განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080315619002922954
საქმე N3/ბ-147-19წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
08 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი
განმცხადებელი _ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე _ თ----- მ----ე
დავის საგანი _ განჩინების განმარტება
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
2019 წლის 01 აპრილს თ----- მ----ის წარმომადგენელმა პ------–-----მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის აღძვრამდე დროებითი განჩინების მიღება მოითხოვა. კერძოდ: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას აეკრძალოს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის დანიშვნა (გარდა მოვალეობის დროებით შემსრულებლის) ან ამ თანამდებობაზე ახალი კადრის დანიშვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი მოქმედების განხორციელება (კონკურსის გამოცხადება და სხვა).
შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ განზრახული აქვს სარჩელით მიმართოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების ზეპირი მოსმენის N2 სხდომის ოქმის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის N----------------- დასკვნისა (დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ----- მ----ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ) და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ----- მ----ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ N------------------ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
შუამდგომლობის ავტორის მითითებით, თ----- მ----ის სამუშაოდან გათავისუფლება და ასევე მისი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ყველა აქტი, არის უკანონო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან თ----- მ----ის გათავისუფლება მოხდა საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, რაც ყოვლად დაუშვებელია და კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნულის თაობაზე ეცნობა ქალაქის მერიას. ზეპირი მოსმენა ჩატარდა კანონმდებლობის მოთხოვნათა და დაინტერესებული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევით. კერძოდ, ოქმში მითითებულია, რომ ზეპირ მოსმენას არ ესწრებოდნენ არც დაინტერესებული მხარე და არც მისი წარმომადგენელი, ხოლო მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ადმინისტრაციული ორგანოსათვის უცნობი იყო. მაშინ, როდესაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მიემართა შუამდგომლობით, რომელსაც ერთოდა ნოტარიალური წესით დადასტურებული რწმუნებულება თ----- მ----ის სახელით და მოთხოვნა შუამდგომლობაში მითითებული მიზეზების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენის სხდომის გადადების თაობაზე.
შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ დისციპლინური წარმოება ეფუძნება პრინციპს, რომ პირი არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენად, სანამ კანონიერ ძალაში არ შევა გადაწყვეტილება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე. ვინაიდან დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დადგენა და მხოლოდ ამის შემდეგ პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, დისციპლინური წარმოების დაწყება და განხორციელება თავისთავად არ შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ მოხელე მიჩნეული იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად. მოხელე ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის არმქონედ მანამ, სანამ კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი წარმოებით არ დადგინდება მისი პასუხისმგებლობის საკითხი.
დისციპლინური წარმოება მოხელის მიმართ შეიძლება დაიწყოს მხოლოდ კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში: მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე; სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა; საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი არ შეიძლება გახდეს სუბიექტური მოტივი, მაგალითად, შურისძიება, კონკრეტული პირის სამსახურიდან გათავისუფლების სურვილი ან სხვა გარემოება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს. დისციპლინური წარმოების დაწყებისას დაუშვებელია დისკრიმინაცია, როდესაც ერთი და იმავე ქმედების გამო ერთი მოხელის მიმართ დისციპლინური წარმოება არ დაწყებულა, მეორე მოხელის მიმართ კი დაიწყო და მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. მოხელეს უფლება აქვს, მოითხოვოს დისციპლინური წარმოება მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გასაბათილებლად. ამ შემთხვევაში მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადების მიზანია მის შესახებ გავრცელებული, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გაბათილება.
შუამდგომლობის ავტორის მითითებით, დროებითი ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია სარჩელის აღძვრამდე, რა დროსაც მხარემ უნდა დაასაბუთოს და შეუქმნას სასამართლოს ვარაუდი რომ გადაწყვეტილების აღსრულებას მომავალში შეეშლება ხელი. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც შეუძლია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს კანდიდატურა სამსახურის იმ თანამშრომლისა, რომელსაც შესაძლოა დაეკისროს სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის დროებით შესრულება, რაც რა თქმა უნდა გარანტიაა იმისა, რომ სასამართლო დავის პერიოდში სამსახური არ იქნება ხელმძღვანელის მოადგილის გარეშე და სამსახურს ჰყავს ასევე თავისი ხელმძღვანელიც. თუმცა, აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს ხელმძღვანელობის მხრიდან ნებისმიერ დროს მისი უფლების გამოყენებასა და სადაო თანამდებობაზე ახალი კადრის დანიშვნას, ან კონკურსის გამოცხადებას და ა.შ. რამაც შესაძლოა საფუძველი გამოაცალოს წარსადგენი სასარჩელო მოთხოვნის უმთავრეს ნაწილს -სამუშაოზე აღდგენას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განჩინებით, თ----- მ----ის წარმომადგენელის პაატა შავაძის შუამდგომლობა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა თ----- მ----ის წარმომადგენელმა პ------–-----მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.
2019 წლის 16 აპრილს თ----- მ----ის წარმომადგენელმა პ------–-----მ დაზუსტებული კერძო საჩივრით მომართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს: 1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების ზეპირი მოსმენის N2 სხდომის ოქმის; 2.დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ----- მ----ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის N----------------- დასკვნისა და 3.ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ----- მ----ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის N----------------- ბრძანების მოქმედება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით, თ----- მ----ის წარმომადგენლის პაატა შავაძის დაზუსტებული კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განჩინება; თ----- მ----ის წარმომადგენლის პაატა შავაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ----- მ----ის სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერდა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ----- მ----ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–-------------------- ბრძანების მოქმედება; განჩინების შესრულება დაევალა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას.
2019 წლის 22 აპრილს ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადებით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ამავე პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების განმარტება მოითხოვა.
განმცხადებლის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ამავე პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით, განჩინების შესრულება დაევალა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა სარეზოლუიციო ნაწილის შინაარსი იმდენად ბუნდოვანია, რომ გაურკვეველია თუ რა იგულისხმება მის შესრულებაში. კერგოდ, გაურკვეველია გულისხმობს თუ არა მითითებული განჩინება თ----- მ----ის თანამდებობაზე აღდგენასა და მისთვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებას თ----- მ----ის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
განმცხადებელმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ამავე პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების განმარტება და შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა:
1.3/ბ-147-19წ. ადმინისტრაციულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების შესრულება ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, გულისხმობს თუ არა თ----- მ----ის თანამდებობაზე აღდგენას და მისთვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებას თ----- მ----ის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
2.პირველ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, თ----- მ----ის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუკი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ვინ იღებს პასუხისმგებლობას მითითებულ ვადაში თ----- მ----ისათვის გადახდილი თანამდებობრივი სარგოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დაბრუნების თაობაზე.
განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება:
საქმის მასალების გაცნობის შედეგად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების განმარტების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებაა, გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი და ეს გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.
გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ, მისი განმარტებისას პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი, სავსებით ცხადია და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს განმარტებას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით, თ----- მ----ის წარმომადგენლის პაატა შავაძის დაზუსტებული კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განჩინება; თ----- მ----ის წარმომადგენლის პაატა შავაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ----- მ----ის სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერდა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ----- მ----ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–-------------------- ბრძანების მოქმედება; განჩინების შესრულება დაევალა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული შეცილებითი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს და მოსარჩელეს შესაძლებლობას ანიჭებს მიმართოს სასამართლოს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით. როგორც პალატამ 2019 წლის 17 აპრილის განჩინებაში აღნიშნა, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მოხელის იმავე თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118.3. მუხლი). გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები არის განსხვავებული იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განხორციელდა უფლების დაცვა. კერძოდ: სასამართლო დავის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს: 1.მოხელის იმავე თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა, 2.იმავე თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში, იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, 3.საჯარო სამსახურის ბიუროს მეშვეობით ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიება, 4.გათავისუფლებული მოხელისათვის განაცდური შრომითი გასამრჯელოს გაცემა, 5.აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეზერვში ჩარიცხვა და განაცდურის, აგრეთვე კომპენსაციის (ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში) ანაზღაურება. თუკი სარჩელის განხილვის ეტაპზე მოხდება გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება უფლების დაცვის დროებითი საშუალების ფარგლებში, ეს შესაძლებლობას იძლევა, მოხელე დაუყოვნებლივ იქნეს აღდგენილი იმავე თანამდებობაზე, რამდენადაც სადავო თანამდებობაზე არ მოხდება სხვა პირის დანიშვნა.
სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. ამასთან, საჯარო დაწესებულება არ არის შეზღუდული ვაკანტურ თანამდებობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნოს სხვა პირი. უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის აღდგენა კი თავისთავად არ გამოიწვევს უკვე დანიშნული მოხელის გათავისუფლებას. ამდენად, თ----- მ----ის მიერ წამოწყებული დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაძლებელია, საფრთხე შეექმნას კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც განუხორციელებლად აქცევს დარღვეული უფლების აღდგენას.
პალატამ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების მიზანს წარმოადგენდა _ დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ისეთი მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირის მოთხოვნის დასაბუთებულობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს უფლების აღდგენის საფრთხის არსებობა. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის საფუძვლიანობის შემოწმებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს ისიც, რომ ამგვარი ღონისძიების გამოყენება წარმოადგენს მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, რათა შეუქცევადი გახდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, რაც სასამართლოს მოსაზრებით, მმართველობის სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთი დადასტურებაა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა დაზუსტებული კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები, ხოლო რაც შეეხება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას (17.04.2019წ.), რომლის განმარტებასაც ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს, არ არის ბუნდოვანი, თავად განმცხადებლისთვისაც ცხადია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე სასამართლო ვერ განიხილავდა გათავისუფლებული მოხელის თანამდებობაზე აღდგენისა და თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების საკითხს, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნები შემდგომში აღსაძრავი სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას კი სასამართლო დავის საგანზე არსებითად არ მსჯელობს.
პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა ესაა გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების აცილების საპროცესო საშუალება და ემსახურება იმ მიზანს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში განუხორციელებლად არ იქცეს გადაწყვეტილებით აღდგენილი უფლება. თავის მხრივ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების მიზანს წარმოადგენს დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ისეთი მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც შესაძლებელს გახდის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას.
ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერდა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ----- მ----ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–-------------------- ბრძანების მოქმედება, არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, განმარტებას არ საჭიროებს.
რაც შეეხება ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დასმულ კითხვას - პირველ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, თ----- მ----ის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუკი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ვინ იღებს პასუხისმგებლობას მითითებულ ვადაში თ----- მ----ისათვის გადახდილი თანამდებობრივი სარგოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დაბრუნების თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული შეკითხვა სცილდება სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტების საგანს და ზოგადი, სამართლებრივი ხასიათისაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი