განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.05.2019
საქმის ნომერი
030311219002854180
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030311219002854180

საქმე N3/ბ-125-19წ.

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი): მურთაზ მეშველიანი

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

საჩივრის ავტორი _ სსიპ შემოსავლების სამსახური

 

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „კ---“

 

დავის საგანი _ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციაზე

 

გასაჩივრებული ბრძანება _ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის ბრძანება.

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება:

 

2019 წლის 18 თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის შპს „კ---ს“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გაცემა.

 

შუამდგომლობის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბერს №0------- ბრძანების საფუძველზე, ყადაღა დაედო შპს „კ---ს“ (ს.კ. 2--------) საკუთრებაში არსებულ ქონებას. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს - 65899.67 ლარს, მათ შორის ძირითადი - 40710 ლარი, ჯარიმა - 2662.45 ლარი, საურავი - 22527.22 ლარი. საგადასახადო ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიებას წარმოადგენს ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილია მისივე წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე. დეკლარირებული თანხების გადაუხდელობის გამო, გადამხდელის ქონება დაიტვირთა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით, ხოლო შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადამხდელის ქონებაზე გავრცელდა ყადაღა.

 

შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს განხორციელდა ქონებაზე ყადაღის დადება და შედგა ქონების დაყადაღების აქტი, რომელიც ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს, მაგრამ მისი მხრიდან დავალიანების დაფარვა არ მომხდარა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV თავით დადგენილი წესით, შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა გაცემული იქნეს ბრძანება შპს ,,კ---ს“ საკუთრებაში არსებული, ყადაღადადებული ქონების იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე.

 

სასამართლო სხდომაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დაეთანხმა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ამასთან განაცხადა, რომ შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა - 66266.06 ლარს, რის დასადასტურებლადაც მის მიერ წარდგენილი იქნა 01.01.2019-დან 04.03.2019-მდე პერიოდის შედარების აქტი.

 

გადასახადის გადამხდელის, შპს „კ---ს“ დირექტორი გიორგი სოსელია ნაწილობრივ დაეთანხმა შუამდგომლობას და განმარტა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ხორგაში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ:4-----------) რეალიზაცია, სრულად უზრუნველყოფდა სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების დაფარვას. შესაბამისად, მოითხოვა სხვა ყადაღადადებული ქონებების რეალიზაციაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის უარყოფა.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგენილი იქნა ღია აუქციონის წესით გადასახადის გადამხდელის შპს „კ---ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქ----------–----, ს/კ: 4-----------) რეალიზაცია რეალიზაციის დროისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნით, მითითებული ყადაღადადებული ქონების რეალიზაციით უზრუნველყოფილი იქნებოდა შპს „კ---ს“ მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულების სრულად დაფარვა.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის ბრძანება გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული ბრძანების გაუქმებას და სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილებას.

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაანალიზების, საჩივრისა და გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სსკ 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოში, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის შესაბამისად, შპს „კ---“ აღრიცხულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი: 2-------- (იურიდიული მისამართი - ხობი, წ------------- ქ.N1). გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება 66 266.06 ლარი (ფოთის საქალაქო სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი 01.01.2019-დან 04.03.2019-მდე პერიოდის შედარების აქტი). გადასახადის გადამხდელს სახელმწიფოს წინაშე დავალიანება წარმოეშვა მის მიერვე წარდგენილი დეკლარაციების და საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე. დავალიანების დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, შპს „კ---ს“ ქონებას, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის N0------- ბრძანების საფუძველზე, დაედო ყადაღა, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2017 წლის 11 აგვისტოს, რომელიც არ გასაჩივრებულა. 2016 წლის 12 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის მიერ შედგა ქონების დაყადაღების აქტი, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „კ---ს“ 06 ერთეულ უძრავ ქონებას. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ყადაღადადებული ქონების ღირებულებამ შეადგინა 193 000 ლარი. კერძოდ: 1.4----------- ქონება - 186 000 ლარი, 2.4----------- ქონება - 7 000 ლარი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათაგან ერთ-ერთს. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება საგადასახადო ორგანოს უფლებაა და ამ უფლების რეალიზაცია ხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრული წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლით, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება; ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელების რიგითობის არჩევა, ამავე კოდექსით დადგენილი შემთხვევების გარდა ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, 2016 წლის 12 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის მიერ შედგა ქონების დაყადაღების აქტი, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „კ---ს“ 06 ერთეულ უძრავ ქონებას. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ყადაღადადებული ქონების ღირებულებამ შეადგინა 193 000 ლარი. კერძოდ: 1.4----------- ქონება - 186 000 ლარი, 2.4----------- ქონება - 7 000 ლარი.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობით მოთხოვნილი გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც სრულად 193 000 ლარად შეფასებული უძრავ ქონებათა რეალიზაციას ითვალისწინებს, არათანაზომიერ ღონისძიებას წარმოადგენს და მისი გამოყენებით კერძო და საჯარო ინტერესს შორის ბალანსი დაირღვევა, რაც მართებულად გაიზიარა საქალაქო სასამართლომ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და დასაშვებია ამ უფლებაში ჩარევა, თუმცა აღნიშნული კანონით უნდა იყოს მოწესრიგებული, ხოლო კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების უფლებაში ჩარევას, უნდა იყოს ხელმისაწვდომი, კონკრეტული და განჭვრეტადი. დისკრეციის ფარგლებიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული;

 

საკუთრების უფლებაში ჩარევისას მთავარია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერებს შორის, უნდა შეფასდეს, ხომ არ მოუწია ინდივიდს არაპროპორციული ტვირთის ტარება. ამასთან, საზოგადოებრივი ინტერესის განმარტება მოიცავს სახელმწიფოს უფლებას, განსაზღვროს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა, რაშიც მას ფართო თავისუფლება აქვს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში, ემსახურება საგადასახადო სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლებრივ თანასწორობას, ხოლო ამ პროცესზე სასამართლო კონტროლი გამორიცხავს საკუთრების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევას.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, გამოსადეგობასთან ერთად, შერჩეული ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას. დაყადაღებული ქონების რეალიზაციის პროცესში სასამართლო კონტროლის მექანიზმი უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას კერძო და საჯარო იტერესს შორის და ამავდროულად იცავს გადასახადის გადამხდელის უკანონო მმართველობითი ღონისძიებისაგან. შესაბამისად, სასამართლო ამოწმებს საგადასახადო ორგანოს მხრიდან, მისთვის კანონმდებლობით დადგენილ უფლება-მოვალეობათა განხორციელების მართლზომიერებას. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტისას, ამ ღონისძიების გამოსაყენებლად მხოლოდ აღიარებული საგადასახადო ვალდებულების არსებობა არ არის საკმარისი, იმავდროულად სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ არსებობს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის კონკრეტული სახის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაყადაღებული ქონების ღირებულებისა და აღიარებული საგადასახადო ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიღო მართებული გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრის დაკმაყოფილებისა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123-ე მუხლით და

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის ბრძანება დარჩეს უცვლელი;

 

3.ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

ხათუნა ხომერიკი