განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002541858
საქმე №1/ბ-120-2019 წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ იგარ ფეტვიაშვილის
მსჯავრდებულის _ ბ--- გ-------ის
ადვოკატების _ ც-–--ო ბ------–---–-ს, რ---ნ ჭ--–---–-ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ იგარ ფეტვიაშვილის, მსჯავრდებულ ბ--- გ-------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც-–--ო ბ------–---–-ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ბ--- გ-------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 04 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ.ქუთაისში, ა------–-----–ის №2-, ბინა №2--ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:
ბ--- გ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებული ბ--- გ-------ე აყვანილი იქნა პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან და მას სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
ბ--- გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის ფოტომასალა CD დისკზე და ვიდეო ჩანაწერი DVD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო ავტომანქანა ,,ნისან სკაილაინი’’, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ--- გ-------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ.ქუთაისში, ი-----–-----–---- გამზირზე, ბ--- გ-------ემ მისი მართვის ქვეშ მყოფი, „ნისან კლაინის“ მოდელის, O------ სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით ავტოქარხნის მიმართულებით დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, არ გაითვალისწინა საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა.), რათა საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, დაახლოებით 49 მეტრის მანძილიდან ქვეითთა გადასასვლელზე, შენიშნა რა მარჯვნიდან მარცხნივ 6,3 მეტრში საგზაო მოძრაობის წესების 24.7 (ა) და 24.8 მუხლების დარღვევით მოძრავი ქვეითი ნ---ო კ------ე, არ მიუღია ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომ შეემცირებინა სიჩქარე და ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში არ გაუჩერებია სატრანსპორტო საშუალება, მაშინ, როცა მოცემულ სიტუაციაში მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა 19 მეტრში სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების და ავტომობილი შეაჯახა ქვეით ნ---ო კ------ეს, რომელიც მიღებული სიცოცხლისათვის შეუთავსებელი მძიმე ხარისხის დაზიანებებით _ ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით, 2018 წლის 10 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი იგარ ფეტვიაშვილი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ბ--- გ-------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული უფრო მკაცრი, მაგრამ სამართლიანი სასჯელის დანიშვნას, იმ საფუძვლით, რომ მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი.
მსჯავრდებული ბ--- გ-------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ც-–--ო ბ------–---–- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ბ--- გ-------ის მიმართ საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებლობითი დანაშაული, მას არ მიუტოვებია დაზარალებული შემთხვევის ადგილზე, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, უდავოდ ცნო ყველა მტკიცებულება, არ დაურღვევია აღკვეთის ღონისძიების პირობები, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, ბ--- გ-------ეს გარდაცვლილი ჰყავს მშობლები, მის კმაყოფაზე იმყოფებიან უმუშევარი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. აპელანტების მითითებით, ასევე მხედველობაშია მისაღები მსჯავრდებულის მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულ მხარეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ იგარ ფეტვიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ბ--- გ-------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც-–--ო ბ------–---–-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მათ შორის: თავად ბ--- გ-------ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის - გ---–----ი კ------ის და მოწმე ზ-----ბ ნ----–------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემით და ფოტომასალით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის №4---- დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №1------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ვიდეოჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ--- გ-------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რასაც სადავოდ არც დაცვის მხარე ხდის.
მხარეები განაჩენს ასაჩივრებენ მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, პროკურორი ითხოვს ბ--- გ-------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
განსახილველ შემთხვევაში, სასჯელის სამართლიანობაზე მსჯელობისას, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, კერძოდ, იმას, რომ ბ--- გ-------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი, იგი ხასიათდება დადებითად, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალი თავადაა, მშობლები გარდაცვლილი ჰყავს, პალატა მხედველობაში იღებს დამნაშავის ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ (არ მიმალულა შემთხვევის ადგილიდან და აღიარა დანაშაული, ეცადა დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან შერიგებას), ასევე იმ გარემოებებს, რომ ბ--- გ-------ეს მსჯავრი დაედო გაუფრთხილებლობითი, სატრანსპორტო დანაშაულის ჩადენაში, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებული ავტომანქანას მართავდა დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო ქვეითად მოსიარულე არ დაელოდა შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალს და გზას კვეთდა იმ ადგილზე, სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი, რაც გახდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პროკურორის პოზიციას იმის შესახებ, რომ ბ--- გ-------ისთვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და არ იზიარებს მის მოთხოვნას მისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე. ამასთან, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის გათვალისწინებით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, ბ--- გ-------ის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი და მას დანიშნული სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის ერთი მესამედი – 1 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ იგარ ფეტვიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.მსჯავრდებულ ბ--- გ-------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც-–--ო ბ------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
4.ბ--- გ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
5.მსჯავრდებულ ბ--- გ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 დეკემბრიდან.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ბ--- გ-------ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ყოფაქცევის კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ბ--- გ-------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
7.ცნობად იქნას მიღებული, რომ ბ--- გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს შემტანს - მ------ა მ-----ს სრულად დაუბრუნდეს მის მიერ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის ფოტომასალა CD დისკზე და ვიდეო ჩანაწერი DVD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით, ხოლო ავტომანქანა ,,ნისან სკაილაინი’’, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/