განაჩენი

სისხლის სამართლის 06.05.2019
საქმის ნომერი
330100117001874865
ინსტანცია
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100117001874865, №1/ბ-195-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თა---------–-----–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ირ---–- ნი----–----ის ძე ღუ----–-----ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, მცხოვრები: თ---–-----–----------------–--–---------------;

 

ადვოკატი - გ--–--------–--–---–ი.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა),სასჯელი:

 

1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ირ---–- ღუ----–-----ის უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

§ განაჩენი არის უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ იგნორირება მოახდინა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა უდიდეს ნაწილზე, მათ შორის მსჯავრდებულის და ა-------------ის ჩვენებებში მითითებულ ახსნაზე, თუ როგორ და რა პირობებში მოხდა ჩხრეკა და მათ მიერ ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერა, ხოლო მტკიცებულებათა ნაწილს მისცა არაადეკვატური ინტერპრეტაცია.

§ სინამდვილეს არ შეესაბამება ასევე ჩხრეკის დროს ბრალდებულისთვის ადვოკატის მოწვევის შესაძლებლობის მიცემა, ვინაიდან ადვოკატთან განხორციელებული ორი სატელეფონო ზარი, ერთ შემთხვევაში ეხებოდა პოლიციელების სახლში შემოშვებას, რა დროსაც კარის გაღებამდე მსჯავრდებულს, ასეთი ნივთიერების ქონის შემთხვევაში შეეძლო გაენადგურებინა იგი, ხოლო მეორე სატელეფონო კავშირით მსჯავრდებულმა პოლიციელების რაოდენობიდან გამომდინარე ჰკითხა ადვოკატს როგორ მოქცეულიყო ჩხრეკის დროს.

§ სასამართლომ ასევე უგულვებელყო ირ---–- ღუ----–-----ის და ლე-------------ის ერთად ბინაში (თითქმის ორ წლიანი) ცხოვრების ფაქტი და არ დაინტერესდა თუ რატომ არ ჩაატარა ბრალდების მხარემ ექსპერტიზა ლე-------------ის მიმართაც.

§ განაჩენი უპირობოდ იზიარებს და ემყარება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, საქართველოს კონსტიტუციიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 და მე-13 მუხლებით დაწესებული მტკიცებულებათა სტანდარტიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ირ---–- ღუ----–-----ის ბრალეულობას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

ბრალდების მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, ირ---–- ღუ----–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ირ---–- ღუ----–-----მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა მის საცხოვრებელ ბინაში (მდებარე: თბ--–-----–----------------–--–---------------------------). ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ირ---–- ღუ----–-----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოყავისფრო ფერის მცენარეული მასა, წონით 0, 0778 გრამი შეიცავს ნივთიერება FUB –AMB-ს, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, ირ---–- ღუ----–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ირ---–- ღუ----–-----ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ირ---–- ღუ----–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 25 დეკემბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 23 თებერვლიდან 2017 წლის 11 აპრილის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე - საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის შა-–---------–---–ის მიერ შედგენილი 2017 წლის 22 თებერვლის პატაკით ირკვევა, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ირ---–- ღუ----–-----ი საცხოვრებელ ბინაში (თბილისი, წყნეთის გზატკეცილი, კორპუსი №39, ბინა №36) უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას და უნდა იმყოფებოდეს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.

 

ბინის ჩხრეკის ოქმით, 2017 წლის 23 თებერვალს, 00:14 საათიდან 00:40 საათამდე პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარდა ირ---–- ღუ----–-----ის ბინის (მდებარე: წ----------------–--–---------------------------) ჩხრეკა. ოქმის თანახმად, ჩხრეკა მიმდინარეობდა წყნარ ვითარებაში, რაიმე სახის წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. ჩხრეკის შედეგად, სააბაზანო ოთახის კარადიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო შპრიცი, ფსიქოტროპული და სხვა სახის მედიკამენტები. პარკში ასევე აღმოჩნდა კონტეინერი, რომელშიც თავის მხრივ სხვა აბებთან ერთად მოთავსებული იყო თვითწებვადი პარკი. პარკში იდო თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული მორუხო ფერის მასა. ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ამოღებული ობიექტები ადგილზევე დაილუქა N27/12/3 ბეჭდით. ოქმში მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ გაუკეთებიათ. ჩხრეკის ოქმის და ლუქების სისწორე ხელმოწერით აქვთ დამოწმებული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, მათ შორის ირ---–- ღუ----–-----ს და ბინაში მყოფ მის მეგობარს - ა-------------ს, რომელიც ასევე ესწრებოდა ჩხრეკას. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი მოსამართლის განჩინებით.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 23 თებერვალს, 00:41 საათზე, ირ---–- ღუ----–-----ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 24 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N4------------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, ირ---–- ღუ----–-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული აბების ნაწილი და 5 მლ. ტევადობის ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული სითხე წარმოადგენს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, ნაწილი აბებისა არ წარმოადგენს ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ან ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ხოლო პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში და თეთრი ფერის ხელსახოცში მოთავსებული მოყავისფრო ფერის მცენარეული მასა, წონით - 0,0778 გრამი შეიცავს ნივთიერება FUB –AMB-ს, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თა-------------–---–მა და სო------–-------ამ.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ირ---–- ღუ----–-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ თვითჩამკეტიან პარკზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ირ---–- ღუ----–-----ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსებულ თეთრი ფერის ხელსახოცზე არსებული მოწითალო - მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ირ---–- ღუ----–-----ს.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ია-----------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გენეტიკური პროფილი არის ინდივიდუალური, უნიკალური და გააჩნია მხოლოდ ერთ ადამიანს, ეს ინდივიდუალური მაჩვენებელი შესაძლოა განმეორდეს მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებულ ტყუპებში და არა სხვა ადამიანებში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ამ--------------ამ განმარტა, რომ 2017 წლის 22 თებერვალს იყო მორიგე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე - საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, სადაც ის მუშაობდა დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ოპერატიული პატაკის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩასატარებლად, ის გამომძიებლებთან არ---–-------------სთან და და-----------–---–თან ერთად გამოცხადდა ირ---–- ღუ----–-----ის ბინაში, სადაც იმყოფებოდნენ ირ---–- ღუ----–-----ი და მისი მეგობრები ა-------------ი და ლე-------------ე. ეს უკანასკნელი იყო მთვრალ მდგომარეობაში. პოლიციელებმა ირ---–- ღუ----–-----ს განუმარტეს, რომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ტარდებოდა მისი ბინის ჩხრეკა და გააცნეს ჩხრეკის დადგენილება, რაც ხელმოწერით დაადასტურა ირ---–- ღუ----–-----მა. ჩხრეკის დაწყებამდე ბრალდებულს ასევე განემარტა ადვოკატის მოწვევის უფლება, რის შემდეგაც ირ---–- ღუ----–-----ი ტელეფონით დაუკავშირდა ადვოკატ გ--–--------–--–---–ს და რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ ბრალდებულმა პოლიციელებს განუმარტა, რომ ადვოკატი ვერ მოვიდოდა და თანახმა იყო დაეწყოთ ჩხრეკა. ბინის ჩხრეკას ირ---–- ღუ----–-----ის თხოვნით ესწრებოდა სახლში მყოფი მეგობარი ა-------------ი, ხოლო ლე-------------ემ, ვინაიდან ალკოჰოლური თრობის გამო იქცეოდა არაადეკვატურად და გამომძიებლებს ხელს უშლიდა საგამოძიებო მოქმედებებში, ასევე ბრალდებულის თხოვნით, დატოვა ბინა. მოწმის განმარტებით, ჩხრეკას უწყვეტად ესწრებოდნენ ბრალდებული და მისი მეგობარი ა-------------ი და არც ერთი პოლიციელი მათი მეთვალყურეობის გარეშე ცალკე არ დარჩენილა. ჩხრეკის შედეგად სააბაზანო ოთახიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა ობიექტები: შპრიცი, აბები, კაფსულები, სააფთიაქო კონტეინერი, რომელშიც იდო თვითწებადი პარკი, მასში მოთავსებული თეთრი ქაღალდით და ფხვიერი ნივთიერებით. ამოღებული ობიექტები დაილუქა ბრალდებულ ირ---–- ღუ----–-----ის და მისი მეგობრის ა-------------ის თანდასწრებით. ლუქზე გაკეთდა ბეჭედი, დალუქულ ობიექტებს ხელი მოაწერეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციელებმა და ასევე ირ---–- ღუ----–-----მა და ა-------------მა, რის შემდეგაც მოხდა ირ---–- ღუ----–-----ის დაკავება.

 

ანალოგიურ გარემოებებზე მიუთითეს მოწმის სახით დაკითხულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე - საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლებმა არ---–-------------მ და და-----------–---–მა. მათი ჩვენებით, 2017 წლის 22 თებერვალს, გვიან ღამით, გამოცხადდნენ ირ---–- ღუ----–-----ის ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად. ჩხრეკა დაიწყეს მას შემდეგ, რაც ირ---–- ღუ----–-----ი ტელეფონით გაესაუბრა მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს. ჩხრეკა ჩატარდა ბრალდებულის და მისი მეგობრის ა-------------ის მონაწილეობით, ხოლო სახლში მყოფმა ირ---–- ღუ----–-----ის მეგობარმა ლე-------------ემ, ბრალდებულის თხოვნით დატოვა ბინა, ვინაიდან იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ჩხრეკის პროცესში სააბაზანო ოთახიდან ამოღებული იქნა შავი პარკი აბებით, შპრიცით და კაფსულებით, პარკში ასევე აღმოჩნდა კონტეინერი, რომელშიც იდო თვითჩამკეტი პარკი, პარკში თეთრი ქაღალდი, ხოლო ამ ქაღალდში მცენარეული მასა. ამოღებული ობიექტები დაილუქა ბეჭდით, ხოლო ბეჭედზე ბინის ჩხრეკაში მონაწილე პირებმა, მათ შორის ირ---–- ღუ----–-----მა და ა-------------მა, მოაწერეს ხელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ან-------------მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ირ---–- ღუ----–-----ის სახლში, მის ორ მეგობართან ერთად. დაახლოებით 12:00 საათისთვის კარზე გაისმა კაკუნი. კარის გაღების შემდეგ სახლში შევიდა 7-8 პოლიციელი, რომლებმაც თქვეს, რომ უნდა გაეჩხრიკათ სახლი. ირ---–- ღუ----–-----მა დაურეკა თავის ადვოკატს, შემდეგ დაიწყეს ჩხრეკა. ის და „ლე-------“ (ლე-------------ე) ესწრებოდნენ ჩხრეკას. ეს უკანასკნელი გამოხატავდა პროტესტს და პოლიციელებისგან ითხოვდა გადაღებას და სამკლაურების აწევას, რის გამოც ლე---- გაიყვანეს და ბოლომდე მარტო თვითონ ესწრებოდა, რა დროსაც ამოიღეს რაღაც ფსიქოტროპული წამლები, რაც დანიშნული იყო ექიმის მიერ. მოწმის განმარტებით, წამლების ამოღების პროცესი მას არ დაუნახავს, ვინაიდან პოლიციელები იყვნენ ბევრნი და ვერ აკვირდებოდა მათ. პირველად დაინახა მაშინ, როდესაც გამოიტანეს. ირ---–- ღუ----–-----ი უხსნიდა მათ თუ რა წამლები იყო. შემდეგ ხელი მოაწერ---ს ოქმს, რომელსაც გაეცნო ძალიან სწრაფად და წავიდნენ პოლიციის შენობაში.

 

მოწმე ლე-------------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 1,5-2 წელია, რაც ცხოვრობს ირ---–- ღუ----–-----თან. მითითებულ დღეს სახლში იმყოფებოდნენ ირ---–- ღუ----–-----ი, თავად, ა-------------ი და ნი----–---- ბა---–---–ი. კარზე დააკაკუნეს პოლიციის თანამშრომლებმა. ირ---–- ღუ----–-----მა გადაურეკა თავის ადვოკატს და კითხა რა ექნა. ადვოკატმა უთხრა, რომ გაეღო კარი, მით უფრო, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჰქონდა. კარის გაღებამდე გავიდა 5-7 წუთი. კარის გაღების შემდეგ სახლში შევიდა ძალიან ბევრი პოლიციელი. ზოგი იქით წავიდა, ზოგი აქეთ. მან თხოვა სახელოების აწევა და მოითხოვა ვიდეოს გადაღება, რის შემდეგაც დაატოვებინეს ტერიტორია. ასევე გაუშვეს ნი----–----იც, თუმცა მას ხმა არ ამოუღია. მოწმემ გამორიცხა, რომ ამოღებული ფსიქოაქტიური ნივთიერება ყოფილიყო ან მისი, ან ირ---–- ღუ----–-----ის.

 

ირ---–- ღუ----–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ აღნიშნული ნივთიერება ,,ჩაუდეს“ პოლიციელებმა. მას ჰქონდა მოლოდინი, რომ პოლიცია დაიჭერდა ან ნარკოტიკს ,,ჩაუდებდა“, ვინაიდან მისი მეგობრის დაჭრასთან დაკავშირებით მისგან მოითხოვდნენ გამოძიებასთან თანამშრომლობას და იმ პირის დასახელებას, ვინც დაჭრა ლე-------------ე, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ. 2017 წლის 22 თებერვალს, გვიან ღამით, მის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ მისი მეგობრებიც, გამოცხადდნენ პოლიციელები და ჩაატარეს ბინის ჩხრეკა. ის არ ეთანხმება ჩხრეკის შედეგებს, თუმცა ადასტურებს ჩხრეკის ოქმზე მის ხელმოწერას. ამასთან, არ გამორიცხავს, რომ ეს ნივთიერება შესაძლოა მის რომელიმე მეგობარს ეკუთვნოდა, ან წლების წინ, როდესაც ის მოიხმარდა ნარკოტიკს, მას დარჩა. იყო შემთხვევა, როდესაც ფეხში დაჭრეს, ჰქონდა ძლიერი ტკივილები და სვამდა ,,ლირიკას“, ასევე დაკავებამდე ჩართული იყო ,,მეტადონის პროგრამაში“ და სისტემატურად იღებდა და ამჟამადაც იღებს ფსიქოტროპულ ნივთიერებას. ე.წ. ბიოსთან აქვს ცუდი დამოკიდებულება, ვინაიდან მისი მოხმარების შედეგად გახდა ცუდად, დაკარგა გონება, რის შემდეგაც ამ ნივთიერებას არ იღებს, თუმცა აქვს შიშები, რის გამოც ხშირად იძახებს სასწრაფო დახმარებას და მედ-პერსონალი შიშების დასამარცხებლად უკეთებს დამამშვიდებელს.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ირ---–- ღუ----–-----ი დამნაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში.

 

პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში, რომელთა თანახმად, ირ---–- ღუ----–-----ი თავის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა, მათ შორის ირ---–- ღუ----–-----ის და ა-------------ის ხელმოწერებით. აღსანიშნავია, რომ ბინის ჩხრეკის ოქმზე ხელმოწერისას არც ირ---–- ღუ----–-----ს და არც ა-------------ს არ გამოუთქვამთ პრეტენზია ან რაიმე სახის შენიშვნა. ამასთან, გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული ბინის ჩხრეკის ოქმის კანონიერება შემოწმებული აქვს სასამართლოს. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის მოსაზრება, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არასწორად იქნა შეფასებული და ობიექტურად არ იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ის გარემოება, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ფლობის შემთხვევაში, პოლიციელებისთვის კარის გაღებამდე ირ---–- ღუ----–-----ს ჰქონდა შესაძლებლობა გაენადგურებინა იგი, უპირობოდ არ მიუთითებს მის უდანაშაულობაზე. მოწმეებმა ნათლად დააფიქსირეს, რომ ჩხრეკას უწყვეტად ესწრებოდნენ ირ---–- ღუ----–-----ი და მისი მეგობარი ა-------------ი. რაც შეეხება ადვოკატის მოწვევის საკითხს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ადვოკატის დასწრების გარეშე ჩხრეკის ჩატარება არ მიუთითებს საგამოძიებო მოქმედების უკანონობაზე. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ირ---–- ღუ----–-----მა განხორციელებული ზარებით ადვოკატს მიმართა კითხვებით, შესაბამისად, როგორც მისთვის, ასევე ადვოკატისთვის ცნობილი იყო, რომ ტარდებოდა ჩხრეკა.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რის შემდეგაც გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარდა ირ---–- ღუ----–-----ის ბინის ჩხრეკა.

 

პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. დაცვის მხარემ მიუთითა 2018 წლის 12 ივნისის განაჩენზე და აღნიშნა, რომ სწორედ ამ განაჩენით დადგენილი გარემოებებით დასტურდება პოლიციის თანამშრომელთა მიერ ირ---–- ღუ----–-----ით დაინტერესება. პალატა აღნიშნავს, რომ განიხილავს კონკრეტულ საქმეს, ირ---–- ღუ----–-----ის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის შესახებ და არ მსჯელობს სხვა განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. მოცემული საქმის განხილვის პროცესში კი არ დასტურდება რაიმე დაინტერესების არსებობა ირ---–- ღუ----–-----ის მიმართ. საგამოძიებო მოქმედების ოქმში მითითებული გარემოებები დეტალურად აღწერეს პოლიციის თანამშრომლებმა. მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია ოპერატიული ინფორმაციის მიღების, მისი შინაარსის და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის დეტალებთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებები შესაბამისობაშია, როგორც საგამოძიებო მოქმედების ოქმებთან, ისე ქიმიური და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნებთან და ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის უზუსტობები არ არსებობს. პალატისთვის არადამაჯერებელია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც პოლიციის თანამშრომლებმა ირ---–- ღუ----–-----ს „ჩაუდეს“ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს თუ რა მდგომარეობაში იქნა აღმოჩენილი ეს ნივთიერება - თვითწებვად პარკში მოთავსებული იყო თეთრი ფერის ხელსახოცი და ამ ხელსახოცში გახვეული იყო მორუხო ფერის მასა. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით კი დადგინდა, რომ ირ---–- ღუ----–-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული თვითჩამკეტიან პარკზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი იყო შერეული, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი იყო ირ---–- ღუ----–-----ის გენეტიკური პროფილის იდენტური. ამავე პაკეტში მოთავსებულ თეთრი ფერის ხელსახოცზე არსებული მოწითალო - მოყავისფრო ლაქა კი წარმოადგენდა ადამიანის სისხლს და ეკუთვნოდა ირ---–- ღუ----–-----ს. ამ პირობებში გაურკვეველია, ირ---–- ღუ----–-----ის და ა-------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს, როგორ აღმოაჩინა პოლიციის თანამშრომელმა თვითწებვადი პარკი ირ---–- ღუ----–-----ის გენეტიკური პროფილით, ხელსახოცი ირ---–- ღუ----–-----ის სისხლის კვალით და დაინტერესების შემთხვევაში რატომ „ჩაუდო“ მხოლოდ ფსიქოაქტიური ნივთიერება. მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ირ---–- ღუ----–-----ს ჰქონდა დრო და საშუალება გაენადგურებინა კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებები, თუმცა, შესაძლებელია არსებობდეს მრავალი მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ნივთიერება იყო იმ ადგილზე, საიდანაც მოხდა ამოღება. დაცვის მხარის არგუმენტი განადგურების შესაძლებლობის თაობაზე კი არ ადასტურებს პოლიციის თანამშრომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან ბინაში ირ---–- ღუ----–-----თან ერთად ცხოვრობდა ლე-------------ეც, ბრალდების მხარეს ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინა ამ უკანასკნელის მიმართაც.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. თუ დაცვის მხარემ თავად ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, საქმის მასალების მიხედვით ასევე არ დგინდება, რომ მიმართეს გამოძიებას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ექსპერტიზის ჩატარების ან სხვა მტკიცებულებების მოპოვების მოთხოვნით. ამ პირობებში დაცვის მხარის მიერ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მითითებული არგუმენტები არ წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულების გაუზიარებლობის საფუძველს მით უფრო მაშინ, როდესაც გამოძიების თავდაპირველ ეტაპზე არავინ აცხადებდა, რომ ლე-------------ე დაახლოებით 2 წლის მანძილზე ცხოვრობდა ირ---–- ღუ----–-----თან. თუნდაც აღნიშნული გარემოების არსებობის დადასტურების შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები ლე-------------ის სხდომაზე მიცემული ჩვენება. მოწმემ გამორიცხა, რომ ამოღებული ფსიქოაქტიური ნივთიერება ყოფილიყო ან მისი ან ირ---–- ღუ----–-----ის. როგორც პალატამ ზემოთ აღნიშნა, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ეჭვი არ შეაქვს მოწმე პოლიციელების ჩვენებებში და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეში და ვერც მოწმე ა-------------ის ჩვენებას გაიზიარებს, რომლის თანახმადაც, ამოღების პროცესი არ დაუნახავს და ოქმს კი გაეცნო და წაიკითხა, თუმცა კარგად ვერ გაიგო და სწრაფად მოაწერ---ს ხელი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 14).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ვინაიდან, აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

 

პალატას ირ---–- ღუ----–-----ის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენის და შენახვის ფაქტი დადასტურებულად მიაჩნია, როგორც მოწმეთა ჩვენებით, ასევე მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებით. ირ---–- ღუ----–-----ის პოზიცია, რომ ეს ნივთიერება შესაძლოა მის რომელიმე მეგობარს ეკუთვნოდა, ან არსებობს მცირე შესაძლებლობა დარჩენოდა მას წლების წინ ნარკოტიკების მოხმარებიდან, წარმოადგენს მსჯავრდებულის მცდელობას, თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები უშუალოდ და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდების საფუძვლიანობასა და სისწორეზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია. განაჩენში დეტალურად არის გაცემული პასუხი დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, დასაბუთებულია თითოეული მსჯელობა, მათ შორის რეციდივის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელის ნაწილიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამაევ მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ირ---–- ღუ----–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--–--------–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი.

 

ირ---–- ღუ----–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ირ---–- ღუ----–-----ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ირ---–- ღუ----–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 25 დეკემბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 23 თებერვლიდან - 2017 წლის 11 აპრილის ჩათვლით.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის განჩინებით ირ---–- ღუ----–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ირ--- ღუ----–-----ის უძრავი ქონების შესაბამის პროპორციულ წილზე (მდებარე: თბილისი, ნი----–---- ყი--–--------------------------------------------------------------------------) დადებული ყადაღა.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ირ---–- ღუ----–-----ის სისხლის ნიმუში და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება განადგურდეს, ხოლო ირ---–- ღუ----–-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები - გადაეცეს პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ ირ---–- ღუ----–-----ზე გადასაცემად, ამ საჭიროების არარსებობის შემთხვევაში განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე