განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2018
საქმის ნომერი
330210114683122
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210114683122

საქმე №2ბ/3011-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - შპს „ო------“

წარმომადგენელი - დ--------–-------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,მ--------‘’

წარმომადგენელი - გ------------–-----

 

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2017 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2017 წლის გადაწყვეტილებით:

 

1. შპს „მ--------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

 

1.1. შპს „ო------“-ს დაეკისრა შპს „მ--------“-ს სასარგებლოდ 31 214 ლარის გადახდა;

 

1.2. შპს „ო------“-ს დაეკისრა შპს „მ--------“-ს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, 2014 წლის 23 ოქტომბრიდან - 2014 წლის 17 დეკემბარმდე, არსებული დავალიანების (31 214 ლარის) - 0.05% - ის გადახდა (15,60 ლარი), რაც ჯამში შეადგენს 873,99 ლარს;

 

1.3. შპს „ო------“-ს დაეკისრა შპს „მ--------“-ს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით 2017 წლის 28 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არსებული დავალიანების (31 214 ლარის) - 0.05% - ის გადახდა (15,60 ლარი);

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2014 წლის 22 აგვისტოს შპს „მ--------“-ს და შპს „ო------“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა მოპასუხისათვის აღნიშნული ხელშეკრულების დანართი #1 გათვალისწინებული პროდუქტი: სამშენებლო ბეტონი B-25 - 500 კვ.მ. სამშენებლო ბეტონი B-22,5 - 50 კვ.მ. სამშენებლო ბეტონი W-8 - 8 კვ.მ. სამშენებლო ბეტონი -7,5 - 110 კვ.მ. ღორღი - ფრაქცია 5-40 მმ. - 200 კვ.მ.

 

2014 წლის 21 და 22 ოქტომბერს შპს „მ--------“-მ მიაწოდა შპს „ო------“ -ს 48 720 ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი აქვს ნაწილი.

 

აღნიშნული ხელშეკრულების 4.2. პუნქტი განსაზღვრავს გადახდის წესსა და პირობებს, კერძოდ, სამშენებლო ბეტონის შემთხვევაში, ყოველი კონკრეტული მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების 100% დაიფარება წინასწარ.

 

2014 წლის 22 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, „მყიდველის“ მიერ 4.2. პუნქტის გათვალისწინებული გადასახდელი თანხის დაგვიანების შემთხვევაში „გამყიდველი“ უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,2% ოდენობით.

 

შპს „ო------“ თანამშრომლობს მანქანის მწარმოებელ კონცერნ G--------------სთან. ამ ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხემ იკისრა ვალდებულება 2015 წლის 8 თებერვლისათვის მოეწყო ავტომანქანების გასაყიდი სალონი. შპს „მ--------“-ს მიერ მოწოდებული სამშენებლო ბეტონი უნდა გამოყენებულიყო საძირკვლის ფილის მოსაწყობად.

 

2014 წლის 29 ოქტომბერს შპს „ო------“ - ის დირექტორმა წერილით მიმართა შპს „მ--------“-ს და აცნობა, რომ მიწოდებული პროდუქციის ხარისხი არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის შეთანხმებულ სტანდარტს (შესრულება იყო ნაკლოვანი), კერძოდ, მოპასუხის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ბეტონის სიმტკიცე ვერ სცდებოდა 43%-ს. მოსარჩელეს განესაზღვრა ვადა ნაკლის აღმოსაფხვრელად, თუმცა შპს „მ--------“ არ დაეთანხმა მოპასუხის არგუმენტს და უარი უთხრა დამატებით მიწოდებაზე.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში მოპასუხის პროცედურული სტადია უზრუნველყოფს მის შესაძლებლობას ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული საპროცესო გარანტიებით, მათ შორის, აღნიშნული შესაძლებლობების ერთ-ერთ საკვანძო სეგმენტს წარმოადგენს შესაგებლის ფორმატში მოპასუხის რეაგირება მოსარჩელის მიერ ინიცირებულ საკითხებზე. გარდა იმისა, რომ მოპასუხის შედავება უნდა იყოს არსებითი და დაკონკრეტებული. შესაგებლის შეფასების სტანდარტს განაპირობებს მისი შინაარსი, კერძოდ, მოპასუხის ახსნა-განმარტებები ორიენტირებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების უარსაყოფად (კონკრეტული შედავება), თუ მოპასუხის ვერსია გადმოსცემს მოვლენათა განვითარებას იმგვარად, როდესაც შედავება უპირისპირდება მოსარჩელის მოთხოვნას კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ფარგლებში (კვალიფიციური შესაგებელი). უკანასკნელ შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებულია მიუთითოს ყველა ის სავალდებულო წინაპირობა, რომელიც ასაბუთებს მისი უფლების განმსაზღვრელი ნორმის დისპოზიციას.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში შპს „ო------“ შედავება განხორციელებულია ნაკლოვანი შესრულების სამართლებრივ რეჟიმზე მითითებით, თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ამ უფლების გამოყენება მოხდა არასრულყოფილად. ნაკლოვანი შესრულების სამართლებრივი კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ ნივთის თვისობრივი შეუსაბამობის განსაზღვრას, არამედ არეგულირებს, ასევე, პროცედურულ ნაწილს და მყიდველის უფლებას განსაზღვროს სამოქალაქო წესრიგით სანქცირებული შედეგი. თუმცა, მყიდველის აღმჭურველი უფლება, როგორც მისი დაცვის საშუალება უნდა განხორციელდეს ერთობლიობაში ყველა წინაპირობის განუხრელი დაცვით. ამ საკითხზე, შპს „ო------“-ს რეაგირება შემოიფარგლა მხოლოდ ნაკლზე მითითებით. მოპასუხის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ნაკლის არსებობა სადავოა მხარეს უფლება აქვს ამ საკითხის გადაწყვეტამდე თავი შეიკავოს შემდგომი პროცედურების განხორციელებაზე.

 

როგორც აღინიშნა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რომელიც ამ შემთხვევაში სუბიექტური ნაკლის ცნებაზეა ორიენტირებული, განსაზღვრავს მყიდველის უფლებას დაადგინოს კანონით მისთვის მინიჭებული სამართლებრივი შედეგი. ამ უფლების რეალიზაცია არ არის დამოკიდებული გამყიდველის შეხედულებაზე ნაკლის მიმართ. სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს და მოქმედებებს (მაგ. ნაკლის არსებითობა, საშეღავათო პერიოდი და ა.შ.), რომელიც უნდა გამოიყენოს მყიდველმა ამ უფლების სრულყოფილად გამოყენებისას, მათ შორის სამართლებრივი შედეგები, რომელიც ორი ალტერნატივის სახით არის წარმოდგენილი. შპს „ო------“ განმარტებით, საბოლოო ჯამში მის მიზანს წარმოდგენს ფასის შემცირება, რომელიც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლით. მაშინ როდესაც, მყიდველს აქვს ნასყიდობის საგნის შენარჩუნების ინტერესი, მას შეუძლია მოითხოვოს ნასყიდობის ფასის შემცირება იმ პროპორციით, რითიც მცირდება ნივთის ღირებულება ნაკლის გამო. ფასის შემცირება, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი უფლება ხორციელდება მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით, შესაბამისად, სამართლებრივი შედეგი დგება ამ განცხადების გამყიდველისადმი მისვლით. ამ კუთხით სასამართლოს ფუნქციას წარმოადგენს მყიდველის მიერ აღნიშნული უფლების გამოყენების ლეგიტიმურობის შემოწმება. ამდენად, ნაკლიანი ნივთის გადაცემიდან გამომდინარე უფლებების განხორციელება დამოკიდებულია მხოლოდ მხარის ნების გამოვლენაზე და განიხილება როგორც ერთიანი და თანმიმდევრული პროცესი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, ნაკლიანი ნივთის გადაცემიდან გამომდინარე უფლებები, როგორც წესი, სასამართლო განხილვის მიღმა მიმდინარეობს და მხარეთა შორის მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ხორციელდება, მაგრამ სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელისათვის ჩაბარებულ წერილობით შესაგებელში დაფიქსირებულ ნების გამოვლენასაც შესაძლოა, მიენიჭოს მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობა. თუმცა, ამ შემთხვევაში მოპასუხემ ამგვარი ნების გამოვლენა არ განახორციელა და ცალსახად განუმარტა სასამართლოს, რომ განხილვის ფარგლებში მხოლოდ ნივთის ნაკლის არსებობაზე მიუთითებდა, რისი დადგენის შემდეგაც სამომავლოდ გადაწყვეტდა, თუ რომელ უფლებას გამოიყენებდა. მან განმარტა, რომ სავარაუდოდ, ფასის შემცირების უფლების განხორციელებას აპირებდა, თუმცა, ეს ვერ ჩაითვლება სასამართლო განხილვის ფარგლებში დაფიქსირებულ ნების გამოვლენად. გარდა ამისა, მას არ მიუთითებია, თუ რა მოცულობით ამცირებს ნაკლი ნივთის ღირებულებას, რა ოდენობის თანხის გადახდას ეთანხმება ფასის შემცირების პირობებში და ა.შ. მოპასუხის შესაგებლის დაშვება ამგვარი შინაარსით მოსარჩელის უფლების დაცვას დამოკიდებულს გახდიდა მოპასუხის ნებაზე. სარჩელის უარყოფა მხოლოდ იმ მოტივით, რომ გაირკვეს ნივთის ნაკლის არსებობა, მასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგების გადაწყვეტის გარეშე, გამყიდველს წაართმევდა შემდგომში მოთხოვნის უფლებას, თუნდაც შემცირებული საფასურის ნაწილში.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მას არ განუხორციელებია ნივთის ნაკლიდან გამომდინარე სრულყოფილი (კვალიფიციური) შესაგებელი.

