განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001926239
საქმე №2ბ/6862-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - შპს ,L----------------”
წარმომადგენელი - ა---------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - ხ-------------
წარმომადგენელი - მ---------------
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.10.2017 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.10.2017 წლის გადაწყვეტილები:
1. ხ-------------ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.1 შპს ,,L---------------“-ს ხ-------------ს სასარგებლოდ დაეკისრა 2990 ლარის გადახდა;
1.2 ხ-------------ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 3035.98 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2015 წლის 14 სექტემბერს ხ-------------ს და შპს „L---------------"-ს შორის გაფორმდა შეთანხმება RF ლიფტინგისა და კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის 2.1 პუნქტის შესაბამისად, შეთანხმების საგანი არის მომსახურების გაწევა და მომსახურების მიღება 12 თვის მანძილზე, 12 ვიზიტის განმავლობაში რფ ლიფტინგის 12 პროცედურის და 8 კოსმეტოლოგიური მომსახურების ჩატარება სათანადო ცხრილის შესაბამისად.
შეთანხმების 2.3 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების გამწევი, მომსახურების მიმღებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის დღიდან, 12 თვის განმავლობაში, ორ თვეში ერთხელ 6-ჯერ გაუწევს უფასო მომსახურებას. მომსახურების მიმღები მომსახურების ტიპს ირჩევს სურვილისამებრ - ვიზიტი ექიმ-კოსმეტოლოგთან ან/და სალონური მომსახურება.
შეთანხმების 2.4 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმღები ვალდებულია თავისი ინიციატივით, არანაკლებ 3 (სამი) დღით ადრე დაუკავშირდეს კომპანიის წარმომადგენელს და ჩაეწეროს ამავე შეთანხმების 2.3 პუნქტში მითითებული მომსახურების მისაღებად.
გარიგების 4.1 პუნქტის მიხედვით, მომსახურების გამწევი ვალდებულია განახორციელოს მომსახურება ხარისხიანად, ხოლო 4.2 პუნქტით კი, მომსახურების მიმღები ვალდებულია მიიღოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურება და შესაბამისად მოახდინოს მისი ანაზღაურება.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მომსახურების საფასური შეადგენს 2990 ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 14 სექტემბრის შეთანხმება (ს.ფ 16-18)
- ექიმ-კოსმეტოლოგის მომსახურება, დანართი N1 (ს.ფ 18)
- სალონური მომსახურება, დანართი N2 (ს.ფ 19)
მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, ხ-------------ს გადაეცა შპს „L---------------"-ში ვიზიტების ამსახველი წიგნაკი, რომელშიც უნდა დაფიქსირებულიყო თითოეული ვიზიტის დრო ჩანაწერით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვიზიტების ამსახველი წიგნაკი (ს.ფ 42)
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 14 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე, სს „ს----------–--------ს“ და ხ-------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N3------, რომლის მიხედვით, კრედიტის მოცულობამ შეადგინა 2000 ლარი, კრედიტის ვადა 18 თვე, ყოველთვიურად 113.11 ლარის გადახდით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ 23-24)
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ 30-37)
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 14 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე ხ-------------ს და სს „თ----------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 990 ლარი, 24 თვის ვადით, ყოველთვიურად 41.25 ლარის გადახდით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 25-29)
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ 38)
მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ მოპასუხემ მიიღო 2015 წლის 14 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე არსებული მომსახურების საფასური 2990 ლარი სრულად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
„ადგილობრივ ზარებზე განხორციელებული ინფორმაციის“ მიხედვით, დგინდება, რომ შპს „L---------------"-დან ხ-------------ს საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ზარი განხორციელდა 4-ჯერ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, კომპანიის ზარი პირველად დაფიქსირებულია შეთანხმების დადებიდან 8 თვის შემდგომ, 2016 წლის 24 მაისს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- „ადგილობრივ ზარებზე განხორციელებული ინფორმაცია“ (ს.ფ 73-75)
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები არ დავობენ, რომ ხ-------------ს 2015 წლის 14 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე შეძენილი მომსახურება არ მიუღია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ვიზიტების ამსახველი წიგნაკი (ს.ფ 42)
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს არ დაუსახელებიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამართლებრივი ბუნებით ნარდობის ხელშეკრულებაა და მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის ხელშეკრულების პირობებში კანონმდებლის მიერ უპირატესობა ენიჭება შემკვეთის ნებას, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.
ამასთან მენარდის ინტერესების და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, განახორციელოს თანმდევი მოქმედება და მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის მიზნებისთვის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ ხელშეკრულების შესრულების ფარგლებში გადახდილ თანხებს.
