განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.04.2019
საქმის ნომერი
080310019002845096
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

საქმე №080310019002845096 (3/ბ-138-2018წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ - მოსამართლეები ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი), გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი - 2019 წლის 16 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით და 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა-----–--- ა–------იას წარმომადგენლის, ადვოკატ თ----- ა–------იას საჩივარი და შუამდგომლობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმების შესახებ.

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2019 წლის 29 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა კ--- გ--------ემ და მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 იანვრის №A1--------020/001 განკარგულებით ა-----–--- ა–------იას (პ/ნ 1----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მის. ქ. ქუთაისი, ბ----ას ქ. №19, ბ. 38, საკადასტრო კოდი: 0------------------) ყადაღის დადება, სასამართლოს მიერ დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით კ--- გ--------ის განცხადება, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ა-----–--- ა–------იას (პ/ნ 1----------) საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (მის.: ქ. ქუთაისი, ბ----ას ქ. №19, ბ. 38, საკადასტრო კოდი: 0------------------).

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განჩინებაზე, 2019 წლის 20 თებერვალს საჩივარი შეიტანა ა-----–--- ა–------იამ (წარმომადგენელი თ----- ა–------ია), რომელმაც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან, ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

 

ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მხოლოდ მოპასუხის სახელზე რიცხულ საკუთრებაზე. აღნიშნული გამორიცხავს საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩაბმული ა-----–--- ა–------იას საკუთრების ობიექტის დაყადაღებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება მიღებულია არაგანსჯადი სასამართლოს მიერ, კერძოდ მოსარჩელე კ--- გ--------ეს განცხადებით სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს - აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 იანვრის №A1--------020/001 განკარგულებისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა (როგორც კ--- გ--------ე განცხადებაში უთითებს), რის საფუძველზეც ა-----–--- ა–------ია გახდა უძრავი ქონების მდებარე: ქ. ქუთაისი, ბ----ას ქ. №19, ბინა 38, საკადასტრო კოდით: 0------------------ მესაკუთრე. განკარგულებაში მითითებულია, რომ განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6), მისი გაცნობიდან ერთ თვის ვადაში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი განსაზღვრავს არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განსჯადი სასამართლოსთვის საქმის გადაცემას. ქუთაისის საქალაქო სასამართლო არის არაგანსჯადი სასამართლო, ვინაიდან სარჩელი უნდა წარედგინოს განსჯად სასამართლოს, რომელსაც წარმოადგენს განკარგულებაში მითითებული - თბილისის საქალაქო სასამართლო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.

 

ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ განცხადებას ჯერ არ აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ წაეყენება დამატებითი წინაპირობა - შემთხვევის გადაუდებლობა. აღნიშნული გარემოების არსებობა წარმოადგენს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომაა შემთხვევა გადაუდებელი. კ--- გ--------ეს არ დაუსაბუთებია განცხადებაში თუ რატომ იყო შემთხვევა გადაუდებელი. მან მიუთითა ზოგადად, რომ ჰქონდა ინფორმაცია თითქოს ა-----–--- ა–------ია აპირებდა უძრავი ქონების განკარგვას. უძრავი ქონების განკარგვის შესაძლებლობა ა-----–--- ა–------იას საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციისთანავე, 2019 წლის 23 იანვრიდან, ჰქონდა.

 

კ--- გ--------ის განცხადება არ არის დასაბუთებული და ამასთანავე, სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლით აუცილებელი წინაპირობა - შემთხვევის გადაუდებლობა.

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია, როცა მისმა მიუღებლობამ შეიძლება გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს შემდგომში აღძრულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. ამ შემთხვევაში, განმცხადებლის მოტივს არა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, არამედ ა-----–--- ა–------იასთვის ქონების განკარგვის აკრძალვა წარმოადგენს. განმცხადებლისთვისაც ცნობილია, რომ მის მიერ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლო და წარმატების კუთხით უპერსპექტივოა.

 

სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, ვალდებულია შეაფასოს როგორც სარჩელის საფუძვლიანობა, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული რისკები და ის სამართლებრივი შედეგები, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს (საქმე N2ბ/4546-16 04 ნოემბერი, 2016 წელი თბილისის სააპელაციო სასამართლო).

 

სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სახეს მიეკუთვნება ყადაღა. იგი თავისი ბუნებით წარმოადგენს იძულების ფორმას, რის შედეგადაც მესაკუთრეს ერთმევა ქონების ნებისმიერი სახით განკარგვის, მათ შორის დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტით და აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობის, იჯარის ხელშეკრულების დადების და ა.შ. შესაძლებლობა. რამდენადაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უკავშირდება მოპასუხის შეზღუდვას საკუთარ უფლებებში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე განცხადებაში კონკრეტულად და რეალურად მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომლის აცილებაც შეუძლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე (ქ. თბილისი თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმე N330310117002084106, საქმე N3ბ/2727-17).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „სამართლიანი ბალანსის“ პრინციპს არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს და აღნიშნავს, რომ „უნდა არსებობდეს პროპორციულობის გონივრული კავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის“ (Megadat.com Srl v. Moldova, &66; Immobiliare Saffi v. Italy, &49; JGK Statyba Ltd and Gueslnikovas v. Lithuania, &127). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, სამართლიანი ბალანსი საკუთრების უფლებასა და საზოგადო ინტერესებს შორის ვერ იქნება დაცული, თუკი პირს დაეკისრება პირადი და ზღვარგადასული ტვირთი (Sporrong and Lonnroth v. Sweden, &69073; JGK Statyba Ltd and Gueslnikovas v. Lithuania, &142). ევროპულმა სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ქონების დაყადაღება, რომელიც სამართალწარმოების ერთ-ერთ მხარეს ეკუთვნის, თავისი ბუნებით, მკაცრი და შემზღუდავი ზომაა. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს მესაკუთრის უფლებებზე იმ ზომით, რომ მისი მთავარი საქმიანობიდან გამომდინარე აქტივობები ან სულაც მისი ცხოვრების პირობები დადგეს საფრთხის ქვეშ“ (JGK Statyba Ltd and Gueslnikovas v. Lithuania, &129).

 

დაუშვებელია საკუთრების შინაარსის ისეთი რეგულირება, რომელიც დააზიანებს უფლების არსს და საფუძველს გამოაცლის უფლების არსებობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის №1/1543 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღდეგ).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივრის ავტორი ფიქრობს, რომ დაუშვებელი იყო ა-----–--- ა–------იას მიმართ იმაზე უფრო მკაცრი შეზღუდვის დაწესება, ვიდრე ამის აუცილებლობა არსებობდა. სასამართლოს უნდა მოეხდინა ინტერესის დაბალანსება, რადგან ცალმხრივი პრივილეგირება არ შეესაბამება საკუთრების იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ გაგებას, რომელიც მისი სოციალური ფუნქციით დატვირთვას ითვალისწინებს. ამავდროულად, დაწესებული შეზღუდვის სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებისთვის მნიშვნელოვანია იმის შეფასება, თუ რამდენად საჭიროა კონკრეტული ღონისძიების გამოყენება და რამდენად ადეკვატურ ზომას წარმოადგენს ის.

 

საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა გამართლებულია მაშინ, თუ არ არის დარღვეული საკუთრების უფლების არსი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება, II, პ. 19;). თუ ეს წინაპირობები არ იქნება დაცული, ადგილი ექნება საკუთრების არსის თანაზომიერების პრინციპის დარღვევას, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებული ღონისძიება იქნება დასაშვები, ის არ იქნება აუცილებელი და პროპორციული. „შეუძლებელია მესაკუთრის ზედმეტად, არათანაბარზომიერად შეზღუდვის გამართლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება, II, პ.11;).

 

თანაზომიერების პრიციპი იძლევა იმის შეფასებისა და დადგენის შესაძლებლობას, უფლების შეზღუდვა არის თუ არა იმავდროულად უფლების დარღვევა. საკმარისია არ არსებობდეს უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზანი, ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, ჩარევა არ იყოს დასაშვები ან აუცილებელი, ან მიზნის მიღწევის პროპორციული, თითოეულ ამ შემთხვევაში დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი და შესაბამისად, კონკრეტული კონსტიტუციური უფლება.

 

სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია იმის მოლოდინი, რომ უფლების შეზღუდვა სამართლიანი იქნება. რაც უფრო მაღალია უფლების შეზღუდვის ხარისხი, მით მაღალია მოთხოვნები ჩარევის გასამართლებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკვე არსებული საკუთრების უფლების შეზღუდვა, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი სამართლებრივი კავშირი პირსა და ქონებას შორის, ძალიან მაღალ სტანდარტს მოითხოვს სამართლებრივი დასაბუთებულობისა და გამართლების კუთხით, ვიდრე მხოლოდ ფორმალური ჩანაწერის გაკეთებაა სასამართლოს შესაბამის აქტში და რაც სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებებში, ერთგვაროვანია. სუბიექტის საკუთრების უფლებაში ჩარევა გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს მეორე მხარის მიერ მისაღებ სარგებელთან, რაც საჩივრის ავტორის აზრით, განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია. ამასთან, შეზღუდვის გამოყენებული ღონისძიება ვერ იქნება განხილული, როგორც მიზნის მიღწევის ადეკვატური და სამართლიანი საშუალება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ერთ-ერთ ძირითადი უფლების - საკუთრების უფლებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე შეზღუდვა, ყოვლად დაუშვებელია. სასამართლოს უნდა შეეფასებინა, არსებობდა თუ არა შესაბამისი ღირებულება, წონადი ინტრესი, რითაც გამართლებული იქნებოდა განჩინებით ა-----–--- ა–------იას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება, რაც მას არ გაუკეთებია.

 

განმცხადებელ კ--- გ--------ეს მიერ მითითებულ სასარჩელო მოთხოვნაში ა-----–--- ა–------ია ჩართული შეიძლება გახდეს მხოლოდ მესამე პირად, დავის სპეციფიკიდან გამომდინარე ის ვერ იქნება მოპასუხე და შესაბამისად დაუშვებელია სრჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სარჩელის აღძვრამდე გამოყენება არ აკმაყოფილებს ასევე მთავარ მოთხოვნას - მისი გამოყენების გადაუდებლობას. სასამართლოს არ გაუთვალისწინებია სარჩელის საფუძვლიანობა. სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება აცდენილია მიზანს, ჩარევა არ არის დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობები და საჩივარში მითითებულ ფაქტებსა და შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ყველა წინაპირობაზე.

 

შესაბამისად, საჩივრის ავტორი ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების (საქმეზე N2234-30), რომლითაც დაკმაყოფილდა კ--- გ--------ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ყადაღა დაედო ა-----–--- ა–------იას (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ქუთაისი, ბ----ას ქ. N19/38 (ს/კ 0------------------), გაუქმებას.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით ა-----–--- ა–------იას საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

 

ა-----–--- ა–------იას 2019 წლის 20 თებერვლის საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემოსულია 2019 წლის 26 თებერვალს საქმის ნომრით №3/ბ-90-2019 (080315619002824783).

 

2019 წლის 04 მარტს ა-----–--- ა–------იამ (წარმომადგენელი თ----- ა–------ია), კ--- გ--------ის მიერ სარჩელის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

 

შუამდგომლობის ავტორი მიუთითებდა, რომ როგორც საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის მასალებიდან იკვეთებოდა კ--- გ--------ის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლით სარჩელის აღძვრისთვის დაწესებული 10 დღიანი ვადა. მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენის ვადად მითითებულია 2019 წლის 10 თებერვალი (კვირა დღე), თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საქმის განაწილების დამადასტურებელ დოკუმენტში სარჩელის შეტანის თარიღად მითითებულია 12.02.2019 წ. 11:57:51. მოსარჩელის მიერ სარჩელი აღძრულ იქნა 10 დღიანი ვადის დარღვევით, ვინაიდან მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2019 წლის 12 თებერვალს (სამშაბათი დღე) და საქმის ელექტრონული საქმისწარმოების სისტემიდან ჩანს, რომ მოსარჩელე კ--- გ--------ეს სარჩელი სასამართლოში არ გაუგზავნია ფოსტის მეშვეობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. განცხადების სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს სასამართლოში განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის კანონით ვადაში წარუდგენლობის გამო, ა-----–--- ა–------იამ მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმება.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის განჩინებით ა-----–--- ა–------იას შუამდგომლობა მიჩნეულ იქნა საჩივრად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განჩინებაზე და საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი. ამავე განჩინებით ა-----–--- ა–------იას განემარტა, რომ კ--- გ--------ეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით სარჩელის აღძვრისთვის დაენიშნა 10 დღიანი ვადა. დანიშნული ვადა გადიოდა 2019 წლის 11 თებერვალს, 24 საათზე. საქმეზე დართული საქართველოს ფოსტის კონვერტით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა მარიამ ლევიძემ, სარჩელი საქართველოს ფოსტას ჩააბარა 2019 წლის 11 თებერვალს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო ა-----–--- ა–------იას 2019 წლის 04 მარტის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

 

ა-----–--- ა–------იას 2019 წლის 04 მარტის შუამდგომლობა საქმის მასალებთან ერთად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემოსულია 2019 წლის 03 აპრილს საქმის ნომრით №3/ბ-138-2019 (080310019002845096).

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული №3/ბ-90-2019 (080315619002824783). და №3/ბ-138-2019 (080310019002845096). ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი №3/ბ-138-2019 (080310019002845096).

 

სააპელაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ა-----–--- ა–------იას 2019 წლის 20 თებერვლის საჩივრისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მორე ნაწილით მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191.1 მუხლით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. 192.1 მუხლით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.

 

დადგენილია, რომ აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 იანვრის №A1--------020/001 განკარგულებით კ--- გ--------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ქუთაისი, ბ----ას ქ. №19, საკადასტრო კოდით: 0------------------) შემძენი, 2019 წლის 04 იანვარს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე, გახდა ა-----–--- ა–------ია (პ/ნ 1----------). იძულებითი აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორების: სს „ს----------–--------ის“ (ს/ნ 2--------) და სს „ფ----------------------–ოს“ (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ №A1------- №A1------- და №A1------- სააღსრულებო წარმოებების ფაგლებში (№3/ბ-138-2019წ. საქმის ტომი, ს.ფ. 94-95).

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: 8-----------, მომზადების თარიღი: 23.01.2019) უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 0------------------. მის.: ქ. ქუთაისი, ბ----ას ქ. №9, ბ. 38, აღიღიცხა ა-----–--- ა–------იას (პ/ნ 1----------) საკუთრებად (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება №A1--------020/001, დამოწმების თარიღი: 16.01.2019, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო) (№3/ბ-138-2019წ. საქმის ტომი, ს.ფ. 96-97).

 

კ--- გ--------ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 იანვრის №A1--------020/001 განკარგულებისა და მის საფუძველზე წარმოშობილი ყველა სამართლებრივი შედეგის ბათილად ცნობა. სარჩელი ემყარება იმ გარემოებებს, რომ აუქციონი, რომლის შედეგების მიხედვითაც გაიცა სადავო განკარგულება, ჩატარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (მუხლი 601) დადგენილი წესების დარღვევით ((№3/ბ-138-2019წ. საქმის ტომი, ს.ფ. 2-17).

 

ამდენად, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ განკარგულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელზე მოპასუხეს წარმოადგენს ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო.

 

სარჩელი სხვა რაიმე მოთხოვნას მოპასუხედ დასახელებული ა-----–--- ა–------იას (პ/ნ 1----------) მიმართ არ შეიცავს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცულ ამა თუ იმ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას, რომელსაც სასამართლო იყენებს დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე და ესაა სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება, მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია მოსარჩელის უფლება მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ამავე მუხლით განსაზღვრულია მითითებული საპროცესო უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დროებითი ხასიათისაა და უშუალოდ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვისკენ არის მიმართული, ამიტომ მატერიალურ-სამართლებრივ სივრცეში მოწმდება უფლების უზრუნველყოფის საკითხი. სამოქალაქო საპროცესო კანონდმებლობა ითვალისწინებს გადაუდებელ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების სარჩელის აღძვრამდე შეტანის შესაძლებლობას (მუხლი 192).

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 192 მუხლები წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ზოგად წესს და ადგენს, როგორც განმცხადებლის ვალდებულებას განცხადების მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურების თაობაზე, ისე სასამართლოს მიერ განცხადების განხილვისა და მის დაკმაყოფილებისა თუ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობებს. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს განმცხადებლის მითითების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.

 

სარჩელის უზრუნველყოფის, როგორც საპროცესო მოქმედების მიზანი მდგომარეობს მასში, რომ დავის მატერიალური ობიექტის შენარჩუნების გზით, სასამართლო გადაწყვეტილება გახდეს აღსრულებადი. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, რათა უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური.

 

საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული და უნდა იყოს თუ არა იგი საერთოდ გამოყენებული წყვეტს სასამართლო მოთხოვნის ხასიათისა და მისი შინაარსიდან გამომდინარე. განმცხადებლის მხოლოდ მითითება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში გართულდება გადაწყვეტილების აღსრულება, საკმარისი არ არის. სასამართლოს უნდა გაუჩნდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა სახეზეა. ამასთან განმცხადებელს ეკისრება უზრუნველყოფის ღონისძიების აუცილებლობის, დარღვეული ან სადავო უფლების განუხორციელებლობის, გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანის დადგომის შესაძლებლობის, რომელიც კომპესირებული ვერ იქნება მოპასუხისთის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, ასევე კონკრეტულად მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების - დასაბუთება.

 

კანონმდებლის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის დაწესება არ გულისხმობს მის ავტომატურ გამოყენებას ნებისმიერი სარჩელის მიმართ. არამედ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს განსაკუთრებული მსჯელობის შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო სასამართლო განსაზღვრავს არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი განსახილველ საქმესთან დაკავშირებით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს იმ შემთხვევაში, თუ მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის მხარეთა უფლებებსა და ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის გზით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც იგი გამართლებულია და განმცხადებელი დასაბუთებულად შესძლებს დაამტკიცოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების აუცილებლობა. მხოლოდ დარღვეულ უფლებასა, თუ კანონიერ ინტერესზე მითითება, არ ქმნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს.

 

მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ დავის საგნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი (მოსარჩელის მითითებით) შესრულება სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს.

 

უფლებათა და კანონით დაცულ თავისუფლებათა ხელყოფისაგან იცავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლება და ასევე ყველა ის მექანიზმი, რასაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზე დაყრდნობითაც, სასამართლო აღნიშნული მექანიზმების უმოქმედობასა და უუნარობაში დარწმუნდება _ საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში, ყველა სარჩელი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს წინასწარ, რითაც აზრი დაეკარგება გადაწყვეტილების აღსრულების კანონისმიერი ბერკეტების არსებობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უფლებათა დაცვის დროებით საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს და მისი გამოყენება დასაშვებია იმ პირობებში, როცა მხარე განცხადებაში კონკრეტულად და რეალურად მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომლის აცილებაც შეუძლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. ასეთი ღონისძიება კი პირდაპირ კავშირში უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ იკვეთება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პატივსადები სამართლებრივი ინტერესი, რამდენადაც სასამართლოს მიერ შემდგომში სადავო აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში (სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში), აქტის ბათილობა თავისთავად გამოიწვევს მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღდგენას სადავო უძრავ ქონებაზე, ხოლო საჩივარში მოყვანილი ვარაუდები, რომ ქონების მესაკუთრე არაკეთილსინდისიერად გამოიყენებს თავის საკუთრების უფლებას, შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული არის.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადების საფუძველზე ყადაღა დაედო ა-----–--- ა–------იას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რომელიც, მართალია, სარჩელში დასახელებულია მოპასუხედ, თუმცა სასარჩელო მოთხოვნა მიმართული არ არის მის მიმართ და დავაში ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, იგი წარმოადგენს არა მოპასუხეს, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირს, რადგან იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ მესამე პირის ქონებაზე ყადაღის დადება არ შეესაბამება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის კანონით განსაზღვრულ მიზნებს, მით უფრო დაუშვებელია ასეთი მექანიზმის გამოყენება გარეშე პირის მიმართ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების სახეებს. ამავე მუხლით განსაზღვრულია სუბიექტები, რომელთა მიმართაც დაიშვება ამ ღონისძიებების გამოყენება. 198.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, რომელიც ეკუთვნის მოპასუხეს (ამავე მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებიც მხოლოდ მოპასუხის უფლებრივი შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს სარჩელის უზრუნველსაყოფად).

 

ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მოპასუხის მიმართ იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსისა და მიზნების გათვალისწინებით, აღნიშნული საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება მესამე პირის მიმართ დაუშვებელია, რის გამოც უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განჩინება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო ა-----–--- ა–------იას (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

 

რაც შეეხება, ა-----–--- ა–------იას 2019 წლის 04 მარტის განცხადებას, სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით განმარტავს, რომ იგი წარმოადგენს არა საჩივარს, არამედ მხარის შუამდგომლობას სარჩელის ვადაში წარუდგენლობის გამო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც სასამართლოს საკუთარი ინიციატივითაც შეეძლო გაეუქმებინა შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის განჩინებით ხარვეზი არასწორად იქნა დადგენილი, ვინაიდან შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის მოთხოვნის საფუძველი არ არსებობდა, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ ა-----–--- ა–------იას 2019 წლის 20 თებერვლის საჩივრის ფარგლებში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებით (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმებით), სადავო საკითხი არსებითად გადაწყვეტილია და დამატებით მხარის 2019 წლის 04 მარტის შუამდგომლობაზე (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება - სარჩელის ვადაში წარუდგენლობის გამო) მსჯელობის საჭიროებას აღარ წარმოშობს, შესაბამისად, სსსკ-ის 275.1 მუხლის „ე“ ქვ.პ-ის საფუძველზე (სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით) შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ა-----–--- ა–------იას 2019 წლის 20 თებერვლის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განჩინება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების (ა-----–--- ა–------იას (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების - მდებარე: ქ. ქუთაისი, ბ----ას ქუჩა №19, ბინა №38, საკადასტრო კოდი: 0------------------ დაყადაღების) შესახებ;

 

3. ა-----–--- ა–------იას 2019 წლის 04 მარტის შუამდგომლობა დარჩეს განუხილველი,4. ა-----–--- ა–------იას მიერ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

გოჩა აბუსერიძე

მურთაზ მეშველიანი