განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002484857
N1/ბ-194-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----– ბ-------ს ძე ჭ--–--ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული: ქუთაისი, ნ----- ქ. N34/55;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ-----– ჭ--–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 09 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქუთაისი, ნ----- ქ. N34/55-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ-----– ჭ--–--ემ შვილის, ე---------ე ჭ--–--ის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - ი---- ხ------ეს, კერძოდ, ხელი დაარტყა ორჯერ სახის არეში. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე დარტყმის შედეგად წაიქცა იატაკზე.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განაჩენით მ-----– ჭ--–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დარიკო ვადჭკორია წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს შეიცვალოს გასაჩივრებული განაჩენი მ-----– ჭ--–--ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და განესაზღვროს მკაცრი სასჯელი; ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი მ-----– ჭ--–--ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებობს უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მიხიელ ჭ--–--ის ბრალეულობას.
გამართლებულ მ-----– ჭ--–--ეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-----– ჭ--–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი---- ხ------ემ, ასევე მოწმეებმა: ე---------ე ჭ--–--ემ და ც----- ჭ--–--ემ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის, მ-----– ჭ--–--ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
ასევე, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე მ-----– ჭ--–--ემ.
მოწმე ბ----ა ე-–----ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 10 მაისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში შევიდა მოქალაქე ი---- ხ------ის განცხადება, რომლის თანახმად მისმა ძმამ მ-----– ჭ--–--ემ იძალადა მასზე. განყოფილებაში შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც დააკავეს მ-----– ჭ--–--ე. იგი იყო მორიგე და ოპერატიულ ჯგუფს არ გაჰყოლია. მან განყოფილებაში შემოყვანილ დაკავებულს განუმარტა ბრალდებულის უფლება-მოვალეობები და გამოჰკითხა იგი ბრალდებულის სახით. ასევე განახორციელა დაკავებული ბრალდებულის მიმართ ჩასატარებელი სხვა საპროცესო მოქმედებები. გამოკითხა არასრულწლოვანი ე---------ე ჭ--–--ე, რომელმაც განუმარტა მამიდასა და მამას შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ, რა დროსაც მან დაადასტურა მ-----– ჭ--–--ის მიერ ი---- ხ------ის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.
მოწმე ნ-----–---- კ-------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. განყოფილებაში შემოსული ი---- ხ------ის განცხადების საფუძველზე ოპერატიული ჯგუფის წევრები გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და მას შემდეგ, რაც მ-----– ჭ--–--ემ მათ დაუდასტურა განცხადების შინაარსი და დაზე-ი---- ხ------ეზე ძალადობის ფაქტი, იგი დააკავეს ბრალდებულის სახით. დაკავების მომენტში დაზარალებული ი---- ხ------ე იმყოფებოდა იქ, რომელიც იყო შეშინებული და განმარტავდა, რომ მისი ძმა ინტენსიურად იღებდა ალკოჰოლს და მანამდე კანაფსაც, რაც გახდა განცხადებით მიმართვის მიზეზი. დაკავების ოქმი მ-----– ჭ--–--ეს გააცნეს გარეშე პირის თანდასწრებით, ვინაიდან დაკავებულს ჰქონდა მხედველობის პრობლემა. მათი შეტყობით კონფლიქტი იყო საკმაოდ მწვავე და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით გამართლებული იყო დაკავება.
საქმეში წარმოდგენილი და სხდომაზე გამოკვლეული მოქალაქე ი---- ხ------ის 10.05.18წ. განცხადების თანახმად, იგი მიმართავს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსს და ითხოვს დახმარებას ოჯახური ძალადობის ფაქტზე, მასზე, რომ ქ. ქუთაისში, ნ----- ქ. N34/55-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მისმა ძმამ - მ-----– ჭ--–--ემ 0------- წელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც ესწრებოდა მისი არასრულწლოვანი ძმისშვილი ე---------ე ჭ--–--ე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ - შ---------------- ჩვენებით ირკვევა, რომ 1---------წ. 19:56-20:08 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე მ-----– ჭ--–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს .
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ - შ---------------- ჩვენებით ირკვევა, რომ 1--------- წელს 18:53-19:04 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ი---- ხ------ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. შესამოწმებელმა პ ირმა განაცხადა, რომ წინა დღეს მისმა ძმამ გაშლილი ხელის დარტყმით მარცხენა ყურისა და მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში მიაყენა დაზიანება, რა დროსაც განიცდიდა სუსტი ინტენსივობის ტკივილს.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, მ-----– ჭ--–--ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ი---- ხ------ემ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის, ძმის - მ-----– ჭ--–--ის წინააღმდეგ. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია მ-----– ჭ--–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე. ასევე ჩვენება არ მისცეს ახლო ნათესავის, შვილის და მამის წინააღმდეგ მოწმეებმა: ც----- ჭ--–--ემ და ე---------ე ჭ--–--ემ.
რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეებს (პოლიციის თანამშრომლებს) ისინი კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან, მათ არ დაუნახავთ მ-----– ჭ--–--ის მიერ განხორციელებული ძალადობა, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მ-----– ჭ--–--ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არა მარტო მ-----– ჭ--–--ის მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტი, არამედ არ დასტურდება ის გარემოებაც, რომ აღნიშნულმა ქმედებამ ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ვინაიდან ექსპერტის ჩვენებითა და ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულის სხეულზე ძალადობის კვალი აღმოჩენილი ვერ იქნა.
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ-----– ჭ--–--ის ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----– ჭ--–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დარიკო ვადაჭკორიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი მ-----– ჭ--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
მ-----– ჭ--–--ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
მ-----– ჭ--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად, მ-----– ჭ--–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე, ა-------–------ს რაიონი, სოფელი ბ-------–ში (საკადასტრო კოდი 8-----------) – 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
გამართლებულ მ-----– ჭ--–--ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე