განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/946-18 25 თებერვალი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნატალია ნაზღაიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი – მ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე – შ-----------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ-----------------ის სარჩელი, მოპასუხე მ---------ის მიმართ, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა სრულად: მოპასუხე მ---------ეს შ-----------------ის სასარგებლოდ, დაეკისრა 9537,77 ლარის გადახდა;
2. 2017 წლის 13 ნოემბერს, მოპასუხე მ---------ემ საჩივარი წარადგინა, რომლითაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. საჩივრის ავტორის განმარტებით, 2017 წლის 18 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რაზედაც მან წარადგინა განცხადება სასამართლო სხდომის გადადების შესახებ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ---------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ---------ემ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
4. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ იმ გარემოებით, რომ მ---------ე ქალაქ ზ----------ის სამედიცინო კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, იყო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რის გამოც ფოსტის საშუალებით გამოგზავნა შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნით, რასაც თან ერთვოდა სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემულ ცნობაში, ნათლად არის აღწერილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა: მწვავე დაავადება სამედიცინო ტერმინით „ლუმფოიშიოლოგია“, ანუ წელის და მარჯვენა კიდურის გაკავება, ძლიერი ტკივილებით წელის არეში, მარჯვენა კიდურის მოძრაობა მკვეთრად შეზღუდული, რაც აფერხებს ფეხზე დგომის, გადაადგილების შესაძლებლობას. ამდენად, სამედიცინო ცნობაში მითითებული ჯამრთელობის მდგომარეობის თანახმად, პაციენტს შეფერხებული ჰქონდა ფეხზე დგომის და გადაადგილების შესაძლებლობა. ზ----------იდან თბილისამდე მანძილი არის ო----ი კილომეტრი, რაც მ---------ის მდგომარეობაში ფიზიკურად შეუძლებელს ხდიდა გადაადგილებას. რაც შეეხება მოსამართლის იმ განმარტებას, რომ მ---------ე სამედიცინო კლინიკამდე თავის ფეხით არის მისული და არა რეანომობილით, აპელანტი განმარტავს, რომ ქ. ზ----------ში მ---------ის საცხოვრებლიდან კლინიკამდე ერთი კილომეტრიც არ არის და ის კლინიკაში მიყვანილ იქნა არა რიანომობილით, არამედ ოჯახის ავტომობილით. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული განმარტება სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიჩნია საკმარისად და საქმეზე გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
7. სადავო არ არის გარემოება, რომ მ---------ე 2017 წლის 18 სექტემბერს დანიშნული სხდომის თაობაზე და სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. 2017 წლის 18 სექტემბერს სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე. მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა, რაც დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
12. მოცემულ შემთხვევაში, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობის საფუძვლით, საპატიო გარემოებად კი დასახელებულია ავადმყოფობა.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
14. ამდენად, საპროცესო ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს მტკიცებულების სახეობას, რითაც შეიძლება დადასტურებულად იქნეს მიჩნეული ავადმყოფობა, როგორც პროცესზე წარმოუდგენლობის საპატიო გარემოება. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 215–ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ასეთ მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცინო ცნობა, რომელიც ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
15. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია 2017 წლის 14 სექტემბრით დათარიღებული სამედიცინო ცნობა, რომელში ასახული სამედიცინო დიაგნოზის თანახმად, მ---------ეს დაუდგინდა მწვავე ლუმბოიშიალგია (ტკივილი წელის არეში ირადიაციით მარჯვენა ქვედა კიდურისაკენ, მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა, სიარულის გაძნლება, ფეხზე დიდხანს დგომის შეუძლებლობა), რეჟიმი - ამბოლატორიული. მოპასუხის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი განხორციელებულია პირადად - 2017 წლის 13 სექტემბერს.
16. პალატა ითვალისწინებს ცნობაში მითითებულ დიაგნოზს და მიაჩნია, რომ იგი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების დასადასტურებლად ვერ გამოდგება, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნათა საპირისპიროდ, არ შეიცავს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ პაციენტის მდგომარეობა რამდენად შეუძლებელს ხდიდა მის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, ექიმთან განხორციელებული ვიზიტიდან 5 დღის შემდეგ - 2017 წლის 18 სექტემბერს (ანუ მას შემდეგ რაც პაციენტმა დანიშნულების შესაბამისად ჩაიტარა მკურნალობა). პალატის მოსაზრებით, მითითებული დიაგნოზი ობიექტურად არ იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს მ---------ის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება იყო შეუძლებელი.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა 2017 წლის 18 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის საპატიო გარემოების არსებობა, რაც შეიძლებოდა სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გამოტანილია საპროცესო ნორმების დაცვით. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
18. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
საპროცესო ხარჯები
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მ---------ეს გადაუვადდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 281.51 ლარის ოდენობით. შესაბამისად, აპელანტს უნდა დაეკისროს მითითებული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
3. მ---------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 281.51 ლარის ოდენობით.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე