განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2019
საქმის ნომერი
330210018002519219
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002519219

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/8003-18 11 აპრილი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - სს „დ-------------------–-------------------------“

 

წარმომადგენელი - ა-------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი----- გ-----–---–ი, გ--- გ-----–---–ი

 

წარმომადგენელი - ი-–-----–--–-–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------მ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ი----- გ-----–---–სა და გ--- გ-----–---–ისთვის 6 815 ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ი----- გ-----–---–სა და გ--- გ-----–---–ს სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად 1 752 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „დ-------------------–-------------------------მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2017 წლის 30 მაისს სს „დ-------------------–-------------------------სა“ და შპს „ე-----ს“ შორის სადაზღვევო ხელშეკრულება №--------- დაიდო და სადაზღვევო პოლისი გაიცა. ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ე-----ის“ კუთვნილი ავტომანქანა „F---------“ სახელმწიფო სარეგისტრაციო ნორმით №------ - საბაზრო ღირებულებით 7 419.36 ლარი, დაიზღვა. სადაზღვევო კომპანიამ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება იკისრა (ს.ფ. 24-34, 20-23).

 

6. 2017 წლის 27 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთმანეთს შეეჯახნენ „მ---------ი“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №------, რომელსაც ი----- გ-----–---–ი მართავდა და შპს „ე-----ი“ კუთვნილი ავტომანქანა „F---------“ სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №------ (ს.ფ.16-18).

 

7. 2017 წლის 27 ივლისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ი----- გ-----–---–ი იქნა ცნობილი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევის გამო 250 ლარით დაჯარიმდა (ს.ფ.14-15).

 

8. 2017 წლის 27 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მიზნით, სს „დ-------------------–-------------------------მ“ შპს „ე-----ს“ 8 320.49 ლარი აუნაზღაურა (ს.ფ. 38, 39).

 

9. ავტომობილი მ----------ბ--–----, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №------ 2010 წლის 15 მარტიდან გ--- გ-----–---–ის სახელზეა რეგისტრირებული (ს.ფ.16-18).

 

10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ მიმართ მოპასუხეებს 1 752 ლარის გადახდის ვალდებულება მართებულად დაეკისრათ და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-821-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში. ამავე კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდწილად სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება განაპირობებს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

რაც შეეხება მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. შესაპირისპირებელი მტკიცებულებები სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ მტკიცებულების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-28-25-2017).

 

მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სასამართლოს როლს მტკიცებულებების დასაშვებად ცნობასა და მათი შეფასების ნაწილში ასევე ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალიც, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრირებას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობა ან ის თუ, როგორ უნდა შეფასდეს იგი, პირველ ყოვლისა, ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა, ეროვნული სასამართლოების ამოცანაა შეაფასონ მათ წინაშე არსებული მტკიცებულებები, ამრიგად, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ევროსასამართლოს შესაძლებლობას არ აძლევს მხოლოდ მტკიცებულებათა შეფასების მხრივ ეჭვქვეშ დააყენოს სამოქალაქო დავის შედეგის სამართლიანობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე „გარსია რუიზი ესპანეთის წინააღმდეგ“, (García Ruiz v. Spain) [GC], § 28, ასევე, ამავე სასამართლოს განჩინება საქმეზე „ფარანჟი S.A. საფრანგეთის წინააღმდეგ“, (Farange S.A. v. France)). თუმცა, სტრასბურგის სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების კონტექსტში მუდმივად აღნიშნავს, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოები ვალდებულნი არიან პროცესის სამართლიანობა უზრუნველყონ, რომელიც, ასევე, მოიცავს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესის სამართლიანობის შემოწმებას. სხვა მხრივ, მხოლოდ ეროვნული სასამართლოს პრეროგატივაა შეაფასოს მხარეთა არგუმენტები, მტკიცებულებები და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე „ელშოლზი გერმანიის წინააღმდეგ“, (Elsholz v. Germany [GC], § 66, ამავე სასამართლოს განჩინება საქმეზე „ვან დე ჰურკი ჰოლანდიის წინააღმდეგ“, (Van de Hurk v. the Netherlands). § 59).

 

11. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეები ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს სადავოდ არ ხდიან და აღნიშნული საქმეში წარდგენილი სამართალდარღვევის ოქმითაც უდავოდ დასტურდება, თუმცა მოპასუხეებმა სადავოდ გადახადეს ზიანის ის ოდენობა, რომლის დაკისრებასაც მოსარჩელე მოითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის პოზიცია გაიზიარა და სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სააპელაციო ინსტანციაში აპელანტი სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ზიანის ოდენობას და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს, ამ შემთხვევაში, სწორედ მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ზუსტი კალკულაციის წარდგენა და აღნიშნული დაზიანებების გამოწვევაში მოწინააღმდეგე მხარის ქმედებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში არსებულ შპს „ა-------------------“ მიერ 2017 წლის 31 ივლისს გაცემულ საექსპერტო დასკვნას, რომლის თანახმადაც, შესაფასებლად წარდგენილი ავტომობილის („F---------“) დაზიანებული დეტალების და მათი გამოსწორებისათვის საჭირო ხარჯების ოდენობა ჯამში 6 815 ლარს შეადგენს. დასკვნაში მითითებულია, რომ გამოსაკვლევად ავტოსაგზაო შემთხვევის მასალები, ადგილზე გადაღებული ფოტოსურათები და შემდეგი რეკვიზიტი ავტომობილი (მითითებული დაზიანებული ავტომობილის რეკვიზიტები) იყო წარდგენილი და დასკვნის შედგენისას ექსპერტს დაზიანებული ავტომანქანა მატერიალური სახით არ უნახავს. ასევე, დასკვნაში შესაფასებელი დაზიანებების თაობაზე ნათქვამია, რომ განსახილველი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება შესაძლებელია აღწერილი ავტოსაგზაო შემთხვევიდან გამომდინარეობდეს. დასკვნაში მოყვანილი აღნიშნული მსჯელობა, როგორც შინაარსობრივი, გრამატიკული ასევე, ლოგიკური შეფასების შედეგად მიანიშნებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა იმპერატიული ხასიათის არ არის, არ ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებს და დასკვნაში მითითებული დაზიანების წარმომავლობის შესახებ იმპერატიულ დასკვნებს არ იძლევა. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული არ არის იმ პირის მონაცემები, რომელმაც იგი შეადგინა, ცნობილი არ არის მას გააჩნდა თუ არა მსგავსი დასკვნის შედგენის კვალიფიკაცია, იყო თუ არა გაფრთხილებული ექსპერტიზის ჩატარების სისწორის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზე. შესაბამისად, ამ მიმართებით სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ხსენებული წერილობითი მტკიცებულება თავისი შინაარსით საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით, თუნდაც მხარეთა ახსნა-განმარტებებთან მიმართებით, უპირატეს ძალას არ ატარებს და მისი შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა მოხდეს.

 

სააპელაციო სასამართლო, ყურადღებას მიაქცევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დასკვნის შემდგენი ექსპერტის დაკითხვა ვერ მოხერხდა, მოწმის სახით შპს „ა-------------------“ დირექტორის მ-----–--------–---–- დაიკითხა, რომელმაც ექსპერტის ზუსტი ვინაობის დასახელება ვერ შეძლო. გარდა ამისა საწარმოს დირექტორმა აღნიშნა, რომ დასკვნაში მოცემული შეფასება გამომდინარეობს მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და გადაცემული ფოტომასალიდან, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება დასკვნის შემდგენ პირადად არ დაუთვალიერებია. შპს „ა-------------------“ ძირითად ვალდებულებას სერვის ცენტრის ინვოისში აღნიშნული ფასების გადამოწმება წარმოადგენდა, რის შედეგადაც დამდგარი ზიანი ნაკლები ოდენობით დაანგარიშდა, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო გამოანგარიშებული. მისივე განმარტებით დასკვნაში აღწერილია სავარაუდო დაზიანებები, რაც შესაძლებელია მოჰყოლოდა ავტოსაგზაო შემთხვევას. ცალსახაა, რომ მოწმის ჩვენებაც, მსგავსად ექსპერტიზის დასკვნისა, ავტომანქანისთვის მიყენებულ ზიანსა და სამართალდამრღვევი მძღოლის ქმედებას შორის მიზეზობრივ კავშირს ცალსახად ვერ ადასტურებს, ასევე იმპერატიული ფორმით დაზიანებების აღმოსაფხვრელად მითითებული ხარჯების სიზუსტეს ვერ ადასტურებს.

 

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სააპელაციო სასამართლოს აზრით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი სახეზეა, მოსარჩელის მიერ დაზარალებული ნივთის მდგომარეობის გამოსასწორებლად გაღებული ნებისმიერი ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრების წინაპირობას არ ქმნის. ამგვარი კატეგორიის დავებში მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს, რომელიც მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი კი მოპასუხის ქმედებას თუ კონკრეტულად რა ოდენობის ხარჯების გაღება მოყვა მოსარჩელეს (აპელანტს) ეკისრება.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით გაანგარიშებული ზიანის ოდენობა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა. იმისათვის, რათა მოპასუხე მხარისთვის შეუსაბამო და არაგონივრული ხარჯების დაკისრებას ადგილი არ ჰქონოდა კონკრეტულად იმ დაზიანებების აღწერა და შეფასება უნდა მომხდარიყო, რომელიც ავარიის შედეგად დადგა, ასეთ მსჯელობას კი ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს, არამედ იგი ავარიის მიერ გამოწვეული დაზიანებების სავარაუდობაზე საუბრობს. ამასთანავე, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ დაზიანებების აღდგენის საფასური საბაზრო ღირებულებით იქნა შეფასებული, თუმცა აღნიშნული დოკუმენტიდან არ ირკვევა თუ რა საშუალებით იქნა გამოკვლეული საბაზრო ფასი და რას მოიცავს აღდგენა - დაზიანებების შეკეთებას თუ ახალი ნაწილების დამონტაჟებას. ასევე, ნიშანდობლივია, რომ დასკვნაში აღწერილი ხარჯთაღრიცხვის ჩამონათვალში მითითებულია მანქანის დაზიანებები, რომელიც თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილ დ--------–------ ახსნა-განმარტებაში მითითებული არ არის (ს.ფ. 18), ამ დოკუმენტში მითითებული დაზიანებების ჩამონათვალი კი სადავოდ მოსარჩელის მიერ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამხდარა. შეჯამების სახით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმისთვის, რათა ექსპერტის დასკვნა იყოს სარწმუნო, აუცილებელია ექსპერტიზის ჩატარებისას გამოყენებული მეთოდები გაკეთებული დასკვნების მიმართ რელევანტური იყოს. განსახილველ შემთხვევაში, ზემოთ განვითარებული მსჯელობის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე დეტალურ, ამომწურავ, ზუსტ და იმპერატიულ დასკვნებს, რის გამოც პირველმა ინსტანციის სასამართლომ იგი მართებულად არ გაიზიარა.

 

13. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ყველა დაზიანების გამოწვევა მომხდარი ავტოავარიის შედეგად საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება ანუ, ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა ვერ ხერხდება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მასზედ, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხე ი----- გ-----–---–მა აღიარა ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა ზიანის ოდენობა გახადა სადავოდ. მანვე მიუთითა, რომ ავტოავარიის დროს რეალურად დაზიანდა ავტომანქანის შემდეგი ნაწილები: შიდა ძელი, წინა ბამპერი, წინა მარჯვენა ფარი და ფარი კანტი, რაც ნიშნავდა, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ნაწილების შეკეთების, დაშლა აწყობისათვის გათვალისწინებული ღირებულების ჯამური ოდენობა უნდა დაკისრებოდათ. ამასთან, მოპასუხეებს ალტერნატიული შეფასება აღნიშნული ნაწილების ღირებულების თაობაზე არ წარმოუდგენიათ, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული ღირებულებით და მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების სახით 1 752 ლარი მართებულად მიაკუთვნა.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა ვერ გასწია. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 203 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს „დ-------------------–-------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ალანია