განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4673-18 21 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე
მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - გ------------–---–ი
წარმომადგენელი - რ------------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
წარმომადგენელი - თ---------------------ე, გ----------------–--ე,მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილდება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო მფლობელობიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების - სანომრე ნიშანი R--------–----------------–----------------------, გამოშვების წელი ------, საიდენტიფიკაციო ნომერი -------------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ----------- - გამოთხოვა და აღნიშნული მოძრავი ნივთის მოსარჩელე გ------------–---–ისათვის გადაცემა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით გ------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
4.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო ფაქტობრივად და სამართლებრივად უკანონო გადაწყვეტილება; სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგანი და საფუძვლები, არასწორად შეაფასა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რამაც უკანონო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
4.2. აპელანტის განმარტებით, სადავო ავტომანქანა მოსარჩელემ შეისყიდა 76 000 აშშ დოლარად და მის სახელზე 2011 წლის 01 აგვისტოს გაფორმდა; მოსარჩელე 2----–-–---------------ს დააკავეს და პირადი ჩხრეკის ოქმის საფუძველზე ავტომანქანა ამოიღეს, დალუქეს და გადაიყვანეს „კუდის“ ადმინისტრაციული შენობის სადგურში. მოსარჩელე წინასწარი დაკავების საპატიმრო დაწესებულებაში იქნა მოთავსებული. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური და სხვა სახის ზეწოლა. გ------------–---–ისაგან ითხოვდნენ, რომ უკანონოდ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ეცნო, ხოლო ხსენებული ავტომანქანა უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოსათვის, ამასთან სრულად დაეფარა თითქოსდა კომპანიისათვის მიყენებული ზარალი, ასევე - გადაეხადა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამოკეტავდნენ დაახლოებით 23 წლით და მთელ ქონებას გაუყიდდნენ.
2012 წლის 27 მარტს იძულების შედეგად, მოსარჩელემ ხელი მოაწერა მინდობილობას, რომლითაც სადავო ავტომანქანის გადაცემის თაობაზე უფლებამოსილება მის მეუღლეს ნ-----------–---ს მიანიჭა.
მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით დადასტურებულია გარემოება, რომ სადავო ავტომობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე 2012 წლის 04 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა, მაშინ როდესაც მოსარჩელეს მისი მეუღლის სახელზე მინდობილობა გაცემული აქვს 2012 წლის 27 მარტს; ამდენად, 2012 წლის 04 მარტს მოსარჩელის მეუღლე ჯერ კიდევ არ იყო უფლებამოსილი დაედო აღნიშნული გარიგება. შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელის ნება, რის გამოც ჩუქების ხელშეკრულება უკანონო გარიგებაა და მას რაიმე სახის სამართლებრივი შედეგები ვერ დაუკავშირდება.
4.3. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2012 წლის 03 აპრილამდე პერიოდში ავტომანქანაზე დადებული ყოველგვარი გარიგება არის უკანონო, რადგანაც ავტომანქანა ამოღებული იყო ე.წ. ჩხრეკისა და ამოღების ოქმის საფუძველზე და მისი განკარგვა ნებისმიერი სახით დაუშვებელი იყო.
4.4. აპელანტი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „გუსინსკი რუსეთის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ეტაპზე სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების დადება, რომელიც დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას არ ემსახურება, მაღალი ალბათობით, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს არ წარმოადგენს, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება გარიგების გაფორმების მაპროვოცირებელი გარემოებაა, რაც ნების გამოვლენის თავისუფლებას იმთავითვე გამორიცხავს (Gusinskiy Russia application no.70276/01, 19.05.2004). მოცემულ შემთხვევაში, ორივე მოპასუხემ იცოდა, რომ მათ მოსარჩელის თავისუფალი ნების გარეშე გადაეცათ უსასყიდლოთ ხსენებული ავტომანქანა; ამდენად, მოპასუხე მხარეები ვერ ჩაითვლებიან კეთილსინდისიერ მფლობელებად.
4.5. აპელანტის მოსაზრებით, მის მიერ მითითებული და დამტკიცებული გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება ხელყოფილია იძულების გზით, რომლის გაქარწყლების ტვირთიც მოპასუხის მხარეზეა. სადავო მინდობილობის და შემდგომ უკანონო გაფორმების მიზნებისათვის, სახეზეა როგორც იძულება {სსკ-ის 85-ე და 86-ე მუხლი], ისე ამორალურობა [54-ე მუხლი]. ბათილად ცნობის შედეგად, სადავო უძრავი ქონების უკან დაბრუნების სამართლებრივ ნაწილში კი, მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს კონდიქციური ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების დაცვითი ფუნქციის ფარგლებში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
7. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
8. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 25 მაისს გაცემული ცნობის თანახმად, სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება - სანომრე ნიშანი R------, მარკა-მოდელი - ტ----------–----------------------, ფერი -–---, გამოშვების წელი ------, საიდენტიფიკაციო ნომერი -------------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა -----------, 01.08.2011 წლიდან 19.04.2012 წლამდე რეგისტრირებული იყო გ------------–---–ის სახელზე, საფუძველი - 01.08.2011 წლის N-------- ერთობლივი განცხადება; 19.04.2012 წლიდან 21.01.2016 წლამდე რეგისტრირებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე, საფუძველი - შს მინისტრის 1--------- წლის N--- ბრძანება; 21.01.2016 წლიდან კი რეგისტრირებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელზე, საფუძველი - შს მინისტრის 3--------- წლის N--- ბრძანება (ს.ფ.36).
8.2. 2----–-–---------------ს, გ------------–---–ი დაკავებულ იქნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ და მოთავსდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ს.ფ. 27-34).
8.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------–ის განაჩენით გ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 18 000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 32 000 ლარის ოდენობით.
8.4. 2012 წლის 27 მარტს, გ------------–---–მა თავისი მეუღლის, ნ-----------–---ის სახელზე გასცა მინდობილობა გ------------–---–ის კუთვნილი სადავო ავტომანქანის მართვისა და განკარგვის, გადაფორმების, გაყიდვის, გაჩუქების და მისი შეხედულებისამებრ გასხვისების უფლებამოსილებით (ს.ფ. 41).
8.5. დადგენილია, რომ 2012 წლის 4 მარტის ჩუქების ხელშეკრულებით, ნ-----------–---მა, როგორც გ------------–---–ის წარმომადგენელმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჩუქა სადავო ავტომანქანა საიდენტიფიკაციო ნომრით J----------------. ასევე დადგენილია, რომ სადავო ავტომანქანა 19.04.2012 წლიდან 21.01.2016 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის 1--------- წლის N--- ბრძანების საფუძველზე რეგისტრირებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე, ხოლო 21.01.2016 წლიდან რეგისტრირებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელზე შინაგან საქმეთა მინისტრის 3--------- წლის N--- ბრძანების საფუძველზე (ს.ფ. 36, 274).
8.6. მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას, რომ სადავო ავტომანქანა არის მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სარგებლობაში (მხარეთა ახსნა-განმარტება).
8.7. 2017 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სადავო ავტომანქანის უსაფრთხოების სამსახურის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმების, ავტომანქანის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვისა და ავტომანქანის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნებით (ს.ფ. 218, 228).
8.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სასარჩელო მოთხოვნა სადავო ავტომანქანის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მისი მოსარჩელისათვის გადაცემის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. სასარჩელო მოთხოვნა სადავო ავტომანქანის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმებისა და სადავო ავტომანქანის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის თაობაზე, განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
9. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ------------–---–ის მოთხოვნა სადავო ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე სამართლებრივად დაუსაბუთებულია და იგი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
9.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
9.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
9.3. სასამართლო განმარტავს, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი ხდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, განსახილველი სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
9.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ავტომანქანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე 2012 წლის 4 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სარჩელით გ-----------–---–ი სადავოდ არ ხდის 2012 წლის 4 მარტის ჩუქების ხელშეკრულებას და მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის გარეშეც უნდა დაკმაყოფილდეს. აპელანტის მოსაზრებით, სადავო ავტომანქანაზე საკუთრების უფლება მოპასუხის სახელზე არ გადასულა, ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულების მიმართ არ არსებობდა მოსარჩელის ნამდვილი ნება, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ მინდობილობა, რომლის საფუძველზეც გ------------–---–ის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა ჩუქების ხელშეკრულებას, გაცემულია 2015 წლის 27 მარტს, ხოლო ჩუქების ხელშეკრულება კი გაფორმებულია 2015 წლის 4 მარტს, რაც აპელანტის მოსაზრებით, საკმარისი გარემოებაა იმისათვის, რომ ჩუქების ხელშეკრულება არარა გარიგებად იქნეს მიჩნეული.
9.5. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელ კონკრეტულ ფაქტს დაამყაროს თავისი სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელის შედგენისას დაიცვას საპროცესო კოდექსის 177-ე და 178-ე მუხლის მოთხოვნები და იმგავარად ჩამოაყალიბოს სარჩელი, რომ როგორც სასამართლოსთვის, ისე მოპასუხე მხარისათვის ცხადი იყოს, რომელ ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება სარჩელის მოთხოვნა ე.ი. შესაძლებელი უნდა იყოს სარჩელით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დაკავშირება სარჩელში მითითებულ ფაქტებთან. სასამართლო ეყრდნობა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. იმისათვის რომ კონკრეტული ფაქტები გახდეს სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანი, იგი მითითებული უნდა იყოს სარჩელში, რადგან გათვალისწინებული იქნას მოპასუხე მხარის მატერიალურ სამართლებრივი პოზიცია, რადგან მას არ შეეზღუდოს შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის შესაძლებლობა.
9.6. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. აღნიშნული საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე არგუმენტირებული ახსნა-განმარტების წარმოდგენისას მოსარჩელე მხარეს წარმოეშვება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ აღნიშნული მტკიცებულებები მან სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე საპატიო მიზეზით (სსკ-ის 215-ე მუხლი) ვერ წარმოადგინა, თუმცა მოსარჩელეს ასეთი მტკიცება არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ განუხორციელებია. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებს მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც მითითებული არ ყოფილა სარჩელში.
9.7. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მოსარჩელე არ ითხოვს 2015 წლის 4 მარტის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, სარჩელის საფუძვლები არ შეიცავს მითითებებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რასაც აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, (მაგალითად, ის, რომ მინდობილობა გაცემულია უფრო გვიან, ვიდრე ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა; 2015 წლის 3 აპრილამდე ავტომანქანა დაყადაღებული იყო, რაც გამორიცხავდა მასზე გარიგების დადების უფლებას და სხვ.). სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებში აღნიშნული გარემოებების მიუთითებლობა, შემდგომ კი მათი მიუთითებლობის საპატიო მიზეზის დაუდასტურებლობა, ზემოაღნიშნული საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე (იხ: 10.6.), სააპელაციო პალატას ართმევს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მათი განხილვისა და შეფასების შესაძლებლობას.
9.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
9.9. სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების თავისუფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლოს თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო ერთობლივად აანალიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.
9.10. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ დაადასტურა მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არის სადავო ავტომანქანის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე მისი არამართლზომიერი მფლობელი. აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა შედეგობრივად გამორიცხავს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია მოსარჩელე იყოს ნივთის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ ჰქონდეს ნივთის ფლობის მართლზომიერი საფუძველი, მითითებულ პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა) კი, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე წარმოადგენს უფლებამოსილ პირს ფლობდეს და სარგებლობდეს სადავო მოძრავი ნივთით, რაც გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას და შესაბამისად, გ------------–---–ის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
10. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
11. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხა–დებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ნატალია ნაზღაიძე
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
ირაკლი ბონდარენკო