განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015785891
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4096-15 23 იანვარი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები – ნათია გუჯაბიძე, ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი - ი-----–- მ-----–-–---–ი, გ------- ბ------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს----------–---------“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს----------–--------მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, ი-----–- მ-----–-–---–ისა და გ------- ბ------–---–ისთვის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება N6------დან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 4942.40 ლარის, პროცენტის - 5196.69 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს - 5000 ლარის, ხოლო ხელშეკრულება N6------დან გამომდინარე ი-----–- მ-----–-–---–ისთვის სესხის ძირითადი თანხის - 1396.19 ლარის, პროცენტის - 1501.67 ლარის, ჯარიმის - 12949.88 ლარის, შემცირებული პირგასამტეხლოს - 3000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს----------–---------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ი-----–- მ-----–-–---–სა და გ------- ბ------–---–ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ 10 639.09 (ათი ათას ექვსას ოცდაცხრამეტი და 09) ლარის გადახდა დაეკისრათ; მოპასუხე ი-----–- მ-----–-–---–ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ 4197.86 (ოთხი ათას ას ოთხმოცდაჩვიდმეტი და 86) ლარის გადახდა დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ი-----–- მ-----–-–---–მა და გ------- ბ------–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2008 წლის 29 ივლისს, ერთი მხრივ, სს „ს----------–--------სა“ და, მეორე მხრივ, მსესხებელ ი-----–- მ-----–-–---–ს შორის საბანკო კრედიტის შესახებ №6----- ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, ი-----–- მ-----–-–---–მა 36 თვის ვადით, წლიური 24%-ის დარიცხვით 6100 ლარი ისესხა. მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით პირგასამტეხლოზე (ტ.1, ს.ფ.14-16).
6. სს „ს----------–--------სა“ და ი-----–- მ-----–-–---–ს შორის საბანკო კრედიტისა და გირავნობის შესახებ №6----- ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა სოლიდარული თავდებობით. სოლიდარულ თავდებს წარმოადგენდა - გ------- ბ------–---–ი (ტ.1,ს.ფ.17-18).
7. 2008 წლის 08 სექტემბერს, ერთი მხრივ, სს „ს----------–---------სა“ და, მეორე მხრივ, მსესხებელ ი-----–- მ-----–-–---–ს შორის საბანკო კრედიტის შესახებ №6----- ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, ი-----–- მ-----–-–---–მა 24 თვის ვადით, წლიური 48%-ის დარიცხვით 1710 ლარი ისესხა (ტ.1, ს.ფ. 19-21).
8. ი-----–- მ-----–-–---–ის დავალიანება სს „ს----------–---------ს“ მიმართ საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება N6----- 2014 წლის 10 აპრილის მდგომარეობით შეადგენს: სესხის ძირითადი თანხა 4942.40 ლარი, პროცენტი - 5196.69 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო 5000 ლარი. ჯამში 37,261.35 ლარი (ტ.1, ს.ფ.30).
9. 2012 წლის 14 აგვისტოს სს „ს----------–---------ს“ საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია, ცვლილება შევიდა საბანკო კრედიტისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებაში (N6-----) და კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა: 36 თვე, ბოლო დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 18 ივლისი, შესაბამისად შედგა ახალი გრაფიკი (ტ.1, ს.ფ.22-27).
10. 2012 წლის 14 აგვისტოს სს „ს----------–---------ს“ საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია, ცვლილება შევიდა საბანკო კრედიტისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებაში (N6-----) და კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა: 36 თვე, ბოლო დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 18 ივლისი, შესაბამისად, შედგა ახალი გრაფიკი (ტ.1, ს.ფ.22-27).
11. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, 2012 წლის 14 აგვისტოს სს „ს----------–---------ს“ საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია, ცვლილება შევიდა საბანკო კრედიტისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებაში (N6-----) და საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებაში (N6-----). კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა: 36 თვე, შესაბამისად შედგა ახალი გრაფიკი. გრაფიკის მიხედვით საბანკო კრედიტისა და გირავნობის შესახებ N6----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველი გადახდა 2012 წლის 20 აგვისტოს, ხოლო უკანასკნელი გადახდა 2015 წლის 18 ივლისს უნდა განხორციელებულიყო, საბანკო კრედიტისა და გირავნობის შესახებ N6----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველი გადახადა 2012 წლის 05 სექტემბერს, ხოლო უკანასკნელი გადახდა 2015 წლის 05 აგვისტოს უნდა განხორციელებულიყო. შესაბამისად, სს „ს----------–---------ს“ მოთხოვნის უფლება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების არც ერთი პერიოდის ნაწილში ხანდაზმული არ არის.
12. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მტკიცებას მასზედ, რომ სასამართლომ ხანდაზმულობის ვადაზე მსჯელობისას უნდა იხელმძღვანელოს არა 2012 წლის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით, არამედ 2008 წლის საკრედიტო ხელშეკრულებებით. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ი-----–- მ-----–-–---–ი და გ------- ბ------–---–ი თავად დათანხმდნენ აღნიშნულ ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის ფაქტს, რაც ხელმოწერით დაადასტურეს (ტ.ს.ფ.1,ს.ფ.24-29). მათ ხელმოწერით დადასტურებული ნების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი არც გარიგების არსებით პირობებს შეცილებიან, შესაბამისად, ორმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულება ვადამოსული და შესასრულებელია.
13. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში 2012 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულებები ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულებებია, რითაც კრედიტის ამღებს ორმხრივი თანხმობით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაუგრძელდა და შესაბამისად, ხელახლა შეთანხმებული გრაფიკებით, რომელიც ამავე ხელშეკრულებების არსებითი პირობებია, კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაფარვის ვალდებულება წარმოეშვა (ტ.1, ს.ფ. 25, 27).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტის სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
14. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი გადახდის გრაფიკით დასტურდება, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის, კერძოდ, 2015 წლის 22 აპრილის მდგომარეობით პერიოდულად გადასახდელის გადახდის არცერთი პერიოდისათვის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის (ტ.1, ს.ფ. 27);
15. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო თითოეული ხელშეკრულებისათვის 10-ჯერ შეამცირა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის კონტექსტში პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები აღარ არსებობს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ი-----–- მ-----–-–---–ს და გ------- ბ------–---–ს სახელმწიფო ბაჟის სახით 593.48 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუავადდათ, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, აპელანტებს გადასახდელად უნდა დაეკისროთ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი-----–- მ-----–-–---–ის და გ------- ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება;
3. ი-----–- მ-----–-–---–ს და გ------- ბ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 593.48 ლარის ოდენობით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები ნათია გუჯაბიძე
ნატალია ნაზღაიძე