განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
330210018002471625
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210018002471625

საქმე №2ბ/6509-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ბესარიონ ტაბაღუა

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ნ-----------------ე

წარმომადგენელი - მ------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „-----------–--------ი“

წარმომადგენელი - დ--------------–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება სრულად

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მოსარჩელე ნ-----------------ეს სს „-----------–--------ის“ მიმართ გააჩნდა რამოდენიმე სასესხო ვალდებულება. ასევე, მოსარჩელეს მოპასუხესთან გახსნილი ჰქონდა ანგარიში.

 

ამ ვალდებულების ფარგლებში 24.06.2013 წელს სს „-----------–---------მა“ მოსარჩელეს ანგარიშიდან ჩამოაჭრა 3570 ლარი და მიმართა 2008 წლის 23 ივლისის №------ საბანკო კრედიტის დასაფარად.

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული №-------------------- წლის გადაწყვეტილებით სს „-----------–--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნ-----------------ეს სს „-----------–--------ის“ სასარგებლოდ 2008 წლის 23 ივლისის №------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 522 ლარისა და პირგასამტეხლოს 300 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2008 წლის 24 აპრილის №------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ძირითადი დავალიანების 3441.87 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 1000 აშშ დოლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა ნ-----------------ეს არ გადაუხდია.

 

2.3. სს „-----------–--------ის“ მიერ 12.07.2018 წელს გაცემული ცნობის თანახმად, ბანკმა დააკორექტირა მოსარჩელის დავალიანება და სადავო თანხა გადაირიცხა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული №------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.

 

2.4. 15.08.2012 წლის წერილით შპს „------------იმ“ მიმართა სს „------------ს“, აცნობა, რომ შპს „------------ის“ ანგარიშიდან ნ-----------------ის ანგარიშზე შეცდომით გადაირიცხა 3570 ლარი, მოითხოვა გადარიცხვის გაუქმება და თანხის სს „------------ის“ ანგარიშზე დაბრუნება.

 

2.5. 05.08.2013 წელს ნ-----------------ემ ნა-------------–---–-სგან ისესხა 3570 ლარი, თვეში 5% სარგებლით. ვალდებულება შესრულებულია სრულად.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. სასამართლო განმარტებით, არ დასტურდება ფაქტი იმის თაობაზე, რომ 24.06.2013 წელს სს „-----------–--------მა“ მოსარჩელე ნ-----------------ეს ინფორმირებულად ჩამოაჭრა 14.08.2012 წელს მისთვის შეცდომით გადარიცხული მესამე პირებისათვის განკუთვნილი თანხა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ სწორედ მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა ის გარემოება, რომ სადავო თანხა ეკუთვნოდა სხვა პირს და რომ ბანკი ამის თაობაზე ინფორმირებული იყო.

 

სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო შპს „------------ის“ წერილი სს „------------ის“ მიმართ, რომლითაც განმარტებულია, რომ ნ-----------------ის „-----------–--------ში“ არსებულ ანგარიშზე 2012 წლის 14 აგვისტოს გადაირიცხა 3570 ლარი შეცდომით და შპს „------------ი“ ითხოვს გადარიცხვის გაუქმებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ სს „------------მა“ ტრანზაქცია არ გააუქმა და თანხა დარჩა სს „-----------–---------ის“ ანგარიშზე. საქმეში არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომ განცხადების თაობაზე სს „----------–--------ი“ ინფორმირებული იყო.

 

მოსარჩელემ ასევე, წარმოადგინა 2012 წლის 24 აგვისტოს განცხადება სს „-----------–--------ის“ სახელზე, სადაც იგი განმარტავს, რომ 3570 ლარი შეცდომით ჩაირიცხა მის ანგარიშზე და წარმოადგენს მესამე პირების შრომის ანაზღაურებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ საკუთარი განმარტების გარდა, მოსარჩელემ მოპასუხეს რაიმე მტკიცებულებით დაუდასტურა თანხის კუთვნილება. არც საქმეშია წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ თანხა ნ-----------------ეს არ ეკუთვნოდა. საქმეში ასევე, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ სს „-----------–--------ს“ განცხადება ჩაბარდა და მოსარჩელეს თანხა მაინც ჩამოეჭრა. განცხადებაზე არ არის კანცელარიის ან სხვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურის ბეჭედი, რაც დაადასტურებდა მის მიღებას. მართალია, საქმეში ცალკე წარმოდგენილია სს „-----------–--------ის“ დოკუმენტის მიღების სარეგისტრაციო ნომრები, მაგრამ არ დასტურდება, რომ მოპასუხემ სწორედ ეს განცხადება მიიღო. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყო მოპასუხესთან და გააჩნდა ვადამოსული ვალდებულებები, შესაძლებელია, მას სხვა დოკუმენტები წარედგინა იმავე პერიოდში.

 

სასამართლომ აქვე იმ გარემოებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ 3570 ლარი მოსარჩელის ანგარიშზე 2012 წლის 14 აგვისტოს ჩაირიცხა, ხოლო თანხა ჩამოჭრილია დაახლოებით ერთი წლის შემდეგ - 24.06.2013 წელს, რაც კიდევ ერთხელ საეჭვოს ხდის მითითებული თანხის დაბრუნების მოთხოვნის განხორციელებასა და მასზე რეაგირების მოუხდენლობას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლზე თანახმად საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული იყო საბანკო კრედიტის ორი ხელშეკრულება. მოსარჩელემ ორივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და ერიცხებოდა შესაბამისი დავალიანება. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხესთან არსებულ მოსარჩელის ანგარიშზე ჩაირიცხა თანხა, რომელიც ბანკმა გამოიყენა №------ სესხიდან გამომდინარე დავალიანების დასაფარავად.

 

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ, ჩვეულებრივ პირობებში, ბანკი არ არის უფლებამოსილი, ანგარიშის მფლობელის ნებართვის გარეშე განახორციელოს ფულადი სახსრების ჩამოწერა, მაგრამ როდესაც კონკრეტული ანგარიში გამოიყენება საბანკო კრედიტის დასაფარავად და მხარეები თანხმდებიან, რომ ანგარიშზე არსებულ თანხას საკრედიტო დაწესებულება გამოიყენებს კრედიტის დასაფარავად, თანხის საბანკო დაწესებულების ანგარიშზე ჩარიცხვით, ბანკი მოიპოვებს საკუთრების უფლებას ფულზე და, შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ბანკს აქვს ანგარიშზე არსებული თანხის საკრედიტო ვალდებულების შესრულების მიზნით ჩამოჭრის უფლება.

 

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის მიმართ, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული №-------------------- გადაწყვეტილებით სს „-----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ნ-----------------ეს სს „-----------–--------ის“ სასარგებლოდ 2008 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 522 ლარისა და პირგასამტეხლოს 300 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2008 წლის 24 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - დავალიანების 3441.87 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 1000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

მართალია, „-----------–---------მა“ ჩამოჭრილი თანხა გამოიყენა იმ ვალდებულების დაფარვისათვის, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ხანდაზმულად იქნა ცნობილი, მაგრამ სარჩელის განხილვის დროისათვის ეს ვითარება გამოსწორებულია, კერძოდ, დავალიანება დაკორექტირებულია სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად და სადავო თანხა გადაირიცხა მეორე სესხის - №------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, რასაც მოსარჩელეც არ ხდის სადავოდ, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ნ-----------------ის საბანკო ანგარიშზე 2748 ლარის აღდგენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.9. რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხემ აანაზღაუროს მის მიერ მესამე პირთან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანი, ვინაიდან, მხარის მითითებით, ბანკს თანხა რომ არ ჩამოეჭრა, იგი სესხს არ აიღებდა და პროცენტების გადახდა არ მოუწევდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამავე კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხოლო 408-ე მუხლის თანახმად კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის უზოგადეს პრინციპს. იმისათვის, რომ მოპასუხეს აღნიშნული ნორმის საფუძველზე დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, აუცილებელია ოთხი წინაპირობის არსებობა, კერძოდ, სახეზე უნდა იყოს არამართლზომიერი ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალი.

 

სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ანუ, მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, რაც შეეხება მოპასუხეს, მან უნდა დაადასტუროს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას განაპირობებს ამ მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების შესრულება და მოთხოვნის გამომრიცხავი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობა.

 

ანაზღაურებას არ ექვემდებარება ყველა სახის ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. „ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).

 

სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ თუნდაც „-----------–--------ს“ არ ჩამოეჭრა და გამოეყენებინა მოვალის ანგარიშზე არსებული თანხა ხანდაზმული სესხის დასაფარავად, მოსარჩელე აღნიშნულ თანხას მაინც ვერ განკარგავდა, ვინაიდან გააჩნდა მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება და თანხა გამოყენებული იქნებოდა სწორედ ამ ვალდებულების შესასრულებლად, ამდენად, მითითება იმის თაობაზე, რომ თუ ბანკი თანხას არ ჩამოაჭრიდა, მას არ მოუწევდა სესხის აღება, უსაფუძვლოა, გარდა ამისა, სასამართლომ განმარტა, რომ ბანკს გააჩნდა უფლებამოსილება, ანგარიშზე არსებული თანხა გამოიყენებინა ვადაგადაცილებული ვალდებულების დაფარვისათვის, რაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მითითებით, სს „-----------–--------ისთვის“ ჯერ კიდევ 2012 წელს წერილობით იყო ცნობილი იმ ფაქტის თაობაზე, რომ ნ-----------------ის სახელზე სს „-----------–--------ში“ 2012 წელს ჩარიცხული 3570 ლარი წარმოადგენდა მესამე პირების შრომით ანაზღაურებას. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბანკი 2012 წელს ინფორმირებული იყო წერილობით ამ ფაქტის თაობაზე, რომ ეს თანხა წარმოადგენდა სხვა (მესამე) პირების კუთვნილ თანხებს და სს „-----------–--------ს“ ევალებოდა მინიმუმ გამოეკვლია ანგარიშზე შეცდომით ჩარიცხული ამ თანხების მესაკუთრეობის საკითხი და არ მოეხდინა სხვისი თანხების ჩამოჭრა და თანაც სხვის ვალში გადახდა.

 

2013 წლის ივლისის თვეში მოხდა კანონის მოთხოვნების დარღვევით ამ თანხის ჩამოჭრა ნ-----------------ის ანგარიშიდან და განხორციელდა ნ-----------------ის მიმართ ჯერ კიდევ დაუდგენელი და სადავო მოთხოვნის დაკმაყოფილება. როგორც მოგვიანებით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, საკრედიტო ხელშეკრულებიდან სასამართლომ ბანკის სასარგებლოდ მხოლოდ 822 ლარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

 

ბანკის მიერ თანხის ჩამოჭრის ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო ნ-----------------ე იძულებული გახდა კერძო პირისგან აღებული პროცენტიანი სესხით მოეხდინა მესამე პირების მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა, რის გამოც 34 თვის მანძილზე იხდიდა გამსესებლის სასარგებლოდ თვეში 5 %-ს, 2013 წლის აგვისტოდან 2016 წლის მაისის ჩათვლით ნ-----------------ის მიერ პროცენტის სახით გადახდილმა თანხამ შეადგინა 6069 ლარი, მთლიანობაში - 9639 ლარი.

 

ს----------–--------სა და ნ-----------------ეს შორის წინა დავა დასრულდა 2017 წელს. ამდენად, ამ დრომდე ბანკის მოთხოვნა სადავოდ განიხილება, რაც გამორიცხავს ბანკის მხრიდან ინკასოს წესით თანხის ჩამოჭრის უფლებას, რადგან ინკასო გამოიყენება არა სადავო, არამედ აღიარებულ ფულად მოთხოვნაზე, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციით (უნაღდო ანგარიშსწორების წესი).

 

ამდენად, აპელანტის განმარტებით, ბანკს რომ უკანონოდ არ ჩამოეჭრა 2013 წელს სხვისი კუთვნილი თანხა, ნ-----------------ე არ აიღებდა სესხს და არ გახდებოდა იძულებული გაეწია დამატებითი ხარჯები. აპელანტს მიაჩნია, რომ ბანკის უკანონო მოქმედება პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია დამდგარ ზიანთან.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. სასესხო ვალდებულების ფარგლებში 24.06.2013 წელს სს „-----------–--------მა“ მოსარჩელეს ანგარიშიდან ჩამოაჭრა 3570 ლარი, რომელიც მიმართული იყო 2008 წლის 23 ივლისის №------ საბანკო კრედიტის დასაფარად.

 

4.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული №-------------------- წლის გადაწყვეტილებით სს „-----------–--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნ-----------------ეს სს „-----------–--------ის“ სასარგებლოდ 2008 წლის 23 ივლისის №------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 522 ლარისა და პირგასამტეხლოს 300 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2008 წლის 24 აპრილის №------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ძირითადი დავალიანების 3441.87 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 1000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

4.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა ნ-----------------ეს არ გადაუხდია.

 

4.1.4. ნ-----------------ის ანგარიშზე 3570 ლარი 2012 წლის 14 აგვისტოს ჩაირიცხა, ხოლო თანხა ჩამოჭრილია დაახლოებით ერთი წლის შემდეგ - 24.06.2013 წელს.

 

4.1.5. 2018 წლის 12 ივლისის სს „-----------–--------ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ბანკმა დააკორექტირა მოსარჩელის დავალიანება და სადავო თანხა გადაირიცხა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული №------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.

 

4.1.6. 2012 წლის 15 აგვისტოს წერილით დასტურდება, რომ შპს „------------იმ“ მიმართა სს „------------ს“ და აცნობა, რომ შპს „------------ის“ ანგარიშიდან ნ-----------------ის ანგარიშზე შეცდომით გადაირიცხა 3570 ლარი, მოითხოვა გადარიცხვის გაუქმება და თანხის სს „------------ის“ ანგარიშზე დაბრუნება.

 

4.1.7. ნ-----------------ემ ნა-------------–---–-საგან 2013 წლის 05 აგვისტოს ისესხა 3570 ლარი, თვეში 5% სარგებლით. ვალდებულება შესრულებულია სრულად.

 

4.2. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ მის ანგარიშზე 2012 წელს ჩარიცხული 3570 ლარი წარმოადგენდა მესამე პირების შრომით ანაზღაურებას და შესაბამისად, მათ საკუთრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში იმ გარემოების სამტკიცებლად, რომ 2012 წელს მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხული სადავო თანხა წარმოადგენდა მესამე პირების შრომით ანაზღაურებას, აპელანტი უთითებს მის და შპს „------------ის“ მიერ მოპასუხისთვის მიწერილ წერილებზე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში სხვა რაიმე სათანადო მტკიცებულება რაც სადავო თანხაზე მესამე პირთა კუთვნილებას დაადასტურებდა (მაგალითად თანხის ჩარიცხვის დანიშნულება, „მესამე პირთა“ პრეტენზიები ანდა მოწმის სახით მიცემული ჩვენებები, სახელფასო უწყისები, მოსარჩელის კავშირი აღნიშნულ პირებთან, შეცდომით ჩარიცხვის გამომწვევი მიზეზების დამადასტურებელი მტკიცებულებები) წარმოდგენილი არ არის. ამასთან ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ აპელანტის ანგარიშიდან სადავო თანხა ბანკმა ჩამოჭრა ჩარიცხვიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მარტოოდენ აპელანტის და შპს „------------ის“ წერილები არასაკმარის მტკიცებულებად მიაჩნია იმ ფაქტობრივი გარემოების დასამტკიცებლად, რომ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხული სადავო თანხა არა მოსარჩელის, არამედ სხვა პირთა საკუთრებას წარმოადგენდა.

 

4.3. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ ნა-------------–---–-საგან აღებულ სესხს რაიმე კავშირი ბანკის მიერ სადავო თანხის ჩამოჭრასთან არ გააჩნია გამომდინარე იქიდან, რომ არც ხსენებული სესხის ხელშეკრულებით და არც საქმეში წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან ნასესხები თანხით „მესამე პირთა“ შრომითი ანაზღაურების გასტუმრების ფაქტობრივი გარემოება.

 

4.4. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეებს შორის არსებობდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ-----------------ესა და სს „-----------–--------ს“ შორის დადებული იყო საბანკო კრედიტის ორი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია აპელანტმა და შესაბამისად გააჩნდა შესაბამისი დავალიანება ბანკის მიმართ. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის №--------- კანონიერ ძალაში გადაწყვეტილებით სს „-----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ნ-----------------ეს სს „-----------–--------ის“ სასარგებლოდ 2008 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 522 ლარისა და პირგასამტეხლოს 300 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2008 წლის 24 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 3441.87 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 1000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბანკმა აღნიშნული თანხა გამოიყენა №------ სესხიდან გამომდინარე დავალიანების დასაფარავად, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ხანდაზმულად იქნა ცნობილი. თუმცა სს ,,ს----------–--------ის“ მიერ დავალიანება დაკორექტირებულია და სადავო თანხა მიქცეულია მეორე სესხის - №------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ჩვეულებრივ პირობებში, ბანკი არ არის უფლებამოსილი, ანგარიშის მფლობელის ნებართვის გარეშე განახორციელოს ფულადი სახსრების ჩამოწერა, მაგრამ როდესაც კონკრეტული ანგარიში გამოიყენება საბანკო კრედიტის დასაფარავად და მხარეები შეთანხმებულნი არიან, რომ ანგარიშზე არსებულ თანხას საკრედიტო დაწესებულება გამოიყენებს კრედიტის დასაფარავად, თანხის საბანკო დაწესებულების ანგარიშზე ჩარიცხვით, ბანკი მოიპოვებს საკუთრების უფლებას ფულზე და, შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ბანკს აქვს ანგარიშზე არსებული თანხის საკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად მიმართვის უფლება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მართალია, „-----------–---------მა“ ჩამოჭრილი თანხა გამოიყენა იმ ვალდებულების დაფარვისათვის, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ხანდაზმულად იქნა ცნობილი, თუმცა სარჩელის განხილვის დროისათვის ეს ვითარება გამოსწორებულია, კერძოდ, დავალიანება დაკორექტირებულია სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად და სადავო თანხა გადაირიცხა მეორე სესხის - №------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, რასაც მოსარჩელეც არ ხდის სადავოდ.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად ეთქვა უარი ნ-----------------ეს 2748 ლარის სს „-----------–--------ისთვის“ დაკისრების თაობაზე.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ რაიმე ვალდებულების დარღვევის ფაქტი, სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც უსაფუძვლოა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მ1 ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა