განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.01.2018
საქმის ნომერი
330210017001861566
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001861566

საქმე №2ბ/5523-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - ე---------------

წარმომადგენელი - მ------------–----

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ---–---–------

წარმომადგენელი - ლ----------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2017წ. გადაწყვეტილება.

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. ლ---–---–-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. ე--------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-----–----------, მ-------------------, კვარტალი I, კორპუსი 10, ბინა #28, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0---------------------- და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ლ---–---–------ს.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ 10.03.2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-----–----------, მ-------------------, კვარტალი I, კორპუსი 10, ბინა №28, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0---------------------- მესაკუთრეა ლ---–---–------.

 

მხარეებს შორის 2016 წლის 25 მარტს, უძრავ ნივთზე მდებარე ქალაქი თბილისი, დ-----–----------, მ-------------------, კვარტალი I, კორპუსი 10, ბინა №28, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0---------------------- გაფორმებული იქნა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ყოველთვიური ქირის ოდენობა განისაზღვრა 250 აშშ დოლარის ოდენობით. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

 

მხარეებს შორის 2016 წლის 25 მარტს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების 5.1.2 ნაწილის თანახმად, გამქირავებელს უფლება აქვს ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ქონების დაბრუნება თუ დამქირავებელმა ზედიზედ ორი თვის განმავლობაში არ გადაიხადა ქირა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მხარეებს ეკისრებათ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების მინიმალურ სტანდარტს.

 

მოპასუხე ე--------------ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება ქირის გადახდის თაობაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, ვინდიკაციური სარჩელი აღძრას, თუ მისი ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა და არსებობს სამი ელემენტი: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი, მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამი პირობის დადგენის შემდეგ სასამართლოს შეუძლია, დაადგინოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. პირველი პირობა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის არის ის, რომ მესაკუთრეობა (თუ დავა უძრავ ნივთს ეხება) უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერით. მეორე აუცილებელი ელემენტია, რომ მოპასუხე აუცილებლად უნდა ფლობდეს მესაკუთრის ნივთს და მფლობელობა არ უნდა იყოს კანონიერი. ხოლო

312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთის მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-----–----------, მ-------------------, კვარტალი I, კორპუსი 10, ბინა №28, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0---------------------- მესაკუთრეა ლ---–---–------. თავის მხრივ, მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება რითაც დადგინდებოდა მისი მხრიდან ნივთის მართლზომიერების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ''ე'' ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო ''ზ'' ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუთითა მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, უკანონო და უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში არსებული მტკიცებლებებით ნამდვილად დასტურდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-----–----------, მ-----------------, კვარტალი 1, კორპუსი 10, ბინა №28 მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი №0---------------------- მესაკუთრე არის მოსარჩელე ლ---–---–------, თუმცა მხარეებს შორის არსებობს ზეპირსიტყვიერად დაებული ქირავნობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოპასუხე ე---------------ს კანონიერ მფლობელობაში ჰქონდა გადაცემული აღნიშნული უძრავი ქონება.

მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას მიუთითებდა, რომ ე--------------ის მიერ არ ყოფილა გადახდილი ქირის ოდენობა, რაც საფუძვლად მიიჩნია, რომ მიეღო აღნიშნული უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილება. ე--------------ის მიერ ქირის ოდენობა გადახდილი იქნა სრულად, ხოლო ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წამოუდგენია. სასამართლომ არასწორად განმარტა მტკიცების ტვირთი და იგი უსამართლოდ დააკისრა მოპასუხე მხარეს. გადაწყვეტილების მე-3 გვერდზე სასამართლო უთითებს, რომ "საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთის მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-----–----------, მ-----------------, კვარტალი 1, კორპუსი 10, ბინა №28 მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი №0---------------------- მესაკუთრეა ლ---–---–------. თავის მხრივ მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დადგინდებოდა მისი მხრიდან ნივთის მართლზომიერების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს". პირველ რიგში, სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად გაუმართავია. გაურკვეველია რას გულისხმობს მოსამართლე, როდესაც უთითებს, რომ "მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დადგინდებოდა მისი მხრიდან ნივთის მართლზომიერების ფაქტი". გაუგებარია თუ რა მტკიცებულებების წარმოდგენას მოითხოვდა ამ ნაწილში სასამართლო მოპასუხე მხარისგან. გადრა ამისა, მოსარჩელე მხარე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს არ ჰქონდა ნივთის კანონიერი ფლობის უფლება, შესაბამისად აღნიშნულის მტკიცების ტვირთიც მოსარჩელის მხარეზე იყო, რაც კვლავაც არასწორად იქნა განმარტებული და მოპასუხე მხარისადმი გადმოკისრებული. ე--------------- კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზედ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს და, შესაბამისად, არ არსებობდა სასამართლოს მხრიდან იმ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც სასამართლოს მიერ იქნა მიღებული. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რაც უხეშად ხელყოფს მოპასუხის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, რაც უშუალოდ ლახავს პირის კონსტიტუციით 21-ე მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ე---------------ს უსაფუძვლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სსსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს სახელმწიფო ბაჟის დაკისრება ლ---–---–-----ისთვის.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ 10.03.2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-----–----------, მ-------------------, კვარტალი I, კორპუსი 10, ბინა №28, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0---------------------- მესაკუთრეა ლ---–---–------.

 

მხარეებს შორის 2016 წლის 25 მარტს, უძრავ ნივთზე მდებარე ქალაქი თბილისი, დ-----–----------, მ-------------------, კვარტალი I, კორპუსი 10, ბინა №28, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0---------------------- გაფორმებული იქნა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ყოველთვიური ქირის ოდენობა განისაზღვრა 250 აშშ დოლარის ოდენობით. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

 

მხარეებს შორის 2016 წლის 25 მარტს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების 5.1.2 ნაწილის თანახმად, გამქირავებელს უფლება აქვს ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ქონების დაბრუნება თუ დამქირავებელმა ზედიზედ ორი თვის განმავლობაში არ გადაიხადა ქირა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მხარეებს ეკისრებათ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების მინიმალურ სტანდარტს.

 

სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე არ იზიარებს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აღძრულია ვინდიკაციური სარჩელი, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს მიერ დასადგენი და შესაფასებელია გარემოებები სადავო ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების, მოპასუხის მიერ სადავო ნივთის ფლობისა და მოპასუხის მიერ სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოებები, რომ მოსარჩელე წარმოადგენს უძრავი ნივთის მესაკუთრეს და რომ მოპასუხე ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს. რაც შეეხება მფლობელობის მართლზომიერებას პალატა განმარტავს, რომ სწორედ სადავო ნივთის მფლობელს ეკისრება ვალდებულება და მას გააჩნია შესაძლებლობაც მიუთითოს და დაასაბუთოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2017წ. გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი