განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2019
საქმის ნომერი
330310018002636795
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3ბ/3296-18, 330310018002636795 18 იანვარი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - გ--------------–-–---–-

 

აპელანტი (მოსარჩელე) – ნ-------------–---–ი

წარმომადგენელი - ნ-----–---------–---–-

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება დაუკმაყოფილებელ ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ-------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №----- და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №------- ბრძანებები მოსარჩელე ნ--------------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, ასევე მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ნაწილში და მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ნ-------------–---–თან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

მოსარჩელე ნ-------------–---–ი დადგენილი წესით დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილებაში განსაზღვრული იყო წამყვანი სპეციალისტის (პოლიციის კაპიტანი ს/მ) 3 საშტატო ერთეული.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურას და საშტატო განრიგში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილებაში შემცირდა წამყვანი სპეციალისტის 2 საშტატო ერთეული. შესაბამისად, განისაზღვრა წამყვანი სპეციალისტის (პოლიციის კაპიტანი ს/მ) 1 საშტატო ერთეული (ტ.1. ს.ფ. 41-104).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე ნ-------------–---–ი დაწესებულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შტატების შემცირების საფუძვლით, 2017 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის ბრძანებით მოსარჩელე ნ-------------–---–ი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,პოლიციის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონები. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ნ-------------–---–ი დადგენილი წესით დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ-------------–---–ი წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება.

 

სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.

 

ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია მხოლოდ მაშინ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როცა მას შედეგად მოჰყვება შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე ნ-------------–---–ი, დაწესებულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შტატების შემცირების საფუძვლით, 2017 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილებაში განსაზღვრული იყო წამყვანი სპეციალისტის (პოლიციის კაპიტანი ს/მ) 3 საშტატო ერთეული.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახურში, თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) შემცირებაა, რაც თავის მხრივ, გულისხმობს აღნიშნული საშტატო ერთეულის ფუნქციურად გაუქმებას.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურას და საშტატო განრიგში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილებაში შემცირდა წამყვანი სპეციალისტის 2 საშტატო ერთეული. შესაბამისად, განისაზღვრა წამყვანი სპეციალისტის (პოლიციის კაპიტანი ს/მ) 1 საშტატო ერთეული.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილებაში შემცირებული 2 საშტატო ერთეულის პირობებში, ერთიდაიმავე ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეულზე 3 დასაქმებული პირიდან, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა 2, წარმოადგენდა მის დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.

 

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ აუსახავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ როგორც ზემოთ აღინიშნა, რეორგანიზაციის შედეგად 2 ერთეულით შემცირდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილების წამყვანი სპეციალისტის საშტატო ერთეული, ხოლო რეორგანიზაციამდე, მითითებულ განყოფილებაში, წამყვანი სპეციალისტის 3 საშტატო ერთეულზე დანიშნული იყო 3 პირი. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და სადავო ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტში არ გადმოუცია, თუ რა კრიტერიუმებით (კვალიფიკაცია, საქმიანობის ეფექტურობა და ა.შ.) იხელმძღვანელა მან, სხვა პირებისათვის უპირატესობის მინიჭებისა და მოსარჩელე ნ-------------–---–ისათვის დარჩენილ 1 საშტატო ერთეულზე დანიშვნაზე უარის თქმის დროს.

 

ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასაკმარისად შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის თაობაზე. იგი არ შეიცავს საკითხის ამგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას არ იქნა დაცული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი სტანდარტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას იგი ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს ინფორმაციის მოძიების, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, საკვალიფიკაციო ტესტირების ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების: ,,თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №----- და ,,შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №------- ბრძანებების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ნ-------------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, ასევე მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მითითებული ბრძანებები და მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო - სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნასთან მიმართებით განმარტა, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო ბათილად სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შესაბამისად, ამ ეტაპზე, არ არსებობს მოსარჩელე ნ-------------–---–ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

სასამართლოს შეფასებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. ამასთან, სასამართლო მიუთითებს დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

სასამართლომ მიუთითა გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში და სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსარჩელეს მიღებული აქვს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაცია და სასამართლომ ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული ბრძანებები და ამ ეტაპზე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე ნ-------------–---–ის სასარგებლოდ მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის პერიოდიდან განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, დასაბუთება არასრულია, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: სასამართლო განხილვის პროცესში მოპასუხის მიერ ვერ იქნა უარყოფილი ვერცერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოება, ვერ იქნა უარყოფილი სადაო ადმინისტრაციული აქტების გამოცემის, გაცნობის ადმ.ორგანოს მიერ მარწმუნებლის კანონით დადაგენილი უფლებების და ინტერსების დარღვევის სამართლებრივი შეფასების უდაო გარემოებები.

 

აპელანტის მითითებით, შრომის კონსტიტუციურ უფლებას სოციალურ ხასიათთან ერთად გააჩნია კლასიკური უფლების მნიშვნელობა, რომლის დანიშნულებაც გამოიხატება იმაში, რომ პირს ეძლევა უფლება, დაიცვას თავი სახელმწიფოს უკანონო ჩარევისაგან. სამართლის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას რამდენიმე სასურველი გადაწყვეტილებიდან მიიღოს ერთ-ერთი, როგორც ქცევის ზოგადი წესი, განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას განსაზღვრული ურთიერთობა დაარეგულიროს თანასწორობის პრინციპის დაცვით. რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი პირის სამართლებრივი მდგომარეობა არ შეიძლება გადაწყდეს მეორე პირის სამართლებრივი მდგომარეობისაგან განსხვავებულად იმ ვითარებაში, როდესაც მათ შორის არსებული განსხვავება ვერ ამართლებს დადგენილ უთანასწორობას. ერთი და იგივე ნორმა სხვადასხვა პირთან მიმართებაში სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული განსხვავება იძლევა ამ უთანასწორობის დასაბუთების შესაძლებლობას. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოს მსჯელობის საგნად უნდა იქცეს, რამდენად იქნა გათვალისწინებული სამსახურიდან გათავისუფლებისას მითითებული პრინციპები, შეფასდა თუ არა გადასაწყვეტი საკითხი და აღნიშნულის შეჯერების საფუძველზე იქნა თუ არა მიღებული ოპტიმალური გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს სწორედ იმ საკითხის განსაზღვრა, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამ უფლების გამოყენება მოხდა თუ არა კანონიერების ფარგლებში, დაცულია თუ არა კანონის წინაშე პირთა თანასწორობის ფუძემდებელი პრინციპები და შრომის უფლებების შეზღუდვა (სამსახურიდან გათავისუფლება) არსებულ ვითარებაში იყო თუ არა მისაღები, აუცილებელი და პროპორციული.

 

აპელანტის განმარტებით, მსგავსი დავების მიმართ ჩამოყალიბებულია სასამართლო პრაქტიკა, კერძოს საქმეზე ბს-105-104(კ-17) საკასაციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ერთი მხრივ შემთხვევა, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ცალკეულ მოხელეთა განთავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ შემთხვევა, როდესაც რეორგანიზაციის დროს სრულად უქმდება კონკრეტული საშტატო ერთეული/სტრუქტურული ერთეული (ანუ უნდა გაეთვალისწინებინათ ნ-------------–---–ის შესაბამისი განათლება, პროფესიული გამოცდილება, სამუშაოს შესრულების ხარისხი და მოცულობა, რომელიც აღემატებოდა სხვისას, რაც გამოიხატებოდა უშუალო ხელმძღვანელის მიერ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობისას მის ჩართვაში).

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, რეორგანიზაციის პროცესი არ უნდა გაიგივდეს ლიკვიდაციის პროცესთან, როცა სრულად ხდება სამსახურების გაუქმება. აპელანტი მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, რომ არჩევანის გასაკეთებლად, ანუ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად, მოხელეთა უპირატესობების გამოვლენის მიზნით ჩაატაროს სხვა საჯარო მოხელეებისა და მოსარჩელეების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შედარებითი (ანალიტიკური) კვლევა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას. სასამართლოს მსჯელობისას არ არის დაკონკრეტებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელი ქმედება (უმოქმედობა) ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ თუ საპროცესო კოდექსს ან რომელი კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევების არსებობა. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება აყვანილ იქნას კადრების განკარგულებაში არაუმეტეს ოთხი თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეს ორი თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი (ფულადი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. აპელანტის მითითებით, სასამართლო აღნიშნულ ნორმებს იყენებს, მაგრამ არასწორად - მოსარჩელის ინტერესების სასარგებლოდ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. ამავე კანონის მე-5 მუხლი ადგენს პოლიციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

2013 წლის 31 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ შს მინისტრის N995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან და აყვანილ იქნას კადრების განკარგულებაში არა უმეტეს ოთხი თვის ვადით, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებასა და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/ შემცირებას.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 31 დეკემბრის N3258265 ბრძანების საფუძველზე, ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში. აღნიშნული ბრძანების მიხედვით შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო - სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილების 2 წამყვანი სპეციალისტის (სწორედ აღნიშნულ პოზიციას იკავებდა ტურიაშვილი) საშტატო ერთეული გაუქმდა/შემცირდა. მოცემულ განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტის ოდენობა განისაზღვრა ერთი შტატით, რის საფუძველზეც მოხდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა, ხოლო შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნა.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, ის საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე გაუქმდა, რის გამოც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 მარტის N337 დადგენილების მე05 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს. აპელანტის მითითებით, აღნიშნული სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით განხორციელდა ნ-------------–---–ის კადრების განკარგულებაში აყვანა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით და ოთხი თვის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლება 2017 წლის 02 მაისის N------- ბრძანებით;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილებაში განსაზღვრული იყო წამყვანი სპეციალისტის (პოლიციის კაპიტანი ს/მ) 3 საშტატო ერთეული.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურას და საშტატო განრიგში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილებაში შემცირდა წამყვანი სპეციალისტის 2 საშტატო ერთეული. შესაბამისად, განისაზღვრა წამყვანი სპეციალისტის (პოლიციის კაპიტანი ს/მ) 1 საშტატო ერთეული (ტ.1. ს.ფ. 41-104).

 

შესაბამისად, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სახეზეა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსარჩელის დათხოვნის ფორმალური მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, თუმცა არსებულ პირობებში სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიაჩნია, რომ არსებობს საკითხის ხელახალი განხილვის მიზნით საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო კვლავაც ადასტურებს სასამართლოს მიერ არაერთგზის დაფიქსირებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო, შტატების შემცირების შემთხვევაში, თანამშრომელთა შერჩევის პროცესში სარგებლობს დისკრეციით და უფლებამოსილია განსაზღვროს იმ პირთა წრე, ვინც განაგრძობს დარჩენილ საშტატო ერთეულებზე საქმიანობას. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამოწმოს რამდენად მართებულია ის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლები, რომელზე დაყრდნობითაც მიღებულია გადაწყვეტილება და დაცულია თუ არა ობიექტურობის ზოგადი კრიტერიუმები და კანონის წინაშე პირთა თანასწორობის პრინციპი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების პარალელურად სააპელაციო სასამართლო პრინციპულად მიიჩნევს ყურადღება მიაქციოს „თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის N----- ბრძანებას. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, ნ-------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში, ხოლო კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო მოხდა მისი სამსახურიდან დათხოვნა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ "პოლიციის შესახებ კანონის" 41.1 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნას შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილებას ფუნქციური თვალსაზრისით ცვლილება არ განუცდია, მაგრამ შტატების შემცირებისას მოსამსახურის გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მინიმუმ უნდა იძლეოდეს ობიექტურობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვის შეფასების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადასტურებულ იმ გარემოებას, რომ ნ-------------–---–ს გააჩნია შს ორგანოებში მუშაობის რამდენიმეწლიანი სტაჟი, არცერთხელ მის მიმართ დისციპლინური ხასიათის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა, თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მისი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია არასოდეს გამხდარა საეჭვო. არსებულ პირობებში, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული აქტი არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დაცულია კანონის წინაშე პირთა თანასწორობის პრინციპი. აქტიდან არ იკვეთება, რომ თანამშრომელთა შერჩევა, დარჩენილ საშტატო ერთეულებზე დასაქმება და მათი შემდგომი გადანაწილება მოხდა პროფესიონალიზმისა და მათი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ისტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და სადავო ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტში არ გადმოუცია, თუ რა კრიტერიუმებით (კვალიფიკაცია, საქმიანობის ეფექტურობა და ა.შ.) იხელმძღვანელა მან სხვა პირებისათვის უპირატესობის მინიჭებისა და მოსარჩელე ნ-------------–---–ისათვის დარჩენილ 1 საშტატო ერთეულზე დანიშვნაზე უარის თქმის დროს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროება.

 

რაც შეეხება ნ-------------–---–ის დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნები გამომდინარეობს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტის დადგენისგან და მისი დადასტურების შემთხვევაში წარმოადგენს თანმდევ შედეგს. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ბრძანებები, ამ ეტაპზე, უსაფუძვლობის გამო ვერ მოხდება აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 

საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე

გელა ბადრიაშვილი