განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210210016001623528
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5220-17
„17“ იანვარი, 2018წ. თბილისი
თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით
აპელანტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - რ------------–-–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 14.06.2017წ. გადაწყვეტილება.
დავის საგანი - თანხის დაკისრება
პალატამ გამოარკვია:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 14.06.2017წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 14.06.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა. საქმე სააპელაციო საჩივარით გადმოეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.09.2017წ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 29.09.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა მთავარი სხდომა.
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სააპელაციო საჩივარი რ------------–-–---–-ს მიმართ განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად უნდა გადაეგზავნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებაა. ამდენად, სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის აუცილებელია ხელშეკრულება აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, კერძოდ, სამართალსუბიექტურობის პრინციპს ანუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარედ ადმინისტრაციული სუბიექტის მონაწილეობას, თუმცა, აღნიშნული საკმარისი არ არის და მითითებული ნორმის ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ სამართალსუბიექტურობასთან ერთად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოხსენებული ნორმა კუმულაციურად ითხოვს ხელშეკრულების დადებით საჯარო უფლებამოსილების მიზნის განხორციელებას. ამდენად, იმისათვის, რომ სამოქალაქო ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მივიჩნიოთ, აუცილებელია, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანო იყოს და ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნული ხელშეკრულების დადებით საჯარო სამართლებრივ მიზანს ახორციელებდეს. პალატა განმარტავს, რომ მართალია, ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის აუცილებელია სამართალსუბიექტობის პრინციპის დაცვა და ხელშეკრულების საფუძვლად საჯარო სამართლებრივი მიზნის მიღწევა, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია და ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისათვის ერთ-ერთ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ ატარებდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ შინაარსს. ამგვარი ზოგადი დანაწესის შემცველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე დავებს. ამდენად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განსჯადობის საკითხის სწორად გადაწყვეტისა და საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ განსახილველი დავა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან. მხოლოდ სადავო ურთიერთობის სამართალსუბიექტობა არ განსაზღვრავს დავის ხასიათს, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს კანონმდებლობას, რომლის საფუძველზეც არის აღმოცენებული დავა, დავის არსს და საგანს, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №ბს-465-460(გ-16) განჩინებით დამკვიდრებულ პრაქტიკას და განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანება), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
მოცემულ დავაში მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო დავის საგანი არის - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება.
პალატა მიუთითებს, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს გარდა იმ ფაქტისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობების ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ის, რომ დავის ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის სუბიექტია, ვინაიდან შესაძლებელია საჯარო სამართლის სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის სახელმწიფოს, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელი და ურთიერთობა საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს, სახეზეა საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნაა მოპასუხისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით არამათლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება 2012 წლის 17 სექტემბრიდან, თვეში 235.8 ლარის ოდენობით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე 13 მუხლის სამართლებრივი საფუძვლით.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქმე #2ბ/5220-17 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სიღნარის რაიონულ სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაზე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გაეგზავნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. განჩინება არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
ხათუნა არევაძე