შპს „მ--------ს“-ს მოთხოვნა ვალდებულების შესრულების თვალსაზრისით, ხორციელდება სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის ფარგლებში. აღნიშნული მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. 2014 წლის 22 აგვისტოს შპს „მ--------“-ს და შპს „ო------“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა მოპასუხისათვის აღნიშნული ხელშეკრულების დანართი #1 გათვალისწინებული პროდუქტი. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულება განხორციელდა, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი აქვს ღირებულების მხოლოდ ნაწილი.

 

სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს. პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც მისი ოდენობის ზრდით ხასიათდება, სამოქალაქო კოდექსი უტოვებს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა არ მოხდეს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება, რაც თავის მხრივ დაარღვევს მხარეთა შორის არსებულ დაბალნსებულ ურთიერთობას. კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „მ--------ს“ პირგასამტეხლოს მოთხოვნა მოცულობა - 0,2% ნაწილში, დაფუძნებულია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებაზე და არ გამომდინარეობს იმ შესაძლო რისკებიდან, რომელიც დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ შედეგებთან. სხვაგვარი ინფორმაცია საქმის მასალებით არ იკვეთება. ამგვარად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ შეთანხმებაზე ფოკუსირებული პირგასამტეხლოს მოცულობა გონივრული სტანდარტის შესაბამისად შესაძლებელია შემცირდეს 0,05% ოდენობამდე. ასევე, უნდა შემცირდეს მის მიერ მოთხოვილი ყოველდღიური პირგასამტეხლოს ნიხრი.

 

რაც შეეხება ვადებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯრიმო სანქციების გამოყენება უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების გამოცხადების მომდევნო დღიდან. მოვალის მიერ ვალდებულებაზე უარის თქმა მოტივირებული იყო იმ გარემოებით, რომ იგი არ ეთანხმებოდა მის მიმართ განხორციელებულ შესრულებას, რამაც თავის მხრივ განაპირობა სამართალწარმოების პროცესი. ვინაიდან საქმის წარმოების ხანგრძლივობა არ წარმოადგენს მხარეთა კონტროლირებად მოვლენას და არ შეიძლება გახდეს მხარეთათვის უარყოფითი შედეგების მომტანი.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ერთის მხრივ, არ შეიცავს პირდაპირ მითითებას სამშენებლო ბეტონის ნაკლოვანების არსებობის შესახებ, თუმცა, არც საპირისპირო (უნაკლობა) არის დადგენილი. უფრო მეტიც, სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არსებითად სწორედ ნაკლიანი ნივთის მიწოდებიდან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობას ეძღვნება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შპს „მ--------ს“ მიერ განხორციელებული მიწოდების ნაკლოვანების ფაქტი, თუმცა შპს „მ--------ს“ სარჩელი მაინც დააკმაყოფილა სხვა სამართლებრივი არგუმენტაციით.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, შპს „მ--------ს“ სარჩელი ეფუძნებოდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მისი მხრიდან შპს „ო------“-ზე პროდუქციის (სამშენებლო ბეტონის) მიწოდება განხორციელდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობათა დაცვით (ანუ ჯეროვნად, სათანადო ხარისხითა და ვადაში), ხოლო მოპასუხე არ იხდიდა მიწოდებული ბეტონის შეთანხმებულ საფასურის ნაწილს. ამგვარად, თუკი სარჩელის შემოწმებისას დადასტურდებოდა მოსარჩელის მიერ სამშენებლო ბეტონის მიწოდების ფაქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ეს მიანიჭებდა მოსარჩელეს უფლებას მოეთხოვა და მიეღო შესაბამისი ნასყიდობის საფასური. საწინააღმდეგო შემთხვევაში, კი თუ არ დასტურდება სკ-ის 477-ე და 487-ე მუხლების შემადგენლობა, სასამართლოს უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, გადაწყვეტილებით ერთის მხრივ დადგენილია ნაკლიანი საქონლის მიწოდების ფაქტი, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიერ სარჩელის ძირითადი მოთხოვნა მაინც სრულად იქნა დაკმაყოფილებული.

 

აპელანტის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა იმის თაობაზე, რომ „სარჩელის უარყოფა მხოლოდ იმ მოტივით, რომ გაირკვეს ნივთის ნაკლის არსებობა, მასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგების გადაწყვეტის გარეშე, გამყიდველს წაართმევდა შემდგომში მოთხოვნის უფლებას, თუნდაც შემცირებული საფასურის ნაწილში“. სასამართლო ზეპირი განხილვის დროს ეს საკითხი აქცენტირებული იქნა სასამართლო კითხვების ფორმატში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლომ სწორედ იმის გამო დააკმაყოფილა არსებითად სარჩელი, რომ ჩათვალა, სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოსარჩელეს წაერთმეოდა შესაძლებლობა მოეთხოვა შემდგომში თუნდაც ნაკლიანი შესრულების ანაზღაურება. აღნიშნული მსჯელობის სამართლებრივ დასაბუთებას არ შეიცავს თავად სასამართლო გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე გაუგებარია, რომელი ნორმის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ „მოსარჩელეს არსებულ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმით წაერთმეოდა შესაძლებლობა მოეთხოვა ნაკლიანი შესრულების ანაზღაურება“. ასევე, სასამართლოს ზემოაღნიშნული მოსაზრება დასაბუთებულიც რომ იყოს, აღნიშნული მოსარჩელის რისკს წარმოადგენს, რადგან მოსარჩელემ სარჩელი იმთავითვე ააგო მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მან სრულყოფილად და უნაკლოდ შეასრულა მიწოდების ვალდებულება და იმთავითვე თავად გამორიცხა ნაკლის არსებობის შესაძლებლობა და არ წარუდგინა მტკიცებულებები სასამართლოს შესრულების პროპორციულობასთან დაკავშირებით.

 

მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე როგორც სარჩელის შემოტანისას, ისე შემდგომ ზეპირი განხილვის სტადიაზე კატეგორიულად გამორიცხავდა ყოველგვარ ნაკლს და თავის მოთხოვნას ხაზგასმით აფუძნებდა მისი მხრიდან სწორედ უნაკლო შესრულებაზე, ასევე, გამორიცხავდა თანხის შემცირებს ყოველგვარ შესაძლებლობას. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა შესრულების პროპორციაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2014 წლის 22 აგვისტოს შპს „მ--------“-ს და შპს „ო------“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,მ-------მა“ იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა აპელანტისთვის აღნიშნული ხელშეკრულების დანართი #1 გათვალისწინებული პროდუქტი: სამშენებლო ბეტონი B-25 - 500 კვ.მ. სამშენებლო ბეტონი B-22,5 - 50 კვ.მ. სამშენებლო ბეტონი W-8 - 8 კვ.მ. სამშენებლო ბეტონი -7,5 - 110 კვ.მ. ღორღი - ფრაქცია 5-40 მმ. - 200 კვ.მ.

 

2014 წლის 21 და 22 ოქტომბერს შპს „მ--------“-მ მიაწოდა შპს „ო------“ -ს 48 720 ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც აპელანტს გადახდილი აქვს ნაწილი.

 

აღნიშნული ხელშეკრულების 4.2. პუნქტი განსაზღვრავს გადახდის წესსა და პირობებს, კერძოდ, სამშენებლო ბეტონის შემთხვევაში, ყოველი კონკრეტული მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების 100% დაიფარება წინასწარ.

 

2014 წლის 22 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, „მყიდველის“ მიერ 4.2. პუნქტის გათვალისწინებული გადასახდელი თანხის დაგვიანების შემთხვევაში „გამყიდველი“ უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,2% ოდენობით.

 

შპს „ო------“ თანამშრომლობს მანქანის მწარმოებელ კონცერნ G--------------სთან. ამ ურთიერთობის ფარგლებში შპს ,,ო------“-მა იკისრა ვალდებულება 2015 წლის 8 თებერვლისათვის მოეწყო ავტომანქანების გასაყიდი სალონი. შპს „მ--------“-ს მიერ მოწოდებული სამშენებლო ბეტონი უნდა გამოყენებულიყო საძირკვლის ფილის მოსაწყობად.

 

2014 წლის 29 ოქტომბერს შპს „ო------“ - ის დირექტორმა წერილით მიმართა შპს „მ--------“-ს და აცნობა, რომ მიწოდებული პროდუქციის ხარისხი არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის შეთანხმებულ სტანდარტს (შესრულება იყო ნაკლოვანი), კერძოდ, აპელანტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ბეტონის სიმტკიცე ვერ სცდებოდა 43%-ს. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა ვადა ნაკლის აღმოსაფხვრელად, თუმცა შპს „მ--------“ არ დაეთანხმა მის არგუმენტს და უარი უთხრა დამატებით მიწოდებაზე.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ნაკლოვანი შესრულების სამართლებრივი მოცემულობა გულისხმობს როგორც ნივთის თვისობრივი შეუსაბამობის განსაზღვრას, ასევე, პროცედურულ ნაწილს, კერძოდ, მყიდველის უფლებას განსაზღვროს სამოქალაქო წესრიგით სანქცირებული შედეგი. თუმცა, მყიდველის აღმჭურველი უფლება, როგორც მისი დაცვის საშუალება უნდა განხორციელდეს ერთობლიობაში ყველა წინაპირობის დაცვით. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ო------“-ს რეაგირება შემოიფარგლა მხოლოდ ნაკლზე მითითებით, არასრულყოფილად, რაც ნაკლოვანი შესრულების მოცემულობისას მყიდველის უფლების, როგორც მისი დაცვის საშუალების რეალიზებად ვერ შეფასდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას, გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ნივთობრივი ნაკლის არსებობის შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ნასყიდობის საგნის ფასის შემცირება.

 

პალატა განმარტავს, რომ ფასის შემცირება, ისევე, როგორც ხელშეკრულებიდან გასვლა არის ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, რომელიც ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით, შესაბამისად, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც იგი, 51-ე მუხლის შესაბამისად, მიუვა მეორე მხარეს. კერძოდ, როდესაც ნების გამოვლენა გამომვლენის ძალაუფლების სფეროდან გადადის მიმღების ძალაუფლების სფეროში და ამ უკანასკნელს აქვს მისი შინაარსის გაცნობის რეალური შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს წერილით აცნობა ნივთის ნაკლოვანების შესახებ, თუმცა, აღნიშნულ წერილში ფასის შემცირების თაობაზე მითითება არ ყოფილა. რის გამოც, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მას არ განუხორციელებია ნივთის ნაკლიდან გამომდინარე სრულყოფილი (კვალიფიციური) შესაგებლი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო, ამავე მუხლის მეორე ნაწილის სესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმების თანახმად განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება - მოვალეობები და დადგენილია, რომ გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, თავის მხრივ, დადგენილია მყიდველის მოვალეობა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური და ორმხრივი ბუნება და კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულებების მთავარ პირობებს.

 

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები შესრულების პროპორციულობასთან დაკავშირებით იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ დადგენილია ნაკლოვანი შესრულება, არ არსებობდა ძირითადი დავალიანების ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

 

აპელანტის ზემოაღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე მყიდველის უფლებაა მოითხოვს ნასყიდობის ფასის შემცირება იმ პროპორციით, რითიც მცირდება ნივთის ღირებულება ნაკლის გამო. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნასყიდობის ფასის გადახდევინების მოთხოვნით სარჩელის ფარგლებში, მოპასუხის მიერ ნაკლოვანი შესრულების თაობაზე შესაგებლის გარემოების მითითებისას, სწორედ მოპასუხე (აპელანტი) მხარის სამტკიცებელია გარემოება იმის თაობაზე თუ რა მოცულობით შემცირდა ნივთის ღირებულება ნაკლოვანი მიწოდების გამო, რაც ქმნიდა სარჩელის სრულად (ნაწილობრივ) დაკმაყოფილების გამორიცხვის შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის (აპელანტის) მიერ არ იქნა მტკიცებულებებით დასაბუთებული ნაკლოვანი შესრულების გამო ნივთის ღირებულების კონკრეტული ოდენობით შემცირების გარემოება, თავად ნაკლოვანი შესრულების გარემოების დადგენა (არ დადგენა) გავლენას არ ახდენს ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს შპს „მ--------“-ს და შპს „ო------“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,მ-------მა“ იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა შპს ,,ო------“-სთვის აღნიშნული ხელშეკრულების დანართი #1 გათვალისწინებული პროდუქტი. დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვალდებულების შესრულება განხორციელდა, საიდანაც აპელანტს გადახდილი აქვს ღირებულების მხოლოდ ნაწილი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც შპს ,,ო------“-ს მიერ ნაკლოვან შესრულებაზე მითითებას არ მოჰყოლია მის მიერ ფასის შემცირების მოთხოვნის უფლების სათანადო რეალიზება, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების დაკისრების მოთხოვნაზე უარის თქმის მატერიალუ-სამართლებრივი საფუძველი.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ო------“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2017 წლის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი