განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2018
საქმის ნომერი
130210018002449262
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 130210018002449262

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5341-18 26 ნოემბერი, 2018 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ქეთევან მ----შვილი

 

სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი

 

აპელანტი - შპს „ჩ-------------------------------------------“

 

წარმომადგენელი - ო-–--- გ-----–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ----- ნ-------

 

წარმომადგენელი - მ--- მ----

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. დ----- ნ-------მ ხ-–-----ს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ-------------------------------------------სთვის“ 38 232 ლარის და 14 თეთრის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ---------------------------------ს ჯგუფს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 20 000 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ჩ---------------------------------ს ჯ------ა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. ხ-–-----ს მ----–----–-------- სოფელ ქ--–----–- მდებარე უძრავი ნივთი - 408 კვ.მ. რომელზეც ორი შენობა-ნაგებობაა განთავსებული, საკადასტრო კოდით 6------------ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, დ----- ნ-------- სახელზეა რეგისტრირებული (ს.ფ.15-17).

 

6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ----- ნ-------- ორსართულიანი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობაზე არსებული დაზიანებები სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ასევე, ასაკობრივი ცვეთით არის გამოწვეული. შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საცხოვრებლად დროებით უვარგისია. შემდგომი ექსპლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება. ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობაც არადამაკმაყოფილებელია, შენობაზე არსებული დაზიანებები სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ტექნიკური მოუვლელობით არის გამოწვეული. შენობის შემდგომი ექსპლუატაცია ამ ეტაპზე საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა, ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო (ს.ფ. 19-42).

 

7. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა 38 232 ლარი და 14 თეთრი შეადგინა (ს.ფ. 45-60).

 

8. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.

 

9. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის უძრავ ქონებაზე მიყენებული ზიანი ნაწილობრივ მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედებებითაც იყო გამოწვეული.

 

სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისთვის სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი უნდა იქნეს გამოყენებული, რომლის თანახმად თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ამდენად, დასახელებული მუხლი ზიანის მიყენებისას ითვალისწინებს არა რომელიმე მხარის ბრალის გამორიცხვას, არამედ შერეული ბრალის არსებობას, რა შემთხვევაშიც დაზარალებული ინარჩუნებს ზიანის ანაზღაურების უფლებას, თუმცა იმ ფარგლებში, რაც შეესაბამება ზიანის მიმყენებლის ბრალს. ამდენად, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მხარისათვის მიყენებული ზიანი შეიძლება გამოწვეული იყო ორივე მხარის მიზეზით და არსებობდეს მხარეთა ე.წ. „შერეული ბრალი“.

 

საქმის მასალებში არსებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 იანვრის დასკვნის თანახმად, ხ-–-----ს მ----–----–------–- სოფ. ქ--–----–- მოქ. დ----- ნ-------- საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ასევე ასაკობრივი ცვეთით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები II-III ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობების შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საცხოვრებლად დროებით უვარგისია. სახლზე შემდგომი ექსპლუატაციისთვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება ასევე, შენობის უკან მდებარე საყრდენ კედელზეც არის საჭირო.

 

რაც შეეხება იმავე მიწაზე აღმართულ მეორე შენობა ნაგებობას, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ტექნიკური მოუვლელობით. ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტის მიერ ვრცლადაა აღწერილი წარმოქმნილი ბზარების ხასიათი და მიმართულებები, რამაც ექსპერტს მათი წარმოქმნის მიზეზებზე წარმოდგენა შეუქმნა.

 

სააპელაციო სასამართლოს აზრით, აშკარაა რომ ექსპერტიზის დასკვნა იმპერატიული ხასიათისაა. იგი მიუთითებს დაზიანებების გამომწვევ კუმულატიურ მიზეზებზე, კერძოდ, აღნიშნავს, რომ სახლის დაზიანებები ტექნიკური მოუვლელობითა და მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებითაა გამოწვეული. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უჩნდება გონივრული ვარაუდი იმისა, რომ გამოწვეული ზიანი, ნაწილობრივ, მოპასუხის ქმედებით იყო გამოწვეული, ანუ მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტაციით დგინდება, გვირაბის მშენებლობის სამუშაოები 2012 წლის ივლისში დაიწყო, თუმცა, კომპანია მონიტორინგის განხორციელებას 2012 წლის ოქტომბერში შეუდგა და ფართომასშტაბიანი მონიტორინგი მხოლოდ 2013 წლის მარტის თვეში განახორციელა (ს.ფ. 90-290). ამასთანავე, საქმის მასალებში არსებული „ე----------ს“ დასკვნები 2017 წლითაა დათარიღებული, შესაბამისად, სასამართლოს ვერ ექმნება გონივრული ვარაუდი იმისა, რომ აღნიშნული დასკვნა სრულად ასახავს გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე ან მისი დაწყებიდან მოკლე ვადაში მოსახლეობის სახლების მდგომარეობის ან/და მოსარჩელის სახელზე რიცხული კონკრეტული ქონების დაზიანებების კვლევას. გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების თანახმად (მასში შემდგომში განხორციელებული შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით), ყველა ორგანიზაციას, რომელიც მსგავსი მასშტაბური ხასიათის მშენებლობების წარმოებას დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ან საერთოდ გამოიწვია, თუ არა ის, საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება, აღნიშნული მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და წარდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნებით კომპენსირებული ვერ იქნება.

 

10. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი არსებობს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

 

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;

 

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

 

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

 

4. ან მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს. ისეთი საკითხების შეფასებისას, როდესაც სასამართლოს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია ექსპერტიზის დასკვნა ერთ-ერთი წონადი მტკიცებულებაა, რომელსაც სასამართლო მხედველობაში მხოლოდ მისი, განკუთვნადობის, შესაბამისობის, სანდოობისა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით იღებს. სააპელაციო სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებათა კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნისა და წარდგენილი ხარჯთაღრიცხვისა ერთობლიობაში გამოკვლევით მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა შერეული ბრალის არსებობა.

 

მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პირობებში, მას შემდეგ რაც, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გამოწვეული ზიანი ნაწილობრივ მოპასუხის მიერ განხორციელებულ დინამიური დატვირთვის შედეგია. მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას იმგვარ გარემოებებზე მითითება (შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა) წარმოადგენდა, რომლითაც მსგავსად დინამიური დატვირთვებისა, უძრავ ქონებაზე იდენტური დაზიანებების მიყენება შეეძლო. ამგვარი გარემოებების არსებობა საქმის მასალებით არ დგინდება. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარდგენილ კომპანია „ე----------ს“ დასკვნას სასამართლო მიუთითებს, რომ იგი ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას შეეხება და იგი კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად არ არის მიღებული. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა თავისი მნიშვნელობით ვერ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერებისა და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას მასზედ, რომ გვირაბის მშენებლობისას განხორციელებულ დინამიურმა დატვირთვებმა (მრავალჯერად აფეთქებებს) ტექნიკურ მოუვლელობასთან ერთად იმ ტიპის დაზიანებები გამოიწვია, რაც სადავო უძრავ ქონებას აღენიშნება.

 

11. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრა მხოლოდ აღდგენა-გაძლიერების პროექტის მიხედვით, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ, არის შესაძლებელი. ამ მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ინდ. მეწარმე „ზ----- გ------–----“ მიერ განხორციელებული სადავო საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დ----- ნ-------- უძრავი ქონების აღდგენა-რეაბილიტაციას, ჯამში, 38 232,14 ლარი ესაჭიროება. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს აპელანტი მხარის შედავებას სახლის საძირკვლის, სახურავისა და ფილების ხარჯთაღრიცხვაში შეყვანის თაობაზე და განმარტავს, რომ სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ის ხარჯები რაც აპელანტს არათანაზომიერად მიაჩნია, გამოკლებულია სასამართლოს მიერ. რაც შეეხება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილშიც დაკისრებული თანხის არათანაზომიერებას, აღნიშნული გარემოების სამტკიცებლად აპელანტს არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია, შესაბამისად, ზიანის არაგონივრულობა მხოლოდ აპელანტის ზეპირსიტყვიერი შედავებით დადგენილი ვერ იქნება.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როდესაც მოდავე მხარეთა შორის შერეული ბრალის არსებობა დგინდება და ამავდროულად, თითოეული მხარის მიერ მიყენებული ზიანის პროცენტულობის დათვლა ვერ ხერხდება, მოთხოვნილი ზიანის ოდენობა მხარეებზე თანაბრად ნაწილდება. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 40 033 ლარს შეადგენდა, მოპასუხე მხარეს, პირველი ინსტანციის სასამართლოში 20 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა, რაც საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან სრულ თანხვედრაშია.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა მხარემ ვერ გასწია, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 800 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „ჩ-------------------------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ქეთევან მ----შვილი