განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
260100115794089
ინსტანცია
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 260100115794089

საქმე №1/ბ-621-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ლიკა ბულიას

დაზარალებულის _ ლ-----ა ძ-----ს

გამართლებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ--------ა ბ------ს

მონაწილეობით,გამართლებულის _ ზ----- ჭ--------ს მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლიკა ბულიას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №9------) ზ----- ჭ--------ს მიმართ, დაბადებულის 1--- წელს, საშუალო განათლების მქონის, ცოლშვილიანის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის გ--–----------ის სოფელ ჭ------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით, 17;104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით (1--9 წლამდე მოქმედი რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ზ----- ჭ--------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით და ორი ან რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1--7 წლის 04 თებერვალს, გ--–----------ის სოფელ ჭ------------ში მცხოვრებმა ზ----- ა-------ს ძე ჭ--------მ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, დაახლოებით 02 საათზე, ნახა რა, რომ მისი ძმისშვილის _ პ----ა ჭ--------ს სახლს ეკიდა ცეცხლი და დაეჭვებულმა მეზობლების მიერ აღნიშნული სახლის დაწვით, გამოვარდა თავისი სახლიდან, საიდანაც გამოიტანა ხელყუმბარა, რომელსაც ინახავდა და ატარებდა უკანონოდ სათანადო ნებართვის გარეშე. ქუჩაში მან შენიშნა რა იქ მდგომი მეზობლები დ----ო გ---ას ძე ძ-----, ნ---- დ----ოს ასული ძ-----, მ---- ა-------ს ასული ჭ--------, ფ-----ა დ----ოს ასული ძ-----, ლ-----ა პ---–-ს ასული ძ----- და მათი განზრახ მოკვლის მიზნით, მრავალ პირთა სიცოცხლისათვის საშიში საშუალებით, ხელყუმბარის გამოყენებით, რომელიც წინასწარ ჰქონდა მომარჯვებული, მოხსნა დამცავი რგოლი, გადააგდო მათ მხარეს და მოახდინა მისი აფეთქება. აფეთქების შედეგად დ----ო ძ----- გარდაიცვალა. ლ-----ა პ---–-ს ასულმა ძ-----მ მიიღო ჭრილობები მარცხენა ქვედა კიდურის მიდამოში და მარცხენა დუნდულის მიდამოში, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რომელსაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. მ---- ა-------ს ასულმა ჭ--------მ მიიღო ჭრილობები მარცხენა ქვედა კიდურის მიდამოში, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რომელსაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ფ-----ა დ----ოს ასულმა ძ-----მ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიიღო ჭრილობები მარჯვენა ქვედა კიდურის მიდამოში, რაც მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, რომელსაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ნ--- დ----ოს ასულმა ძ-----მ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიიღო ჭრილობები მარცხენა ქვედა კიდურის მიდამოში, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რომელსაც მოჰყვა ჯანმრთელობის მოშლა.

 

ზემოაღნიშნულის გამო ზ----- ჭ--------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით, 17;104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გალი -გულრიფშისა და ოჩამჩირე -ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენით:

 

ძებნაში მყოფი ზ----- ჭ-------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით, 17;104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით (1--9 წლამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ზ----- ჭ--------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება გაუქმდა.

 

გამართლებულ ზ----- ჭ--------ს განემარტა მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით ანაზღაურების უფლების თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ლიკა ბულიამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და ზ----- ჭ--------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2, მე-6 პუნქტებით და 17;104-ე მუხლის მე-4, მე-6 პუნქტებით (1961 წლის რედაქცია), შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

სასამართლომ განაჩენში სათანადოდ არ შეაფასა დანაშაულის უშუალო თვითმხილველი მოწმების ნ--- ძ-----ს და ლ-----ა ძ-----ს მიერ წინასწარი გამოძიებისათვის მიცემული და სასამართლოზე გამოქვეყნებული ჩვენებები, რომლებშიც მათ პირდაპირ მიუთითეს დანაშაულის ჩამდენ პირზე _ ზ----- ჭ--------ზე და დეტალურად აღწერეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის (1--8 წლის 20 თებერვლის რედაქცია) პირველი ნაწილის თანახმად, მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა და სათანადოდ არ შეაფასა ლ-----ა ძ-----ს, ნ--- ძ-----ს, მ---- ჭ--------ს და ფ-----ა ძ-----ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ზუგდიდის საავადმყოფოში შევსებული სამედიცინო ისტორიები, რომელთა საფუძველზე ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, ხსენებულ პირებს აღენიშნებოდათ რაიმე ფეთქებადი ნივთიერების ზემოქმედების შედეგად მიყენებული დაზიანებები. სასამართლო პროცესზე ასევე გამოკვლეული იქნა დ-----ო ძ-----ს სამედიცინო ისტორია, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დ-----ო ძ-----სათვის მიყენებული დაზიანებები, ასევე მითითებულია, რომ დ----ო ძ----- გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში უგონოდ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი და მიუხედავად გაწეული სამედიცინო მანიპულაციებისა, იგი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა საავადმყოფოში. სამედიცინო ისტორიის თანახმად, დ----ო ძ-----ს სხეულზე აღნიშნული დაზიანებები მიყენებული იყო რაიმე ფეთქებადი ნივთიერების ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებებს.

სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ზ----- ჭ--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება ეყრდნობა დაზარალებულების _ ლ-----ა ძ-----ს და ნ--- ძ-----ს ჩვენებებს, ასევე სამედიცინო ისტორიებსა და აღნიშნული ისტორიების საფუძველზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებს, თუმცა სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები, მათ შორის, დაზარალებულების ჩვენებები, რომლებიც დანაშაულის უშუალო თვითმხილველები არიან და კონკრეტულად უთითებენ დანაშაულის ჩამდენ პირს და მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ბრალდების მხარის მოსაზრებით, დაზარალებულების _ ლ-----ა ძ-----ას და ნ--- ძ-----ს ჩვენებები ზემოთ მითითებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში იძლევა ზ----- ჭ--------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შესაძლებლობას.

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ლიკა ბულიამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებული ზ----- ჭ--------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------ა ბ------მ ითხოვა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლიკა ბულიას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს არგუმენტებს ზ----- ჭ--------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ეჭვის გამომრიცხავ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ბრალდებულ ზ----- ჭ--------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2, მე-6 პუნქტებით და 17;104-ე მუხლის მე-4, მე-6 პუნქტებით (1--9 წლამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულ ლ-----ა ძ-----ს მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე) დადგენილია, რომ 1--7 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 18 საათზე, იდგა ქუჩაში, თავისი სახლის წინ, რა დროსაც ქუჩის თავში შენიშნა ავტობუსი, რომელმაც გაუარა გვერდით და მისი მეზობლის, ვ-–--ო ძ-----ას სახლის წინ გაჩერდა. ავტობუსიდან გადმოვიდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული, აფხაზი ეროვნების ოთხი სამხედრო ფორმიანი კაცი. ისინი შევიდნენ ვ-–--ო ძ-----ას სახლში, სადაც უკითხავთ პ----ა ჭ--------, რაზეც უპასუხიათ, რომ ასეთი პიროვნება იქ არ იმყოფებოდა. აფხაზ ბოევიკებს უთქვამთ ვ-–--ო ძ-----ასთვის, რომ მან იცოდა სად იმალებოდა პ----ა ჭ-------- და ატყუებდა მათ, რის შემდეგაც ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. მეორე დღეს, დილის 11 საათზე, ვ-–--ო ძ-----ას ცხედარი მიასვენეს სახლში, მაგრამ ვინ მოკლა იგი და რა ვითარებაში, მისთვის უცნობია. 1--7 წლის 04 თებერვალს, დაახლოებით 20 საათზე, ის და მისი ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, რა დროსაც შენიშნეს ცეცხლი პ----ა ჭ--------ს სახლში, რის გამოც ყველანი გავიდნენ ქუჩაში. მისმა მეუღლემ აიღო ვედრო და ცდილობდა წყლით ჩაექრო ცეცხლი, მაგრამ ვერ შეძლო. ქალების კივილზე მეზობლები შეგროვდნენ. ამ დროს მან შენიშნა ზ----- ჭ--------, რომელიც მოდიოდა მათი მიმართულებით, ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით და რაღაც ნივთი, როგორც შემდეგ გაიგო, ხელყუმბარა მოჰქონდა ხელით. იგი იძახდა _ ძ-----ებმა დამიწვეს ობოლი ძმისშვილების სახლიო და მათი მიმართულებით გაისროლა ხელყუმბარა. დაზარალებულ ლ-----ა ძ-----ს განმარტებით, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად იგი დაიჭრა, ასევე დაზიანებები მიიღეს მისმა მეუღლემ დ----ო ძ-----მ, შვილებმა _ ფ-----ამ და ნ---მ, მ--–----ა წ---–---მ და ლ------------ ჭ-------ებმა. როცა დაინახა, რომ მის მეუღლეს მარცხენა ფეხი მოშორებული ჰქონდა და სისხლისგან იცლებოდა, მივარდა ზ----- ჭ--------ს, რომელსაც ხელში მეორე ხელყუმბარა ეჭირა და მეუღლე და თავისი და აკავებდნენ. აფეთქების გამო ადგილზე შეგროვილი იყო ბევრი ხალხი. დაჭრილები ტრაქტორზე დააწვინეს და სოფელ ჭ------------ის ცენტრამდე წაიყვანეს, იქედან კი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე დილით, 05 თებერვალს, 10 საათზე, მისი მეუღლე გარდაიცვალა. რაც შეეხება ზ----- ჭ--------ს, მან ოჯახთან ერთად მიატოვა თავისი სახლ-კარი და გაიქცა.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაზარალებულმა ლ-----ა ძ-----მ დაადასტურა, რომ ზ----- ჭ--------მ ააფეთქა ხელყუმბარა, რასაც მოჰყვა მისი მეუღლის _ დ----ო ძ-----ს გარდაცვალება, ხოლო მან და მისმა შვილებმა _ ფ-----ა და ნ--- ძ------მა აფეთქების შედეგად მიიღეს სხეულის დაზიანებები.

 

დაზარალებულ ნ--- ძ-----ს მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე) დადგენილია, რომ ცხოვრობს გ--–----------ის სოფელ ჭ------------ში. 1--7 წლის იანვრის ბოლო რიცხვებში, ღამის საათებში, სოფელში მათ ქუჩაზე ავტობუსით მივიდა გალში მყოფი აფხაზური პოლიცია. ისინი შეცდომით შესულან მეზობლის, ვ-–--ო ძ-----ას ოჯახში და უკითხავთ ,,პაცანი პ----ა“. ძ-----ას ოჯახის წევრებს აუხსნიათ, რომ ის არ იყო პ----ას სახლი და არ იცოდნენ სად იმყოფებოდა იგი. მათ წაუყვანიათ 65 წლის ვ-–--ო ძ-----ა, რომელიც, როგორც ეტყობა უცემიათ, რადგან პოლიციაში მიყვანამდე გზაში გარდაცვლილა და მეორე დღეს ჭირისუფლებმა მიასვენეს სახლში. ვ-–--ო ძ-----ას გარდაცვალების შემდეგ პ----ა და ჯ---- სახლიდან გაიქცნენ. 1--7 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 20 საათზე, მამამისი გავიდა ჭიდან წყლის მოსატანად, რა დროსაც დაიყვირა, რომ ჭ-------ების სახლი იწვოდა. ის, დედამისი და მისი და ფ-----ა გავიდნენ გარეთ და ჭიშკართან გაჩერდნენ. ამ დროს ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან გაიგონა გინება ძ-----ების მისამართით და დაინახა, რომ მორბოდა პ----ას ბიძა ზ----- ჭ--------. ამ უკანასკნელმა მათ მხარეს გაისროლა რაღაც ქვასავით საგანი, რომელიც მამამისს ფეხებში ჩაუვარდა და იმწამსვე აფეთქდა. დაზარალებულ ნ--- ძ-----ს განმარტებით, აფეთქების დროს მას რაღაცეები მოხვდა, რამაც 5-6 მეტრის მანძილზე გაისროლა და წაიქცა. დაზიანებები ჰქონდა მიღებული მარცხენა ბეჭის არეში, მარცხენა ფეხზე და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ დედამისს და მის დას. ასევე მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ მიღებული მეზობლებსაც, მაგრამ კონკრტულად ვის და რა ხარისხის, არ იცის. ზ----- ჭ-------- იგინებოდა ძ-----ების მისამართით, ეტყობა, ეგონა, რომ სახლს ცეცხლი მათ წაუკიდეს. მის ოჯახთან ზ----- ჭ--------ს რაიმე მტრობა არ ჰქონია, კერძო ინტერესის გამო რომ გაეკეთებინა ასეთი რამ.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №7- დასკვნით დადგენილია, რომ დაზიანებები _ ხელყუმბარით მიყენებული ჭრილობები გულმკერდის და მუცლის მიდამოში, მარცხენა ბარძაყის ძვლის ღია მოტეხილობა ქვემო მესამედში, მე-11 ნეკნის მოტეხილობა მარცხნივ, პოსტტრავმული და პოსტჰემორაგიული შოკი IV ხარისხის, რომელიც მოცემულია მოქ. დ-----ო გ---ას ძე ძ-----ს ავადმყოფობის ისტორიაში, მიყენებულია რაიმე ფეთქებადი ნივთიერებების მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანებას. ხანდაზმულობით დაზიანებები შეეფარდება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №76 დასკვნით დადგენილია, რომ დაზიანება _ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობები მარცხენა ქვედა კიდურის მიდამოში და მარცხენა დუნდულის მიდამოში, რომელიც მოცემულია მოქალაქე ლ-----ა პ---–-ს ასული ძ-----ს ავადმყოფობის ისტორიაში, მიყენებულია რაიმე ფეთქებადი ნივთიერებების აფეთქების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რომელსაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით დაზიანებები შეეფარდება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №7- დასკვნით დადგენილია, რომ დაზიანებები _ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობები მარცხენა ქვედა კიდურის მიდამოში, რომელიც მოცემულია მოქალაქე ნ--- დ-----ოს ასული ძ-----ს ავადმყოფობის ისტორიაში, მიყენებულია რაიმე ფეთქებადი ნივთიერებების აფეთქების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რომელსაც მოჰყვა ჯანმრთელობის მოშლა. ხანდაზმულობით დაზიანებები შეეფარდება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №7- დასკვნით დადგენილია, რომ დაზიანებები _ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობები მარჯვენა ქვედა კიდურის მიდამოში, რომელიც მოცემულია მოქალაქე ფ-----ა დ----ოს ასული ძ-----ს ავადმყოფობის ისტორიაში, მიყენებულია რაიმე ფეთქებადი ნივთიერებების აფეთქების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რომელსაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით დაზიანებები შეეფარდება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №7- დასკვნით დადგენილია, რომ დაზიანებები _ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობები მარცხენა ქვედა კიდურის მიდამოში, რომელიც მოცემულია მოქალაქე მ---- ა------ას ასული ჭ--------ს ავადმყოფობის ისტორიაში მიყენებულია რაიმე ფეთქებადი ნივთიერებების აფეთქების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რომელსაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით დაზიანებები შეეფარდება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

ბრალდების მხარის პოზიცია ზ----- ჭ--------ს ბრალეულობის თაობაზე ეფუძნება ზემოთ მითითებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სააპელაციო პალატა აანალიზებს რა აღნიშნულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ისინი საკმარისი არ არის წარდგენილ ბრალდებაში ზ----- ჭ--------ს დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ:

 

ზ----- ჭ--------ს მიერ დაზარალებულების მიმართულებით ხელყუმბარის სროლის ფაქტი დასტურდება მხოლოდ დაზარალებულების _ ნ--- ძ-----ს და ლ-----ა ძ-----ს ჩვენებებით, ხოლო სხვა მტკიცებულებები, რომლებიც განამტკიცებდნენ მათ ჩვენებებს, საქმეში არ მოიპოვება. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულების ჩვენებების თანახმად, შემთხვევას არაერთი თვითმხილველი მოწმე ჰყავდა, გამოძიების ეტაპზე არცერთი მათგანი არ დაკითხულა, მათ შორის, არ დაკითხულან მ---- ჭ-------- და ფ-----ა ძ-----, რომლებმაც საბრალდებო დასკვნის მიხედვით, თავადაც მიიღეს დაზიანებები ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, მაგრამ დაზარალებულებად ცნობილი არ არიან. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გამოძიებას არ ჩაუტარებია საგამოძიებო მოქმედება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რაც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის დამატებითი შესაძლებლობა იქნებოდა. რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციას და მათ საფუძველზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებზეც აპელირებს პროკურორი, აღნიშნული მტკიცებულებებით, მართალია, დადასტურებულია დ-----ო ძ-----ზე, ლ-----ა ძ-----ზე, ნ--- ძ-----ზე, ფ-----ა ძ-----ზე და მ---- ჭ--------ზე რაიმე ფეთქებადი ნივთიერებების აფეთქების შედეგად დაზიანებების მიყენების ფაქტი, თუმცა შეუძლებელია მათთვის ამ დაზიანებების მიმყენებელი პირის დადგენა. ის, რომ დაზარალებულებს უშუალოდ ზ----- ჭ--------მ მიაყენათ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაზიანებები, გარდა ნ--- ძ-----ს და ლ-----ა ძ-----ს ჩვენებებისა, არ დასტურდება რაიმე სხვა მტკიცებულებით.

 

ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არსებობს ბრალდებულის პერსონალური მონაცემების შემცველი არანაირი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნებოდა სახელი, გვარი, მისამართი, სამუშაო ადგილი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია და რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა პირის იდენტიფიცირება. საქმის მასალებში კი აღნიშნულთან დაკავშირებით მოცემულია არასრული და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია, კერძოდ: ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში საერთოდ არ არის აღნიშნული ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული პირის _ ზ----- ა-------ს ძე ჭ--------ს დაბადების წელი, თვე და რიცხვი; ნასამართლობის ცნობის თანახმად, გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ნასამართლობის თაობაზე ზ----- ა-------ს ძე ჭ--------ს მიმართ, დაბადებულის 1--1 წელს; საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბრალდებული ზ----- ა-------ს ძე ჭ-------- დაბადებულია 1--- წელს, თუმცა მითითებული არ არის მისი დაბადების თვე და რიცხვი; საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (მთავარი სამმართველოს) უფროსის მოადგილის 2015 წლის 24 მარტის მომართვის თანახმად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე იძებნება 1--1 წლის 01 იანვარს დაბადებული ზ----- ა-------ს ძე ჭ--------. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გამოძიების ეტაპზე არ ჩატარებულა დაზარალებულების მიერ დანაშაულის ჩამდენი პირის ფოტოსურათით ამოცნობა, მისი ზუსტი იდენტიფიცირების მიზნით. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია იმის დადასტურებულად მიჩნევა, რომ ბრალდებული ზ----- ა-------ს ძე ჭ--------, დაბადებული 1--- წელს, არის სწორედ ის ადამიანი, ვისზეც დაზარალებულები მიუთითებდნენ თავიანთ ჩვენებებში.

 

ასეთ ვითარებაში ზ----- ჭ--------ს მსჯავრდებისათვის საკმარის საფუძვლად ვერ ჩაითვლება მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები, რადგან ისინი არ დასტურდება სხვა სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც, რომლის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია ხსენებული კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილით განმტკიცებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებებში მოიაზრება პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობის საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას, თუ ამ მტკიცებულებებით ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად დადგენა ობიექტურად შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს ასეთი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულების _ ნ--- ძ-----ს და ლ-----ა ძ-----ს ჩვენებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებით სტანდარტს, რადგან ისინი არ დასტურდება სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენი ზ----- ჭ--------ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით და 17;104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით (1--9 წლამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლიკა ბულიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.გალი -გულრიფშისა და ოჩამჩირე -ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენი ზ----- ჭ--------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ზ----- ჭ-------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2, მე-6 პუნქტებით და 17;104-ე მუხლის მე-4, მე-6 პუნქტებით (1999 წლამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზ----- ჭ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება გაუქმებულია.

 

5.გამართლებულ ზ----- ჭ--------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 219-228-ე მუხლების თანახმად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/თ.სვანიძე/