განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002735042
საქმე №1ბ/425-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ან--------–---–ის
ადვოკატების - დი----------–--–-–---–ის, გი----------------–---–ის
მსჯავრდებულ - გი-----------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გი-----------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ოთ---------–---–ის სააპელაციო საჩივრების ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გი-----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 3----------), ნასამართლევის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ონის რაიონის ს------–-–-----ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, დ------------------------–--–--------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით გი-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გი-----------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 8 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ს---–----–--–---------------ში მდებარე სილამაზის სალონში - „-----, გი-----------------ემ ყოფილი მეუღლის - ნი-----------–---–ის მიმართ, მისი არასრულწლოვანი შვილის - მა--------–----------ის თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმით და თმის მოქაჩვით განახორციელა ძალადობა, რამაც ნი-----------–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გი-----------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ოთ---------–---–მა, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენის გაუქმება და გი-----------------ის პატიმრობიდან გათავისუფლება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტების აზრით, სასამართლომ გი-----------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ბრალდებული შერიგებული იყო დაზარალებულთან, რომელიც განმარტავდა, რომ არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა გი-----------------ე მისთვის. დაცვის მხარის მიერ ასევე წარდგენილი იყო დაზარალებულისა და გი-----------------ის შერიგების დამადასტურებელი დოკუმენტები. სასამართლომ კი სასჯელის დასაბუთებისას მიუთითა, რომ მსჯავრდებული იყო კონფლიქტური პიროვნება, რის დასადასტურებლადაც მიუთითა მის წარსულ ნასამართლობაზე, რაც გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის მიიღო გი-----------------ემ. სასამართლომ ასევე არ იმსჯელა, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფდა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნების მიღწევას და რატომ იყო საჭირო გი-----------------ის საზოგადოებისაგან იზოლაცია. აპელანტებმა მიუთითეს, რომ ბრალდებული და დაზარალებული შერიგდნენ და წარსულში არსებული კონფლიქტის ამოწურვის მიზნით გი-----------------ემ გადაწყვიტა სასამართლოში არ დაეკითხათ მოწმეები, ბრალდების მხარის მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რაც მიუთითებს ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ პატივისცემაზე და ჰუმანურ მიდგომაზე. თუმცა სასამართლომ აბსოლუტურად საწინააღმდეგო შეფასებები მისცა ფაქტობრივ გარემოებებს და ეს ყველაფერი გი-----------------ის საწინააღმდეგოდ გამოიყენა. დაცვის მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, დაზარალებულს არანაირი ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენის დაყენებისა და საპატიმრო სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ვალდებული იყო მოეხდინა მტკიცებულებათა შეფასება.
მსჯავრდებულმა გი-----------------ემ თავის სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა მისი უდანაშაულობა, კერძოდ, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პირველადი დათვალიერების დოკუმენტაცია. მისი განმარტებით, მასა და ნი-----------–---–ს შორის აღარ არსებობს დაპირისპირება, ისინი შერიგდნენ და აქვთ ნორმალური ურთიერთობა, რასაც ადასტურებს თავად ნი-----------–---–იც. შესაბამისად, გი-----------------ემ მოითხოვა, მისი გულწრფელი მონანიების გათვალისწინებით შეღავათიანი სასჯელის დანიშვნა და პატიმრობიდან გათავისუფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა გი-----------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მოითხოვეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო მოთხოვნას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან - პრეიუდიცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებები არ გამოკვლეულა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.
მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად იქნა ცნობილი საქმის არსებით განხილვაზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალებულმა გი-----------------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.
გი-----------------ის აღიარებითი ჩვენების გარდა, საქმეში წარმოდგენილ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: გი-----------------ის დაკავების ოქმით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, პაციენტის სამედიცინო ბარათით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, გი-----------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა დანაშაულზე წასწრების ფაქტი, რომლის არ არსებობა დასახელებული საშეღავათო ნორმის გამოყენების აუცილებელი პირობაა. სასამართლო მხოლოდ ნორმის დისპოზიციაში ჩამოთვლილი პირობების ერთობლივად არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო დანაშაულზე წასწრება გამორიცხავს ასეთის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება არ იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განაჩენი გი-----------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გი-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გი-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გი-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 30 იანვრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 8 ოქტომბრიდან 2018 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე