განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2019
საქმის ნომერი
190210116001438303
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210116001438303

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3145-18 06 მარტი, 2019 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი

 

აპელანტი - ქ-------------------–----–-------------------–--

 

წარმომადგენელი - ნ-----–-------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ---------–-----

 

წარმომადგენელი - მ--–-------–------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა, ლ---------–-----სა და თ--------------–- ქ--–-------------- ს---------–--ს შორის 2010 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების, მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით #0-----------, ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ---------–-----სა და თ--------------–- ქ--–--------------- ს---------–--ს შორის 2010 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით #0-----------, ბათილად იქნა ცნობილი. ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 600 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ქ-------------------–----–-------------------–--მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. დ------–---------–---–--- შპს „ე--------ს“ დირექტორი, ხოლო ლ---------–----- ამავე საწარმოს თანამშრომელი იყო (1-19, მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

6. ლ---------–-----ს საკუთრების უფლებით, მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართით 400 კვ.მ საკადასტრო კოდით #0-----------, ეკუთვნოდა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მას საკუთრებაში „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გადაეცა (ს.ფ. 17).

 

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 04 ივნისის განაჩენით დ------–---------–---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ და 09 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა (ს.ფ. 19-28).

 

8. დ------–---------–---–---- 2010 წლის 03 აგვისტოს ხელშეკრულებით, ზიანის ანაზღაურების მიზნით, თვითმმართველობას თავისი კუთვნილი 15% წილი შპს „ე--------–-“ საკუთრებაში გადასცა (ს.ფ. 37).

 

9. 2010 წლის 19 ნოემბერს ლ---------–-----სა დ---------------- ს---------–--ს წარმომადგენელს შორის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც თ--------------–---------------- სახელზე საკუთრების უფლებით, მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 399 კვ.მ, დარეგისტრირდა.

 

2010 წლის 19 ნოემბერს, თ. შვანგირაძესა დ---------------- ს---------–--ს წარმომადგენელს შორის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა, გაჩუქებულ უძრავ ქონების საკადასტრო კოდი 0----------- იყო, რომელიც 2010 წლის 22 ნოემბერს თვითმმართველობის სახელზე დარეგისტრირდა (ს.ფ. 38-47).

 

10. ამავე პერიოდში სადავო ქონების მიმდებარე უძრავი ქონებები სახელმწიფოს ასევე, უსასყიდლოდ გადაეცა (ს.ფ. 40).

 

11. 2010 წლის 24 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დ------–---------–---–-------- საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა და იგი სასამართლო დარბაზიდან პირობითი სასჯელითა და მცირე ჯარიმით გათავისუფლდა (ს.ფ. 32-35).

 

12. თ--------------–---------------- ს---------–--მ 2013 წლის 12 მარტს #---- ბრძანებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების გზით, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით #0----------- სახელმწიფოს გადასცა (ს.ფ. 38-41).

 

13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2010 წლის 19 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობდა.

 

უწინარესად, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი დავის მხარეებზე და მათ შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტობრივ საფუძვლებზე, რათა მოძიებული იქნეს სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ანუ მატერიალური კანონის დისპოზიცია, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იურიდიული შედეგის შემცველია.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

 

პალატას მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრე ლ---------–------ მიერ გამოვლენილი ნება, უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) თაობაზე ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ადგილი აქვს ნების გამოვლენის იმგვარ ნაკლს, რომელიც მისი იურიდიული შედეგის გაბათილებას იწვევ.ს აღნიშნული დასკვნა კი შემდეგ დასაბუთებას ემყარება: პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდ წილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვა. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. გარიგების მართლწინააღმდეგობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვაც საკმარისია. სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. ამ შემთხვევაში, არ უნდა შეიქმნას პრობლემა კეთილსინდისიერების პრინციპის ფართოდ განმარტებასა და გამოყენებაში. როგორც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, ამ შემთხვევაში გამოსავალი სტრუქტურული დისბალანსის აღდგენაში უნდა ვეძებოთ, უპირატესობა კეთილსინდისიერების ქცევის სტანდარტს, მორალს, ნდობას უნდა მიენიჭოს ეს სწორედ ის პრიორიტეტებია, რომლებსაც განსაზღვრავს თავად მოვალეობა - დავიცვათ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებები. კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებში დაცული უნდა იქნეს ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი თავად გარიგების მიმართ და კეთილსინდისიერი შემძენის არსებობის შემთხვევაში, სოციალური თანასწორობის აღდგენისაკენ სწრაფვისას არ უნდა დაგვავიწყდეს სუსტი მხარის ინტერესების დაცვა. უფრო მეტიც, მიუხედავად სამართალურთიერთობის კერძოსამართლებრივი ბუნებისა, კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან კონტრაჰენტი ძლიერი მხარის, სახელმწიფოს ქმედებების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს. „საჯარო წესრიგის“ ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული, რომლის დაცვას მსგავსი კატეგორიის დავებში, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესებიც ილახება. ეს იმიტომ, რომ საჯარო წესრიგით დაცული სიკეთე საზოგადო ფასეულობისაა და მისი დარღვევა ძირს უთხრის საზოგადოების არსებობის საფუძვლებს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ბათილად მიიჩნევს ამ წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებას. აქედან აშკარა ხდება, რომ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება შებოჭილია და გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებშია მოქცეული.

 

14. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდაა გამხდარი 2010 წლის 09 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება, რომლის ძალითაც უძრავი ქონება მდებარე: ქ--------------------------------------------------------------------------- ს/კ 0-----------, მესაკუთრე ლ---------–------ მიერ ქ------------------------------–----------–- უსასყიდლოდ გადაეცა. მსგავსი გარიგების სამართლებრივ ბუნებასთან მიმართებით ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე მსჯელობისას უარყო მოწინააღმდეგე მხარის შედავება ჩუქების სამართალურთიერთობის წარმოშობაზე და ამგვარ დასკვნას საფუძვლად თავად სადავო სამართალურთიერთობის არსი დაუდო, მისი მოტივი და მიზანი, სახელდობრ, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ჩუქება ისეთი გარიგებაა, რომელიც მხარეთა ურთიერთთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას ეფუძნება. როდესაც სადავოა ჩუქების ხელშეკრულების წარმოშობა, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი. ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს, რაც, როგორც წესი, მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას განაპირობებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლთან ერთობლიობაში გამოიკვლევს, თუ რამდენად არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 524-ე მულით განმტკიცებული ჩუქების ხელშეკრულების დეფინიციის წინაპირობები.

 

პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ გარიგების ამორალურად ცნობა სამართლებრივი შეფასების საკითხია, ამიტომ დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის აუცილებელია ერთობლიობაში შეფასდეს გარიგების მხარეთა ნება, ქონების გასხვისების დრო და პერიოდულობა, ხელშეკრულების ფასი, ხელშეკრულების გაფორმებამდე განხორციელებული ქმედებები და გარიგების გაფორმების შემდგომი ქმედებები.

 

მოსარჩელე ლ---------–----- წლების განმავლობაში შპს „ე--------–-“ მუშაობდა, რომლის დირექტორი დ------–---------–---–--- იყო. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 04 ივნისის განაჩენით დ------–---------–---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ და 09 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სწორედ აღნიშნული პირის დაკავებას და მის შემდგომ ლ---------–------ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სახელმწიფოს „დაინტერესებას“ უკავშირებდა მოსარჩელე სადავო გარიგების გაფორმებას. ამ მიმართებით საინტერესოა ის გარემოება, რომ თავად დ------–---------–---–---- 2010 წლის 03 აგვისტოს ხელშეკრულებით, ზიანის ანაზღაურების მიზნით, თვითმმართველობას თავისი კუთვნილი 15% წილი შპს „ე--------–-“ საკუთრებაში გადასცა, თუმცა აღნიშნული გარიგების გაფორმების შემდგომ იგი პენიტენციური დაწესებულებიდან არ გათავისუფლებულა. 2010 წლის 19 ნოემბერს ლ---------–-----მ მის საკუთრებაში არსებული 399 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც შპს „ე--------ს“ მომიჯნავედ მდებარეობდა და მას აღნიშნული საწარმო წლების განმავლობაში განკარგავდა, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ამ ფაქტთან დაკავშირებით განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ლ---------–------ საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მიმდებარედ, ანუ რ---------------------------------------, საკუთრების უფლება უსასყიდლოდ სხვა არაერთმა მესაკუთრემ დათმო, რომელთა ნაწილმა სასამართლო წესით იდავა და ზოგიერთი მათგანი დღევანდელი მდგომარეობითაც დავობს, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით: 0-----------; 0-----------; 0-----------; 0-----------; 0-----------; 0-----------; 0-----------; 0-----------; სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა, თუმცა აპელანტ მხარეს არ განუმარტავს, თუ რამ განაპირობა ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე, დროის მოკლე მონაკვეთში, მესაკუთრეების მიერ სახელმწიფოსთვის კერძო საკუთრების უსასყიდლოდ დათმობის სურვილის გაჩენა.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, ნიშანდობლივია, რომ სადავო გარიგების გაფორმების შემდეგ, (2010 წლის 19 ნოემბერი), რამდენიმე დღეში, 2010 წლის 24 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დ------–---------–---–-------- საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა და იგი სასამართლო დარბაზიდან პირობითი სასჯელითა და მცირე ჯარიმით გათავისუფლდა. მართალია აპელანტი მიუთითებდა, რომ მესაკუთრესა და დ------–---------–---–---- შორის ახლო ნათესაური კავშირი არ არსებობდა და გაუგებარია მის დაკავებასთან რატომ იქნებოდა კავშირში მოსარჩელის მიერ ქონების უსასყიდლოდ დათმობა, თუმცა, რელევანტური მტკიცებულებების წარდგენით ან/და ახსნა-განმარტების მიცემით, არ დაუდასტურებია შპს „ე--------ს“ დირექტორის დაკავების შემდეგ, საწარმოში 15 %-იანი წილის გადაცემა სახელმწიფოსთვის რატომ მოხდა და სწორედ საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შემდეგ რატომ გაუფორმდა მას საპროცესო შეთანხმება.

 

15. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ როდესაც სადავოა ჩუქების ხელშეკრულების წარმოშობა, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი. ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს, რაც, როგორც წესი, მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას განაპირობებს, განსახილველ შემთხვევაში კი, მსგავსი წინაპირობები საქმის მასალებით გამოკვეთილი არ არის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ლ---------–------ მიერ უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა არა გამჩუქებლის ნებას, არამედ სახელმწიფოს ინტერესს - მიეღო სამართლებრივი სიკეთე, წარმოადგენდა. ამ მოცემულობაში კი, 2011 წლის 15 ივლისს მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფოსთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ (ჩუქება) საკუთრებაში გადაცემა არ წარმოშობს იმგვარი ვარაუდის საფუძველს, რომ ჩუქების სამართლებრივი კვალიფიკაციის განმაპირობებელი ყველა წანამძღვარი (სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლი), მათ შორის, როგორიცაა მჩუქებლის ნება (თავისუფალი) განხორციელებულად მივიჩნიოთ. საგულისხმოა, საკასაციო პალატის ზემოთ მოხმობილ განჩინებაში გაკეთებული განმარტებებიც ჩუქების მოტივთან მიმართებით, რასაც, ძირითადად, დასაჩუქრებულთან მჩუქებლის მხრიდან მადლიერების, პოზიტიური დამოკიდებულების ქონა განაპირობებს. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩუქების საგანი ეკონომიკურად საინტერესო ადგილზე მდებარეობს, თანაც მისი ფართობი საკმაოდ დიდია (399 კვ.მ), ასევე, მხედველობაში მივიღებთ საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებს, ძნელად წარმოსადგენია ლ---------–-----ს სახელმწიფოსთვის მადლიერებს ნიშნად ასეთი ქონება საკუთარი ნებით დაეთმო.

 

16. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მხრიდან უარყოფილია გარიგების ნამდვილობა, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) სადავოდ ხდის მოსარჩელის ნების თავისუფლებაში ჩარევას და მიაჩნია, რომ სახეზე არ არის იძულების ანდა მუქარის ფაქტობრივი გარემოებები, რაც აუცილებელი განმაპირობებელი ფაქტორია სამოქალაქო კოდექსის 85-86-ე მუხლებით კვალიფიკაციისათვის. პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარე გარიგების ამორალურობის მოტივს და არა, იძულების ფაქტს მიუთითებდა, რასთან დაკავშირებითაც არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც მიჩნეულია, რომ სახელმწიფოსთვის სოლიდური ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას აშკარად უნდა იკვეთებოდეს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების ლოგიკური საწყისები და მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგები და ცხადი იქნება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. საკასაციო პალატამ საქმეზე №ას-15-15-2016 განმარტა, რომ სამართალურთიერთობის წარმოშობის საფუძვლის მორალური სტანდარტის დაცულობის აუცილებლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, რადგან ასეთ გარიგებებში ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. აქედან აშკარა ხდება, რომ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება შებოჭილია და გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებშია მოქცეული. ასევე, ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც სახელმწიფო სასარგებლოდ საკუთრების მიტოვების შესახებ გარიგების ნამდვილობა იყო სადავო, საკასაციო პალატას ჩამოუყალიბდა მტკიცე შინაგანი რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება ბათილი იყო, მისი ამორალურობისა და მართლწინააღმდეგობის სამართლებრივი საფუძვლით.

