განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119002821979
საქმე №1/ბ-695-19 თბილისი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2019 წელი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------–--------–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქის, პ--------------------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ვ--–---------–-–---–------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენით:
ა---------–--------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ა---------–---------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.
ა---------–--------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
ა---------–--------–---ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა---------–--------–---ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და უცენზურო სიტყვებით აგინებდა მის 2002 წლის 12 ოქტომბერს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს, - ტ------–--------–---ს, 2018 წლის 21 აგვისტოს საღამოს საათებში ქ-----–-–--------–-–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს ა---------–--------–---მა საწოლზე წამოწოლილი შვილი ტ------–--------–---ი ძალის გამოყენებით დაითრია ფეხიდან და გადმოაგდო იატაკზე, რა დროსაც ტ------–--------–---მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მამის ძალადობრივი ქმედებების შედეგად ტ------–--------–---მა განიცადა როგორც ფსიქოლოგიური ტანჯვა ასევე ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა.
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ა---------–--------–---ს ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა---------–--------–---ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა---------–--------–---ის მიერ მოცემული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ტ------–--------–---ის, მოწმე - მ--------------–--ის, გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება რომ იგი აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ა---------–--------–---მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ა---------–--------–---მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
რაც შეეხება აპელირებას იმის შესახებ, რომ მამის, - ა---------–--------–---ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ტ------–--------–---მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი, – აღნიშნული გარემოებები ვერ იქნება გაზიარებული, როგორც სასჯელის გამკაცრების სამართლებრივი საფუძველი, რადგან მითითებული გარემოებები წარმოადგენს ა---------–--------–---ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუქნტით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება სასჯელის გამკაცრების საფუძველი გამხდარიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა---------–--------–---ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ა---------–--------–---ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა---------–--------–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი ა---------–--------–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელად.
ა---------–--------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ა---------–---------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ იყო გაუქმებულია.
არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი