განაჩენი

სისხლის სამართლის 25.04.2019
საქმის ნომერი
330100117002235487
ინსტანცია
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1 330100117002235487

საქმე №1 ბ/526-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნ---------------–-–---–ი.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ნ-----–--------–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------–--ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ზღ-----------------–---------------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ------–----------.

 

ადვოკატი: გ--–--------–--–---–ი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სასჯელი:

ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარი.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ-----–--------–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–--------–--–---–მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. დაზარალებულების და მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობები, რაც პირველი ინსტანციის მოსამართლემ არ ასახა განაჩენში. ადვოკატს მიაჩნია, დაზარალებულისა და მოწმე ლ-------------ის ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობების ფონზე შუძლებელია დადგინდეს დაინახა თუ არა ამ უკანასკნელმა მსჯავრდებულის მიერ ფულის აღების ფაქტი. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მნიშვნელოვან ზიანთან დაკავშირებული მსჯელობა არადამაჯარებელია. განაჩენში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა კანონში გაწერილი არ არის და აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს. შეფასების დროს მოსამართლეს შემოაქვს მორალური ზიანის კატეგორიაც და ამტკიცებს, რომ დაზარალებულების მხრიდან პოლიციისთვის მიმართვის ფაქტი სწორედ მორალური ზიანის არსებობაზე მიუთითებს. დაცვის მხარის მტკიცებით, კი ,,დაზარალებულებს“ ჰქონდათ მევალე ორგანიზაციის და მისი წარმომადგენლის დაშანტაჟების სურვილი, რათა ვალის პატიების, შემცირების ან თუნდაც გადავადებისთვის მიეღწიათ. მოსამართლე არ დაინტერესებულა ე.წ. დაზარალებულების ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობით და დაადგინა, რომ 300 ლარი მათთვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებს აქვთ სააფთიაქო ბიზნესი, სახლები, მ--------–---–ს ჰყავს მანქანა, ასევე მათ ინციდენტიდან რამოდენიმე დღეში სრულად დაფარეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული მრავალათასიანი კრედიტი, შეუძლებელია 300 ლარი მათთვის ყოფილიყო მნიშვნელოვანი ზიანი. აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა ნ-----–--------–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც თბილისის ძველი თბილისის პროკურატურის პროკურორმა გ-------------მ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ ადვოკატ გ--–--------–--–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემეოებები და არგუმენტაცია არ გამომდინარეობს ნ-----–--------–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დადასტურდა ნ-----–--------–ის მიერ თვითნებობის ჩადენის ფაქტი, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლომაც მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა ნ-----–--------–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–--------–--–---–მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ნ-----–--------–მა ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისი უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მიკროსაფინანსო კომპანია შპს „კ--------------------“ მენეჯერი, ნ-----–--------–ი 2017 წლის ოქტომბრის თვიდან სამსახურებრივად ახორციელებდა კონტროლს მ--------–---–ის საკრედიტო საქმეზე და შპს „კ--------------------“ წინაშე მის ფინანსურ ვალდებულებაზე, რომელიც წარმოშობილი იყო, მათ შორის 2017 წლის 23 ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. ნ-----–--------–ი, როგორც კომპანიის წარმომადგენელი, მ--------–---–ს, სატელეფონო საუბრების მეშვეობით, მოუწოდებდა შეესრულებინა მისი ვალდებულება კომპანიის წინაშე.

 

2017 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თბილისი, ა.---------------------ში მდებარე, მ--------–---–ის კუთვნილ აფთიაქში, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მენეჯერი, ნ-----–--------–ი თვითნებურად დაეუფლა აფთიაქის სალაროზე, პოლიეთილენის ყუთში არსებულ თანხას, დაახლოებით 300 ლარის ოდენობით და დატოვა აფთიაქის ტერიტორია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას ნ------–--------–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 03 ნოემბერს მ--------–---–ის აფთიაქში იმ მიზნით მივიდა, რომ ამ უკანასკნელისთვის ვადაგადაცილებული თანხის გადახდა მოეთხოვა. თ----- და მ---------–---–ებმა მას უთხრეს, რომ გადახდას მატერიალური პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ და იმაში დასარწმუნებლად, რომ სალაროში 20 ლარზე მეტი არ ჰქონდათ, სალაროსთან მისვლა თავად შესთავაზეს. მათვე გადასცეს სალაროში არსებული ზემოაღნიშნული თანხა, რაც მ--------–---–ის სახელით, შეთანხმებისამებრ, ანგარიშზე შეიტანა. პ---–---–ებს უთხრა, რომ ვინაიდან ვალდებულების შესრულებას ვერ ახერხებდნენ, თანხის განაწილვადება და საქონლის აღწერა უნდა მოეხდინათ, რაზეც მათ გაუწიეს წინააღმდეგობა, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირდნენ, რომ ფულად ვალდებულებას შეასრულებდნენ. ნ-----–--------–მა კატეგორიულად უარყო აფთიაქის სალაროდან უნებართვოდ, თვითნებურად თანხის აღების ფაქტი.

 

დაზარალებულ მ--------–---–ის ჩვენებით დგინდება, იგი არის აფთიაქის მფლობელი და საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირებულია ინდ. მეწარმის სახით. 2017 წლის ივნისის თვეში, ფინანსური საჭიროებიდან გამომდინარე, მიკროსაფინანსო კომპანია ,,კავკასუს კრედიტიდან“ აიღო ბიზნესსესხი. თავდაპირველად საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას ასრულებდა თუმცა, მოგვიანებით შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც თანხის სრულად გადახდა გაუჭირდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მასთან ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელ ნ-----–--------–ს, რომელიც ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, დროულად გადაეხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. 2017 წლის 03 ნოემბერს, ნ-----–--------–ი ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ იმყოფებოდა აფთიაქში და ფულის წაღებას აპირებდა. ვინაიდან ამ დროს დასთან - ლ---- პ---–---–თან ერთად, გასული იყო საქმეზე, ნ------–--------–ს სთხოვა დალოდებოდა აფთიაქში, სადაც დედამისი - თ----- პ---–---–ი იმყოფებოდა. როდესაც აფთიაქში მივიდა ნ-----–--------–მა მას დაუწყო აგრესიული საუბარი და მოსთხოვა ფული, შემდეგ კი დაუკითხავად გადავიდა დახლს იქეთ, სადაც სალაროდან თვითნებურად აიღო აფთიაქის კუთვნილი, 300 ლარამდე ოდენობის თანხა. ამ თანხიდან 260 ლარი განკუთვნილი იყო დისტრიბუტორისთვის გადასაცემად, ხოლო დაახლოებით 30 ლარის ოდენობის რკინის მონეტები პოლიეთილენის პარკში იყო მოთავსებული. სალაროდან თანხის აღებისას აფთიაქში იმყოფებოდა თავად, დედამისი - თ----- პ---–---–ი, რომელიც იდგა სალაროსთან, მისი და - ლ---- პ---–---–ი და მეზობელი - ლ-------------ე. ნ-----–--------–მა ფულის აღებისთანავე დატოვა აფთიაქის ტერიტორია. იგი მოსალაპარაკებლად გაედევნა ნ-----–--------–ს, მაგრამ მან უარი განუცხადა საუბარზე და დაუბარა, რომ საღამოს დაბრუნდებოდა და აფთიაქში არსებულ მედიკამენტებსა და ავეჯს წაიღებდა.

 

მოწმე ლ---- პ---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 03 ნოემბერს დასთან - მ--------–---–თან ერთად იმყოფებოდა საქმეზე, რა დროსაც მის დას ტელეფონზე დაუკავშირდა მიკროსაფინანსო კომპანიის წარმომადგენელი ნ------–--------–ი. ისინი სატელეფონო საუბრის შემდეგ დაბრუნდნენ აფთიაქში, სადაც დახვდათ ნ------–--------–ი, რომელიც სასწრაფოდ ფულის გადახდას ითხოვდა და იმუქრებოდა, რომ საღამოს მანქანას მოიყვანდა და საქონელს წაიღებდა. შემდეგ კი დაუკითხავად შევარდა დახლში, დაავლო ხელი ფულს და გაიქცა. მ--- უკან გაედევნა, მაგრამ ნ------–--------–ი არ გაჩერდა და წავიდა. დედისგან და დისგან შეიტყო, რომ ნ-----–--------–ის მიერ წაღებული თანხა დაახლოებით 300 ლარს შეადგენდა.

 

მოწმე თ----- პ---–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 03 ნოემბერს მისი ქალიშვილების - მ--- და ლ---- პ---–---–ების ნაცვლად იმყოფებოდა აფთიაქში, რადგან ისინი საქმეზე იყვნენ გასულები. აფთიაქში შევიდა ქალბატონი, რომელმაც განუმარტა, რომ იყო ,,კ--------------------" წარმომადგენელი და უთხრა, რომ სურდა ენახა მ---. მან უთხრა, რომ მ--- იყო გასული და მალე დაბრუნდებოდა. აღნიშნულზე ქალბატონმა უთხრა, რომ ლოდინის დრო არ ჰქონდა და მოსთხოვა თანხის გადაცემა. ამ დროს აფთიაქში დაბრუნდნენ მ--- და ლ---- პ---–---–ები. ქალბატონი მათ წარუდგა, რომ იყო ნ-----–--------–ი და თანხის გადახდა მოსთხოვა, რაზედაც მ--- დაპირდა, რომ მოვალისგან თანხის მიღებისთანავე გადაიხდიდა გადასახადს, მანამდე კი ანგარიშზე თანხის ნაწილს შეიტანდა. ისინი დახლთან საუბრობდნენ, თავად კი დახლს იქეთ იჯდა, რა დროსაც ნ-----–--------–მა დახლს შემოუარა და სალაროდან დისტრიბუტორისთვის განკუთვნილი თანხა და ხურდები აიღო, გავიდა აფთიაქიდან და დაიბარა, რომ საღამოს ფული დაეხვედრებინათ წინააღმდეგ შემთხვევაში მედიკამენტებს და სხვა ყველაფერს წაიღებდა. ნ-----–--------–ის მიერ დახლიდან თანხის აღებას ასევე შეესწრო მათი მეზობელი - ლ-------------ე. ნ-----–--------–ის ქმედებით ყველანი გაოგნებული დარჩნენ. მ--- მაშინვე უკან გაჰყვა და სცადა მისი შეჩერება, თუმცა ვერ შეძლო. მოწმის განმარტებით, ნ-----–--------–ის მიერ წაღებული იქნა დაახლოებით 280-290 ლარი.

 

მოწმე ლ-------------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ იგი შეესწრო 2017 წლის 03 ნოემბერს პ---–---–ების აფთიაქში ნ-----–--------–თან მომხდარ ინციდენტს და ამ უკანასკნელის მიერ თანხის აღების ფაქტს. მან დაინახა, რომ ნ-----–--------–ი თვითნებურად შევიდა დახლში, საიდანაც აიღო ფული და დატოვა აფთიაქი. მას უკან გაჰყვა მ---.

 

შპს ,,კ--------------------“ დირექტორის გ-----------ის 2017 წლის 12 დეკემბრის N-- წერილით ირკვევა, რომ ნ-----–--------–ი 2016 წლის 1 ნოემბრიდან მუშაობს შპს ,,კ--------------------“ ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

 

2017 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ შპს „კ--------------------ა“ (გამსესხებელი/ კრედიტორი) და მ--------–---–ს (მსესხებელი/მოვალე) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. სესხის თანხა არის 10000 ლარი, სესხის ვადა კი 364 დღე. ყოველკვირეულად გადასახდელი თანხა განსაზღვრულია 269,51 ლარით. ხელშეკრულების 4.2 პუნქტში მითითებულია, რომ მოვალეების მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხევევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მიმართოს ნოტარიუსს (მათ შორის სახეშეკრულებო ვადის გასვლამდე) და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი სესხის ძირითად თანხაზე, მასზე ფაქტობრივად დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად და გადახდევინება მიაქციოს სოლიდარული მსესხებლების/მოვალეების კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე. ამასთან/ კრედიტორი უფლებამოსილია თვისი შეხედულებისამებრ აირჩიოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აღსულების მეთოდი და გამოიყენოს ის მეთოდი, რასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს, თავისი მოთხოვნის ყველაზე უკეთ და სწრაფად დაკმაყოფილების მიზნით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ-----–--------–ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება ნ-----–--------–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

 

საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით კრიმინალიზებულია თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. თვითნებობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო უფლებების განხორციელების წესი. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. სასამართლო განმარტავს, რომ თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არ აქვს ან/და ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. დადგენილი წესის დარღვევად ჩაითვლება რაიმე მოქმედება, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან რეალიზაციის ნორმატული აქტით დადგენილ წესს, როცა პირი მოვალე იყო ემოქმედა სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე. ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია მნიშვნელოვანი ზიანი. ის შეიძლება წარმოადგენდეს მატერიალურ ან მორალურ ზიანს, კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას. არის თუ არა ზიანი მნიშვნელოვანი, აღნიშნული დადგენილი უნდა იქნეს სასამართლოს მიერ საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ-----–--------–ი იყო მიკროსაფინანსო კომპანია შპს „კ--------------------“ მენეჯერი და სამსახურებრივად მ--------–---–ის საკრედიტო საქმეზე მის მიერ ნაკისრი ფინანსური ვალდებულების შესრულებაზე ახორციელებდა კონტროლს. მან დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, ვალდებულების უზრუნველსაყოფად, მოახდინა ამ უკანასკნელის კუთვნილი თანხის ამოღება, რა დროსაც მოქმედებდა დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ თვითნებობა ობიექტური შემადგენლობის ნიშნებით გარეგნულად ზოგჯერ ძალიან ჰგავს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობას, მაგრამ ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და თავად მსჯავრდებულის ქცევის, მოტივის მხედველობაში მიღებით დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის შემდეგ, უნდა მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების გამიჯვნა, რასთან გვაქვს საქმე - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან, თუ - თვითნებობასთან (იხ. 2015 წლის 12 ივნისის საქმე №7აპ-15). ამასთან, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თვითნებობას საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისაგან განასხვავებს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებით დადგენილია, რომ 2016 წლის 1 ნოემბრიდან ნ-----–--------–ი მიღებული იქნა შპს „კ--------------------“ ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე. სადავო ფაქტს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2017 წლის 23 ივნისს შპს „კ--------------------ა“ (გამსესხებელი/ კრედიტორი) და მ--------–---–ს (მსესხებელი/მოვალე) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული იქნა სესხის ხელშკრულების შეწყვეტის პირობები, კერძოდ, ხელშეკრულების 4.2 პუნქტად გაწერილი იქნა, რომ მოვალეების მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხევევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მოთხვნის დაკმაყოფილების მიზნით მიმართოს ნოტარიუსს (მათ შორის სახეშეკრულებო ვადის გასვლამდე) და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი სესხის ძირითად თანხაზე, მასზე ფაქტობრივად დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად და გადახდევინება მიაქციოს სოლიდარული მსესხებლების მოვალეების კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე. მხარეებს ასევე სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ-----–--------–ი 2017 წლის 3 ნოემბერს მივიდა მ--------–---–ის კუთვნილ აფთიაქში და მოსთხოვა მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს ხსენებულ პირთა ჩვენებებში, რადგან მათი მხრიდან არ ვლინდება მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

ამასთან, პალატა თვლის, რომ შესაძლოა მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც პალატას მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მათ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები.

 

პალატა თვლის, რომ დაცვის მხარე ცდილობს თავისებური ინტერპრეტაცია შესძინოს დაკითხულ მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებებს და მცირე ნიუანსებში არსებული განსხვავებების ფონზე წარმოადგინოს განსხვავებული სურათი ნ-----–--------–ის უდანაშაულობის კუთხით. დაზარალებული და ფაქტის თვითმხილველი მოწმეები პრაქტიკულად ერთნაირად აღწერენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, რაც სრულ თანხვედრაშია ნეიტრალური მოწმის ლ-------------ის ჩვენებასთან. მართალია, ეს უკანასკნელი შეესწრო ინციდენტის ნაწილს, თუმცა დაზარალებულის და სხვა მოწმეების ჩვენებებთან ერთად საკმარისია ფაქტობრივი გარემოებების და შექმნილი ვითარების ზუსტად აღსაქმელად. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ-----–--------–ი სესხის ხელშეკრულებით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, დაეუფლა აფთიაქის სალაროში არსებულ მ--------–---–ის კუთვნილ თანხას, დაახლობით 300 ლარს, ამგვარი ქმდების განხორციელების უფლება კი მას არ გააჩნდა, ვინაიდან, სესხის ხელშეკრულებით იძულებითი აღსრულების წესი სხვაგვარად იყო რეგულირებული. კერძოდ, მოვალეების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მიემართა ნოტარიუსისთვის, ხოლო ნ-----–--------–მა თავისად დაგულებული უფლება დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განახორციელა.

 

პალატა ასევე მიუთითებს, რომ სახეზეა ქმედების თვითნებობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულო ნიშანიც, რაც პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანში გამოიხატება და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ თვითნებობის შემთხვევაში, საკითხი - მნიშვნელოვანია თუ არა ქმედებით გამოწვეული ზიანი - განისაზღვრება ინდივიდუალურად, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე. იგი სასამართლოს შეფასების საგანია და რომ თვითნებობის შედეგად მიყენებული ზიანი შეიძლება წარმოადგენდეს არამხოლოდ მატერიალურ, არამედ - არამატერიალურ ზიანს, კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას. შესაბამისად, დაზარალებულ მ--------–---–ის მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა მოწმობს იმ გარემოებას, რომ ამ უკანსკენლს სურდა მისი დარღვეული უფლებების აღდგენა. ნ-----–--------–ის მიერ თვითნებურად დაუფლებული თანხის ოდენობის, ასევე კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის გათვალისიწნებით პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ-----–--------–ის ქმედებით დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ დაზარალებულის მხრიდან საპატრულო პოლიციის გამოძახება ემსახურებოდა მიკროსაფინანსო კომპანიის წარმომადგენლის დაშანტაჟებას, რათა ვალის პატიების, შემცირების ან თუნდაც გადავადებისთვის მიეღწია - საქმის მასალებიდან არ გამომდინარებს და შესაბამისად პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან დაცვვის მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ნ-----–--------–მა ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან აშკარაა, რომ განაჩენის, როგორც სასამართლოს მიერ საბოლოოდ მიღებული საპროცესო აქტის საფუძველი მტკიცებულებათა უტყუარობაა. ამასთან არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ვინაიდან განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ნ-----–--------–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ნ-----–--------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ნ-----–--------–ს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ნ-----–--------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--–--------–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ნ-----–--------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--–--------–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ნ-----–--------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე