განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117001976726
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5554-18 20 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - შპს „ე-–----------–----ი“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - დ--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ-–-“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ზ-------------–-–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხისთვის 2232.23 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
2. შპს „ე-–----------–----ის“ საკუთრებაშია ა-----ს სავაჭრო ცენტრი „ს---“. მოპასუხე 2013 წლიდან ქირაობდა სავაჭრო ფართს მოსარჩელის სავაჭრო ცენტრში სავაჭრო საქმიანობის განხორციელების მიზნით. 2013 წლის 26 თებერვალს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა მოსარჩელის კუთვნილი 7500 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, ხოლო 1700 კვ.მ. დაზიანდა წყლის ჭავლის შედეგად.
16.03.2013წ. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, მოპასუხე ქირაობდა 2,50 კვ.მ ღია ტერიტორიას თბილისში, ე--------ის ქ. №--ში მდებარე სავაჭრო ცენტრში. ფართით სარგებლობის პერიოდში ქირას არ იხდიდა. 01.03.2014წ. ხელშეკრულებით, მოიჯარე ქირაობდა მოსარჩელის კუთვნილ 38 კვ.მ ფართს 494 აშშ დოლარად, რასაც აკლდებოდა გაწეული შეღავათის ოდენობა თვეში 114 აშშ დოლარი. მოსარჩელე შეღავათის თანხას ბუღალტერიაში ასახავდა როგორც მიუღებელ შემოსავალს და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს იხდიდა არა შეღავათით გაწეული ქირის თანხების ოდენობის მიხედვით, არამედ ძირითადი ძირითადი ქირის თანხის 494 აშშ დოლარის მიხედვით. ჯამში მოპასუხისთვის 2014 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გაწეულმა შეღავათმა შეადგინა 2232,23 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ე-–----------–----ს“ შპს „ლ-–-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 27791,15 ლარის გადახდა, როგორც ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და დაკისრებული თანხა მოსარჩელის მიერ სრულად იქნა გადახდილი 2017 წლის 23 მაისს. ვინაიდან მოსარჩელემ მოპასუხეს ნებაყოფლობით გაწეული საიჯარო ქირის შეღავათის სახით გადაუხადა იმავე ზიანის ასანაზღაურებლად 2232.23 ლარი, დგინდება, რომ მოპასუხემ 2232,23 ლარი ზედმეტად და საფუძვლის გარეშე მიიღო.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხანძრის შემდგომ მოვაჭრეებს საერთოდ რომ არ დაეტოვებინათ ტერიტორია, იძულებულები გახდნენ ფორმალურ ხელშეკრულებებზე მოეწერათ ხელი, რომლითაც მოვაჭრეებმა იქირავეს 2.5 კვ.მ ფართი. ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საიჯარო თანხა გადახდილი არ იქნებოდა. რაც შეეხება 2014 წლის 1 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულებას, საიჯარო ფართის ღირებულება შეადგენდა თვეში 380 აშშ დოლარს და არა 494 აშშ დოლარს. არანაირ შეღავათების გაწევას ადგილი არ ჰქონია, მხარეები შეთანხმდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში კონკრეტულ საიჯარო თანხაზე და იგი თვეში შეადგენდა 380 აშშ დოლარს. მოპასუხეს მრავალწლიანი დავა დასჭირდა, რომ აენაზღაურებინა ზიანი. შპს „ე-–----------–----ი“ აცხადებდა, რომ იგი არ იყო პასუხისმგებელი ზიანის ანაზღაურებაზე და ამიტომ არ ანაზღაურებდა მას. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, თითქოს მან თავიდანვე დაიწო ზიანის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2018წ. გადაწყვეტილებით შპს "ე-–----------–----ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შემდეგი დასაბუთებით:
4.1. შპს ”ე-–----------–----ის” საკუთრებაშია ა-----ს სავაჭრო ცენტრი ”ს---”, მდებარე: ქ. თბილისი, თ------------------ №-. 2013 წლის 26 თებერვალს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა შპს ”ე-–----------–----ის” კუთვნილი 7500 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, ხოლო 1700 კვ.მ. დაზიანდა წყლის ჭავლის შედეგად.
4.2. 2013 წლის 16 მარტს შპს ”ე-–----------–----სა“ და შპს „ლ-–-ს“ შორის სავაჭრო ფართის ქირავნობის შესახებ დადებული ხელშეკრულებით, მოიჯარე ქირაობდა 2,50 კვ.მ ღია ტერიტორიას თბილისში, ე--------ის ქ. №--ში მდებარე სავაჭრო ცენტრში. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მოიჯარე არ უხდიდა ქირას მეიჯარე აღნიშნული ფართით სარგებლობის პერიოდში.
4.3. 2014 წლის 01 მარტს შპს ”ე-–----------–----სა“ და შპს „ლ-–-ს“ შორის სავაჭრო ფართის ქირავნობის შესახებ დადებული ხელშეკრულებით მოიჯარეს სარგებლობაში გადაეცა თბილისში, თ. ე--------ის ქ. 5-ში (საკადასტრო კოდი N0---------------) 38 კვ.მ. ფართი, შენობა 1 (9--) I სართული N--ა.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად, ქირის ოდენობა და გადახდის გრაფიკი განისაზღვრება მხარეთა დამატებითი შეთანხმებით. შპს „ლ-–-“ აღებული ფართით სარგებლობისთვის შპს „ე-–----------–----ს“ წინასწარ, არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვის ჩათვლით უხდის გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას და კომუნალური მომსახურების საფასურს.
4.4. 2014 წლის 01 მარტის შეთანხმებით შპს „ე-–----------–----ი“ და შპს „ლ-–-“ შეთანხმდნენ, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 01 მარტის ხელშეკრულების თანახმად, ქირის ოდენობა განისაზღვრება თვეში 494.00 აშშ დოლარით დღგ-ს ჩათვლით და გადახდა იწარმოებს გრაფიკის მიხედვით. ხოლო გრაფიკის მიხედვით, ქირა შეღავათის (114 აშშ დოლარი) გათვალისწინებით მარტის თვისთვის შეადგენს 380.00 აშშ დოლარს, ისევე როგორც დანარჩენი თვეებისთვის 2015 წლის იანვრის თვისთვის ჩათვლით.
4.5. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით მოპასუხე შპს ,,ლ-–-ს“ ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიური გადასახდელი ქირა 380 აშშ დოლარის ოდენობით გადახდილი აქვს.
4.6. შპს „ლ-–-მ“ სარჩელი აღძრა შპს „ე-–----------–----ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 29 141 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №2/1005-15), შპს „ლ-–-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „ე-–----------–----ს“ შპს „ლ-–-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 27791.15 ლარის გადახდა, როგორც ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
4.7. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, სახელმწიფო ბაჟს თანხებთან და საპროცესო ხარჯების თანხებთან ერთად შპს „ე-–----------–----ის“ მიერ შპს „ლ-–-სთვის“ სრულად გადახდილ იქნა 2017 წლის 23 მაისს.
4.8. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მითითება, მხარეებს შორის 2013 წლის 16 მარტის და 2014 წლის 01 მარტის ქირავნობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირის ნაწილისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების შესახებ ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის თაობაზე შეთანხმების არსებობა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ქირავნობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეღავათები ადასტურებს მხარეებს შორის ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის შესახებ შეთანხმების არსებობას, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ურთიერთმოთხოვნების გაქვითვა ვალდებულების შეწყვეტის საფუძველია, შესაბამისად, მხარეთა ნება ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის გზით ვალდებულების შეწყვეტის შესახებ, ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული შეთანხმებაში. საქმეში წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებების შინაარსიდან არ დგინდება მხარეთა ნება, მათ შორის არსებული ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის თაობაზე. მასში, არ არის ასახული გამქირავებელს კონკრეტულად რა ვალდებულება გააჩნდა დამქირავებლის მიმართ, არსებული ვალდებულების მოცულობა და მხარეთა ნება, იმის თაობაზე, რომ მეიჯარეს ქირის ნაწილზე შეღავათის გაწევით სურდა მოიჯარის წინაშე არსებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება. ასევე, ნიშანდობლივია და სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ სწორედ ხანძრისა და აღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმების შემდგომ სასამართლო წესით მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დაწყებული სასამართლო დავის ფარგლებში მოსარჩელე მხარე კატეგორიულად გამორიცხავდა რაიმე სახის პასუხისმგებლობის საკითხს და მისი მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის წინაპირობებს, რაც თავის მხრივ, ბუნდოვანს ხდის პოზიციას ზიანის ანაზღაურების ფარგლებში აღნიშნული სასამართლო დავის დაწყებამდე მოთხოვნათა გაქვითვის შეთანხების არსებობას.
4.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე და განმარტა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, საქმეზე მოსარჩელე მხარის მიერ დადასტურებული ვერ იქნა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირის ნაწილისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების შესახებ ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის თაობაზე შეთანხმების არსებობა, რომლის ფარგლებშიც დაზოგილი თანხისა და შემდგომ სასამართლო წესით გადახდილი ზიანის ანაზღაურების პირობებში სხვაობის, როგორც უსაფუძვლოდ მიღებული თანხის კომპენსირების საკითხი დადგებოდა.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5.1. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ 16.03.2013წ. და 01.03.2014წ. ხელშეკრულებებით მოსარჩელის მიერ გაწეული ქირის შეღავათი, ჯამში 2232,23 ლარი, წარმოადგენდა მოპასუხისთვის ხანძრით მიყენებული ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციას. მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია და ხელშეკრულების პირობები ერთობლიობაში მიუთითებენ, რომ შეთანხმებული ქირის საფასურის გადაუხდელობა განპირობებული იყო იმით, რომ მოსარჩელე მოპასუხეს, როგორც ხანძრისგან დაზარალებულს უწევდა შეღავათს. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ გააქირავებდა მოსარჩელე თუნდაც ღია ფართს ქირის გადახდის გარეშე და რა საჭირო იყო ხელშეკრულებაში ქირის განსაზღვრა, თუ არა შეთანხმება ქირის თანხით მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებაზე. 01.03.2014წ. ხელშეკრულებით ქირის ოდენობა განისაზღვრა 494 აშშ დოლარით, თუმცა აქვე მიეთითა, რომ ამ თანხიდან მოსარჩელე მოპასუხეს უწევდა ყოველთვიურ შეღავათს 114 აშშ დოლარის ოდენობით და გადასახდელი რჩებოდა 380 აშშ დოლარი. ქირის შეღავათის თანხას მოსარჩელე ბუღალტერიაში ასახავდა როგორც მიუღებელ შემოსავალს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადებს იხდიდა ქირის სრული თანხიდან.
5.2. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დაწყებული სასამართლო დავის ფარგლებში მოსარჩელე მხარე კატეგორიულად გამორიცხავდა რაიმე სახის პასუხისმგებლობის საკითხს. აღნიშნული დავის მიმდინარეობისას შპს „ე-–----------–----ის“ ამგვარი პოზიცია არ გამორიცხავს ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე შეთანხმების არსებობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. შპს ”ე-–----------–----ის” (შემდგომში „მოსარჩელე“, „გამქირავებელი“) საკუთრებაშია ა-----ს სავაჭრო ცენტრი ”ს---”, მდებარე: ქ. თბილისი, თ------------------ №- (ტ.1, ს.ფ. 17-19).
8. 01.01.2013წ. მოსარჩელესა და შპს „ლ-–-ს“ (შემდგომში „მოპასუხე“, „დამქირავებელი“) დაიდო ხელშეკრულება სავაჭრო ფართის ქირავნობის შესახებ (ტ.1, ს.ფ.45-54),9. 26.02.2013წ. სავაჭრო ცენტრ „ს---ში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა დაახლოებით 6500 კვ.მ-ზე განთავსებული სავაჭრო ობიექტი, მათ შორის მოპასუხის სარგებლობაში ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ფართი და მასში განთავსებული საქონელი (ტ.1, ს.ფ. 20,21, 42-54, ).
10. 16.03.2013წ. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმებული სავაჭრო ფართის ქირავნობის ხელშეკრულებით, მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა 2,50 კვ.მ ფართის ღია ტერიტორია თბილისში, ე--------ის ქ. №--ში მდებარე სავაჭრო ცენტრში. ხელშეკრულება მოქმედებდა სავაჭრო ობიექტში ფართის გამოყოფამდე (ტ.1, ს.ფ. 24,25). ხელშეკრულების 2.1 პუნქტში აღნიშნულია, რომ 1 კვ.მ ფართის ქირის საფასური შეადგენს 2 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ამასთან, ამავე პუნქტში მითითებულია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დამქირავებელი არ იხდის ქირას ფართით სარგებლობისთვის.
11. 01.03.2014 წ. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმებული სავაჭრო ფართის ქირავნობის ხელშეკრულებით, მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა თბილისში, ე--------ის ქ. №--ში მდებარე სავაჭრო ცენტრში მდებარე 38 კვ.მ. ფართი (შენობა 1 (9--) I სართული N--ა). ხელშეკრულება მოქმედებდა 01.02.2015წ.-მდე (ტ.1, ს.ფ. 26-28).
ხელშეკრულების მე-2 მუხლის შეს---მისად, ქირის ოდენობა და გადახდის გრაფიკი განისაზღვრებოდა მხარეთა დამატებითი შეთანხმებით, კერძოდ: ქირის ოდენობა განისაზღვრა თვეში 494.00 აშშ დოლარით დღგ-ს ჩათვლით და დადგინდა, რომ გადახდა იწარმოებდა გრაფიკის მიხედვით. ამავე შეთანხმებაში მოცემული გრაფიკის შესაბამისად, ქირა შეღავათის (114 აშშ დოლარი) გათვალისწინებით 2014 წლის მარტის თვიდან 2015 წლის იანვრის თვის ჩათვლით შეადგენდა 380.00 აშშ დოლარს (ტ.1, ს.ფ.29). მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა დამქირავებლის მიერ შეთანხმებული ვალდებულების 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით (ანუ იმ პერიოდში, რისთვისაც მოსარჩელე ითხოვს გაწეული შეღავათის უკან დაბრუნებას) გადახდის ფაქტი.
12. საქმის მასალებით დგინდება, რომ დამქირავებელმა სარჩელი აღძრა გამქირავებლის წინააღმდეგ და მოითხოვა ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 29 141 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ.42-54).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.04.2016წ. გადაწყვეტილებით წინამდებარე დავის მოსარჩელეს წინამდებარე დავის მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 27 791.15 ლარის გადახდა. მოთხოვნა 1349.85 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 42-54). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ. :თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.11.2016წ. განჩინება და საქართველოს უზენაეს სასამართლოს 17.03.2017წ. განჩინება ტ.1, 55-70). გადაწყვეტილება აღსრულებულია (ტ.1, ს.ფ. 35-41).
13. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესებიდან გამომდინარე დაეკისროს 2232.23 ლარის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხისთვის 2013 წლის მარტიდან 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით ქირავნობის საფასურის გადახდისას გაწეული შეღავათი, ჯამში 2232.23 ლარის ოდენობით, წარმოადგენდა ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციას და ვინაიდან მოსარჩელემ სრულად აანაზღაურა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ზიანის თანხა, მოპასუხე 2232.23 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
როგორც სარჩელში, ისე სააპელაციო საჩივარში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს და 991-ე მუხლს (ტ.1, ს.ფ.6,7; ).
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება; მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.
არ არსებობს მითითებული საფუძვლით მოპასუხისათვის მოთხოვნილი თანხის დაკისრების წინაპირობა.
15. დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც, პირველ შემთხვევაში, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არამარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლით ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. სასამართლოს მსჯელობის საგანი თავიდან ვერ გახდება ისეთი საკითხი, რომელზეც უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.04.2016წ. გადაწყვეტილება მიღებულია წინამდებარე დავის მოპასუხის/დამქირავებლის მიერ ხანძრით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე. მითითებული სარჩელის მოპასუხეს წარმოადგენს წინამდებარე დავის მოსარჩელე/გამქირავებელი, ხოლო მესამე პირს - შპს „დ-–---------------------–---“. საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული დავის განხილვისას სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა, ასევე განისაზღვრა მიყენებული ზიანის ოდენობა და საბოლოოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით წინამდებარე დავის მოსარჩელეს წინამდებარე დავის მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება 27 791.15 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 42-70).
შესაბამისად, ამავე მხარეებს შორის დავის დროს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით სასამართლომ ამავე მხარეთა მიერ ზიანის ანაზღაურების წინაპირობების და ზიანის ოდენობის თაობაზე მითითებული გარემოებების და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ ხანძრის შედეგად მიყენებული და ასანაზღაურებელი ზიანი შეადგენდა 27 791.15 ლარს.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინებების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ დავაში სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა გარემოება მასზედ, რომ გამქირავებელი ხანძრით მიყენებული ზიანის კომპენსაციის სახით დამქირავებელს უწევდა შეღავათს ქირის საფასურის გადახდისას (ტ.1, ს.ფ. 42-70). ის გარემოება, რომ მითითებულ დავაში მოპასუხეს ასეთი შინაარსის შესაგებელი არ ჰქონია, დადასტურებულია ასევე წინამდებარე დავაში მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებითაც (იხ.: 19.12.2018წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 11:28:17 – 11:29:04).
პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ ხანძრით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დამქირავებელს სარჩელი აღძრული ჰქონდა 2015 წელს, რაზეც გამქირავებელს შესაგებელი წარდგენილი ჰქონდა 10.02.2015წ. (ტ.1, ს.ფ.42). რაც შეეხება ქირის შემცირების სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე ე.წ. შეთანხმებებს, ისინი გაფორმებულია 16.03.2013წ., 01.03.2014წ. და სადავოა 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე გაწეული შეღავათი. ანუ საუბარია ზიანის კომპენსირებაზე იქამდე, ვიდრე დამქირავებელი სარჩელით მოითხოვდა ხანძრით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად, დამქირავებელს შეეძლო და თუ შეღავათი მართლაც გულისხმობდა ზიანის ანაზღაურებას, უნდა მიეთითებინა კიდეც ზემოაღნიშნულზე თავის შესაგებელში, რაც არ განუხორციელებია.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. პალატას მიაჩნია, რომ წინამდებარე სარჩელით სადავოდ გამხდარი თანხის, როგორც ზიანის ნაწილობრივი კომპენსაციის ანაზღაურების სახით გადახდის ფაქტი, წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვით აღძრულ დავაში მოპასუხის მიერ შესაგებლის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, რისი დადასტურების შემთხვევაშიც სასამართლო განსაზღვრავდა დამქირავებლისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ აღნიშნული დავის განხილვისას მოპასუხეს ასეთი შესაძლებლობით არ უსარგებლია და მხოლოდ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მიუთითებს ქირის საფასურის გადახდისას შეღავათის გაწევით ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის და ამავე კოდექსის 266-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევად უნდა შეფასდეს.
როგორც საქმეში წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებებით დგინდება, ხანძრით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავაში მოპასუხედ დასახელებული გამქირავებელი არ მიიჩნევდა თავს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად. ამ საფუძვლით გასაჩივრდა კიდეც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციო, ხოლო შემდეგ საკასაციო საჩივრით და საბოლოოდ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.03.2017წ. განჩინებით (ტ.1, ს.ფ.42-70). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის განმარტება მასზედ, რომ იგი ჯერ კიდევ 16.03.2013წ. და 01.03.2014წ. ხელშეკრულებების გაფორმების მომენტში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ქირავნობის საფასურის შემცირებით უწევდა მოპასუხეს შეღავათს და რადგან ცალკე დაეკისრა ზიანის ანაზღაურება, შეღავათის სახით დაზოგილი თანხა უნდა დაუბრუნდეს.
16. პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ არ დგინდება მხარეთა შორის გაფორმებულ ქირავნობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირის ნაწილისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების შესახებ ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის თაობაზე შეთანხმების არსებობა.
ურთიერთმოთხოვნების გაქვითვა ვალდებულების შეწყვეტის საფუძველია. სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისას უნდა არსებობდეს ორი აუცილებელი წინაპირობა: ორივე პირი ერთმანეთისათვის ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც, ე.ი. ორივეს ერთმანეთის მიმართ უნდა ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება და ასევე დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. აღნიშნული ნორმის თანახმად, ეს ორი წინაპირობა უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ განხორციელდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.
საქმეში წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებების შინაარსიდან არ დგინდება მხარეთა ნება მათ შორის არსებული ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის თაობაზე. მასში არ არის ასახული გამქირავებელს კონკრეტულად რა ვალდებულება გააჩნდა დამქირავებლის მიმართ, არსებული ვალდებულების მოცულობა და მხარეთა ნება, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს ქირის ნაწილზე შეღავათის გაწევით სურდა მოპასუხის წინაშე არსებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება. პალატა ყურადღებას ამახვილებს დამქირავებლის მისამართით 08.10.2014წ. გაგზავნილ წერილზე, რომელშიც გამქირავებლის დირექტორი თავად აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ არავითარი სამართლებრივი და მორალური ვალდებულება, კომპანია შეეცადა ხელი შეეწყო მოვაჭრეებისთვის, რომლებმაც განიცადეს გარკვეული ზიანი ხანძრის შედეგად, რაც გამოიხატებოდა ქირავნობის ხელშეკრულებების შეღავათიანი პირობებით გაფორმებაში (ტ.1, ს.ფ. 98,99). ამდენად, აღნიშნულ წერილში მოსარჩელე თავად მიუთითებს, რომ კომპანიას 16.03.2013წ და 01.03.2014წ. ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისას ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზანი არ გააჩნდა და ქირავნობის ხელშეკრულებაში მითითებული შეღავათი წარმოადგენდა მათ ნებას შეღავათი გაეწია ხანძრით დაზარალებული პირებისთვის. არ არსებობს მოპასუხისთვის უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესებიდან გამომდინარე 2232.23 ლარის დაკისრების საფუძველი.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატს მიაჩნია, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა სარჩელი და შესაბამისად, იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
18. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 184 ).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ე-–----------–----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2018წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე