განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002589524
საქმე N3ბ/893-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
17 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა;
წარმომადგენელი - ა-----------;
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) - კ------------ე ჯ------ი (პ/ნ 3---------);
მესამე პირი (ა.ს.კ 16.1) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვალის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე კ------------ე ჯ------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მოსარჩელე კ------------ე ჯ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე კ------------ე ჯ------ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 აგვისტოს განაჩენით კ------------ე ჯ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
4.2 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განაჩენით (საქმე N1ბ/621-14), მსჯავრდებულების კ------------ე ჯ------ის, ლ---- მ-----ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 აგვისტოს განაჩენი კ------------ე ჯ------ისა და ლ---- მ-----ის მიმართ. კ------------ე ჯ------ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
4.3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის განჩინებით (საქმე N343აპ-15) დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. (ს.ფ. 22-30); (ს.ფ. 31);
4.4 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით კ------------ე ჯ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
4.5 თბილისის სააპელაციო სასამართლო 2017 წლის 20 ნოემბრის განაჩენით (საქმე N1/ბ-732-17), მსჯავრდებულ კ------------ე ჯ------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი კ------------ე ჯ------ის მიმართ და მის ნაცვლად დადგა გამამართლებელი განაჩენი. კ------------ე ჯ------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
4.6 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის (საქმე N12აპ-18) განჩინებით, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად. (ს.ფ. 33-42); (ს.ფ. 45).
4.7 საქმეში წარმოდგენილია საქართველოს საჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს N- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მსჯავრდებულ კ------------ე ჯ------ის შიმშილობის მასალები. (სულ 66 ფურცელი, 25.07.2017 წლის ოქმი შიმშილობის დაწყების შესახებ, გასაუბრების ოქმები, სამსახურეობრივი მიმართვები,). საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულმა შიმშილობა დაიწყო 25.07.2017 წელს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, შიმშილობა დამთავრდა 20.11.2017 წელს (შეწყდა, გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან). ამავე დაწესებულების 21.11.2017 წლის ოქმის თანახმად, 2017 წლის 20 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს N1ბ/732-17 განაჩენით მსჯავრდებული კ------------ე ჯ------ი, რომელიც 2017 წლის 25 ივლისიდან შიმშილობდა და იმყოფებოდა შიმშილობის სრულ ფორმაზე განთავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან და აღნიშნულის გამო შეწყდა შიმშილობის მასალების წარმოება. (იხ. ს.ფ. 46-111);
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1 პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ პირველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 აგვისტოს განაჩენი, რომლითაც კ------------ე ჯ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2015 წლის 11 მაისის განაჩენით (საქმე N1ბ/621-14), მსჯავრდებული კ------------ე ჯ------ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, რაც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 2 დეკემბრის განჩინებით (საქმე N343აპ-15). კ------------ე ჯ------მა, როგორც მსჯავრდებულმა, გაატარა 17 თვე და 6 დღე (სასჯელის მოხდის ვადა დაიწყო 2013 წლის 05 დეკემბრიდან, გათავისუფლდა 2015 წლის 11 მაისს).
სასამართლომ ყურადღება მიაქცია ასევე იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მეორე შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით კ------------ე ჯ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, რაც გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2017 წლის 20 ნოემბრის განაჩენით (საქმე N1/ბ-732-17), მსჯავრდებულ კ------------ე ჯ------ის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი, რაც უცვლელად იქნა დატვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2018 წლის 24 მაისის (საქმე N12აპ-18) განჩინებით. კ------------ე ჯ------მა, როგორც მსჯავრდებულმა, გაატარა 8 თვე და 18 დღე (სასჯელის მოხდის ვადა დაიწყო 2017 წლის 02 მარტიდან, გათავისუფლდა 2017 წლის 20 ნოემბერს).
5.2 სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. ამასთან, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია და განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით, კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას.
სასამართლომ დაადგინა მიზეზობრივი კავშირის არსებობა სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის უკანონოდ დაკავება და პატიმრობა განხორციელდა ორჯერ, რაც თავის მხრივ წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, ამავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კ------------ე ჯ------ს უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანის სახით 20 000 (ოცი ათასი) ლარი.
6. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვალის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
6.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს ამავე კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელის აღნიშნა, რომ პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმის შედეგს, ამავდორულად მიუთითა სისხლის სამართლის პროცესის სუბიექტთა ფუნქციები, მათ შორის პროკურატურის სისხლისსამართლებრივი დევნის და სახელმწიფო ბრალმდებლის სტატუსზე.
აპელანტი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად სასამართლოს გონივრული და სამართლიანი განსჯისათვის არის მინდობილი და აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები.
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი მიუთითებს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და განმარტავს, რომ მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 20 000 ლარი სამართლებრივი ნორმებისა და მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
უპირველესად, პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გასაჩივრებულია კ------------ე ჯ------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის 20 000 (ოცი ათასი ლარი) ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად პალატა მსჯელობს მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. მითითებული ნორმა ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისთვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულ კ------------ე ჯ------ის მიმართ ორჯერ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი, პირველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 აგვისტოს განაჩენი, რომლითაც კ------------ე ჯ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, ხოლო მეორე შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის განაჩენი, რომლითაც კ------------ე ჯ------ი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ. ორივე შემთხვევაში აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენები გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მიერ, რომლის შესაბამისადაც მსჯავრდებული კ------------ე ჯ------ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ორივე განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მიერ. პირველ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კ------------ე ჯ------მა, როგორც მსჯავრდებულმა გაატარა 17 თვე და 6 დღე (სასჯელის მოხდის ვადა დაიწყო 2013 წლის 05 დეკემბრიდან, გათავისუფლდა 2015 წლის 11 მაისს) და მეორე შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კ------------ე ჯ------მა, როგორც მსჯავრდებულმა გაატარა 8 თვე და 18 დღე (სასჯელის მოხდის ვადა დაიწყო 2017 წლის 02 მარტიდან, გათავისუფლდა 2017 წლის 20 ნოემბერს).
ამავდროულად, ადმინისტრაციული პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულმა კ------------ე ჯ------მა, საქმის მასალების მიხედვით, შიმშილობა დაიწყო 25.07.2017 წელს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და იმყოფებოდა შიმშილობის სრულ ფორმაზე. შიმშილობა დამთავრდა 20.11.2017 წელს (შეწყდა, გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან), რის შემდეგადაც შეწყდა შიმშილობის მასალების წარმოება.
პალატა აპელანტის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები მართალია ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან, მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის, მიუხედავად სახელმწიფო მოხელეთა ბრალეულობისა. ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.
7.2. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ - ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
პალატი განმარტავს, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
პალატა მიუთითებს, რომ ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად გაითვალისიწინა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა მორალურ ტანჯვას (პროტესტის გამოხატვის მიზნით პატიმრის შიმშილობის ფაქტი).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის პატიმრობაში ყოფნის ხანგრძლივობისა და არაერთგზისობის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 20 000 ლარის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვალის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვალის გადაწყვეტილება.
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -