განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/696-19
160310018002606373
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარესე
აპელანტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მარნეულის რაიონული განყოფილება)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ-------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ-------------ის პ/ნ(0----------) სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების 2013 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება ლ-------------ისათვის პენსიის შეჩერების შესახებ, ასევე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის გადაწყვეტილება ლ-------------ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აუნაზღაუროს ლ-------------ეს მისი კუთვნილი მიუღებელი პენსია.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2008 წლის 11 ივლისიდან მოსარჩელე ლ-------------ეს, როგორც ასაკით პენსიონერს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების მიერ დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია, რომელიც გაიცემოდა მინდობილ პირზე, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე.
2.2. 2013 წლის 1 თებერვლიდან ლ---------------- შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის მიღება, მინდობილობის ვადის გასვლის გამო.
2.3. 2016 წლის 1 თებერვალს ლ----------------- შეუწყდა სახელმწიფო პენსიის მიღება, შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლის გამო;
2.4. ლ-------------ეს პენსია აღუდგა 2017 წლის 1 ივლისიდან.
2.5. 2017 წლის 10 ნოემბერს, ლ---------------- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების მარნეულის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა გაუცემელი პენსიის ანაზღაურება.
2.6. დადგენილია, რომ 2013 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 1 ივლისამდე ლ-------------ისათვის გასაცემი საპენსიო თანხის ოდენობა შეადგენს 8205 ლარს.
2.7. სსიპ სოციალური მომსახურების მარნეულის რაიონულ განყოფილების 2017 წლის 14 ნოემბერის N0------------ წერილობითი პასუხით ლ-------------ეს, განემარტა, რომ 2013 წლის 1 თებერვლიდან შეუჩერდა პენსიის მიღება, ვინაიდან 1 წლის განმავლობაში თანხები გაიცემოდა მინდობილობის საფუძველზე.
2.8. 2013 წლის 7 ნოემბრის სანოტარო აქტით – მინდობილობით დასტურდება, რომ მ-----------ს პ/ნ (2----------) მიენიჭა უფლებამოსილება იყოს ლ-------------ეს წარმომადგენელი. რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია მიიღოს ლ---------------- კუთვნილი პენსია, პენსიასთან დაკავშირებული სხვა კუთვნილი დოკუმენტები და განკარგოს ბანკის ანგარიშები.
2.9. ლ---------------- 2018 წლის 14 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მის მიმართ გაუცემელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურება.
2.10. ლ-------------ეს 2018 წლის 7 მარტის N--------- წერილობითი პასუხით განემარტა რომ 2013 წლის 1 თებერვლიდან შეუჩერდა პენსიის მიღება, მინდობილობის ვადის გასვლის გამო. პენსიონერ ლ---------------- ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კი არ წარმოუდგენიათ საკონსულო წესით დამოწმებული მინდობილობა. ამიტომ მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.
3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - ლ-------------ისათვის დანიშნული პენსიის შეჩერების, ასევე შეწყვეტის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
3.2. სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებდა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება- მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.
3.3. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონმდებლობა პენსიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’ დანართი №1 მე-8 მუხლით განსაზღვრულია პენსიის შეჩერება განახლების საფუძვლები, კერძოდ პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მეორე წინადადების თანახმად, პენსია შეჩერდება ასევე, იმ გარემოების არსებობისას, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება.
დადგენილია, რომ ლ-------------ეს 2013 წლის 1 თებერვალს შეუჩერდა პენსიის გაცემა, რადგანაც არ იქნა წარდგენილი მინდობილობა. ლ-------------ემ 2017 წლის 10 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების მარნეულის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა გაუცემელი პენსიის თანხის გაცემა, რომელზეც მიიღო წერილობითი უარი 0------------. აღნიშნულის შემდეგ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მიუღებელი პენსიის გაცემა, მაგრამ სააგენტომ 2018 წლის 7 მარტის N-------- წერილობითი პასუხით უარი უთხრა პენსიის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ლ-------------ეს საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ თანახმად შეუჩერდა პენსიის მიღება, პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ კი გასაცემელი წყდება. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე და არ ანაზღაურდება წარსული დროისათვის მიუღებელი თანხა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით.
3.4. სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ამ კანონის ძირითადი პრინციპებია: ა) ადამიანის უფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საყოველთაოობა; დ) მუდმივობა; ე) თაობათა შორის სოლიდარობა; ვ) პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან.
