განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002435914
N1/ბ-283-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----ა ვ-–-ს ძე ჟ----–---–---ის მიმართ, დაბადებული 08.02.1---წ. პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: წ---–-----ო, სოფელი მ----–--ი მე-3 ქ. N46; მცხ. ქუთაისი, რ---------–ის გამზირი მე-9 შესახვევი N7;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ-----ა ჟ----–---–---ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2----–-–--------------, ქ. ქუთაისში, შოთა რ---------–ის გამზირზე მე-9 ჩიხი N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ-----ა ჟ----–---–---მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ხ------ა ე--------ეზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ძალადობის შედეგად ხ------ა ე--------ეს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენით მ-----ა ჟ----–---–---ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი გობრონიძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი მ-----ა ჟ----–---–---ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზი იძლევა საფუძველს იმისა, რომ საქმეში არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტი, რაც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა იმაში, რომ მ-----ა ჟ----–---–---მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული.
გამართლებული მ-----ა ჟ----–---–---ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-----ა ჟ----–---–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ხ------ა ე--------ემ ისარგებლა მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის, მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, 2018 წლის 7 მარტს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება, ხ------ა ე--------ის მიმართ მეუღლის მ-----ა ჟ----–---–---ის მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტზე.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 7 მარტს 21:45 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელს დაუკავშირდა სახაზო-საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) „105“ საპატრულო ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორი გ.ნ------ე და აცნობა, რომ ქუთაისში, რ---------–ის გამზ. მე-9 ჩიხი N7-ში ითხოვა დახმარება 1--- წელს დაბადებულმა ხ------ა ე--------ემ, რომლის განმარტებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, 1--- წელს დაბადებულმა მ-----ა ჟ----–---–---მა.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 7 მარტს 20:47 საათზე 112-ს დაუკავშირდა ხ------ა ე--------ე, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლეებს შორის მოხდა კონფლიქტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ----ა ხ----–-ამ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 7 მარტს დაიწყო გამოძიება საქმეზე, ხ------ა ე--------ის შეტყობინების საფუძველზე, რომელიც მოიცავდა ოჯახური ძალადობის ნიშნებს, რომლის შემდეგაც დაიკითხა ხ------ა ე--------ე, რომელიც ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ მისი მეუღლე მასზე ახორციელებდა ძალადობას, რასაც ადასტურებდა შესაბამისი ცნობით, ამის შემდეგ დაზარალებულს დაუნიშნეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ასევე ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე დაზარალებულმა უარი განაცხადა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა მ-----ა ჟ----–---–---ი, რომელსაც წარედგინა ბრალდება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. მოწმემ აღნიშნა, რომ მ-----ა ჟ----–---–---ს გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება და ასევე გაუცვალა საქმეში არსებული მტკიცებულებები. პ----ა ხ----–-ას განმარტებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვეოდა, რომ დაზარალებულს მიყენებული ჰქონდა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ნ-----–--ემ განმარტა, რომ მუშაობს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში სამედიცინო ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 16 მარტს გამოძიების მიერ წარდგენილი დადგენილების და დადგენილებასთან თანდართული სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, მან ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ხ------ა ე--------ის სხეულზე დაზიანებასთან დაკავშირებით. ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს ცნობა №--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც გაცემული იქნა 1--------- წელს, საიდანაც ირკვეოდა, რომ მოქალაქე ხ------ა ე--------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 1--------- წელს 20:30 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 22:00 სთ-ზე. წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ პაციენტის გადმოცემით, ხ------ა ე--------ემ საკუთარ სახლში დაცემისას თავი მიარტყა კიბის მოაჯირს, რა დროსაც აღენიშნა ნაკვეთი ჭრილობა შუბლის მარცხენა ნახევარში, სისხლდენით, მოხდა თავზე კანის გაკერვა, დიაგნოზი: სკალპის ღია ჭრილობა. დოკუმენტების შესაბამისად დაზიანება განვითარებული იყო რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებას მსუბუქი ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით. მოწმემ განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მხოლოდ წარდგენილი სამედიცინო ცნობების საფუძველზე.
2018 წლის 19 იანვრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით ხ------ა ე--------ე მოთავსებული იქნა სტაციონარში 2----–-–-------------- 20:30 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს - 22:00 საათზე. დიაგნოზით სკალპის ღია ჭრილობა. პაციენტის მითითებით ტრავმა მიიღო ჰოსპიტალიზაციამდე რამდენიმე წუთით ადრე საკუთარ სახლში დაცემისას თავი მიარტყა კიბის მოაჯირს, რა დროსაც აღენიშნა ნაკვეთი ჭრილობა შუბლის მარცხენა ნახევარში.
სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს ცნობა N--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 1--------- წ.) მონაცემებისა, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე ხ------ა ე--------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 1--------- წ.- 20:30 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს - 22:00 საათზე, დიაგნოზით სკალპის ღია ჭრილობა, დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 16 აპრილს 11:20 საათზე, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის N117-ში, მ-----ა ჟ----–---–---ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, მ-----ა ჟ----–---–---ის საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ხ------ა ე--------ემ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს ხ------ა ე--------ის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია მ-----ა ჟ----–---–---ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.
სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ხ------ა ე--------ე მოთავსებული იქნა სტაციონარში დიაგნოზით სკალპის ღია ჭრილობა. პაციენტის მითითებით, ტრავმა მიიღო ჰოსპიტალიზაციამდე რამდენიმე წუთით ადრე საკუთარ სახლში დაცემისას თავი მიარტყა კიბის მოაჯირს, რა დროსაც აღენიშნა ნაკვეთი ჭრილობა შუბლის მარცხენა ნახევარში.
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მ-----ა ჟ----–---–---მა მეუღლეს, ხ------ა ე--------ეს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, შესაბამისად, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ-----ა ჟ----–---–---ის ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----ა ჟ----–---–---ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გობრონიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენი მ-----ა ჟ----–---–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
მ-----ა ჟ----–---–---ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
მ-----ა ჟ----–---–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს .
გამართლებულ მ-----ა ჟ----–---–---ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე