშვილი

 

ირაკლი ბონდარენკო