განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2019
საქმის ნომერი
330210018002257147
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002257147

საქმე №2ბ/5473-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

საჩივრის ავტორი – ე-------ა----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – ვ------- გ-----–-–---–ი

წარმომადგენელი - ლ-----------ე

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

 

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ------- გ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ე-------ა----ეს ვ------- გ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 3600 ლარის გადახდა. ე-------ა----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლითაც მოპასუხე ე-------ა----ეს მოსარჩელე ვ------- გ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 4400 ლარის გადახდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები და ე-------ა----ეს ვ------- გ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 240 (ორას ორმოცი) ლარის გადახდა; ე-------ა----ეს ვ------- გ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

3. საჩივრის საფუძვლები

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ე-------ა----ემ. საჩივრის ავტორის განმარტებით, 2019 წლის 30 იანვარს დანიშნულ მთავარ სხდომაზე ვერ გამოცხადდა, თუმცა 2019 წლის 29 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით, სადაც ითხოვდა საქმის განხილვის გადადებას გონივრული ვადით, ვინაიდან არ ჰყავდა ადვოკატი და წარმოსადგენი ჰქონდა მტკიცებულებები. სასამართლომ არ მიიღო აღნიშნული მხედველობაში და გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა მისი უფლება. აღნიშნულის გამო ითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, საქმის წარმოების განახლებას, რათა შეძლოს ადვოკატის აყვანა და სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 07 მარტის განჩინებით საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და საჩივრის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2019 წლის 17 აპრილს 14:00 საათზე.

 

2019 წლის 17 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ე-------ა----ემ და მოითხოვა სხდომის გადადება მძიმე ავადმყოფობის გამო.

 

4. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.

 

ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს შემდეგი საფუძვლით: 2019 წლის 30 იანვარს დანიშნულ მთავარ სხდომაზე ვერ გამოცხადდა, რადგან 2019 წლის 29 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით, სადაც ითხოვდა საქმის განხილვის გადადებას გონივრული ვადით, ვინაიდან არ ჰყავდა ადვოკატი და წარმოსადგენი ჰქონდა მტკიცებულებები. სასამართლომ არ მიიღო აღნიშნული მხედველობაში და გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა მისი უფლება.

 

აღნიშნულზე პალატა განმარტავს, რომ მართალია 2019 წლის 29 იანვარს მოწინააღმდეგე მხარემ და აპელანტმა ე-------ა----ემ განცხადებით, მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქმის განხილვის გადადება გონივრული ვადით, ადვოკატის საჭიროების და დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის მიზნით, თუმცა მას გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია. ამასთან პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 30 იანვარს 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარი სხდომის დღის შესახებაც ე-------ა----ეს ეცნობა 2019 წლის 11 იანვარს, სატელეფონო აქტის მეშვეობით. (ტომი 2, ს.ფ. 28) შესაბამისად, ე-------ა----ეს ჰქონდა გონივრული ვადა, როგორც ადვოკატის ასაყვანად, ისე დამატებით მტკიცებულებათა წარმოსადგენად.

 

პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები და დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები; ე) მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ჩამოთვლილთაგან „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წინაპირობების არარსებობა, რაც შეეხება საჩივრის ავტორის მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებებს, პალატა მიიჩნევს, რომ იგი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განხილვა განახლების საფუძვლებს არ წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნული მიზეზები ვერც დაუძლეველ ძალად და ვერც საპატიო მიზეზად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

საკასაციო პალატა ერთ-ერთ საქმეზე (ას-806-806-2018) მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

 

გარდა ამისა საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც განსახილველი დავისადმი ინტერესს შეეხება, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ საქმისადმი დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში გამოიხატება. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი. განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ აპელანტმა თავად არ ისარგებლა სასამართლო განხილვის უფლებით, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მისი ეს უფლება არ შეზღუდულა.

 

შესაბამისად, საჩივრის ავტორმა ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შემადგენლობის არსებობას, ამასთან მან ვერ უზრუნველყო საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და განსახილველი დავისადმი დიდი ინტერესის არსებობის დადასტურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. პალატა მოიხმობს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაფერხებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 236-ე, 237-ე, 230-ე; 372-ე, 387-ე; 391-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ე-------ა----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი