განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.05.2019
საქმის ნომერი
120210018002272550
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4219-18 11 იანვარი, 2019 წელი

თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნატალია ნაზღაიძემ

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი _ დ------ ღ------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ თ------------ე

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

 

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

 

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ------------ის სარჩელი დ------ ღ------–---–ის, ნ-----–--–---–-–---–ისა და ჯ----– ღ------–---–ის მიმართ, უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, დაკმაყოფილდა და მოპასუხე დ------ ღ------–---–ის, ნ-----–--–---–-–---–ისა და ჯ----–ი ღ------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ბ---------ის რაიონის სოფელ ზ----ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით №------------) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - თ------------ეს. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2018 წლის 23 მარტს დ------ ღ------–---–ის წარმომადგენელმა ფ---------------ემ საჩივრით მიმართა სასამართლოს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ითხოვა, რაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 29 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ------ ღ------–---–მა და მათი გაუქმება მოითხოვა.

 

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

3. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 9 მარტს მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, იმ გარემოებით, რომ მოპასუხის წარმომადგენელი 2018 წლის 9 მარტს დაბარებული იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე, რის შესახებაც მისი ინფორმირება მოხდა უფრო ადრე, ვიდრე ახალციხის რაიონულ სასამართლოში 9 მარტს ჩანიშნული სხდომის შესახებ. შესაბამისად, მისი დასწრება სასამართლო პროცესზე შეუძლებელი იყო.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

7. სადავო არ არის გარემოება, რომ მოპასუხე დ------ ღ------–---–ი 2017 წლის 9 მარტს დანიშნული სხდომის თაობაზე და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

8. 2017 წლის 9 მარტის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არც უშუალოდ მოპასუხე მხარე და არც მისი წარმომადგენელი. მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა.

 

9. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, კერძოდ:

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

9.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

 

9.3. მოცემულ შემთხვევაში, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობის საფუძვლით, საპატიო გარემოებად კი დასახელებულია მოპასუხის წარმომადგენლის ფ---------------ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე ყოფნა.

 

9.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

9.5. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ წარმოდგენილია ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ ადვოკატი ფ---------------ე 2017 წლის 9 მარტს იმყოფებოდა გასაუბრებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოში.

 

9.6. აღნიშნული მტკიცების საპირისპიროდ, პალატა აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ წარმოდგენილი ცნობით არ დგინდება, თუ რომელ საათზე იმყოფებოდა ადვოკატი გასაუბრებაზე და რამდენად წარმოადგენდა იგი 2017 წლის 9 მარტს 17:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ხელისშემშლელ გარემოებას, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის თანახმად, მოპასუხე დ------ ღ------–---–ს ჰყავს მეორე წარმომადგენელი - ლ---------ე, რომელიც ასევე არ გამოცხადებულა პროცესზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. აპელანტმა ვერ დაასაბუთა, თუ რა დამაბრკოლებელი გარემოება არსებობდა იმისათვის, რომ ვერც მეორე წარმომადგენელმა ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

 

9.7. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა განმარტავს, რომ მხარეთა მიერ საპროცესო წარმომადგენლის მეშვეობით სამართალწარმოების პროცესში უფლებრივი ინტერესის დაცვა, არ ათავისუფლებს მხარეებს პროცესუალური ტვირთისა და ვალდებულებებისგან, შესაბამისად, წარმომადგენლის პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული ობიექტური ან/და სუბიექტური ფაქტორით, გავლენას ვერ მოახდენდა აპელანტის პროცესზე პირადად გამოცხადების ვალდებულებაზე. მხარის გამოუცხადებლობით საქმეზე დამდგარი შედეგის რისკის მატარებელი თავად დავის მწარმოებელი მხარეა. ამდენად, მტკიცებას საჭიროებს უშუალოდ აპელანტის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოობაც, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ დადასტურებულა (იხ: სუს გადაწყვეტილება საქმეზე #ას-86-82, 09.03 2016 წელი).

 

9.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

9.9. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა 2017 წლის 9 მარტის სასამართლო სხდომაზე მოპასუხისა და მისი ორი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობაში. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმების დაცვით. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

საპროცესო ხარჯები

 

11. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. დ------ ღ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე