განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.05.2019
საქმის ნომერი
330210015001001506
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1049-18 6 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი – მედეა წიკლაური

 

აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი – ზ--------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ--------------“

წარმომადგენელი - ე----------------–--------ე

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე სს „პ-------------ისათვის“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ, სადაზღვევო ანაზღაურების - 55 353,8 ლარის დაკისრება;

 

1.2. მოპასუხე სს „პ-------------ისათვის“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ, დაზღვევის ხელშეკრულების ღირებულების - 158 590 ლარის 0,07%-ის პირგასამტეხლოს დაკისრება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის 11 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე სს „პ--------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27 900,00 ლარის ანაზღაურება; მოპასუხე სს „პ--------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 7128,45 ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

4.1. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის გაფორმებულია ორმხრივი მავალდებულებელი დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც მზღვეველის ვალდებულებას წარმოადგენდა სადაზღვევო შემთხვევით მომდგარი ზიანის სრულად ანაზღაურება, რაც მოცემულ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების ღირებულების სახით, 55 353,8 ლარს შეადგენდა.

 

4.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებისას არ იმსჯელა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქცია - თავიდან აიცილოს ვალდებულების დამრღვევი დამატებითი მოქმედებები; გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასკვნები წინააღმდეგობაშია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპთან; სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ შეესაბამება გონივრულ სტანდარტს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

7. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

8.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „პ--------------ს“ შორის 2013 წლის 3------------ს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, დაზღვეული იქნა ხელშეკრულების დანართი №1, დანართი №2, დანართი №3-ით განსაზღვრული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ტრანსპორტი, მათ შორის C------ სახელმწიფო ნომრით რეგისტრირებული S------------ (დანართი №1-ით განსაზღვრული). ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 158 590,20 ლარით.

 

8.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, ერთ-ერთ სადაზღვევო რისკად განისაზღვრა ავტოსაგზაო შემთხვევით ავტოტრანსპორტის დაზიანება ან განადგურება. ხელშეკრულების მე-19 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2014 წლის პ------–---------დან და მოქმედებდა 2014 წლის 3-----------ის ჩათვლით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ვერ მოესწრებოდა ზემოაღნიშნულ ვადაში, ხელშეკრულება იმოქმედებდა მანამ, სანამ არ შესრულდებოდა შესაბამისი ვალდებულებები.

 

8.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 8.3 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი აანაზღაურებს რეალური ზარალის ადეკვატურ თანხას. ამ თანხას გამოაკლდება უკვე ანაზღაურებული თანხები (თუ ასეთი არსებობდა და სადაზღვევო თანხა აღდგენილი არ იქნა), ხოლო ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, მზღვეველის მიერ ანაზღაურებული თანხა არ გადააჭარბებს ზარალის მომენტისათვის დაზღვეული ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულებას.

 

8.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 8.7 პუნქტის მიხედვით, ავტომობილის განადგურებად ითვლება ზიანი, რომლის დროსაც აღდგენითი შეკეთების ღირებულება, მისი საბაზრო ღირებულების 70%-ს ან მეტს შეადგენს. სრული განადგურების შემთხვევაში მზღვეველი დანართი №1-ით, დანართი №2-ით და დანართი №3-ით განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურებას გასცემს, დამზღვევის მიერ ავტოტრანსპორტის მზღვეველზე გადმოფორმების შემდეგ, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, იგივე ოდენობით, რა ოდენობითაც დადგენილია მისი ნარჩენი საბალანსო ღირებულება (მათ შორის არ იანგარიშება ყოველთვიური ცვეთა).

 

8.5. 2014 წლის 0-------ს 00:30 საათზე ზ--------ის რაიონის სოფელ დ------––ი მძღოლმა გ---------–---–---–მა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო გადაადგილება, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წესით, რასაც მოჰყვა C-------- სახელმწიფო ნომრით რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების დაზიანება.

 

8.6. 2014 წლის 9------ს, 09:42:00 საათზე შპს „პ--------------ს“ ოპერატორს ეცნობა 2014 წლის 0-------ს მომხდარი შემთხვევისა და დაზღვეული C------ სახელმწიფო ნომრით რეგისტრირებული S------------ ავტომანქანის დაზიანების შესახებ.

 

8.7. 2014 წლის 11 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეცნობა, რომ შპს „პ----------------“ უარს აცხადებდა ზიანის ანაზღაურებაზე, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაირღვა 2013 წლის 3-----------ის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომელიც მხარეს ავალდებულებდა შემთხვევის დადგომისთანავე შეტყობინების მზღვეველის ცხელ ხაზზე დაფიქსირებას, რაც არ განხორციელებულა.

 

8.8. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 5.2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, დამზღვევი ვალდებულია შემთხვევის დადგომისთანავე განაცხადოს (უფლებამოსილმა მძღოლმა) შემთხვევის ფაქტზე კომპეტენტურ ორგანოებში (შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახანძრო ინსპექცია და სხვა) და მზღვეველის ცხელ ხაზზე (2--------), ხოლო არაუგვიანეს 48 საათისა წარუდგინოს მზღვეველის მიერ დადგენილი ფორმით (გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც აღნიშნულის გაკეთება შეუძლებელია დამზღვევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ შემთხვევაში მზღვეველისათვის ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია განახორციელოს დამზღვევის წარმომადგენელმა).

 

8.9. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 15.1 პუნქტის მიხედვით, მზღვეველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში (ხელშეკრულების 5.1. პუნქტი), მზღვეველს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ასეთ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,07%-ის ოდენობით.

 

8.10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანებული ავტომანქანის საბაზრო ღირებულება 2014 წლის ივნისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 27 900,00 ლარს.

 

8.11. შპს „ა------------ის“ 2014 წლის 8 ივლისის დეფექტური აქტის თანახმად, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაცვლელი დეტალებისა და შესასრულებელი სამუშაოს ხარჯები შეადგენს 55 385,8 ლარს.

 

9. 2015 წლის 8 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხე შპს „პ-------------ისათვის“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ, სადაზღვევო ანაზღაურების - 55 353,8 ლარის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების ღირებულების - 0,07%) დაკისრება მოითხოვა; გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რასაც არ ეთანხმება აპელანტი.

 

10. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა გასაჩივრებულ ნაწილში მართებულად არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

10.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

 

10.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს „პ--------------ს“ შორის 2013 წლის 3------------ს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით დაზღვეული იქნა ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ტრანსპორტი, მათ შორის სატრანსპორტო საშუალება S------------ (ს/ნ C------).

 

10.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 8.4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, მზღვეველის მიერ ანაზღაურებულმა თანხამ არ უნდა გადააჭარბოს ზარალის მომენტისათვის დაზღვეული ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულებას.

 

10.4. მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არ არის გამხდარი ფაქტობრივი გარემოება, რომ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი შეკეთების ღირებულება 55 385,8 ლარია, მაშინ როდესაც ამავე ავტომანქანის საბაზრო ღირებულება 2014 წლის ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 27 900,00 ლარს. შესაბამისად, დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი შეკეთების ღირებულება მისი საბაზრო ღირებულების 70%-ზე მეტს შეადგენს. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 8.4 და 8.7 პუნქტების შესაბამისად, სრულად გამორიცხავს აპელანტის შედავებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მიერ უნდა ანაზღაურდეს არა ავტომანქანის საბაზრო ღირებულება, არამედ მისი აღდგენითი შეკეთების ღირებულება (რომელიც ფაქტობრივად ორჯერ აღემატება ავტომანქანის დაზიანებამდე არსებულ საბაზრო ღირებულებას). აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზიანის ოდენობა მართებულად განისაზღვრა დაზღვეული ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულებით - 27 900,00 ლარით და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

11. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სადავოა ასევე სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 420-ე მუხლების გამოყენების მართებულობა. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს შემდეგს:

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს მოუწოდებს და ავალდებულებს კიდეც სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით რომ ეს გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც არის სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, კანონი დაცვითი მექანიზმის სახით - პირგასამტეხლოს დანიშნულების ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს ანიჭებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

 

კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიაჩნია, რომ კონკრეტული შემთხვევისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო (ხელშეკრულების ღირებულების - 158 590,00 ლარის 0,07% ყოველდღიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე) შეუსაბამოდ მაღალია და სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად განხორციელებაზე მიუთითებს. ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს დანიშნულება, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდი, იქცევა მოვალის დასჯის მექანიზმად, რაც დაუშვებელია. შესაბამისად, პირგასამტეხლოს პრევენციული მიზნიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს გონივრული „სანქცია“, ვალდებულების დარღვევის სიმძიმის ადეკვატურად, რომლის ოდენობაც, პალატის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად განსაზღვრა 27 900,00 ლარიდან 0,07%-ის ოდენობით, ერთი წლის განმავლობაში, რაც 7128,45 ლარს შეადგენს.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

12. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

13. აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა

 

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ნატალია ნაზღაიძე

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

 

ირაკლი ბონდარენკო