 

სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული მსჯელობის, განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სასამართლო პრაქტიკისა და სამართლის ნორმათა ინტერპრეტაციის საფუძველზე, ასკვნის, რომ ლ---------–------ მიერ გამოვლენილი ნება ბათილია სწორედ ამორალურობისა და მართლწინააღმდეგობის სამართლებრივი საფუძვლით (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსის, 54-ე და 524-ე მუხლი) გარიგების (ხელშეკრულების) ბათილობისას კი, დგება უკვე განხორციელებული შესრულების უკუქცევის საკითხი, ანუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა-რესტიტუცია. აღნიშნული გულისხმობს, რომ გარიგებას ეცლება ის იურიდიული ზემოქმედება, რაც მან მოახდინა.

 

17. სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო ბრუნვის მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ ყოველი მხარე იმ ტვირთის მატარებელი შეიძლება იყოს, რომლის ზიდვაც მას შეუძლია. როცა დასტურდება, რომ იგი უძლურია ზიდოს ეს ტვირთი, პასუხისმგებლობის საკითხიც იხსნება. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ, სახელმწიფოს ეკისრება იმისი მტკიცების ვალდებულება, რომ მასსა და ფიზიკურ პირს შორის დადებული უსასყიდლო გარიგება არ ეწინააღმდეგებოდა მორალურ იმპერატივებს და სუსტი მხარის ინტერესებს. ამ გარემოების სამტკიცებლად კი, მოწინააღმდეგე მხარე მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ სახელმწიფოს არ ეკისრებოდა იმის გამორკვევის ვალდებულება, თუ რა მოტივი გააჩნდა მოსარჩელის საკუთრების გაჩუქებისას, ასევე აცხადებდა რომ თავისუფალი ნების გამოვლენაში სახელმწიფოს ჩარევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით აღნიშნული მსჯელობა, ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული, არ არის გამყარებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ასევე ნების ლოგიკური განმარტებიდან არ გამომდინარეობს.

 

შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ აპელანტმა ვერ დასძლია მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი და სასამართლოს ვერ შეუქმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ სადავო გარიგება ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე გაფორმდა.

 

18. სააპელაციო პალატა ასევე, არ იზიარებს აპელანტის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ხანდაზმულობის შემცირებული ვადები მხოლოდ საცილო გარიგებებზე ვრცელდება, როდესაც გარიგების ბათილობა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, მისი ამორალურობის მოტივით ხდება, ამგვარ მოთხოვნებზე ხანდაზმულობის საერთო, 10 წლიანი ვადა ვრცელდება და სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით რეგულირდება, შესაბამისად ცალსახაა, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის ვინაიდან სადავო ხელშეკრულების გაფორმებიდან (2010 წლის 19 ნოემბერი) სარჩელის აღძვრამდე (2016 წლის 19 ივლისი) 10 წლიანი ვადა ამოწურული არ ყოფილა.

 

19. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე განჩინებაში მნიშვნელოვანია ასევე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებსა და მხარის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით მსჯელობის განვითარება. პალატა იცნობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომლითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის ფარგლებში, მოსარჩელის მიერ მხოლოდ აღიარებითი სარჩელის აღძვრა, თუ მასთან ერთად მიკუთვნებითი მოთხოვნაც არაა წარმოდგენილი, დაინტერესებული მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება მოთხოვნილი არ არის. მოცემულ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 მარტის განჩინებით ლ---------–------ სარჩელი თ--------------–- ქ--–--------------- ს---------–--ს (რომელსაც ქ--------------------- მიერ საკუთრების მიტოვების გზით სადავო ქონება გადაეცა) თავმჯდომარის 2013 წლის 12 მარტის N4648 ბრძანების ბათილობის ნაწილში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, განსჯადობის წესით განსახილველად რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადაეცა. აღნიშნული სასარჩელო წარმოება წინამდებარე დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერებულია და მიკუთვნებითი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლიანობა, მხოლოდ წინამდებარე დავის დასრულების შემდგომ გადაწყდება.

 

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის სრული, ობიექტური და სამართლიანი გამოკვლევის შედეგად პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსი საფუძვლიანად შეისწავლა, სწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქ-------------------–----–-------------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები თამარ ალანია

თამარ ზამბახიძე