განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.07.2018
საქმის ნომერი
330310017001904758
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3ბ/1477-18 19 ივლისი, 2018 წელი

N330310017001904758 ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - მ----------–-------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 აპრილის №0------------- გადაწყვეტილება მ----------–------ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 10 აპრილის №0------------ გადაწყვეტილება მ----------–------ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ----------–------ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა შესაგებელში სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, მ----------–------ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ 2014 წლის 2 ივლისს მ----------–-------მ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ,,საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე“ განაცხადით, რომელშიც შეიყვანა თავისი შვილი ლ----------–------ე და შვილიშვილი გ-------–------–------ე. განაცხადის მიხედვით, ოჯახი დაზარალდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. მ------–-. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დადგენილი განსახლების წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მოახდინა 2014 წლის 2 ივლისს შევსებული ,,დაზარალებულთა მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე’’ N0------ განაცხადის შეფასება და მის ოჯახს მიენიჭა 17,5 ქულა, (საცხოვრებელი სახლის დაზიანების პირველი კატეგორია-10 ქულა, მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სოციალური პაკეტი-1.5 ქულა, სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში -6 ქულა, ჯამში-17,5 ქულა.

 

4.2 2015 წლის 5 ივნისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტს წარუდგინა ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------–- სტიქიით დაზარალებულთა პირველი კატეგორიის მქონე მ----------–------ის ოჯახის შესახებ. - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მ-----ის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მიერ გაცემული 2017 წლის 18 დეკემბრის N6---- ცნობის თანახმად, 2008 წლის სტიქიური მოვლენის - მეწყრის წარმოშობის შედეგად მოწყდა მ-----ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვანისჭალაში მთის ფერდობი, რომელზეც განთავსებული იყო გ-----------------ს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. შედეგად მთლიანად განადგურდა და მეწყერმა ჩაიტანა მდინარე რიონში.

 

4.3 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აღნიშნულ ოჯახზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გასცა დაზარალებულის პირველი კატეგორია.

 

4.4 მ----------–-------ს 2015 წლის 22 დეკემბრის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული შეფასების შედეგად დაგროვილი 17,5 ქულისა და ოჯახის საჭიროებებზე დამატებით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საკითხს, უახლოეს მომავალში განიხილავდა სტიქიური მოვლენებით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია.

 

4.5 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 14 აპრილის წერილით მოსარჩელე მ----------–-------ს ეცნობა, რომ განხილულ იქნა მისი N0------ განაცხადი. როგორც ეკომიგრანტთა დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, მითითებულ მისამართზე საცხოვრებელი სახლის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანება/დანგრევა არ დადასტურდა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ----------–-------ს უარი ეთქვა ოჯახის დახმარების საკითხის განხილვაზე.

 

4.6 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 14 აპრილის N0------------- წერილზე მ----------–-------მ წარადგინა საჩივარი და მოითხოვა აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

4.7 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 10 აპრილის №0------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება, რომლის საფუძველზეც გაუქმდა მისი განაცხადი ოჯახის მიერ შევსებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე. განმარტებულ იქნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესი.

 

4.8 როგორც სასამართლომ მიუთითა, სამინისტრომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაადგინა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------–- არსებული საცხოვრებელი სახლი დაინგრა 2008 წელს განვითარებული სტიქიური (მეწყერი) მოვლენების გამო, თუმცა მოპასუხის მიერ დადგენილი გარემოებით მოსარჩელეს და მის ოჯახს მოცემულ სახლში ფაქტობრივად არ უცხოვრია.

 

4.9 სასამართლომ მიუთითა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2016 წლის 21 მარტის N- ოქმის მე-16 პუნქტზე, რომლის თანახმად, დ----------------ემ და ნ-------------მ (N8- კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით) კომისიას მოახსენეს მ----------–------ის (განაცხ. N0------) ოჯახის შესახებ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. მ------–- შენობა-ნაგებობა, ბაბუამ ნ---------------ამ შეისყიდა 50-იან წლებში, აღნიშნული ფართი გაქირავებული იყო და ფუნქციონირებდა აფთიაქი, გ--------სა და ნ----–---------ის ოჯახი საცხოვრებლად ფართს არ იყენებდა. გ-------- ცხოვრობენ და დღესაც სახლი გააჩნიათ წყალტუბოში, სოფ. ს--------–ი. სოფ. მ------–- დანგრეული შენობა-ნაგებობის სანაცვლოდ ოჯახს კომპენსაცია არ მიუღია. ტ------–--------ს (მ----------–------ის ძმა) განცხადებით, შენობა დაინგრა მიწისძვრის შედეგად. მ----------–------ის შვილს - ნ--------------–------ეს აქვს სახლი ქ.ქუთაისში. თავად მ-----------–------ეც ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ბ-------–---–----------–- მდებარე სახლის ერთ ოჯახში, ქირით. საცხოვრებელი პირობების არქონის გამო მ----------–------- რჩება ნათესავ ზ----------–------ის სახლში.

 

4.10 სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 27 აგვისტოს გამოკითხვის ოქმის თანახმად, მ-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის დ-------------–--ის ინფორმაციით მ----------–-------ს ამ სახლში არ უცხოვრია, მ----------–------ე არ არის ადგილობრივი მაცხოვრებელი, სახლი ჰქონდა გაქირავებული მაღაზიად, სახლი მდებარეობდა გზის პირას და არ გააჩნდა მიმდებარე მიწის ნაკვეთი. აღნიშნულს, როგორც თავად უთითებს, ასევე ადასტურებენ სოფლის მცხოვრებლები.

 

4.11 მ----------–-------მ წერილობითი განცხადებით მიმართა სამინისტროს და აღნიშნა, რომ მოპოვებული ინფორმაცია იყო მცდარი, რაზეც დამატებით მოპასუხემ მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წლის 03 ივლისს N0------------- წერილით.

 

4.12 აღნიშნული წერილის პასუხად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამინისტროს აცნობა, რომ საცხოვრებელი სახლი ოჯახს მაღაზიად გაქირავებული ჰქონდა მხოლოდ 2-3 წლის განმავლობაში. ხოლო დაზიანებამდე მას საცხოვრებლად იყენებდნენ.

 

4.13 სასამართლო აღნიშნავს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა თავის 2015 წლის 15 ივლისის N3------ წერილით ეყრდნობა მ-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის - დ-------------–--ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ის ამჯერად მიუთითებს საწინააღმდეგო ინფორმაციაზე, კერძოდ კი, დანგრევის პერიოდისათვის ოჯახი ცხოვრობდა ხსენებულ სახლში, რაც დადასტურდა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად. დაუდგენელია კონკრეტულად, ვისი გამოკითხვის შედეგად მიიღო აღნიშნული ინფორმაცია მან, ისევე, როგორც მანამდე იქ გამოკითხულ მცხოვრებლების განმარტებებით დაადგინა, რომ მ----------–-------ს ამ სახლში არასდროს უცხოვრია.

 

4.14 სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, დეპარტამენტმა, კომისიის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ შეისწავლა აღნიშნული საკითხი, რა დროსაც მოხდა მ----------–------ის ძმის ტ------–--------ს გამოკითხვა. მ----------–------ის ძმის ტ------–--------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. მ------–- შენობა-ნაგებობა ბაბუამ - ნ---------------ამ შეისყიდა 50-იან წლებში და წლების განმავლობაში აღნიშნული ფართი გაქირავებული იყო და ფუნქციონირებდა აფთიაქი, მასში გ--------სა და ნ----–---------ის ოჯახს არასოდეს არ უცხოვრია.

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1 სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ‘‘ პუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

5.2 სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 14 აპრილის №0------------- გადაწყვეტილება მ----------–------ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 10 აპრილის №0------------ გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

5.3 სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის’’ პირველი მუხლის თანახმად, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. მოცემული მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.

 

5.4 მოცემული ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შემოთავაზება გულისხმობს დაზარალებულებს მიეცეთ საშუალება წარადგინონ შესაბამისი განაცხადი საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე. საცხოვრებელი სახლის მიღების მიზნით, დაზარალებულის მიერ ივსება ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული N2 დანართის მიხედვით ,,საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა’’, რასაც თან უნდა ერთვოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფოტომასალა, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან, სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმა და ა.შ.)

 

5.5 ზემოაღნიშნული პროცედურის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

5.6 ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეკომიგრანტის ოჯახი ეს არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.

 

5.7 სასამართლომ ზემოთ დასახელებულ ნორმაზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის ოჯახი ვერ ჩაითვლება ეკომიგრანტ ოჯახად, ვინაიდან ამ ნორმის დანაწესი პირდაპირ მიუთითებს ფაქტიურად ცხოვრების ფაქტს, ანუ სავალდებულო პირობას წარმოადგენს, რომ ოჯახი მუდმივად ცხოვრობდეს და ეწეოდეს შინასამეურნეო საქმიანობას ასეთი რისკების ზონაში სტიქიურ მოვლენებამდე საცხოვრებელ სახლში, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალით არ იქნა დადასტურებული.

 

5.8 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის’’ მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

5.9 სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

5.10 სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

5.11 სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და წინააღმდეგობაში არ მოდის სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებთან.

 

5.12 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

5.13 სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.14 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

5.15 სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ----------–------ის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა ეფუძნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არ არსებობს მ----------–------ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უარის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მ----------–------ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ნაწილშიც უსაფუძვლოა.

 

6. მ----------–------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

6.1. აპელანტი მიუთითებს - სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2013 წლის 13 ნოემბრის № 779 ბრძანებით დადგენილი წესით კრიტერიუმების შესაბამისად მოახდინა 2014 წლის 2 ივლისს შევსებული "დაზარალებულთა მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე" № 0------ განაცხადის შეფასება, რომლის თანახმად, მ----------–------ის ოჯახს მიენიჭა: 17,5 ქულა (საცხოვრებელი სახლის დაზიანების პირველი კატეგორია - 10 ქულა, მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სოციალური პაკეტი - 1,5 ქულა, სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა), რაც საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი და საფუძველია. მოცემული კონკრეტული გადაწყვეტილება ფაქტიურად დღემდე ძალაშია და არ არის გაუქმებული, მეტიც, აღნიშნულმა სამინისტრომ მ----------–-------ს 2008 წელს შესთავაზა ბინით უზრუნველყოფა კახეთის რეგიონში, მაგრამ მან იქ დასახლება ვერ შეძლო შვილის ავადმყოფობის და მისი საცხოვრებელი გარემოსაგან სიშორის გამო. სასამართლომ სრული იგნორირება გაუკეთა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

 

6.2 სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2008 წლის სტიქიური მოვლენის - მეწყერის წარმოშობის შედეგად მ-----ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვანისჭალაში მთის ფერდობზე, რომელზეც განთავსებული იყო: გ-----------------ს (მ----------–------ის მამის) სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მთლიანად განადგურდა და მეწყერმა ჩაიტანა მდინარე რიონში, ხოლო ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ: მითითებულ მისამართზე საცხოვრებელი სახლის დანგრევა - " არ დადასტურდაო" რაც გახდა საფუძველი უარის თქმისო. აპელანტი მიუთითებს, რომ კონკრეტულ ფაქტს - სახლის დანგრევას ადასტურებს სასამართლო პროცესზე მის მიერ წარდგენილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი დოკუმენტაცია.

 

6.3 აპელანტი მიუთითებს - სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სამინისტროს სადაო გადაწყვეტილებები შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, ეს არ არის საკმარისი, რასაც ვერ დავეთანხმებით, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი უნდა იყოს შედგენილი ფაქტიური გარემოებების და სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე, კერძოდ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მოხდა ფაქტების დამახინჯება, სტიქიური მოვლენის თითქოსდა არარსებულად გამოცხადება და მ----------–------ის და მისი ინვალიდი შვილის საცხოვრებელი ადგილის გარეშე დატოვება; სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ეყრდნობა საეჭვო სატელეფონო გასაუბრების 2 ოქმს, რომელიც შედგა მ----------–------ის ძმასთან - ტ------–--------სთან (რომელთანაც კონფლიქტშია ჩემი მარწმუნებელი) და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მ-----ის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან - დ-------------–--ესთან. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა გადმოგვცა ჩვენი პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც წარუდგინეთ სასამართლოს და დაერთო საქმეს.

 

6.4 აპელანტის მოსაზრებით სასამართლოს გადაწყვეტილების 6.2 პუნქტი სამართლებრივი შეფასების თაობაზე აშკარად წინააღმდეგობაშია ამავე გადაწყვეტილების 3.1.1.; 3.1.2.; 3.1.3 პუნქტებთან ყველა ასპექტში. ამ უკანასკნელი პუნქტების მიხედვით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ალტერნატიული სამართლებრივი დასაბუთებით და უნდა მიეღო საპირისპირო გადაწყვეტილება.

 

7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

7.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

7.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7.3 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

7.4 პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

7.5. დადგენილია, რომ 2014 წლის 2 ივლისს, მ----------–-------მ შეავსო დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადი, რომელშიც შეიყვანა თავისი შვილი ლ----------–------ე და შვილიშვილი გ-------–------–------ე და მიუთითა, რომ მისი ოჯახი დაზარალდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. მ------–- სტიქიური მოვლენების შედეგად. სახლი ჩაიტანა მეწყერმა და ამჟამად ოჯახი ცხოვრობს ქირით (ტ.1.ს.ფ.117-118). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დადგენილი განსახლების წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, მოახდინა 2014 წლის 2 ივლისს შევსებული ,,დაზარალებულთა მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე’’ N0------ განაცხადის შეფასება და მის ოჯახს მიენიჭა 17,5 ქულა, (საცხოვრებელი სახლის დაზიანების პირველი კატეგორია - 10 ქულა, მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სოციალური პაკეტი-1.5 ქულა, სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა, ჯამში-17,5 ქულა).

 

7.6 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მ-----ის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 2017 წლის 18 დეკემბერს გაცემული N6---- ცნობის თანახმად, 2008 წლის სტიქიური მოვლენის - მეწყრის წარმოშობის შედეგად მოწყდა მ-----ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვანისჭალაში მთის ფერდობი, რომელზეც განთავსებული იყო გ-----------------ს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. შედეგად მთლიანად განადგურდა და მეწყერმა ჩაიტანა მდინარე რიონში.

 

7.7 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 14 აპრილის წერილით მ----------–-------ს ეცნობა, რომ განხილულ იქნა მისი N0------ განაცხადი. ეკომიგრანტთა დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მითითებულ მისამართზე საცხოვრებელი სახლის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანება/დანგრევა არ დადასტურდა და უარი ეთქვა ოჯახის დახმარების საკითხის განხილვაზე.

 

7.8 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 14 აპრილის N0------------- წერილზე მ----------–-------მ წარადგინა საჩივარი და მოითხოვა აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

7.9 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 10 აპრილის №0------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მ----------–------ის საჩივარი 2016 წლის 14 აპრილის N0------------- წერილზე არ დაკმაყოფილდა. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება, რომლის საფუძველზეც გაუქმდა მისი განაცხადი ოჯახის მიერ შევსებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე. განმარტებულ იქნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესი.

 

7.10 სამინისტრომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაადგინა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------–- არსებული საცხოვრებელი სახლი დაინგრა 2008 წელს მომხდარი სტიქიური (მეწყერი) მოვლენების გამო, თუმცა მოპასუხის მიერ დადგენილი გარემოებით მოსარჩელეს და მის ოჯახს მოცემულ სახლში ფაქტობრივად არ უცხოვრია.

 

7.11 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2016 წლის 21 მარტის N- ოქმის მე-16 პუნქტის თანახმად, დ----------------ემ და ნ-------------მ (N8- კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით) კომისიას მოახსენეს მ----------–------ის (განაცხ. N0------) ოჯახის შესახებ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. მ------–- შენობა-ნაგებობა ბაბუამ - ნ---------------ამ შეისყიდა 50-იან წლებში, აღნიშნული ფართი გაქირავებული იყო და ფუნქციონირებდა აფთიაქი, გ--------სა და ნ----–---------ის ოჯახი საცხოვრებლად ფართს არ იყენებდა. გ-------- ცხოვრობენ და დღესაც სახლი გააჩნიათ წყალტუბოში, სოფ. ს--------–ი. სოფ. მ------–- დანგრეული შენობა-ნაგებობის სანაცვლოდ ოჯახს კომპენსაცია არ მიუღია. ტ------–--------ს (მ----------–------ის ძმა) განცხადებით, შენობა დაინგრა მიწისძვრის შედეგად, მ----------–------ის შვილს - ნ--------------–------ეს აქვს სახლი ქ. ქუთაისში. თავად მ----------–-------ც ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ბ-------–---–----------–- მდებარე სახლის ერთ ოჯახში, ქირით. საცხოვრებელი პირობების არქონის გამო მ----------–------- რჩება ნათესავ ზ----------–------ის სახლში.

 

7.12 პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 2014 წლის 27 აგვისტოს გამოკითხვის ოქმზე, რომლის თანახმად, მ-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის დ-------------–--ის ინფორმაციით, მ----------–-------ს ამ სახლში არ უცხოვრია, მ----------–------ე არ არის ადგილობრივი მაცხოვრებელი, სახლი ჰქონდა გაქირავებული მაღაზიად, სახლი მდებარეობდა გზის პირას და არ გააჩნდა მიმდებარე მიწის ნაკვეთი. აღნიშნულს, როგორც თავად უთითებს, ასევე ადასტურებენ სოფლის მცხოვრებლები.

 

7.13 მ----------–-------მ წერილობითი განცხადებით მიმართა სამინისტროს და აღნიშნა, რომ მოპოვებული ინფორმაცია იყო მცდარი, რაზეც დამატებით მოპასუხემ მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წლის 03 ივლისს N0------------- წერილით. აღნიშნული წერილის პასუხად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამინისტროს აცნობა, რომ საცხოვრებელი სახლი ოჯახს მაღაზიად გაქირავებული ჰქონდა მხოლოდ 2-3 წლის განმავლობაში, ხოლო დაზიანებამდე მას საცხოვრებლად იყენებდნენ.

 

7.14 საქმეში არსებული დ-------------–--ის (გამგებლის წარმომადგენელი სოფ. მ-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში) მოხსენებითი ბარათის მიხედვით, რომლითაც ის მიმართავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს და შემდგომ ამ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილისადმი 15.07.2015წ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაგზავნილი N3------ წერილის თანახმად, მ----------–------ის დედის - ჟენია გუგავას საცხოვრებელი სახლის დანგრევა გამოიწვია მეწყერმა. გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებში, ორი-სამი წლის ვადით ფართი მაღაზიად იყო გაქირავებული, თუმცა ბოლო წლებში, დანგრევის პერიოდისთვის, ოჯახი ცხოვრობდა ხსენებულ სახლში, რაც დასტურდება ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვით.

 

7.15 პალატამ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი 04.04.2017წ. ოქმი მ----------–------ის ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე დ-------------–--ის (გამგებლის წარმომადგენელი სოფ. მ-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში) სატელეფონო საუბრის დროს გამოკითხვის შესახებ, სადაც ეს უკანასკნელი უთითებს, რომ სტიქიით განადგურებული სახლი მ----------–-------ს წლების განმავლობაში გაქირავებული ჰქონდა და იქ სხვადასხვა დროს ფუნქციონირებდა მაღაზია და აფთიაქი. მ----------–------- სტიქიამდე 2-3 წლით ადრე აკითხავდა ამ სახლს, როგორც თავის უძრავ ქონებას, თუმცა მას იქ არასდროს უცხოვრია. დ-------------–--ე იმ პერიოდში არ მუშაობდა გამგებლის წარმომადგენლად სოფელ მ-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში, თუმცა მას აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს სოფლის მცხოვრებლებმა.

 

7.16 სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში შესწავლილია აგრეთვე სოფელ მ-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალტუბოს მერის წარმომადგენლის - დ-------------–--ის მიერ 15.12.2017წ. შედგენილი ოქმი და ამ ოქმის საფუძველზე 18.12.2017წ. გაცემული N6---- ცნობა, საიდანაც მხოლოდ ის ირკვევა, რომ 2008 წელს მომხდარი მეწყერის დროს მთლიანად განადგურდა მ----------–------ის მშობლების - გ--------------–---- გ--------ს საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული დოკუმენტებით არ დგინდება მ----------–------ის ოჯახის ხსენებულ მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

7.17 პალატა აღნიშნავს, რომ მ----------–------ის ძმის ტ------–--------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. მ------–- შენობა-ნაგებობა ბაბუამ - ნ---------------ამ შეისყიდა 50-იან წლებში და წლების განმავლობაში აღნიშნული ფართი გაქირავებული იყო და ფუნქციონირებდა აფთიაქი, მასში გ--------სა და ნ----–---------ის ოჯახს არასოდეს უცხოვრია.

 

7.18 პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, მ----------–------- რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. ქუთაისი, ბ-------–---–--------- და იღებს საარსებო შემწეობას (ტ.1. ს.ფ.16).

 

7.19 პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მ----------–------ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გაცემულია 2008 წლის 21 ნოემბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურის მიერ და მ----------–------ის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქ. ქუთაისი, ვ---------------------------, ხოლო დაბადების ადგილად - წყალტუბო (ტ.1. ს.ფ.127).

 

7.20 საპენსიო მოწმობის N5----- თანახმად, რომელიც გაცემულია ქუთაისის სოცუზრუნველყოფის განყოფილების მიერ, მ----------–------ის შვილი - მ--–-----------------------–------ე წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს (მე-3 ჯგუფის ინვალიდი) და პენსია დანიშნული აქვს ქ. ქუთაისში, 23.01.1991 წლიდან. მ----------–------- ასევე წარმოადგენს შესაძლებლობის მკვეთრი შეზღუდვის მქონე პირს და დანიშნული აქვს პენსია 2004 წლის 10 სექტემბრიდან. მისი საპენსიო მოწმობა დამოწმებულია საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის ბეჭდით (ტ.1.ს.ფ.102).

 

7.21 საქმეში წარმოდგენილი მ----------–------ის შვილის - მ--–-----------------------–------ის სტაციონალური ავადმყოფობის ბარათიდან ამონაწერის თანახმად, რომელიც გაცემულია 1999 წლის 14 მაისს, საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. ქუთაისი, ა--–---------- (ტ.1.ს.ფ.103).

 

7.22 პალატა ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი მ----------–------ის მიერ ვ----------------–---ის სახელზე გაცემულ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელ მინდობილობაზე, სადაც მ----------–------ის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. ქუთაისი, ვ---------------------------- (ტ.1. ს.ფ.92).

 

7.23 საქმეში წარმოდგენილი კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის თანახმად, რომელიც გაცემულია 12.01.1990წ., მ----------–------ის დედის - ჟ-------------------–---------ს საცხოვრებელ ადგილად მითითებულია სოფელი საჩხ------ (ტ.1.ს.ფ.20).

 

7.24 მ----------–------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის 8 სექტემბერს გაცემულ ცნობაში მ----------–------ის საცხოვრებელ ადგილად ასევე მითითებულია ქ. ქუთაისი, ვ----------------------------- (ტ.1 ს.ფ.128).

 

8. სამართლებრივი დასაბუთება

 

8.1 ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებითაც და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

8.2 გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 14 აპრილის №0------------- გადაწყვეტილება მ----------–------ისთვის საცხოვრებელთან დაკავშირებით დახმარების გაწევაზე უარის შესახებ, ასევე, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 10 აპრილის №0------------ გადაწყვეტილება, მ----------–------ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

8.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“.

 

8.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის’’ პირველი მუხლის თანახმად, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. დასახელებული მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.

 

8.5 აღნიშნული პროცედურის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი უთითებს სავალდებულო წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ოჯახი შეიძლება ჩაითვალოს ეკომიგრანტად, კერძოდ, ეკომიგრანტი ოჯახი - განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.

 

8.6 ზემოთ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმის მასალებზე მითითებით პალატა მიიჩნევს, რომ არ დასტურდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------–- მ----------–------ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი, ვინაიდან საქმეში არ არსებობს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები (მაგალითად, საკომლო ჩანაწერები, გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის საცხოვრებელი ადგილის შესახებ). მართალია, დადგენილია სტიქიური მოვლენის შედეგად მ----------–------ის მშობლების კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დანგრევის ფაქტი, მაგრამ პალატა განმარტავს, რომ აუცილებელია მოსარჩელის ამ საცხოვრებელ სახლში მუდმივი ცხოვრების ფაქტის დადგენაც. „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ ზემოთ ციტირებული მოთხოვნების მიხედვით, სახელმწიფო მხოლოდ მაშინ იღებს ვალდებულებას საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოს გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი თუ იმავდროულად დაფიქსირებულია ამ ოჯახის მუდმივად ცხოვრების ფაქტი სტიქიური უბედურების შედეგად დანგრეულ ან/და დაზიანებულ (საცხოვრებლად უვარგის) საცხოვრებელი სახლში. ანუ სტიქიით დანგრეული სახლის სანაცვლოდ სხვა საცხოვრებლით უზრუნველყოფას სახელწიფო მხოლოდ მაშინ ახდენს, თუ დადგინდება დაზარალებული ოჯახის მიერ ამ სახლის არა მარტო საკუთრებაში ქონა, არამედ იქ მუდმივი ცხოვრებაც.

 

8.7. პალატა განმარტავს, რომ მ----------–------ის სოფელ მ------–- მუდმივი ცხოვრების ფაქტის დასადგენად საკმარისი არ არის სოფელ მ-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალტუბოს მერის წარმომადგენლის - დ-------------–--ის ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი განმარტებები, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდის ინფორმაციებში დ-------------–--ე არ ადასტურებს მ----------–------ის იქ მუდმივად ცხოვრების ფაქტს. საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ გამოკვლეული ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ მ----------–-------ს მუდმივად არ უცხოვრია იმ სახლში, რომელიც მეწყრული მოვლენის შედეგად დაინგრა. სახლის დანგრევამდე და მის შემდეგაც ის ცხოვრობდა ქ.ქუთაისში, რაც დადგენილია საქმეში არსებული დოკუმენტებით.

 

8.8. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ არსებით გარემოებასაც, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება ან რაიმე მყარი არგუმენტი, საიდანაც დადგინდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დანგრეული სახლის საკომპენსაციოდ მ----------–------ისთვის საქართველოს რომელიმე რეგიონში სხვა საცხოვრებლის შეთავაზების ფაქტი. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2008 წელს სამინისტრომ მ----------–-------ს შესთავაზა ბინით უზრუნველყოფა კახეთის რეგიონში, მაგრამ ამ უკანასკნელმა იქ დასახლება ვერ შეძლო შვილის ავადმყოფობის და მისი საცხოვრებელი გარემოსგან სიშორის გამო. მიუხედავად აპელანტის ამ განცხადებისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც ამ ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა და სააპელაციო სასამართლოს შეუქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გაცემული დაპირების მიმართ აპელანტის კანონიერი ნდობის არსებობის საფუძველს. სასამართლომ გამოიკვლია აღნიშნული ფაქტი და აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ მსგავსი შინაარსის ოფიციალური დაპირება არ გაცემულა, საქმეში არ არსებობს ამ გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, ხოლო მხოლოდ აპელანტის განცხადება არ არის საკმარისი ამ გარემოების მოცემულობად მიჩნევისთვის.

 

8.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

8.10. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას და არ არსებობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 14 აპრილის №0------------- გადაწყვეტილების და მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 10 აპრილის №0------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მართებულად არ დააკმაყოფილა მ----------–------ის სარჩელი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, აგრეთვე, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ.

 

9. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

9.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

10. საპროცესო ხარჯები

 

10.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, აპელანტი - მ----------–------- განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით,სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----------–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გელა ბადრიაშვილი