განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
010100118002636883
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002636883 (№1/ბ-787-2018 წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ------გ გ------ის ძე ა-----ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: წალკის რაიონი, სოფელი ა–---–ა;

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ვ------გ ა-----ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 21 აგვისტოს, დილის საათებში ქ. ბათუმში, ი. ჭ-------ის ქუჩა N9-ში მდებარე ლომბარდში, ვ------გი ა-----ე მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა ლომბარდის მფლობელობაში არსებულ ,,ს-------ის’’ ფირმის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ვ------გი ა-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფი ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვ------გი ა-----ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2018 წლის 24 აგვისტოდან - 2018 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ზ-----ბ კ---–--–--ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ------გი ა-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: გ---ა ბ-----ის, მ--- ფ----------ის, თ----ა პ-------ას, დ----- ც----–-–---–ის, ვ------გი ა-----ის გამოკითხვის ოქმებით, პირის ამოცნობის ოქმით, ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების ოქმით, ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ვ------გი ა-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ვ------გი ა-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ-----ბ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი ვ------გი ა-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ვ------გი ა-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფი ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვ------გი ა-----ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2018 წლის 24 აგვისტოდან - 2018 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელ შემცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ვ------გი ა-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 აგვისტოს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - მ------ი ბ-----–-ძეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N--------------------------------).

ნივთიერი მტკიცებულება: მობილური ტელეფონი ,,ს-------ი’’, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ნივთიერი მტკიცებულება: ვიდეო ჩანაწერი ერთი ცალ DVD დისკზე, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე