განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2018
საქმის ნომერი
330210117002045959
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
20.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002045959

საქმე №2ბ/6755-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - თ---------------ე

წარმომადგენელი - თ----------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - ი-----–--------ე

წარმომადგენელი - ლ--–--------–-–---–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.10.2017წ. გადაწყვეტილება.

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.10.2017წ. გადაწყვეტილებით:

1. თ---------------ის სარჩელი მოპასუხე ი-----–--------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. ი-----–----------ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–-----------ის (დაბადებული 2003 წლის 10 ივნისს) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 10 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

1.2. ი-----–----------ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - მ-------------ის (დაბადებული 2007 წლის 01 ნოემბერს), სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 10 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

2. მოსარჩელე თ---------------ეს უარი ეთქვა დამატებითი ხარჯების დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

თ---------------ე და ი-----–--------ე 2002 წლის 13 ნოემბრიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2003 წლის 10 ივნისს დაბადებული ნ-----–-----------ე და 2007 წლის 01ნოემბერს დაბადებული მარიამ ბერაძე;

 

მოსარჩელე თ---------------ე და მოპასუხე ი-----–----------ე 2014 წლის დეკემბრიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. თ----------------ე არასრულწლოვან შვილებთან, ნ-----–------------ესთან და მ-------------ესთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულ ბინაში არ არის დამაკმაყოფილებელი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა და არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები;

 

მოსარჩელე თ---------------ე არ არის დასაქმებული. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, თ---------------ეს მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, თ---------------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის;

 

არასრულწლოვანი ნ-----–-----------ე და მ-------------ე ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში სასწავლო კურსს გადიან პედაგოგთან მარი ყურაშვილთან. მათი ყოველთვიური სწავლის გადასახადი შეადგენს 220 (ორას ოცი) ლარს; არასრულწლოვანი ნ-----–-----------ე მათემატიკასა და ფიზიკაში ემზადება ი----------–---სთან, რომელიც ყოველთვიურად იღებს საფასურს 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით. ასევე, ნ-----–-----------ე რობოტექნიკასა და ელექტორნიკის მიმართულებით სწავლების კურსს გადის შპს ,,ი-------–----ში“, სადაც ყოველთვიური გადასახადის ოდენობა განსაზღვრულია 80 (ოთხმოცი) ლარით;

 

არასრულწლოვან ნ-----–-----------ეს და მ-------------ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმის რეკომენდაციით დანიშნული აქვთ ფიზიკური აქტივობა - ცურვა. არასრულწლოვან ნ-----–-----------ის დიაგნოზია - სქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა, შფოთვა;

 

მოსარჩელე თ---------------ეს მატერიალურად ეხმარებიან მამა ვ-------------ძე და მამიდა. მოსარჩელის მამა ვ-------------ძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის პენსიონერია;

 

უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქ-----–-----------, მიკრო/რაიონი II, კორპუსი

2, სართული 4, ბინა N116, საკადასტრო კოდი N0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხე ი-----–---------ის სახელზე. მოპასუხე ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ი-----–--------ის მიერ 01.01.2015 წლიდან 31.07.2017 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 5907.13 ლარს, დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 297.58 ლარს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფრომაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათლით ი-----–--------ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 199.17 ლარს, თებერვლის თვეში - 166.39 ლარს, მარტის თვეში - 174.1 ლარს, აპრილის თვეში - 159.4 ლარს, მაისის თვეში - 184.48 ლარს, ივნისის თვეში - 166.1 ლარს და ივლისის თვეში - 170.94 ლარს;

 

შპს მისო ,,რ------------სში“ ი-----–--------ის მიერ შეძენილი იქნა სამი თამასუქი, კერძოდ, N0-----, N0----- და N0------ თამასუქები. 2017 წლის 01 აგვისტოს ნაღდი ანგარიშსწორების გზით მოპასუხე ი-----–--------ეზე გაიცა თამასუქის თანხა 14000 (თოთხმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით; ი-----–--------ეს სესხის სახით შპს მისო ,,რ------------სში“ თანხა არ მიუღია. მის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 9-ჯერ იქნა გზავნილი მიღებული თ--------------ისაგან; ი-----–--------ეს 2017 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, შპს მისო ,,რ------------სში“ ნაშთი თამასუქზე განულებული აქვს;

 

ი-----–--------ის მიერ სს ,,თ----------ში“ N0----- და N050257 თამასუქებთან დაკავშირებით 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 13 სექტემბრამდე ფიქსირდება გარკვეული ტრანზაქციები.

 

მოპასუხე ი-----–--------ე არ არის დასაქმებული, არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი. მოპასუხე 2016 წლის 01 მარტიდან მუშაობდა შპს ,,ე------“-ში მოკლე პერიოდით (1 კვირით) დამკვირებლის პოზიციაზე და ანაზღაურება აიღო ხელზე 12 (თორმეტი) ლარი.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცი იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ი-----–--------ე ეწევა კერძო სამეწარმეო საქმიანობას (ამუშავებს ვულკანიზაციას) და აქვს მატერიალური შემოსავალი. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეს არ ერთვის.

 

ი-----–--------ე არასრულწლოვან შვილებზე, ნ-----–-----------ეზე და მ-------------ეზე ზრუნავდა ნებაყოფლობით, იგი 2016 წლის სექტემბრის თვიდან 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით უხდიდა თანხას 400 (ოთხასი) ლარს. მოპასუხეს თავის არასრულწლოვან შვილთან, ნ-----–-----------ესთან აქვს სტაბილური სატელეფონო კავშირი. მოპასუხე ი-----–--------ის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

მოსარჩელე თ---------------ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, 2003 წლის 10 ივნისს დაბადებული ნ-----–-----------ე და 2007 წლის 01 ნოემბერს დაბადებული მ-------------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შეთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე თ---------------ე არასრულწლოვან შვილებთან, ნ-----–-----------ესთან და მ-------------ესთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულ ბინაში არ არის დამაკმაყოფილებელი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა და არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები. მხარეები, თ---------------ე და ი-----–--------ე 2014 წლის დეკემბრის თვიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. დადგენილია, რომ მოსარჩელე თ---------------ე არ არის დასაქმებული. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, თ---------------ეს მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილების აღზრდაში ეხმარება მამა და მამიდა. მოსარჩელის მამა ვ-------------ძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის პენსიონერია.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არასრულწლოვანი ბავშვები იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში, კერძოდ, არასრულწლოვანი ნ-----–-----------ე და მ-------------ე ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში სასწავლო კურსს გადიან პედაგოგთან მ-------------–---–თან. მათი ყოველთვიური სწავლის გადასახადი შეადგენს 220 (ორას ოცი) ლარს; არასრულწლოვანი ნ-----–-------------ძე მათემატიკასა და ფიზიკაში ემზადება ი----------–---სთან, რომელიც ყოველთვიურად იღებს საფასურს 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით. ასევე, ნ-----–-------------ძე რობოტექნიკასა და ელექტორნიკის მიმართულებით სწავლების კურსს გადის შპს

,,ი-------–----ში“, სადაც ყოველთვიური გადასახადის ოდენობა განსაზღვრულია 80 (ოთხმოცი) ლარით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ ბავშვები.

 

დადგენილია მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფრომაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათლით ი-----–--------ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 199.17 ლარს, თებერვლის თვეში - 166.39 ლარს, მარტის თვეში - 174.1 ლარს, აპრილის თვეში - 159.4 ლარს, მაისის თვეში - 184.48 ლარს, ივნისის თვეში - 166.1 ლარს და ივლისის თვეში - 170.94 ლარს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის დასაქმებისა და სტაბილური მატერიალური შემოსავლის მიღების ფაქტს. მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მიერ კერძო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს მისო ,,რ------------სში“ ი-----–--------ის მიერ შეძენილი იქნა სამი თამასუქი, კერძოდ, N0-----, N0----- და N0------ თამასუქები. 2017 წლის 01 აგვისტოს ნაღდი ანგარიშსწორების გზით მოპასუხე ი-----–--------ეზე გაიცა თამასუქის თანხა 14 000 (თოთხმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით; მოპასუხის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 9-ჯერ იქნა გზავნილი მიღებული თ--------------ისაგან. როგორც მხარეთა განმარტებით დადგინდა, მოპასუხეს მატერიალურად ეხმარება დედა, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ, კერძოდ, საბერძნეთში და ფულად თანხებს უგზავნის თავის შვილს. ასევე, მოპასუხის დედა ეხმარება არასრულწლოვან შვილიშვილებსაც და მათი რჩენა-აღზრდის მიზნით პერიოდულად აგზავნის გარკვეული ოდენობით თანხას.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ი-----–--------ე თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით, თანახმაა არასრულწლოვანი ნ-----–-----------ისა და მ-------------ის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50-50, სულ 100 (ასი) ლარი. არასრულწლოვანის აღზრდა- განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვანის მოთხოვნილებებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისათვის აუცილებელ ხარჯს. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსვლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, მისი თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულაური სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა და სხვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის 120 (ასოცი) ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ---------------ის მოთხოვნა - ი-----–--------ისათვის არასრულწლოვანი შვილების ნ-----–-----------ის და მ-------------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელე თ---------------ემ ასევე მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების, ნ-----–-----------ისა და მ-------------ის დამატებითი ხარჯებში მონაწილეობის მიღების სახით მოპასუხისათვის ყოველი კალენდარული წლის არაუგვიანეს 05 აგვისტომდე ბავშვების ზაფხულის პერიოდში დასასვენებლად წაყვანის მიზნით 1500 (ათას ხუთასი) ლარის და ყოველი კალენდარული წლის არაუგვიანეს 25 დეკემბრამდე ბავშვების ზამთრის პერიოდში დასასვენებლად წაყვანის მიზნით 1000 (ათასი) ლარის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

საალიმენტო ვალდებულებათა მიზანია ბავშვისათვის აღზრდისა და რჩენისათვის ნორმალური პირობების შექმნა. საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით. სწორედ განსაკუთრებული გარემოებების არსებობითაა გამოწვეული დამატებით ხარჯებში მონაწილეობა. მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების (ან მომავალში აუცილებლად გასაღები ხარჯების) გათვალისწინებით, მყარი თანხით. დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელი სახით ან განსაზღვრული დროით გარკვეული სახსრების გადახდით.

 

კანონი ადგენს ალიმენტვალდებული პირის მიერ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა. ამდენად, იმისათვის, რომ დაწესდეს მოპასუხე მხარისათვის დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულება, არასრულწლოვანი ნ-----–-----------ისა და მ-------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობამ უნდა შექმნას ის განსაკუთრებული გარემოება, რაც განაპირობებს მოპასუხის მხრიდან დამატებითი ხარჯის გაღებას. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. საქმეში არც იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომ სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით თანხა არის აუცილებელი არასრულწლოვანი ბავშვების დასვენებისთვის და არც ის ფაქტობრივი გარემოება დასტურდება სათანადო მტკიცებულებით, რომ დამატებითი ხარჯების მოთხოვნა განპირობებულია განსაკუთრებული გარემოებებით, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობასთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს, მოპასუხე ი-----–--------ისათვის არასრულწლოვანი ნ-----–-----------ისა და მ-------------ის სასარგებლოდ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის სახით თანხის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტმა მიუთითა შემდეგი:

სასამართლომ უდავო ფაქტობრივი გარემოების 3.1.4. პუნქტში არ დაადგინა და ყურადღების მიღმა დატოვა ის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომ არასრუწლოვან მ-------------ეს ასევე ესაჭიროება მომზადება მათემატიკასა და ფიზიკაში რისთვისაც ყოველთვიურად საჭიროა დამტებით 120 ლარი, რომლის შესაძლებლობა არ აქვს მოსარჩელეს და ფინანსური სახსრების უქონლობის გამო ვერ ამზადებს მ-------------ეს.

 

ამასთან, სასამართლომ უდავო ფაქტობრივი გარემოების 3.1.4. პუნქტში არ დაადგინა ის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომ ორ არასრულწოვან ბავშვს მათი ასაკის მოთხოვნების შესაბამისად ჯერ მხოლოდ აუცილებელი სასწავლო აქტივობებისთვის თვეში 540 ლარი ესაჭიროებათ, რომ არაფერი ვთქვათ ბავშვებისათვის სხვა სასიცოცხლო მნიშვენლობის მქონე აუცილებელ ხარჯებზე: საკვები, ჩასაცმელი, ტრანსპორტის ყოველდღიური ხარჯი, მედიკამენტების, სამედიცინო მომსახურების, ყოველწლიური ბავშვის დასვენების და ქალაქიდან გაყვანის და ა.შ. რომლის საშუალებაც დედას ფინანსური სახსრების უქნოლობისა და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო არ გაჩნია.

 

სასამართლომ უდავო ფაქტობრივი გარემოების 3.1.5. პუნქტში არ დაადგინა ის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომ არასრულწლოვან ბავშვებს სისტემატურად აუცილებლად სჭირდებათ შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურების მიღება, კერძოდ:

1. ნ-----–-----------ეს: წელიწადში მინიმუმ 2 კურსი სჭირდება მასაჟი, ვინაიდან აქვს სქოლიოზი და აღნიშნულისთვის საჭიროა – წელიწადში მინიმუმ 800 ლარი (2 კურსი–20 მასაჟი, 1 მასაჟის ღირებულება 20 ლარი);

2. ნ-----–-----------ეს და მ-------------ეს ცურვა –თვეში 240 ლარი–1 თვე თითო ბავშვზე 120 ლარი სქოლიოზისა და ხერხემლის გამრუდების გამო;

3. ნ-----–-----------ეს – სათვალე–120 ლარი წელიწადში, ასევე 8–9 თვეში ოფთალმოლოგის კონსულტაცია– 1 ვიზიტი 50–60 ლარი, ვინაიდან ბავშვს აქვს ასტიგმატიზმი და საჭიროა მუდმივი კონტროლი;

4.ნ-----–-----------ეს კბილებზე ბრეკეტები, რომელიც ჯდება 1200 ლარი, ასევე ყოველ თვეში სტომატოლოგის კონსულტაცია– 1 ვიზიტი 50–60 ლარი, ვინაიდან ბავშვს სჭირდება ორთოდონტული მკურნალობა; ზემოაღნიშნული ხარჯების გაღება კი თ---------------ეს მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო არ გააჩნია.

5. ბავშვებს აქვთ ასევე ბრონქიალური/ასთმური პრობლემები, რის გამოც ასევე სჭირდებათ რეგულარული მედიკამენტოზური მკურნალობა და ასევე ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში სავალდებულოდ ჰაერის შეცვლა და გაყვანა ქალაქიდან მთიან ადგილებში (როგორიცაა: ბაკურიანი, აბასთუმანი, ცემი ბორჯომი, და ა.შ)

 

სასამართლომ უდავო ფაქტობრივი გარემოების 3.1.6 პუნქტში არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოსდა თ---------------ეს ბავშვებისათვის საჭირო ხარჯებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მატერიალურად რეგულარულად ეხმარებიან: მამა ვ-------------ძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის პენსიონერია და მამიდა.

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, თ---------------ის მშობლები თავად საჭიროებენ დახმარებას, ვინაიდან ისინიც არიან უმუშევრები და არ აქვთ შემოსავლის წყარო. მათი ერთადერთი შემოსავალი არის პენსია დედის ყოველთვიური პენსია–180 ლარი და მამას–ვ-------------ძეს აქვს როგორც შსს ყოფილ თანამშრომელს დაახლოებით 400 ლარამდე პენსია, სხვა შემოსავალი თ---------------ის მშობლებს არ გააჩნიათ.

 

ამასთან, თ---------------ის მშობლებს ასკიდან გამომდინარე აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები: კერძოდ, მამას– ვ-------------ძეს აქვს გულის პრობლემები და არის მუდმივი მედიკამენტოზური და სამედიცინო მკურნალობის ქვეშ და ყოველდღოურად ესაჭიროება შესაბამისი მედიკამენტები.

 

ასევე, თ---------------ის დედას თინათინ გონიტაშვილს აქვს ასევე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, კერძოდ 1983 წლიდან იგი ქრონიკული ბრონქიალური/ასთმის მატარებელია და იმყოფება ჰორმონოთერაპიაზე, რის გამოც ყოველდღიურად ესაჭიროება მეტად ძვირადღირებული მედიკმენტების და შესასხურებლების ხმარება რათა მუდმივად ემართება ასთმური სპაზმები და ყველაფერი ეს მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებლი, რაშიც თ---------------ის მშობლების პენსია თვეში ჯამში დაახლოებით 580 ლარი, რა თქმა უნდა არ არის საკმარისი იმისათვის რომ მათ ირჩინონ საკუთარი თავი და არჩინონ ასევე შვილიშვილები, ვინაიდან ისინი აქეთ საჭიროებენ ფინანსურად დახმარებას.

ამდენად, ფაქტია, თ---------------ის მშობლების ამ 580 ლარის პენიის თანხით ყოვლად შეუძლებელია თ---------------ის მშობლებმა არჩინონ საკუთარი თავები და ამავდროულად უზრუნველყონ თ---------------ის არასრუწლოვანი შვილებისათვის რეგულარული მატერიალური დახმარების გაწევა და ფინანსურად უზრუნველყოფა.

 

სასამართლომ უდავო ფაქტობრივი გარემოების 3.1.7 პუნქტში არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოსდა ი-----–--------ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი უძრავი ქონება–მდებარე ქ. თბილისი, ქ-----–-----------, მიკრო/რაიონი II, კორპუსი 2, სართული 4, ბინა N116, საკადასტრო კოდი N0----------------------.

 

საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ი-----–--------ის საკუთრებაში არის რეგისტრირებული ასევე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბნის რაიონში, სოფელ კრწანისში. ასევე ი-----–--------ის საკუთრებაში არის რეგისტრირებული აბასთუმანში, საკურორტო ზონაში მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული უზარმაზარი საცხოვრებელი სახლით, რაც დაადასტურა ი-----–--------ემ კიდეც თავის ახსნა–განმარტებით სასამართლო პროცესზე. აღნიშნულ ადგილზე ცნობილია, რომ მეტად სერიოზულ ფასებში ქირავდება დამსვენებლებზე სახლები, ვინაიდან არის საკურორტო ზონა. მართალია, ი-----–--------ემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას არასოდეს გაუქირავებია აღნიშნული სახლი, თუმცა მისი ამ განმარტებიდან შეიძლება ორი დასკვნის გაკეთება: ერთი რომ ამ სახლს ირკალი ბერაძე მართლაც არ აქირავებს ვინაიდან მას აქვს საკმაოდ მყარი და სოლიდური ფინანსური შემოსავლები და არ საჭიროებს ამ სახლის გაქირავებას და მეორე ი-----–--------ე აქირავებს ამ სახლს საკმაოდ სოლიდურ ფასებში და იღებს აქედანაც დამატებით შემოსავლებს. მით უმეტეს, სასამართლოს მიერ გასათვალისწინენებლი ის გარემოებაც, რომ ი-----–--------ეს დასასვენებლად თავისი შვილებიც კი არ მიჰყავს აბასთუმნის ამ სახლში, მაშინ როდესაც თავისი შვილები ექიმის დანიშნულებით ბრონქიალურ/ასთმური მოვლენების გამო მუდმივად საჭიროებენ ასეთ საკურორტო ზონაში დასვენებას და ჰაერის გამოცვლას, თუმცა ბავშვები ხშირად ქალაქიდანაც კი ვერ გაჰყავს დედას მძიმე ფინანსური/მატერიალური მდგომარეობის გამო.

 

ი-----–--------ის სახელზეა ასევე რეგისტრირებული და მის მფლობელობაშია С კლასის ა/მანქანა, მარკა, მოდელი–"მერსედეს–ბენც С 280", სანომრე ნიშნით– Y-----, გამოშვების წელი –1998. საიდენტიფიკაციო ნომერი – ჭ----------------, ფერი– ყავისფერი 1/8, სარეგისტრაციო მოწმობა – A-------- გაცემული 22.07.2010წ. აღნიშნულ ა/მანქანას ი-----–--------ე იყნებს და სარგებლობს თავისი პირადი ბიზნესისა და საქმეების მოსაგვარებლად. ა/მანქანის ფლობა და მისით სარგებლობა, ელემენტარული ბენზინის ჩასხმა და ა.შ ასევე მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული, რასაც არასქმონე და უმუშევარი ადამიანი რა თქმა უნდა ვერ გაართმევს თავს, როგორადაც ცდილობს ი-----–--------ე რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რათა რაც შეიძლება მინიმუმამდე შეამციროს გადასახდელი ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლომ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებების 3.2.3 პუნქტით არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ ი-----–--------ეს არ აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი და ვერ გაიზიარა ასევე მოსარჩელის ის არგუმენტი, რომ იგი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას (ამუშავებს ვულკანიზაციას).

 

საქმეში არსებული შემოსავლების სამსახურის ცნობა, შპს რ------------სისგან წარმოდგენილი ცნობა, სს თი ბი სი ბანკიდან წარმოდგენილი ცნობა, თავად ი-----–--------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა–განმარტებით დადასტურდა, რომ ი-----–--------ეს მუდამ ჰქონდა და აქვს სტაბილური შემოსავალი, მათ შორის განთავსებული საკმაოდ სოლიდური თანხები ანაბრებზე/თამასუქებზე, საიდანაც იღებდა სტაბილურად შემოსავლებს. ასევე ფულადი გზავნილები იარკლი ბერაძის სახელზე მისი დედის მხრიდან გამოგზავნილი. აღნიშნული გარემოებანი დადგენილი აქვს სასამართლოს 3.2.1 და 3.2.2 პუნქტებში.

 

თუმცა, შეიტყო რა ი-----–--------ემ რომ თ---------------ე აპირებდა სარჩელის შეტანას სასამართლოში, შპს რ------------სიდან ი-----–--------ემ თ---------------ის მიერ სარჩელის აღვრამდე 1 კვირით ადრე –2017 წლის 01 აგვისტოს გამოიტანა თამასუქზე განთავსებული 14 000 აშშ დოლარი და მოახდინა თამასუქის განულება, ასევე გაიტანა სს თ----------იდან 1 800 ლარი და ყველაფერი მხოლოდ იმის გამო რომ მას თავიდან აეცილებინა ალიმენტის გადახდა და მინიმუმამდე შეემცირებინა მისი ოდენობა.

 

გარდა ამისა, როგორც სარჩელში მივუთითეთ თ---------------ის დაჟინებული მოთხოვნების შედეგად ი-----–--------ე სარჩელის აღძვრამდე პერიოდში 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მაისის თვემდე პერიოდში ყოველთვიურად 400 ლარს უხდიდა თავის შვილებს, თანაც მაშინ როდესაც შემოსავლების ინფორმაციით მას სტაბილური სამსახური არც იმ პერიოდში უფიქსირდებოდა, აღნიშნული ფაქტი სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა თავად ი-----–--------ემ და აღნიშნა რომ იგი მართლაც 400 ლარს უხდიდა შვილებს, ის არ მუშაობდა მაგრამ ჰქონდა შემოსავალი. აღნიშნული ფაქტი დაადგინა საქალაქო სასამართლომაც 3.2.4 პუნქტში.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებები ნათელი დასტურია იმისა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ი-----–--------ეს არ აქვს სტაბილური შემოსავალი და თითქოსდა იგი არ არის დასაქმებული.

 

სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1214–ე მუხლი და აქედან გამომდინარე არასწორად მოახდინა საქმის გარემოებების გამოკვლევა და შეფასება.

 

სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა ალიმენტის ოდენობის დადგენისას სამართლიანობისა და გონივრულობის კანონისმიერი პრინციპები. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი ადგენს, რომ ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაშიც, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანი და გონივრული შეფასების საფუძველზე, სწორედ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული როგორც - მშობლების: თ---------------ის და ი-----–--------ის რეალური მატერიალური მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები, ასევე ბავშვების აუცილებელი მოთხოვნები, რისთვისაც მათ სჭირდებათ ფინანსური უზრუნველყოფა.

 

შეფასებულ იქნეს მამის–ი-----–--------ის და მისი ოჯახის რეალური მატერიალური მდგომარეობა:

1. ი-----–--------ეს საკუთრებაში აქვს რეგისტრრებული 3 უძრვი ქონება, მათ შორის 5 ოთახიანი ბინა თბილისში, სადაც ცხოვრობს მარტო 1 სული ადამიანი (იხ. ამონაწერები საჯარო რეესტრიდან);

2. ი-----–--------ის საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული ა/მანქანა, რომელსაც იყენებს პირადი მიზნებისთვის და მისი სარგებლობისათვის ბუნებრივი სჭირდება ბენზინი და ა.შ ხარჯები რასაც თავისუფლად უზრუნველყოფს ი-----–--------ე (იხ. შსს სამსახურის ცნობა);

3. ი-----–--------ეს საკურორტო ზონაში კერძოდ აბასთუმანში საკუთრებაში აქვს უზარმაზარი საცხოვრებელი სახლი რომელსაც იყენებს კომერციული მიზნებისთვის და აქვს აქედან შემოსავლებიც (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ი-----–--------ის ახსნა–განმარტება);

4. ი-----–--------ეს აქვს მუდმივი და სტაბილური შემოსავლები, თავისუფალი თანხები 16 000 აშშ დოლარამდე განთავსებული ანაბრებზე და თამასუქებზე (იხ. შემოსავლების სამსახურის ცნობა, სს თ----------ის ცნობა, შპს რ------------სის ცნობა);

5. ი-----–--------ე მუდმივად იღებს ფულად გზავნილებს დედისგან თ--------------ისგან რომელიც არის დასაქმებული საბერძნეთში (იხ. შპს რ------------სის ცნობა, მხარეთა ახსნა–განმარტებები);

6. ი-----–--------ე 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით უხდიდა თავის შვილებს 400 ლარს ყოველთვიურად მაშინ როდესაც იმ პერიოდშიც არ უჩანდა სტაბილური დასაქმების არეალი (იხ. შემოსავლების სამსახურის ცნობა, ი-----–--------ის ახსნა–განმარტება);

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებები ნათლად ცხადყოფენ, რომ საქალაქო სასამართლომ არ შეაფასა სწორად მხარეთა რეალური მატერიალური მდგომაროებები ბავშვების მოთხოვნილებები და შედეგად დაადგინა არაგონივრული და არასამართლიანი ალიმენტის ოდენობა. თუნდაც, პრაქტიკის მიხედვით შედარება რომც მოვახდინოთ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე როდესაც მართლაც არასმქონე და უმუშევარ ალიმენტვალდებულ პირებს ეკისრებათ 120–180 ლარის ფარგლებში ალიმენტის გადახდა და მათთან შედარებით მოცემულ შეთხვევაში ი-----–--------ეს რომელსაც აქვს მუდმივი სტაბილური შემოსავლები, სოლიდური თანხები ანაბრებზე განთავსებული, საბერძნეთიდან ყოველთვიური ფულადი გზავნილები, 3 უძრავი ქონება, ა/მანქანა, მუდმივად დაკავებულია და ა.შ მასაც დაეკისრა 120 ლარის გადახდა, ანუ მინიმუმის რაც შესაძლოა სრულიად უმუშევარ პირს დაეკისროს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1234–ე მუხლი, რომლის თანახმად:

1. იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

2. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

თ---------------ე სარჩელით ითხოვდა ალიმენტის დაკისრებას წარსული პერიოდიდან, კერძოდ 2017 წლის 01 ივნისიდან. თუმცა, სასამართლომ ჩვენდა გასაკვირად ისე, რომ ამაზე არაფერია დასაბუთებული არგუმენტები მითითებული გადაწყვეტილებაში დააკმაყოფილა ალიმენტის გადახდა 2017 წლის 10 აგვისტოდან, ანუ სარჩელის აღძვრის პერიოდიდან, მაშინ როდესაც სასამართლომ 3.2.4 პუქნტში დაადგინა ის გარემოება, რომ ი-----–--------ე იხდიდა 2016 წლის სექტემრბიდან 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით ალიმენტს 400 ლარის ოდენობით, ანუ თ---------------ის მიერ მიღებული იქნა ზომები ალიმენტის მოთხოვნისა და გადახდისა.

 

საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა ასევე სამოქალაქო კოდექსის 1215–ე მუხლი, რომლის თანახმად მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

ალიმენტის გარდა მამა კანონისმიერად ვალდებულია გაიღოს ასევე ხარჯები და უზრუნველყოს ბავშვები ფინანსურად ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების პერიოდში ბავშვების დასასავნებლად წაყვანის მიზნით.

 

მით უმეტეს, რომ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომაროება საჭიროებს ჰაერის გამოცვლას, წყლის ვანების მიღებას, დასვენებას და ა.შ (ბორჯომში, ცემში, აბასთუმანში და მსგავს მთიან ადგილებში), რაც მითითებული გვქონდა სარჩელში ვინაიდან ბავშვებს ხერხემლის გამრუდებისა და სქოლიოზის გარდა აქვთ ბრონქიალური–ასთმური პრობლემებიც. აღნიშნული ხარჯის გაღების საშუალება კი თ---------------ეს არ აქვს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, დავის ფაქტობრივ გარემოებებს, სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმატიულ ბაზას და უკანონოდ და არაობიექტურად გადაწყვიტა დავა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების თანახმად სახეზეა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები, რის გამოც სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების თანახმად უნდა გაუქმდეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: კერძოდ,თ---------------ე და ი-----–--------ე 2002 წლის 13 ნოემბრიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2003 წლის 10 ივნისს დაბადებული ნ-----–-----------ე და 2007 წლის 01ნოემბერს დაბადებული მარიამ ბერაძე;

 

მოსარჩელე თ---------------ე და მოპასუხე ი-----–----------ე 2014 წლის დეკემბრიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. თ----------------ე არასრულწლოვან შვილებთან, ნ-----–------------ესთან და მ-------------ესთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულ ბინაში არ არის დამაკმაყოფილებელი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა და არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები;

 

მოსარჩელე თ---------------ე არ არის დასაქმებული. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, თ---------------ეს მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, თ---------------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის;

 

არასრულწლოვანი ნ-----–-----------ე და მ-------------ე ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში სასწავლო კურსს გადიან პედაგოგთან მარი ყურაშვილთან. მათი ყოველთვიური სწავლის გადასახადი შეადგენს 220 (ორას ოცი) ლარს; არასრულწლოვანი ნ-----–-----------ე მათემატიკასა და ფიზიკაში ემზადება ი----------–---სთან, რომელიც ყოველთვიურად იღებს საფასურს 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით. ასევე, ნ-----–-----------ე რობოტექნიკასა და ელექტორნიკის მიმართულებით სწავლების კურსს გადის შპს ,,ი-------–----ში“, სადაც ყოველთვიური გადასახადის ოდენობა განსაზღვრულია 80 (ოთხმოცი) ლარით;

 

არასრულწლოვან ნ-----–-----------ეს და მ-------------ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმის რეკომენდაციით დანიშნული აქვთ ფიზიკური აქტივობა - ცურვა. არასრულწლოვან ნ-----–-----------ის დიაგნოზია - სქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა, შფოთვა;

 

მოსარჩელე თ---------------ეს მატერიალურად ეხმარებიან მამა ვ-------------ძე და მამიდა. მოსარჩელის მამა ვ-------------ძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის პენსიონერია;

 

უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქ-----–-----------, მიკრო/რაიონი II, კორპუსი

2, სართული 4, ბინა N116, საკადასტრო კოდი N0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხე ი-----–---------ის სახელზე. მოპასუხე ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე;

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ი-----–--------ის მიერ 01.01.2015 წლიდან 31.07.2017 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 5907.13 ლარს, დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 297.58 ლარს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფრომაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათლით ი-----–--------ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 199.17 ლარს, თებერვლის თვეში - 166.39 ლარს, მარტის თვეში - 174.1 ლარს, აპრილის თვეში - 159.4 ლარს, მაისის თვეში - 184.48 ლარს, ივნისის თვეში - 166.1 ლარს და ივლისის თვეში - 170.94 ლარს;

 

შპს მისო ,,რ------------სში“ ი-----–--------ის მიერ შეძენილი იქნა სამი თამასუქი, კერძოდ, N0-----, N0----- და N0------ თამასუქები. 2017 წლის 01 აგვისტოს ნაღდი ანგარიშსწორების გზით მოპასუხე ი-----–--------ეზე გაიცა თამასუქის თანხა 14000 (თოთხმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით; ი-----–--------ეს სესხის სახით შპს მისო ,,რ------------სში“ თანხა არ მიუღია. მის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 9-ჯერ იქნა გზავნილი მიღებული თ--------------ისაგან; ი-----–--------ეს 2017 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, შპს მისო ,,რ------------სში“ ნაშთი თამასუქზე განულებული აქვს;

 

ი-----–--------ის მიერ სს ,,თ----------ში“ N0----- და N050257 თამასუქებთან დაკავშირებით 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 13 სექტემბრამდე ფიქსირდება გარკვეული ტრანზაქციები.

 

მოპასუხე ი-----–--------ე არ არის დასაქმებული, არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი. მოპასუხე 2016 წლის 01 მარტიდან მუშაობდა შპს ,,ე------“-ში მოკლე პერიოდით (1 კვირით) დამკვირებლის პოზიციაზე და ანაზღაურება აიღო ხელზე 12 (თორმეტი) ლარი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ი-----–--------ე ეწევა კერძო სამეწარმეო საქმიანობას (ამუშავებს ვულკანიზაციას) და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

ი-----–--------ე არასრულწლოვან შვილებზე, ნ-----–-----------ეზე და მ-------------ეზე ზრუნავდა ნებაყოფლობით, იგი 2016 წლის სექტემბრის თვიდან 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით უხდიდა თანხას 400 (ოთხასი) ლარს. მოპასუხეს თავის არასრულწლოვან შვილთან, ნ-----–-----------ესთან აქვს სტაბილური სატელეფონო კავშირი. მოპასუხე ი-----–--------ის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ განმარტებას, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შეთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე თ---------------ე არასრულწლოვან შვილებთან, ნ-----–-----------ესთან და მ-------------ესთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულ ბინაში არ არის დამაკმაყოფილებელი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა და არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები. მხარეები, თ---------------ე და ი-----–--------ე 2014 წლის დეკემბრის თვიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. დადგენილია, რომ მოსარჩელე თ---------------ე არ არის დასაქმებული. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, თ---------------ეს მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილების აღზრდაში ეხმარება მამა და მამიდა. მოსარჩელის მამა ვ-------------ძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის პენსიონერია.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არასრულწლოვანი ბავშვები იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში, კერძოდ, არასრულწლოვანი ნ-----–-----------ე და მ-------------ე ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში სასწავლო კურსს გადიან პედაგოგთან მ-------------–---–თან. მათი ყოველთვიური სწავლის გადასახადი შეადგენს 220 (ორას ოცი) ლარს; არასრულწლოვანი ნ-----–-------------ძე მათემატიკასა და ფიზიკაში ემზადება ი----------–---სთან, რომელიც ყოველთვიურად იღებს საფასურს 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით. ასევე, ნ-----–-------------ძე რობოტექნიკასა და ელექტორნიკის მიმართულებით სწავლების კურსს გადის შპს

,,ი-------–----ში“, სადაც ყოველთვიური გადასახადის ოდენობა განსაზღვრულია 80 (ოთხმოცი) ლარით.

 

პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. არასრულწლოვანის აღზრდა- განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ამასთან მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვანის მოთხოვნილებებს. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, მისი თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულაური სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა და სხვა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებების შეფასების საფუძველზე, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, უნდა განისაზღვროს თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოთხოვნა - ი-----–--------ისათვის არასრულწლოვანი შვილების ნ-----–-----------ის და მ-------------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება თ---------------ის მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილების, ნ-----–-----------ისა და მ-------------ის სასარგებლოდ დამატებითი ხარჯებში მონაწილეობის მიღების მიზნით მოპასუხისათვის ყოველი კალენდარული ზაფხულის პერიოდში დასასვენებლად წაყვანის მიზნით 1500 (ათას ხუთასი) ლარის და ყოველი კალენდარული წლის ზამთრის პერიოდში დასასვენებლად წაყვანის მიზნით 1000 (ათასი) ლარის დაკისრების თაობაზე, ოალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და მიუთითებს მათზე, კერძოდ,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

საალიმენტო ვალდებულებათა მიზანია ბავშვისათვის აღზრდისა და რჩენისათვის ნორმალური პირობების შექმნა. საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით. სწორედ განსაკუთრებული გარემოებების არსებობითაა გამოწვეული დამატებით ხარჯებში მონაწილეობა. მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების (ან მომავალში აუცილებლად გასაღები ხარჯების) გათვალისწინებით, მყარი თანხით. დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელი სახით ან განსაზღვრული დროით გარკვეული სახსრების გადახდით.

 

კანონი ადგენს ალიმენტვალდებული პირის მიერ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა. ამდენად, იმისათვის, რომ დაწესდეს მოპასუხე მხარისათვის დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულება, არასრულწლოვანი ნ-----–-----------ისა და მ-------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობამ უნდა შექმნას ის განსაკუთრებული გარემოება, რაც განაპირობებს მოპასუხის მხრიდან დამატებითი ხარჯის გაღებას. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. საქმეში არც იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომ სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით თანხა არის აუცილებელი არასრულწლოვანი ბავშვების დასვენებისთვის და არც ის ფაქტობრივი გარემოება დასტურდება სათანადო მტკიცებულებით, რომ დამატებითი ხარჯების მოთხოვნა განპირობებულია განსაკუთრებული გარემოებებით, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობასთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის თაობაზე, რომ, არ არსებობს, მოპასუხე ი-----–--------ისათვის არასრულწლოვანი ნ-----–-----------ისა და მ-------------ის სასარგებლოდ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის სახით თანხის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას წარსული დროის პერიოდზე, კერძოდ, 2017 წლის 1 ივნისიდან ალიმენტის დაკისრების თაობაზე, პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის შესაბამისადაც, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

 

განასახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე შვილებს უზრუნველყოფდა ფულადი თანხით 200-200 ლარით 2017 წლის მაისის ჩათვლით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ალიმენტის გადახდა დაკისრებულია სარჩელის აღძვრიდან 2017 წლის 10 აგვისტოდან, შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნაა ალიმენტის დაკისრება 2017 წლის ივნის-ივლისის პერიოდზე, როგორც წარსული დროის პერიოდზე. პალატა განმარტავს, რომ წარსული დროის ალიმენტის დაკისრებისათვის აუცილებელია სასამართლოს მიერ დადგინდეს გარემოება იმის თაობაზე, რომ სარჩოს მისაღებად მოსარჩელის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ვალდებული პირი თავს არიდებდა ალიმენტის გადახდას. პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ მოპასუხემ სარჩელის აღძვრამდე ორი თვით ადრე შეწყვიტა ალიმენტის გადახდა, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის ალიმენტის გადახდაზე თავის არიდებად ვერ შეფასდება და შესაბამისად სადავო პერიოდზე ალიმენტის დაკისრების საფუძველს არ წარმოადგენს.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტი კანონმდებლობის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული სააპელაციო საჩივრის ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 76.8 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ---------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და 1.2. პუნქტების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი-----–----------ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–-----------ის (დაბადებული 2003 წლის 10 ივნისს) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 10 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

4. ი-----–----------ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - მ-------------ის (დაბადებული 2007 წლის 01 ნოემბერს), სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 10 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

5. ი-----–--------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 76.8 ლარის გადახდა.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი