განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.03.2019
საქმის ნომერი
080310018002515224
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080310018002515224

საქმე N3/ბ-01-19წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა

პალატის მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „ნ----“

 

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველო

 

დავის საგანი _ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის კანონიერება

 

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება

 

საქმის გარემოებებზე მითითება:

 

2018 წლის 22 ივნისს შპს „ნ----ს“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ამავე სამმართველოს 2----–-–------------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით შპს „ნ----ს“ უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „ნ----მ’’, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის წარმოებაში მიღებას.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ შპს „ნ----ს“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება და საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით, ხოლო 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე’’ პუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს 2----–-–-----------------------დმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სურსათის უვნებლობის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება ხდება „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ (1.1 მუხლი). ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის წესი და პირობები რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის XV თავში, რომლის 63.1 მუხლის შესაბამისად, პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ თავითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს რომ მართალია აღნიშნული კოდექსი იმპერატიულად არ ადგენს განსჯადობის სპეციალურ წესს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან მიმართებით, თუმცა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

 

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს რა სპეციალურ მოწესრიგებას - დავის განხილვასა და გადაწყვეტას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ნ----ს“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა გასაჩივრებულ განჩინების გამოტანის წინაპირობები, რის გამოც შპს „ნ----ს“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება და საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.შპს "ნ----ს" კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2.გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება და საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი