განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
820100116001612892
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100116001612892

საქმე №1/ბ-277-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ რ----- ბ---–----ის

ადვოკატის _ პ----- შ----ის

მონაწილეობით,გამართლებულის _ ჯ--- ბ-----ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ჯ--- ბ-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, მცხოვრების ქ.ბათუმში, ი------------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ--- ბ-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცრუ დასმენა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 13 სექტემბერს, ქ.ბათუმში, ი--------ის ქუჩიდან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ჯ--- ბ-----ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა შსს სსიპ 112-ის ოპერატიული მართვის სამსახურს და მიაწოდა ცრუ ინფორმაცია კ------ის ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის და მისი ცემის შესახებ. ამავე შეტყობინებაზე გამოცხადებულ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის მუშაკებს კი მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დ----- და მ------ ქ--------ებმა ჩაიდინეს მისი ცემა, ხოლო ხათუნა ქ-------- დაემუქრა.

 

ზემოაღნიშნულის გამო ჯ--- ბ-----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენით:

 

ჯ--- ბ-----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

გაუქმდა ჯ--- ბ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

გამართლებულ ჯ--- ბ-----ეს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ჯ--- ბ-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ასევე მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები აღწერილია შერჩევით და დამახინჯებული ინტერპრეტაციით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომის ეტაპიდანვე ხდებოდა ბრალდების მხარისათვის ხელის შეშლა, როდესაც მტკიცებულებების ნაწილი გაურკვეველი მიზეზით იქნა დაუშვებლად ცნობილი. სასამართლოს მსჯელობისას საერთოდ გამოტოვებული აქვს წარდგენილი ბრალდების შინაარსის ნაწილი, კერძოდ, ის, რომ ჯ--- ბ-----ემ უშუალოდ პატრულ-ინსპექტორებს მიაწოდა დანაშაულის შესახებ ცრუ ინფორმაცია კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რისი მიზანიც იყო მისი ბრალეულობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგის მის სასარგებლოდ შეცვლა. მოწმეებმა ი-----–- ბ----–---მ და ე------ რ-–---ემ დაადასტურეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ჯ--- ბ-----ემ პირადად მათ განუცხადა, რომ დ----- და მ------ ქ--------ებმა ცემეს, ხოლო ხათუნა ქ-------- დაემუქრა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა რ----- ბ---–----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულ ჯ--- ბ-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- შ----ემ ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ჯ--- ბ-----ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოს მიერ დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება ჯ--- ბ-----ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ „ინ დუბიო პრო რეო“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც. კერძოდ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ ცრუ დასმენის შემთხვევაში გამოკვეთილი უნდა იყოს პირის მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტული პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ. ცრუ დასმენის არსიდან გამომდინარე, იგულისხმება, რომ ამ დანაშაულის მიზანია უდანაშაულო პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. ცრუ დასმენისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ იმის გაცხადება, რომ ჩადენილია დანაშაული, არამედ უნდა იყოს მითითება იმაზეც, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ არავის დასმენა არ მომხდარა. ამდენად, იმისათვის, რომ ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით დაკვალიფიცირდეს, ადგილი უნდა ჰქონდეს კონკრეტული პირის ცრუ დასმენას, ტყუილად დადანაშაულებას, რომ თითქოს მან ჩაიდინა დანაშაული, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტული პირის მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე მიუთითებს აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაც _ იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ნორმის შინაარსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისას გამოვლენილი უნდა იყოს კონკრეტული პირის ტყუილად დადანაშაულება (დასმენა, დაბრალება), რომ ამ პირმა ჩაიდინა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ვინაიდან, ბრალი/ბრალდება თავისი არსით კონკრეტული პირისკენაა მიმართული.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ჯ--- ბ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ჯ--- ბ-----ემ უდანაშაულო პირი დაასმინა დანაშაულის ჩადენაში. როგორც საქმეში არსებული შეტყობინებებიდან ირკვევა, მან საინფორმაციო ცენტრ 112-ს მიაწოდა ზოგადი ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და არ მიუთითებია მის მიმართ დანაშაულის ჩამდენ კონკრეტულ პირზე, ხოლო მოწმის სახით პირველივე გამოკითხვისას განმარტა, რომ იგი არავის უცემია და მას არავინ დამუქრებია.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ჯ--- ბ-----ის ქმედებაში გამოკვეთილია არა ცრუ დასმენა, არამედ ცრუ შეტყობინება საინფორმაციო ცენტრ 112-ში, რაც არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება (მოქმედი კანონმდებლობით დასჯად ქმედებას წარმოადგენს მხოლოდ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ ჯ--- ბ-----ის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 მარტის განაჩენი ჯ--- ბ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ჯ--- ბ-----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

4.გამართლებულ ჯ--- ბ-----ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ ჯ--- ბ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/