განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.03.2019
საქმის ნომერი
330310018002391814
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002391814

საქმე №3ბ/3314-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თამარ ონიანი

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - გ-----------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ბ---------------ე

 

მესამე პირი - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენელი - რ------------–---–ი

 

დავის საგანი - კომპენსაციის გაცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით გ-----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გაცემული საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ 2015 წლის 30 ივნისიდან გ-----------–--ე რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, წ-----------ი №1. (ს.ფ. 27).

 

2.2. დადგენილია, რომ გ-----------–--ესა და მის მეუღლეს - ბ----------------ას ქ. თბ--–--–---–----------------–ი დაკავებული ჰქონდათ ერთი ოთახი, რომლის მესაკუთრეს წარმოადგენდა შ--–----------–---–ი. აღნიშნული ქონება, მათ შორის, პირადი ნივთები, განადგურდა ქ. თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2018 წლის 10 მაისის წერილობითი ინფორმაციის თანახმად, სტიქიის არეალში მდებარე უძრავი ქონების დამქირავებელი გ-----------–--ე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე არ ითვლება დაზარალებულ პირად, თუმცა 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაეკარგა/დაუზიანდა მის მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონება/ნივთები, რის გამოც გამოეყო ერთჯერადი ფულადი დახმარება საოჯახო ნივთების შესაძენად 4000 ლარის ოდენობით. (ს.ფ. 20; 55; 61; 65; 67-68; 70-71; 80-81).

 

2.3. გ-----------–--ემ, რომელიც სტიქიის არეალში ცხოვრობდა ქირით, 2015 წლის 11 აგვისტოს №12/10966-8 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა 8000 (რვაათასი) ლარით დახმარება საჭირო ავეჯის, ტექნიკის, სხვადასხვა ნივთის შესაძენად.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 20 აგვისტოს №12/10966-8 წერილით გ-----------–--ეს უარი ეთქვა 2015 წლის 11 აგვისტოს №12/10966-8 განცხადებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან საცხოვრისით უზრუნველყოფა ხდება და სხვა სახის ფულადი დახმარება გაიცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით გათვალისწინებული კატეგორიებისა და ჯგუფების მიხედვით. (ს.ფ. 77-79).

 

2.4. გ-----------–--ემ 2015 წლის 7 აგვისტოს მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელს და ბინის ქირის გადახდის მიზნით 500 (ხუთასი) ლარის პირად ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა, როგორც 2015 წლის 13-14 ივნისის დაზარალებულმა და ამავე დროს სოციალურად დაუცველმა პირმა. (ს.ფ. 56; 58).

 

2.5. გ-----------–--ემ, როგორც ქ. თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოქირავნემ, 2016 წლის 23 მაისს №179618/12 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელს და თანხის ჩარიცხვა მოითხოვა.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 13 ივნისის №24/150599 წერილით გ-----------–--ეს უარი ეთქვა 2016 წლის 23 მაისის №179618/12 განცხადებით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მან ვერ წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი ქირავნობის ფაქტის დადასტურების თაობაზე. (ს.ფ. 60-61).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

3.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი) 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტზე, 24-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაევალოს მისთვის, როგორც წყალდიდობის შედეგად დაზარალებულისათვის, კომპენსაციის ანაზღაურება 100000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

3.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ორგანულ კანონზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე“, რომლის 68-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების გარდა, აგრეთვე განეკუთვნება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

სასამართლომ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი“ და რომელმაც დაარეგულირა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის პირობები, დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კრიტერიუმები.

 

მითითებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესის მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა და საცხოვრისით უზრუნველყოფა, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფისა და უძრავი ქონების დათმობასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო, ხოლო სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემას ახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოსა და ვაკის რაიონის გამგეობები მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი“ (გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქცია) ადგენს წესში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობას, კერძოდ: ბ) დაზარალებული პირი (ოჯახი) – ეს არის კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტები, რომლებსაც ქ.თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაენგრათ/დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი/ბინა; დ) საცხოვრისი - მუდმივად საცხოვრებლად მოწყობილი და გამოყენებული, ერთი ან მეტი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი ბინა.

 

წესის მე-3 მუხლი დაზარალებულ პირებს (ოჯახებს) ყოფს ორ კატეგორიად და სამ ჯგუფად, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაზარალებული პირები (ოჯახები) იყოფიან შემდეგ ძირითად კატეგორიებად: ა) I კატეგორია - დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიის შედეგად და არ ექვემდებარება რეაბილიტაციას; ბ) II კატეგორია - დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიის შედეგად, თუმცა ექვემდებარება რეაბილიტაციას. მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაზარალებული პირები (ოჯახები) იყოფიან შემდეგ ჯგუფებად: ა) I ჯგუფი - მესაკუთრეები; ბ) II ჯგუფი - ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელები (შემდგომში - მფლობელი); გ) III ჯგუფი - ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მოსარგებლეები (შემდგომში - მოსარგებლე).

 

წესი, რომელიც არეგულირებს სპეციალურ ურთიერთობას, ამომწურავად განსაზღვრავს დაზარალებულ პირთა წრეს, რომელთაც ქ. თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაენგრათ/დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი/ბინა და რომელთაც უნდა მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია. თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული პირის (ოჯახის) სტატუსი დაკავშირებულია, ერთი მხრივ, შესაბამის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე პირის საკუთრების უფლებასთან, მეორე მხრივ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფორმით სარგებლობის (მფლობელობის) უფლებასთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ხოლო თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მეუღლესთან ერთად სტიქიის ზონაში ცხოვრობდა მესამე პირის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ქირით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული კომპენსაციის მიზნებისათვის აუცილებელია, დადგინდეს პირის დაზარალებულ პირად ცნობისათვის არსებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სტიქიის ზონაში სტიქიამდე ნამდვილად ფლობდა თუ არა მოქალაქე საცხოვრისს (უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ შენობა-ნაგებობას) და რომელი სამართლებრივი საფუძვლით. გ-----------–--ე არ წარმოადგენდა კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს, ასევე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მოსარგებლეს, შესაბამისად, არ არსებობდა მისთვის დაზარალებული პირის სტატუსის მინიჭებისა და შესაბამისი კომპენსაციის გადახდის საფუძველი.

 

3.3. სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისს დამტკიცებული №17-66 წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს „სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესს“. წესის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა სახის ფულადი დახმარება არის ფულადი დახმარება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის ან ფულადი დახმარება საოჯახო ნივთების შესაძენად, რომლის გაცემასაც ამავე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოსა და ვაკის რაიონის გამგეობები.

 

მითითებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იმ პირებს (ოჯახებს), რომლებიც ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე არ ითვლებიან დაზარალებულ პირებად (ოჯახებად), თუმცა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდნენ კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დაენგრათ მათ მფლობელობაში არსებული სახლები, შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ მიეცემათ ერთჯერადად ფულადი დახმარება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული თანხის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს შესაბამისი რაიონის გამგეობა, ხოლო თანხის მიღებისათვის სავალდებულო პირობას კი - 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს, კანონიერი საფუძვლის გარეშე კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მფლობელობაში არსებული სახლების დანგრევის ფაქტები. ანუ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს ე.წ. სტიქიის ზონაში იმ სახლის დანგრევა, რომელშიც დაინტერესებული პირი ფაქტობრივად ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ გ-----------–--ე ფაქტობრივად ცხოვრობდა უფლებამოსილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე, ე.წ. სტიქიის ზონაში, მას ეს უძრავი ქონება დაქირავებული ჰქონდა მესამე პირისგან, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო უფლებამოსილი ორგანოს მიერ ერთჯერადად ფულადი დახმარების გაცემის საფუძველი.

 

სასამართლომ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისს დამტკიცებული №17-66 წესის მე-5 მუხლზე, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ, ფულადი დახმარება ერთჯერადად, საოჯახო ნივთების შესაძენად, 1-2 წევრიანი ოჯახისთვის 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო 3 (სამი) და მეტ წევრიანი ოჯახისთვის 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, ასევე მიეცემათ სტიქიის არეალში მდებარე უძრავი ქონების დამქირავებლებს, რომლებიც ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, არ ითვლებიან დაზარალებულ პირებად, თუმცა 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაეკარგათ/დაუზიანდათ მათ მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონება/ნივთები და აღნიშნული ჩანაწერის ამოქმედების დროისთვის იდენტიფიცირებულნი არიან შესაბამისი გამგეობის მიერ.

 

გ-----------–--ეს და მის მეუღლეს ბ----------------ას, რომლებიც სტიქიის ზონაში ცხოვრობდნენ შ--–----------–---–ის საკუთრებაში, ქირით, თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად გაუნადგურდათ ნივთები. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობამ სტიქიის არეალში მდებარე უძრავი ქონების დამქირავებელს - გ-----------–--ეს გამოუყო ერთჯერადი ფულადი დახმარება საოჯახო ნივთების შესაძენად, 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით, რადგან 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაეკარგა/დაუზიანდა მის მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონება/ნივთები. ამდენად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის აპელირება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება ქ. თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად გ-----------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია.

 

3.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალდა და დაკარგა ყველაფერი, რაც გააჩნდა. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, მიუხედავად თბილისის მუნიციპალიტეტისგან მიღებული დაპირებისა, რომ სტიქიის შედეგად მისთვის მიყენებული ზარალის სრული კომპენსაცია განხორციელდებოდა, მოხდებოდა მისი საცხოვრებელი ბინით, ავეჯითა და ტექნიკით უზრუნველოფა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ აპელანტი მხოლოდ ერთი თვით განათავსა სასტუმრო „ტეხასში“ და ბინის დასაქირავებლად გადასცა 500 (ხუთასი) ლარი.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მატერიალ ზიანთან ერთად, მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და დღემდე მძიმე ავადმყოფია. ამასთან, იგი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება, რამდენადაც არის სოციალურად დაუცველი პირი. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გააჩნდა ვალდებულება, განსაკუთრებულად ეზრუნა აპელანტის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე. მოპასუხემ კი არაერთხელ დაარღვია გ-----------–--ის უფლებები, რაც უპირობოდ მოწმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საკუთარი ვალდებულებებისადმი თავის არიდებას.

 

აპელანტმა, როგორც დაზარალებულმა მოქირავნემ, 2016 წლის 23 მაისს N179618/11 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელს და მოითხოვა თანხის ჩარიცხვა. ქალაქ თბილისის ვაკის რაიონის გამოგეობის 2016 წლის 13 ივნისის 24/150599 წერილით გ-----------–--ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მან ვერ წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი ქირავნობის ფაქტის დადასტურების თაობაზე. სამოქალაქო კანონმდებლობა კი არ ითვალისწინების ქირავნობის ხელშეკრულების სავალდებულო ფორმას, მისი დადება შესაძლებელია ზეპირი ფორმითაც, მით უფრო, არ არის სავალდებულო შეთანხმების ნოტარიულად დამოწმება. ვერ გაითვალისწინებდა, რომ მოხდებოდა სტიქიური უბედურება და შემდგომ კომპენსაციის მისაღებად დასჭირდებოდა ნოტარიულად დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულების წარდგენა, მან იმოქმედა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული საფუძვლით თანხის ჩარიცხვაზე უარის თქმით დაარღვია დაზარალებულის უფლებები.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესოს კოდექსის 24-ე, 331 მუხლებზე, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-7 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და მიიჩნევს, რომ სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვს.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მოსარჩელის, როგორც 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულის პირის, სასარგებლოდ 100000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

5.2.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით დამტკიცდა ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი“, რომელმაც დაარეგულირა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის პირობები, დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კრიტერიუმები.

 

მითითებული წესის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, წესის მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა და საცხოვრისით უზრუნველყოფა, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 - 2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფისა და უძრავი ქონების დათმობასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემას ახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოსა და ვაკის რაიონის გამგეობები (შემდგომში – გამგეობა) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქცია განმარტავდა, რომ დაზარალებული პირები (ოჯახი) არიან კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტები, რომლებსაც ქ.თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაენგრათ/დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი/ბინა. მითითებული მუხლის მოქმედი რედაქციის შესაბამისად კი, დაზარალებული პირები (ოჯახი) არიან კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები (მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეები), „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტები, რომლებსაც ქ.თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაენგრათ/დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი/ბინა. იმავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საცხოვრისი არის მუდმივად საცხოვრებლად მოწყობილი და გამოყენებული, ერთი ან მეტი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი ბინა.

 

ზემოაღნიშნული წესის მე-3 მუხლი დაზარალებულ პირებს (ოჯახებს) ყოფს ორ კატეგორიად და სამ ჯგუფად, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაზარალებული პირები (ოჯახები) იყოფიან შემდეგ ძირითად კატეგორიებად: ა) I კატეგორია - დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიის შედეგად და არ ექვემდებარება რეაბილიტაციას; ბ) II კატეგორია - დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიის შედეგად, თუმცა ექვემდებარება რეაბილიტაციას. მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაზარალებული პირები (ოჯახები) იყოფიან შემდეგ ჯგუფებად: ა) I ჯგუფი - მესაკუთრეები; ბ) II ჯგუფი - ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელები (შემდგომში - მფლობელი); გ) III ჯგუფი - ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მოსარგებლეები (შემდგომში - მოსარგებლე).

 

ამრიგად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული წესი ამომწურავად განსაზღვრავს დაზარალებულ პირთა წრეს, რომელსაც განეკუთვნებიან ისეთი პირები, რომლებიც კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლით ფლობენ უძრავ ნივთს. კერძოდ, პირი უნდა იყოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, ხოლო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობა უკავშირდება პირის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ან იგი უნდა წარმოადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სუბიექტს. ამდენად, ნორმატიული აქტი ეხება როგორც უკვე რეგისტრირებულ მესაკუთრეებს, ისე იმ პირებს, რომელთაც აქვთ საკუთრების უფლებით დაცვის ღირსი ინტერესი ქონების მიმართ, რადგან გააჩნიათ ნივთის მიმართ საკუთრების უფლების წარმოშობის მოთხოვნის კანონისმიერი უფლება - აკმაყოფილებენ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს (არიან მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელები ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მოსარგებლეები). მითითებული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით კი, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ხოლო თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მეუღლესთან ერთად სტიქიის ზონაში ცხოვრობდა მესამე პირის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ქირით. ამდენად, აპელანტს არც საკუთრების უფლება აქვს აღრიცხული სადავო ქონებაზე, არ არის მისი მესაკუთრე და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაც არ გააჩნია, რამეთუ გ-----------–--ე მხოლოდ დროებით ფლობდა და სარგებლობდა უძრავი ქონებით, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული წესითა და ვადით. ამდენად, გ-----------–--ე არ წარმოადგენდა კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს, ასევე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მოსარგებლეს, შესაბამისად, არ არსებობდა მისთვის დაზარალებული პირის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსიდან გამომდინარე კომპენსაციის გადახდის საფუძველი.

 

5.2.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისს დამტკიცებული №17-66 წესის მე-5 მუხლი ასევე ადგენს „სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესს“. წესის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა სახის ფულადი დახმარება არის ფულადი დახმარება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის ან ფულადი დახმარება საოჯახო ნივთების შესაძენად, რომლის გაცემასაც, ამავე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოსა და ვაკის რაიონის გამგეობები.

 

მითითებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იმ პირებს (ოჯახებს), რომლებიც ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე არ ითვლებიან დაზარალებულ პირებად (ოჯახებად), თუმცა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდნენ კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დაენგრათ მათ მფლობელობაში არსებული სახლები, შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ მიეცემათ ერთჯერადად ფულადი დახმარება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისს დამტკიცებული წესი ფულადი კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს არა მხოლოდ ამავე წესით განსაზღვრული დაზარალებულის სტატუსის მქონე პირებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ფაქტობრივად ცხოვრობდა სტიქიის ზონაში, ფლობდა სახლს კანონიერი საფუძვლის გარეშე და ეს სახლი დაინგრა. ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლით კომპენსაციის მიღებისთვის ცალსახად უნდა დადგინდეს, რომ დანგრეული სახლი კონკრეტული პირების ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენდა, თუმცაღა უძრავი ნივთის ფლობა/სარგებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით არ წარმოშობილა. განსახილველ შემთხვევაში კი უძრავ ნივთს ჰყავს მესაკუთრე, ხოლო გ-----------–--ე სახლის ფლობას/სარგებლობას ახორციელებდა კანონმდებლობისა და მხარეთა შეთანხმების შესაბამისად. ამდენად, სადავო შემთხვევაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისს დამტკიცებული №17-66 წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ვერ გავრცელდება.

 

5.2.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისს დამტკიცებული №17-66 წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ, ფულადი დახმარება ერთჯერადად, საოჯახო ნივთების შესაძენად, 1-2 წევრიანი ოჯახისთვის 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო 3 (სამი) და მეტ წევრიანი ოჯახისთვის 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, ასევე მიეცემათ სტიქიის არეალში მდებარე უძრავი ქონების დამქირავებლებს, რომლებიც ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, არ ითვლებიან დაზარალებულ პირებად, თუმცა 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაეკარგათ/დაუზიანდათ მათ მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონება/ნივთები და აღნიშნული ჩანაწერის ამოქმედების დროისთვის იდენტიფიცირებულნი არიან შესაბამისი გამგეობის მიერ.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, ზემოთ აღნიშნული ნორმა ვრცელდება დამქირავებლებზე, ე.ი. პირებზე, რომლებიც ხელშეკრულების ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდნენ და სარგებლობდნენ უძრავი ნივთით და რომელთაც სტიქიის დროს დაეკარგათ/დაუზიანდათ მათ მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონება/ნივთები. ასეთი პირებისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი კომპენსაციის გაცემა, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია კონკრეტული თანხით, ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით. საქმეში წარმოდგენილი მასალებით კი დადგენილია, რომ გ-----------–--ეს და მის მეუღლეს ბ----------------ას, რომლებიც სტიქიის ზონაში ცხოვრობდნენ შ--–----------–---–ის საკუთრებაში, ქირით, თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს გაუნადგურდათ ნივთები. შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობამ სტიქიის არეალში მდებარე უძრავი ქონების დამქირავებელს - გ-----------–--ეს მისცა ერთჯერადი ფულადი დახმარება საოჯახო ნივთების შესაძენად, 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. ამრიგად, მოსარჩელეს მიღებული აქვს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული კუთვნილი კომპენსაცია დადგენილი ოდენობით, ხოლო დამატებით სხვა საფუძვლით მისთვის კომპენსაციის გაცემის წინაპირობების არსებობა არ დასტურდება.

 

5.2.5. რაც შეეხება აპელანტის მითითებას 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლითაც დადგინდებოდა მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზშედეგობრივი კავშირი ზიანსა და 2013 წლის ივნისში განვითარებულ მოვლენებს შორის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გ-----------–--ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე თამარ ონიანი