სასმართლომ მიუთითა, რომ კანონმდებელი უფლების წარმოშობას უკავშირებს 60 წლის ასაკის მიღწევას, ხოლო უფლების რეალიზებას - პენსიის დანიშვნას, მათ შორის შეჩერებული პენსიის შემთხვევაში მიუღებელი თანხის ანაზღაურებას განცხადების შეტანას. შეტანის ობიექტური შეუძლებლობის შემთხვევაში პირისთვის კანონით მინიჭებული უფლების წართმევა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს, გამორიცხავს პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიას და უგულვებელყოფს მოქალაქის სოციალურ საჭიროებებს.
3.5. სასამართლომ მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 96.1 მუხლი, რომელიც ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლომ მიუთითა ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
სასამართლომ განმარტა რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონი უპირატესი იურიდიული ძალით სარგებლობს ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანებასთან მიმართებაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ლ-------------ემ გასცა მინდობილობა უფლებამოსილ პირზე, თუმცა სააგენტოს განმარტებით აღნიშნული მინდობილობა მათთან არ ყოფილა წარდგენილი და არ ყოფილა შესაბამისი განაცხადი გაკეთებული. ლ-------------ემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოახდინა მისი უფლების რეალიზაცია, პენსიის მიღება მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, მან პირველივე შესაძლებლობისთანავე მიმართა სააგენტოს და მოითხოვა მისთვის განკუთვნილი პენსიის მიღება.
3.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ემყარებოდეს შესაბამის საკანონმდებლო ნორმას, რაც მას მისცემს მითითებული ქმედების განხორციელების უფლებას. ამდენად, ლ--- დარბაიძის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ არსებობდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შეეხებოდა მისი კუთვნილი მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებას, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების 2013 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება ლ-------------ისათვის პენსიის შეჩერების შესახებ ასევე ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება ლ-------------ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
4.1. აპელანტი ითხოვს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გამორჩა მხედველობიდან საქართველოს კანონი სახელმწიფო პენსიის შესახებ 25-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობამ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება, გამოცემა. ასევე გადაწყვეტილების 6.6 პუნქტში სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს როემლი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი. თუმცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46 ბრძანებაში ნათლადაა მითითებული ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლის საფუძველზედაც გამოიცა აღნიშნული ბრძანება. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების 6.7 პუნქტში როგორც განმარტავს, თითქოსდა სააგენტოს მარნეულის რაიონულმა განყოფილებამ მიიღო ისეთი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კანონს და არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომელიც არ შეესაბამებ სიმართლეს, რადგან სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების მიერ გამოცემულ აქტში მითითებულია ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლის საფუძველზეც გამოიცა იგი.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
6. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
7. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ასევე, სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელე მხარის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს შემდეგს:
7.2. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს პენსიის შეჩერება/ განახლების საფუძვლებს, კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან.
ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – პენსია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს პენსიის ფულადი ნაწილის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს პენსიის ფულადი ნაწილის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
ზემოხსენებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, პენსიის შეჩერების საფუძველია პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით. აღნიშნული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსია შეწყდება, პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ.
სადავო არ არის, რომ ლ-------------ე 2008 წლის 11 ივლისიდან წარმოადგენდა ასაკით პენსიონერს, რომელსაც 2013 წლის 1 თებერვლიდან შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის მიღება, იმ საფუძვლით, რომ მინდობილობის ვადა ჰქონდა გასული, ხოლო 2016 წლის 1 თებერვალს ლ----------------- შეუწყდა სახელმწიფო პენსიის მიღება, შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლის გამო. ასევე დადგენილია, რომ ლ-------------ეს პენსია აღუდგა 2017 წლის 1 ივლისიდან.
დადგენილია ასევე, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 მარტის N-------- წერილობითი პასუხით მოსარჩელეს უარი ეთქვა პენსიის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ლ-------------ეს საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ თანახმად შეუჩერდა პენსიის მიღება, პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ კი გასაცემელი წყდება. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე და არ ანაზღაურდება წარსული დროისათვის მიუღებელი თანხა.
პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ კანონმდებელი პენსიის უფლების წარმოშობას უკავშირებდა 60 წლის ასაკის მიღწევას, ხოლო უფლების რეალიზებას - პენსიის დანიშვნას, მათ შორის შეჩერებული პენსიის შემთხვევაში მიუღებელი თანხის ანაზღაურებას განცხადების შეტანას. სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ განცხადების შეტანის ობიექტური შეუძლებლობის შემთხვევაში პირისთვის კანონით მინიჭებული უფლების წართმევა ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს, გამორიცხავდა პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიას და უგულვებელყოფდა მოქალაქის სოციალურ საჭიროებებს.
პალატა მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია. შესაბამისად, კონკრეტული იურიდიული ფაქტი, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობით არის განსაზღვრული, წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, რომელიც სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შედეგად.
მითითებული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, ასევე, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.
პალატა შენიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ლ-------------ისათვის პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების ფაქტი. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ ამ სახის დოკუმენტი, რომელიც პირს უზღუდავს ამა თუ იმ უფლებას და მით უფრო სოციალურ უფლებას, მხარისათვის არ ყოფილა ოფიციალურად ჩაბარებული, რაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მისი დაინტერესებული პირისათვის გაცნობის კანონით დადგენილი სავალდებულო პირობა, კონკრეტული უფლების შეზღუდვის თაობაზე, დაინტერესებული პირის ინფორმირებასა და მის მიერ საკუთარი უფლებების და ინტერესების დაცვას ემსახურება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო პენსიის შეჩერების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდგომ, კანონი განაცდური სახელმწიფო პენსიის სრულად ანაზღაურებას გამორიცხავს.
მეტი თვალსაჩინოებისთვის პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-575-572(კ-17), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ,,კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.“
პალატა განმარტავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს, ასევე სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს, სზაკ-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გააჩნიათ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და მხოლოდ ამის შემდგომ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულება. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 მუხლებში გაწერილია სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები, თუმცა კანონი არ ანიჭებს უფლებამოსილებას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე მიიღონ გადაწყვეტილებები და გამოსცენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
პენსიის შეჩერება-შეწყვეტა არის შემზღუდავი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უზღუდავს პენსიონერ მინიჭებული სოციალური უზრუნველყოფის უფლების გამოყენებას. შესაბამისასდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექს-ის მე-13 მუხლისა და 95 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, გამომდინარე აქედან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობებინა დაინტერესებულ პირისათვის.
პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი ოქმზე, რომლის თანახმად, ყოველ პირს აქვს მისი საკუთრების პატივისცემის უფლება. პენსიის მოთხოვნა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკუთრებად (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18.11.2004წ. დადგენილება საქმეზე „პრავედნაია რუსეთის წინააღმდეგ“ ). პენსია სოციალური უზრუნველყოფის განსხვავებული ტიპის ბენეფიტია, ის წარმოიშობა უფლების საფუძველზე, მიუხედავად პირის ქონებრივი მდგომარეობისა. საქმეზე „სტეკი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, პრეცედენტულ სამართალში შენატანების საფუძველზე უზრუნველყოფილი დახმარებების საქმეები გაიმიჯნა იმ საქმეებისაგან, რომლებიც შენატანებთან არ იყო დაკავშირებული. ახალი მიდგომის თანახმად, თუ მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს სოციალური კეთილდღეობის დახმარებას - შენატანების წინასწარი გადახდის ან გადაუხდელობის პირობით, ასეთი კანონმდებლობა განხილული უნდა იქნეს, როგორც მესაკუთრის ინტერესის წარმომშობი, რაც პირველი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში ექცევა მათთვის, ვინც ამ კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მრავალი ადამიანი, სრულიად ან ნაწილობრივ, სოციალურ დახმარებებზეა დამოკიდებული. მრავალი შიდასახელმწიფოებრივი სისტემა აღიარებს, რომ ასეთ პირებს სჭირდებათ საიმედოობის და უსაფრთხოების გარკვეული ხარისხი. აქედან გამომდინარე, სოციალური დახმარება განიხილება, როგორც უფლება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ლ-------------ის კანონით ჰქონდა მინიჭებული სახელმწიფო გასაცემლის - სოციალური პაკეტის მიღების უფლება, რომელიც განსახილველ შემთხვევაში ჯეროვნად ვერ იქნა რეალიზებული
ზემოაღნიშნულთნ დაკავშირებით პლატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ადრესატისათვის აქტის გაცნობა კანონით გათვალისწინებული საშუალებებით, რაც როგორც ზემოთ აღინიშნა ადმინსიტრაციული ორგანოს პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა. ამრიგად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა კანონმდებლობის ზემოაღნიშნული მოთხოვნები, რის გამოც, მოსარჩელე ლ-------------ეს კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად შეუჩერდა და შემდეგ შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი.
7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების 2013 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება ლ-------------ისათვის პენსიის შეჩერების შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის გადაწყვეტილება ლ-------------ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ.
8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
9. საპროცესო ხარჯები:
9.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აპელანტი გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.აპელანტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მარნეულის რაიონული განყოფილება) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მირანდა ერემაძე