სასამართლომ განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულების, ასევე, ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის მოცულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მენარდეს. განსახილველ შემთხვევაში მხარეებმა არ გახადეს სადავოდ, რომ შპს „L---------------"-ს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო საერთოდ არ შეუსრულებია, ამავდროულად საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ ხელშეკრულების მოშლის შედეგად მოპასუხე მხარემ განიცადა მატერიალური ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მყოფი მხარეებისთვის განსაზღვრავს ხელშეკრულების მოშლის დამოუკიდებელ საფუძველს და ამავე ნორმით დამკვეთის მხრიდან ხელშეკრულების მოშლა, გარდა დამკვეთის ნებისა, რაიმე გარემოებებზე დამოკიდებული არაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნარდობის ხელშეკრულების მოშლის ფაქტის გათვალისწინებით სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს დამკვეთს და სასარჩელო მოთხოვნა შპს „L---------------"-ისთვის 2990 ლარის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია სრულად. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ თანხასა და სასარჩელო განცხადებაში დასახელებულ მოთხოვნას შორის არსებულ სხვაობას 35.98 ლარის ოდენობით, სასამართლომ მიაჩნია, რომ მის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი. ვინაიდან არსებული სხვაობა წარმოადგენს საბანკო დაწესებულებისათვის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოშობილი დამატებითი გადასახადს, რომელიც მოპასუხეს არ მიუღია.
სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
მორალური ზიანის ანაზღაურებით დაცული არამატერიალური სიკეთე ადამიანის საყოველთაო უფლებებისა და თავისუფლების ნაწილია. „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. იგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა — ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს.
კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის, რაც ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვაა. სამოქალაქო კანონმდებლობით ასევე დაცულია ადამიანის სულიერი წონასწორობაც, ნებისმიერი ხელყოფა, რომელიც არსებითად აზიანებს ამ სიკეთეს, მტკიცებულებების არსებობის პირობებში, შესაძლოა გახდეს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
ამასთან, მორალური ზიანის ისევე როგორც ზოგადად ზიანის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, თვით ზიანის ფაქტი, ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; ზიანის მიმყენებლის ბრალი.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველი ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო და არა – ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ ქონებრივი ვალდებულების დარღვევისას განცდილი სულიერი ტანჯვის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებაზე, მაგალითად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად და ა.შ. რაც ყოვლად დაუშვებელია. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებანი არ წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს, რაც თავის მხრივ, შეუძლებელი გახადა მორალური ზიანის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 12.10.2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება ხ-------------ს სასარგებლოდ შპს ,,L---------------”-ისთვის 3199 ლარის დაკისრების ნაწილში და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება ხ-------------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 14.09.2015 წლის მხარეთა შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში აპელანტმა გასწია გარკვეული ხარჯები, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარისთვის კომპანიის მომსახურების უპროცენტო საბანკო განვადებით შეძენის უზრუნველსაყოფად, აღნიშნული განვადების პროცენტი 785 ლარისა და 90 თეთრის ოდენობით საბანკო დაწესებულებებს გადაუხადა აპელანტმა. ასევე, შპს ,,L---------------” - ის ხარჯია მოწინააღმდეგე მხარის, როგორც მომხმარებლის, მიღების, მომსახურებისა და ხელშეკრულების გაფორმებისთვის საკუთარი თანამშრომლებისთვის გაცემული ხელფასი 223 ლარისა და 88 თეთრის ოდენობით. ჯამში, აპელანტის მიერ გაწეული ხარჯია 1009.78 ლარი. აპელანტის მითითებით, აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის, რომლის მხრიდანაც მისი გათვალისწინება და ორივე მხარის თანაბარ პირობებში ჩაყენება არ მომხდარა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2015 წლის 14 სექტემბერს ხ-------------ს და შპს „L---------------"-ს შორის გაფორმდა შეთანხმება RF ლიფტინგისა და კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის 2.1 პუნქტის შესაბამისად, შეთანხმების საგანი არის მომსახურების გაწევა და მომსახურების მიღება 12 თვის მანძილზე, 12 ვიზიტის განმავლობაში რფ ლიფტინგის 12 პროცედურის და 8 კოსმეტოლოგიური მომსახურების ჩატარება სათანადო ცხრილის შესაბამისად.
შეთანხმების 2.3 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების გამწევი, მომსახურების მიმღებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის დღიდან, 12 თვის განმავლობაში, ორ თვეში ერთხელ 6-ჯერ გაუწევს უფასო მომსახურებას. მომსახურების მიმღები მომსახურების ტიპს ირჩევს სურვილისამებრ - ვიზიტი ექიმ-კოსმეტოლოგთან ან/და სალონური მომსახურება.
შეთანხმების 2.4 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმღები ვალდებულია თავისი ინიციატივით, არანაკლებ 3 (სამი) დღით ადრე დაუკავშირდეს კომპანიის წარმომადგენელს და ჩაეწეროს ამავე შეთანხმების 2.3 პუნქტში მითითებული მომსახურების მისაღებად.
გარიგების 4.1 პუნქტის მიხედვით, მომსახურების გამწევი ვალდებულია განახორციელოს მომსახურება ხარისხიანად, ხოლო 4.2 პუნქტით კი, მომსახურების მიმღები ვალდებულია მიიღოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურება და შესაბამისად მოახდინოს მისი ანაზღაურება.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მომსახურების საფასური შეადგენს 2990 ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, ხ-------------ს გადაეცა შპს „L---------------"-ში ვიზიტების ამსახველი წიგნაკი, რომელშიც უნდა დაფიქსირებულიყო თითოეული ვიზიტის დრო ჩანაწერით.
2015 წლის 14 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე, სს „ს----------–--------ს“ და ხ-------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N3------, რომლის მიხედვით, კრედიტის მოცულობამ შეადგინა 2000 ლარი, კრედიტის ვადა 18 თვე, ყოველთვიურად 113.11 ლარის გადახდით.
2015 წლის 14 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე ხ-------------ს და სს „თ----------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 990 ლარი, 24 თვის ვადით, ყოველთვიურად 41.25 ლარის გადახდით.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტმა მიიღო 2015 წლის 14 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე არსებული მომსახურების საფასური 2990 ლარი სრულად.
„ადგილობრივ ზარებზე განხორციელებული ინფორმაციის“ მიხედვით, დგინდება, რომ შპს „L---------------"-დან ხ-------------ს საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ზარი განხორციელდა 4-ჯერ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, კომპანიის ზარი პირველად დაფიქსირებულია შეთანხმების დადებიდან 8 თვის შემდგომ, 2016 წლის 24 მაისს.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ხ-------------ს 2015 წლის 14 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე შეძენილი მომსახურება არ მიუღია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამართლებრივი ბუნებით არის ნარდობის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის ხელშეკრულების პირობებში კანონმდებლის მიერ უპირატესობა ენიჭება შემკვეთის ნებას, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ამასთან, მენარდის ინტერესების და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, განახორციელოს თანმდევი მოქმედება და მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის მიზნებისთვის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ ხელშეკრულების შესრულების ფარგლებში გადახდილ თანხებს.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეებმა არ გახადეს სადავოდ, რომ შპს „L---------------"-ს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო საერთოდ არ შეუსრულებია, ამავდროულად, საქმის მასალებიდან არ გამოიკვეთა, რომ ხელშეკრულების მოშლის შედეგად აპელანტმა განიცადა მატერიალური ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მყოფი მხარეებისთვის განსაზღვრავს ხელშეკრულების მოშლის დამოუკიდებელ საფუძველს და ამავე ნორმით დამკვეთის მხრიდან ხელშეკრულების მოშლა, გარდა დამკვეთის ნებისა, რაიმე გარემოებებზე დამოკიდებული არაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნარდობის ხელშეკრულების მოშლის ფაქტის გათვალისწინებით სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გადახდილი თანხა - 2990 ლარი უნდა დაუბრუნდეს დამკვეთს.
პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი. მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება.
მოცემულ შემთხვევაში, საკვლევი საკითხია შესრულდა თუ არა მხარეების (მენარდე, შემკვეთი) მიერ ურთიერთშემხვედრი ვალდებულებები, კერძოდ, მიიღო თუ არა მენარდემ შემკვეთისგან - ხ-------------სგან შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა და შესრულდა თუ არა აპელანტის მიერ 14.09.2015 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების მიერ ნაკისრი უფლება-მოვალეობების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამუშაოს შესრულების მტკიცების ტვირთი მენარდეს ეკისრება, ხოლო საზღაურის გადახდის შემკვეთს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმებიდან და მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიუთითებს შემდეგს: დადგენილია, რომ აპელანტმა მიიღო 14.09.2015 წლის შეთანხმების საფუძველზე არსებული მომსახურების საფასური 2990 ლარის ოდენობით. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს - ხ-------------ს ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე შეძენილი მომსახურება არ მიუღია. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ნარდობის ხელშეკრულების მოშლის ფაქტის გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გადახდილი თანხა - 2990 ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს დამკვეთს - ხ-------------ს. ხოლო, რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ 14.09.2015 წლის შეთანხმებიდან გამომდინარე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1009.78 ლარი, პალატა განმარტავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარეს შპს ,,L---------------”-ისგან არ მიუღია შეთანხმებით გათვალისწინებული არანაირი მომსახურება, კომპანიის მომსახურების უპროცენტო საბანკო განვადებით შეძენისათვის აპელანტის მიერ საბანკო დაწესებულებისათვის პროცენტის სახით თანხის (785.90 ლარი) გადახდის ვალდებულება წარმოადგენს აპელანტსა და საბანკო დაწესებულებას შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში და აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებას, ხოლო, საკუთარი თანამშრომლისთვის გადახდილი ხელფასი (223.88 ლარი) წარმოადგენს კომპანიის (აპელანტის) საქმიანობის ფარგლებში გასაწევ (გაწეულ) ხარჯს, რაც ხ-------------ს მიერ აპელანტთან ხელშეკრულების მოშლით მიყენებულ ზიანად ვერ შეფასდება, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ხ-------------სთვის წინასწარ ცნობილი არ ყოფილა აპელანტის მიერ ზემოაღნიშნული დანახრჯების თაობაზე და ამასთან, უდავოდ დადგენილია, რომ აპელანტის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო საერთოდ არ შესრულებულა და ხ-------------ს კომპანიისგან არანაირი მომსახურება არ მიუღია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს არც გაწეული ხარჯის - 1009.78 ლარის გათვალისწინების ნაწილში აპელანტის მოსაზრების გაზიარების საფუძველი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,L---------------” - ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.10.2017 წლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი