განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2019
საქმის ნომერი
330210117002006342
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/894-18 24 დეკემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი – შპს „-–-–-“

წარმომადგენელი – ზ------ მ-----–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-–----------–----ი“

წარმომადგენელი - დ----- ღ------ე

 

დავის საგანი – მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1. შპს „ე-–----------–----ისთვის“ შპს „-–-–-ს“ სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 11 275,45 ლარის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „-–-–-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 266-ე მუხლის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. 2013 წლის 01 იანვარს, შპს „-–-–-ს“ და შპს „ე-–----------–----ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „-–-–-ს“ დროებით სარგებლობაში გადაეცა ქ.თბილისში, თ--------------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრში არსებული 3---- კვ.მ. ფართი.

 

2.1.2. 2----–-–----------------–ს, თბილისში, თ--------------------ში მდებარე შენობაში გაჩნდა ხანძარი. ხანძრის შედეგად განადგურდა შპს „-–-–-ს“ კუთვნილი 27 791,15 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა.

 

2.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „-–-–-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ე-–----------–----ს“ შპს „-–-–-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 27 791,15 ლარის გადახდა.

 

2.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 17 მარტს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 22-34)

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განჩინება (ტომი 1, ს.ფ. 35)

 

2.2. 2017 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებაზე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც შპს „-–-–-ს“ წარმომადგენელმა წარადგინა იძულებით აღსასრულებლად.

 

2017 წლის 18 მაისს, კერძო აღმასრულებელმა შპს „ე-–----------–----ს“ გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

 

2017 წლის 23 მაისს, შპს „ე-–----------–----მა“ კრედიტორს აუნაზღაურა სასამართლოს 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 37)

- 2017 წლის 23 მაისის საგადასახადო დავალება (ტომი 1, ს.ფ. 36)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ხანძრის შემდეგ ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, მიღებული თანხით შპს „-–-–-“ მიიღებდა შემოსავალს, რაც თუნდაც საბანკო ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, 2----–-–---------------–იდან 2017 წლის 23 მაისამდე (შპს „ე-–----------–----ის“ მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ანაზღაურებამდე) შეადგენდა 11 275,45 ლარს.

 

დადგენილია, რომ შპს „-–-–-ს“ სარგებლობაში არსებული ფართი ხანძრის შედეგად დაზიანდა 2----–-–----------------–ს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, შპს „ე-–----------–----ს“ და დაზარალებულებს, მათ შორის შპს „-–-–-ს“, შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება ზიანის ანაზღაურების თაობაზე (იხ. ტომი 1, ს.ფ.125-146). საბოლოოდ, მხარეები ვერ შეთანხმდნენ ზიანის ოდენობაზე და შპს „-–-–-მ“ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ე-–----------–----ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

შპს „ე-–----------–----მა“ შპს „-–-–-ს“ სარჩელზე წარადგინა შესაგებელი. შპს „ე-–----------–----ი“ არ ეთანხმებოდა შპს „-–-–-ს“ მოთხოვნას და განმარტავდა, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს ის არ წარმოადგენდა. გარდა ამისა, მოპასუხე სადაოდ ხდიდა ზიანის თანხის ოდენობას და მის გაანგარიშებას. ამდენად, მოპასუხე მხარე სამართლებრივი გზით ედავებოდა მოსარჩელის მოთხოვნას.

 

სასამართლოს 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „-–-–-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ზემდგომ ინსტანციებში და საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, 2017 წლის 17 მარტს, მიღებული იქნა განჩინება შპს „ე-–----------–----ის“ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლოს 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 17 მარტს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, რის გამოც სასამართლოში დავის განხილვის განმავლობაში შპს „ე-–----------–----ის“ მიერ საკუთარი პოზიციის დაცვა ვერ იქნება განხილული არამართლზომიერ ქმედებად, დავის განხილვის გაჭიანურებად და მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან თავის არიდების მცდელობად. შესაბამისად, სასამართლომ მიაჩნია, რომ 2017 წლის 17 მარტამდე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს არ ეკისრებოდა.

 

რაც შეეხება, 2017 წლის 17 მარტის შემდგომ პერიოდს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არც ამ პერიოდისთვის ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ქონებრივი პასუხისმგებლობის მოვალისათვის დასაკისრებლად და ზიანის ანაზღაურებისათვის საჭიროა ადგილი ქონდეს პირის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, სახეზე იყოს ზიანი და არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი მოვალის ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად სავარაუდო იყო მოპასუხისათვის, რომ მოსარჩელეს მიადგებოდა ზიანი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სავარაუდობა სახეზეა, თუ შედეგის დაშვება შეგნებული მოვალის პერსპექტივიდან ობიექტურად შესაძლებელი იყო. ამდენად, გასათვალისწინებელია არა კონკრეტული მოვალის, არამედ ზოგადად გონიერი და შეგნებული მოვალის მიერ იმ შედეგების გაცნობიერება, რაც განპირობებული შეიძლება იყოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით, ანუ გასათვალისწინებელია ობიექტურად არსებული კრიტერიუმები. ამასთან ერთად, ზიანი, გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი და პირდაპირი შედეგი უნდა იყოს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412–ე მუხლის თანახმად, „მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი“ არ უნდა გავიგოთ მოვალის სუბიექტური შესაძლებლობების მიხედვით. გონივრულად სავარაუდო ზიანი ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის, რომ მითითებული ნორმის მიხედვით გათვალისწინებულია პირდაპირი ზიანი, რადგან ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინება გამოტანილი იქნა 2017 წლის 17 მარტს. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2017 წლის 16 მაისს, რომელიც წარდგენილი იქნა იძულებით აღსასრულებლად. 2017 წლის 18 მაისს, კერძო აღმასრულებელმა მოპასუხეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. 2017 წლის 23 მაისს, შპს „ე-–----------–----მა“ კრედიტორს აუნაზღაურა სასამართლოს 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა. ამდენად, შპს „ე-–----------–----მა“ ნებაყოფლობით შეასრულა სასამართლოს 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება, რაც მიუთითებს მოპასუხე მხარის მზაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ, კრედიტორის მოთხოვნის შემთხვევაში, აენაზღაურებინა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 17 მარტის შემდეგ, თანხის გადახდის, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შემოსავლის დაკარგვის თაობაზე შპს „ე-–----------–----ისთვის“ შეტყობინების თაობაზე მტკიცება მოსარჩელე მხარეს არ განუხორციელებია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე მხარეს არ განუხორციელებია იმ გარემოების მტკიცება, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ თანხის დაუყოვნებლივ აუნაზღაურებლობის შემთხვევაში ის დაკარგავდა შემოსავალს და აღნიშნულის თაობაზე მოპასუხე ინფორმირებული იყო.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა სარჩელზე თანდართულ მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი 2014 წლის 3 ოქტომბერს გაგზავნილ წერილს, რომელიც წარმოადგენს მოპასუხის ინფორმირებას მოსალოდნელი ზიანის თაობაზე. აპელანტის მოსაზრებით აღნიშნული წერილის შინაარსი მოპასუხისათვის იძლეოდა საკმარის მინიშნებას იმის თაობაზე, რომ ზიანის დროული აუნაზღაურებლობა წარმოშობდა ახალ ზიანს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

9. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2----–-–----------------–ს, თბილისში, თ--------------------ში მდებარე შენობაში გაჩნდა ხანძარი. ხანძრის შედეგად განადგურდა შპს „-–-–-ს“ კუთვნილი 27 791,15 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „-–-–-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს „ე-–----------–----ს“ შპს „-–-–-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 27 791,15 ლარის გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 17 მარტს. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2017 წლის 16 მაისს. 2017 წლის 18 მაისს, კერძო აღმასრულებელმა მოპასუხეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. შპს „ე-–----------–----მა“ კრედიტორს სასამართლოს 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა აუნაზღაურა 2017 წლის 23 მაისს.

 

10. მოსარჩელის განმარტებით, შპს „ე-–----------–----ის“ მიერ ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის დაუყოვნებლივ ანაზღაურების შემთხვევაში შპს „-–-–-“ მიიღებდა შემოსვალს, კერძოდ, მიღებული თანხის თუნდაც საბანკო ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, 2----–-–---------------–იდან 2017 წლის 23 მაისამდე ანაბარზე დარიცხული სარგებელი 11 275,45 ლარი იქნებოდა. სააპელაციო პრტენზიის თანახმად, მოპასუხე სავარაუდო ზიანის თაობაზე ინფორმირებული იყო მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი 2014 წლის 3 ოქტომბერს გაგზავნილი წერილით.

 

11. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების სამართლებრივი წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავლის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისათვის პირველ რიგში, უნდა გაირკვევს მიყენებული ზიანის შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა.

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის.

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს.

სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012).

პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ განაცდური მოგება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავლი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ., სუსგ-ის 2015 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-459-438-2015).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ე-–----------–----ი“ 2----–-–----------------–ს გაჩენილი ხანძრის შედეგად მის მიმართ წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას არ ეთანხმებოდა და სამართლებრივად დავობდა, რა დროსაც განმარტავდა, რომ ის არ წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს. იგი ასევე სადავოდ ხდიდა ზიანის თანხის ოდენობას და მის დაანგარიშებას.

 

პალატის მოსაზრებით, ვინაიდან მოპასუხე მხარე სამართლებრივი გზით ედავებოდა მოსარჩელეს და სადავოდ ხდიდა ზიანის ოდენობას და ბრალეულ პირს, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. ასეთ მოცემულობაში, კი მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი 2014 წლის 3 ოქტომბერს გაგზავნილი წერილი, რომლითაც შპს „-–-–-“ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის შესახებ აფრთხილებდა, ზიანის მიმყენებელი სუბიექტისა და ზიანის ოდენობის სადავოობის გამო, განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ წინაპირობად ვერ განიხილება.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს რეალურად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება, კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 17 მარტს. მასზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2017 წლის 16 მაისს, მოპასუხემ კი დაკისრებული თანხა (ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი) ნებაყოფლობით ორ კვირაში - 2017 წლის 23 მაისს აანაზღაურა.

 

რაც შეეხება, 2017 წლის 17 მარტის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის დაუყოვნებელი გადაუხდელობის გამო მიუღებელ შემოსავალს (2017 წლის მარტიდან 2017 წლის 23 მაისამდე), პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას და მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს არ განუხორციელებია იმ გარემოების მტკიცება, რომ მოსარჩელეს გააჩნდა სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შედეგად რაიმე მოგების მიღების მიზანი. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე არ გვაქვს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

საპროცესო ხარჯები

13. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „-–-–-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე