განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
330210117002199360
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002199360

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4423-18 13 მარტი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები – თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი

 

აპელანტი - ნ-----------------

 

წარმომადგენელი - მ---------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - პ--–--- შ-----

 

წარმომადგენელი - გ-----------–---

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

 

დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ნ-----------------მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და 2014 წლის 30 ივნისს ნოტარიუს ბ------–-----–--- მიერ გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, კერძოდ, აღსასრულებელი ვალდებულების ჯამური მოცულობის (11.08.2017 წლის მდგომარეობით) 43 772. 10 აშშ დოლარის ოდენობით განსაზღვრა მოითხოვა, რომელიც სესხის ძირს, მასზე დარიცხულ პროცენტს და პირგასამტეხლოს მოიცავს. ასევე, მოსარჩელემ ყოველდღიური პირგასამტეხლოს - 2.95 აშშ დოლარის ოდენობით (2014 წლის 24 ივნისიდან 2017 წლის 3 დეკემბრამდე) განსაზღვრა მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2014 წლის 30 ივნისს ნოტარიუს ბ------–-----–--- მიერ გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელში და 2017 წლის 14 აგვისტოს ნოტარიუს ბ------–-----–--- მიერ გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების ჯამური მოცულობა 11.08.2017 წლის მდგომარეობით 63 179 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრა. ასევე ყოველდღიური პირგასამტეხლო 21 აშშ დოლარამდე (2017 წლის 12 აგვისტოდან მოთხოვნის აღსრულებამდე) შემცირდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ-----------------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 14 აშშ დოლარის ოდენობით (2017 წლის 12 აგვისტოდან მოთხოვნის აღსრულებამდე) განსაზღვრა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2013 წლის 24 სექტემბერს სს „კ-----------–----------------“ და ნ-----------------ს შორის გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურებისა და საკრედიტო ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლის თანახმად, ნ-----------------მ სს „კ-----------–------------------“ სესხის სახით 29 500 აშშ დოლარი 12 თვის ვადით, აიღო. სესხი 2013 წლის 24 სექტემბერს გაიცა და 2014 წლის 24 სექტემბრამდე სრულად უნდა დაფარულიყო. წლიური საპროცენტო სარგებელი 36%-ს, ხოლო მომსახურების საკომისიო გადასახადი - კრედიტის მოცულობის 1%-ს შეადგენდა. ხელშეკრულების 2.2.7. პუნქტის შესაბამისად, კრედიტის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, კრედიტის გამცემი უფლებამოსილი იყო საპროცენტო სარგებელთან ერთად დავალიანების თანხისთვის ჯარიმა 0.3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაეკისრებინა (ს.ფ. 1-47).

 

6. 2013 წლის 24 სექტემბერს გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მხარეებს შორის ამავე დღეს იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ნოტარიუს ბ------–-----–--- მიერ ნოტარიალურად დადასტურდა, ხოლო იპოთეკით ნ------- ჯ-------- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, დ---------–----–-------------- 1001 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს.კ. 0--------------- დაიტვირთა (ს.ფ. 28-47).

 

7. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების 9.3. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში დასაშვებია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა/შეწყვეტა, რასაც შედეგად 9.4.1. მუხლით გათვალისწინებული შედეგები მოჰყვება, კერძოდ, მსესხებელი ვალდებულია კრედიტის გამცემის წინაშე ყველა ფინანსური ვალდებულება ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა თანხის დავალიანების ჩათვლით, დაუყოვნებლივ შეასრულოს. ამავე ხელშეკრულების 10.3 მუხლის თანახმად, მხარეები მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე შეთანხმდნენ (ს.ფ. 1-47).

 

8. 2014 წლის 30 ივნისს, სს „კ-----------–---------------“ მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუს ბ------–-----–--- მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად - 36 025.41 აშშ დოლარი, ასევე 2014 წლის 25 ივნისიდან ყოველდღიური პირგასამტეხლო - 104.43 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 120 ლარის ოდენობით განისაზღვრა. სააღსრულებო ფურცლით ასევე იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაცია აუქციონზე დადგინდა (ს.ფ. 24, 61, 74-75).

 

9. 2016 წლის 2 თებერვალს, სს „კ-----------–----------------“ და ისრაელის მოქალაქეს პ--–--- შ-----ს შორის ცესია/მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად პ--–--- შ-----მ - 35 400 აშშ დოლარად მოთხოვნის უფლება შეიძინა (ს.ფ. 47-57).

 

10. 2017 წლის 14 აგვისტოს პ--–--- შ-----ს მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუს ბ------–-----–--- მიერ 2014 წლის 30 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილება შევიდა, კერძოდ, კრედიტორად პ--–--- შ-----, ხოლო აღსასრულებელი ვალდებულების ჯამურ მოცულობად 11.08.2017 წლის მდგომარეობით 155 413.10 აშშ დოლარი განისაზღვრა, რომელიც სესხის ძირითად თანხას, მასზე დარიცხულ პროცენტსა და პირგასამტეხლოს მოიცავდა. ყოველდღიურ პირგასამტეხლოდ კი 104.36 აშშ დოლარი დადგინდა (ს.ფ. 64-66).

 

11. პ--–--- შ-----მ აღსრულების მიზნით კერძო აღმასრულებელ მ--------–----–---–- მიმართა, რომელმაც მოსარჩელეს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წერილი გაუგზავნა. აღსასრულებელი ვალდებულების ჯამური მოცულობა 11.08.2017 წლის მდგომარეობით 155 413.10 აშშ დოლარს შეადგენდა, რომელიც სესხის ძირითად თანხას, მასზე დარიცხულ პროცენტსა და პირგასამტეხლოს, ასევე, მოთხოვნის აღსრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს სახით, 104.36 აშშ დოლარს, მოიცავდა. საერთო ჯამში მოთხოვნის მოცულობა - 158 230.82 აშშ დოლარი, ხოლო, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 120 ლარი იყო. ასევე, იპოთეკის საგნის რეალიზაცია, მდებარე: ქ. თბილისი, დ----------–---–-----–----–--------------, არასასოფლო-სამეურნეო, მიწის დაზუსტებული ფართობი 1001 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------. მესაკუთრე - ნ-----------------, დადგინდა (ს.ფ. 24, 61, 74-75).

 

12. 2017 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულებიდან (158 230.82), 29 500 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 10 620 აშშ დოლარი არის დარიცხული პროცენტი, ხოლო - 119 388 აშშ დოლარი დარიცხული პირგასამტეხლოა (ჯარიმა) (მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ „თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს“.

 

მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება შესაძლო ზიანს აღემატებოდეს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, ვალდებულების დარღვევის ხასიათი მისი ხანგრძლივობა და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოვალის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი დავალიანების თანხის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს ატარებდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან შეუსაბამო იყო და იგი გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირებულიყო, ვინაიდან პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო 119 388 აშშ დოლარი 5-ჯერ შემცირდა და, საბოლოოდ, ნ-----------------ს, პირგასამტეხლოს სახით, 23 059 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა, ხოლო, ყოველდღიური პირგასამტეხლოს თანხა - 21 აშშ დოლარით განისაზღვრა.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს 5-ჯერ შემცირება, მოვალის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც 5-ჯერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა და პალატას შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების პირობებშიც კი, იგი კვლავ შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა, რომელიც შეუსაბამო იყო, როგორც მოვალის ფინანსურ მდგომარეობასთან, ასევე ვალდებულების დარღვევის ხასიათთან და იგი მოვალის ინტერესებს გაუმართლებლად ლახავდა. მსგავსი მტკიცების არარსებობის პირობებში კი მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ნ----------------- სისხლის სამართლის საქმეზე გამართლდა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა, ანდა ის, რომ მოპასუხის ინიციატივით სასამართლომ ყადაღა გამოიყენა, რომელიც, საბოლოოდ, გაუმართლებელი აღმოჩნდა, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისთვის, არარელევანტურია და გაზიარებული ვერ იქნება.

 

14. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არ იყო და იგი საერთოდ არ უნდა შემცირებულიყო, გაზიარებული ვერ იქნება. აღნიშნული არგუმენტის სამტკიცებლად შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი საუბრობს აპელანტის ქცევის კეთილსინდისიერებაზე და მთელი იმ ქმედებების ჯაჭვზე, რომლებმაც ხელშეკრულების დადება და დაგროვებული დავალიანების სწორედ იმ ოდენობით განსაზღვრა გამოიწვია, როგორც ეს სარჩელის აღძვრის მომენტისთვის იყო.

 

ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ სამართლებრივ საფუძველს, რომლიდანაც მოთხოვნა, რომელიც პ--–--- შ-----ს ნ------- ჯ-------- მიმართ გააჩნდა, წარმოიშვა, კერძოდ, 2013 წლის 24 სექტემბერს სს „კ-----------–----------------“ და ნ-----------------ს შორის გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურებისა და საკრედიტო ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლის თანახმად, ნ-----------------მ სს „კ-----------–------------------“ სესხის სახით 29 500 აშშ დოლარი 12 თვის ვადით, აიღო. სესხი 2013 წლის 24 სექტემბერს გაიცა და 2014 წლის 24 სექტემბრამდე სრულად უნდა დაფარულიყო. პ--–--- შ----- სამართალურთიერთობაში მხოლოდ 2016 წლის 2 თებერვალს, სს „კ-----------–----------------“ და ისრაელის მოქალაქეს პ--–--- შ-----ს შორის მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგების გაფორმების გზით შევიდა. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, პ--–--- შ-----მ - 35 400 აშშ დოლარად მოთხოვნის უფლება შეიძინა. მან ახალი ხელშეკრულება კი არ დადო, არამედ ცესიის გზით, წინა კრედიტორი ჩაანაცვლა, რა დროსაც მასზე მოთხოვნის უფლება სწორედ იმ ფორმით გადავიდა, რა ფორმითაც იგი წინა კრედიტორს გააჩნდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ-----------------სა და პ--–--- შ-----ს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა, მხარეთა არაკეთილსინდისიერი ქცევა და სხვა მსგავსი შესაგებლები, შესაძლებელია დამოუკიდებელი სასარჩელო წარმოების საგანი გახდეს, თუმცა, მას განსახილველი დავის შედეგზე გავლენა ვერ ექნება, ვინაიდან პ--–--- შ----- ჩაანაცვლებდა თუ არა წინა კრედიტორს, ნებისმიერ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ იქნებოდა მიჩნეული და შემცირებას დაექვემდებარებოდა. პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დანიშნულებას/მიზანს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფა და არა მხარეთა კეთილსინდისიერი ქცევის უზრუნველყოფა წარმოადგენს. თუ რომელიმე მხარე არაკეთილსინდისიერად მოქმედებს მხოლოდ ეს ფაქტობრივი გარემოება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას საფუძვლად ვერ დაედება, თუმცა ,იგი შეიძლება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის საგანი გახდეს.

 

15. სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარსა და შეგებებულ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 5 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ნ------- ჯ-------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. პ--–--- შ-----ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება;

 

4. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები თამარ ალანია

თამარ ზამბახიძე