განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3039-17 29 ივნისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე- ხათუნა არევაძე
მოსამართლეები - ანა გოგიშვილი
ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია, ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი – ე-----------------–--ე
წარმომადგენელი - მ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ--–--------------------ი
წარმომადგენელი - ც-–-----–--------ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით, ე-----------------–--ის სარჩელი ვ--–--------------------ის მიმართ, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ვ--–--------------------ი ე-----------------–--ის შვილია.
2.2. 2012 წლის 22 მარტს ე-----------------–--ესა და ვ--–--------------------ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ე-----------------–--ემ აჩუქა ვ--–--------------------ს ქ. თბილისში, ს-----------ს ქ----ში მდებარე N-- საცხოვრებელი ბინა (საკადასტრო კოდი: 0----------------------).
2.3. თბილისში, ს-----------ს ქ----ში მდებარე N-- საცხოვრებელი ბინა (საკადასტრო კოდი: 0----------------------) საკუთრების უფლებით ეკუთვნის ვ--–--------------------ს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. დადგენილია, რომ სადავო ქონებაზე მხარეებს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება. მოსარჩელის მოთხოვნაა აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, მოპასუხის მიერ მისადმი უმადურობის გამოჩენის კონტექსტში; შესაბამისად, სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით დადგენილი ნორმატიულ წინაპირობების მიხედვით; კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს, ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
ე-----------------–--ემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ „ბინიდან გამოაგდო მოსარჩელის დისშვილები და მათ თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენა დედას. არ უპასუხა ტელეფონზე ე-----------------–--ის ზარს. არის აგრესიული ოჯახის წევრების მიმართ და იჩენს უპატივცემულობას“.
სასამართლომ მიუთითებს, რომ ქონების უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) დროს, დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა ხდება მისი მხრიდან საპასუხო შესრულების გარეშე. ზოგადად, ის ფაქტი, რომ მოპასუხე სათანადო მზრუნველობას არ იჩენს და ყურადღებას არ აქცევს მოსარჩელეს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დასკვნას იმის შესახებ, რომ დასაჩუქრებულმა გამჩუქებლის მიმართ დიდი უმადურობა გამოიჩინა, ან ამით აყენებს მას მძიმე შეურაცხყოფას.
ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა:
„მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას, ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“ (იხ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი).
ჩუქების ხელშეკრულება, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივ-სამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს. ეს ვალდებულება მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ე-----------------–--ე ვ--–--------------------ის მხრიდან გამოჩენილი უმადურობის დადასტურებას მოწმეთა ჩვენებებით ცდილობს. მოწმე - ს-----–--------მ მიუთითა, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ ვ--–--------------------ი შეიცვალა, არ ეკონტაქტებოდა ოჯახის წევრებს, ერთ-ერთი სტუმრობისას კარები მიუჯახუნა. მოპასუხის „ცუდ“ ხასიათზე მიუთითა, ასევე მოწმე მ-----------–--ემ.
სასამართლოს შეფასებით, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით საყურადღებოა, რომ მოპასუხეს დედისადმი უხეში დამოკიდებულება ჰქონდა არა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არამედ მის გაფორმებამდე. ასევე, ს-----–--------მ მიუთითა ვ--–--------------------ის უმადურ დამოკიდებულებაზე არა მჩუქებლის, არამედ მისი და მისი მეუღლის მიმართ. სასამართლოს შეფასებით, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება, ან დიდ უმადურობის გამოჩენა მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ არ დასტურდება არც მოწმეთა - მ-----------–--ისა და კ----------------ის ჩვენებებით.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ყურადღება გაემახვილებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე; სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ე-----------------–--ემ ვერ მიუთითა, რა სახის მძიმე შეურაცყოფა მიაყენა, ან რაში გამოიხატებოდა დიდი უმადურების გამოჩენა მოპასუხის მხრიდან მისი ან მისი ახლო ნათესავის მიმართ; სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დასახელებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარუდგენია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1 აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნავს, რომ კანონი არ განმარტავს უმადურობას; ამდენად, სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამისი შეფასება უნდა მისცეს უმადურობის მომენტს, რომლის დროსაც უნდა იხელმძღვანელოს დასაჩუქრებულის არამართლზომიერი, განზრახი ხასიათით და მისი მოქმედებით, რომელიც მიმართულია მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის, სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის სადავო ნორმა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ხელშეკრულების მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ნაჩუქრობა ისტორიულად ჩამოყალიბდა როგორც ზნეობრივ საძირკველზე დაფუძნებული ურთიერთობა; ნაჩუქრობა წარმოადგენს სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის იდეალურ გამოვლინებას. სახეზეა შემთხვევა, როდესაც ეთიკურ-ზნეობრივი იმპერატივითაა დატვირთული მთელი ურთიერთობა, მისი წარმოშობიდან გაუქმების მომენტის ჩათვლით. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გადაცემა პირდაპირ ებმის დასაჩუქრებულის მხრიდან მართალია არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ზნეობრივად სავალდებულო მოქმედების შესრულება კი არ შეიძლება განვიხილოთ თავისუფლების შეზღუდვად. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს. შემდეგი მნიშვნელოვანი დებულება ის არის, რომ ზნეობრივ საძირკველზე აღმოცენებულ-დაფუძნებული უფლებები, მათი წარმოშობის შემდეგაც თვდაპირველ წყაროსთან არის მიბმული. აქ არ გვაქვს ის ტრადიციული შემთხვევა, როდესაც ხელშეკრულების საფუძველზე გაჩენილ საკუთრებას აღარაფერი აკავშირებს ამ ხელშეკრულებასთან. ზნეობრივ იმპერატივებზე აგებული საკუთრება მისი ,,გამჩენის" კონტროლის ქვეშ რჩება. ...საკუთრების უფლება სხვადასხვა სამართლებრივად ანგარიშგასაწევი საფუძვლით შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ სახელშეკრულებო ურთიერთობასთნ, რომლის საფუძველზეც იგი წარმოიშვა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სახელშეკრულებო თავისუფლების შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია ახალი საკუთრების შემდგომი სამართლებრივი კავშირ-ურთიერთობა მისი წარმოშობის წყაროსთან. სწორედ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე ნაჩუქრობასთან დაკავშირებით. ეს ვალდებულება 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივ-სამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს და გარდა საზოგადო ხასიათისა, ამ კონკრეტულ შეთხვევაში, ნაჩუქრობის სუბსტანციის იმანენტურ ნიშან-თვისებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება სადავო მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა.
ამ შემთხვევაში მჩუქებლის მიმართ მესაკუთრეს ავალდებულებს საკუთრების წარმოშობის საფუძვლები, კერძოდ ის, რომ საკუთრება უსასყიდლო ურთიერთობის შედეგად გაჩნდა, რომ უსასყიდლოდ შეძენილი უფლებები ვერ გამოირჩევიან ისეთი სიმტკიცით, როგორც ეს ახასიათებს ეკვივალენტური ურთიერთობის გზით წარმოშობილ უფლებებს. ,,მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც საკუთრების უფლება, როგორც წესი, სახეზეა ყველა მისი ნიშან-თვისებით, ზოგჯერ იგი ნაკლები მოულოდნელობითა და სიმტკიცით ხასიათდება, ვიდრე ამას ადგილი აქვს საკუთრების სასყიდლიანი გზით შეძენისას".
ჩუქების ფაქტის შემდეგ მხარეთა შორის ურთიერთობა დამთავრებული რომ ყოფილიყო, მაშინ არც ჩუქების გაუქმებაზე იქნებოდა საუბარი, ,,ჩუქება შეიძლება გაუქმდეს", ,,თუ ჩუქება გაუქმდება", ვინაიდან შეუძლებელია გაუქმდეს ის, რაც არ არსებობს. საჩუქრის დაბრუნება სწორედ რომ ნაჩუქრობის გაუქმების შედეგია. 529-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ". აქედან ჩანს, რომ ნაჩუქარზე საკუთრების უფლების შეწყვეტა ჩუქების გაუქმებას მოსდევს და ნაჩუქრობის სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის დამახასიათებელი მოვლენაა", რომ საკუთრების უფლება, როგორც ფასეულობა, არ შეიძლება აღემატებოდეს საზოგადოების ზნეობრივ ფასეულობებს. უზომოდ უზნეო იქნებოდა ეს საკუთრება, კანონმდებელს მისი შენარჩუნებისათვის მხარი რომ დაეჭირა. სწორად, რომ ,,...ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სამართალი ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას".
529-ე მუხლის შინაარსი სულაც არ გულისხმობს, იმას რომ დასაჩუქრებული ,,მთელი ცხოვრება" მჩუქებელს შეჰყურებდეს თვალში და თავისუფლებას სამუდამოდ იზღუდავდეს. დასაჩუქრებულს არავინ არ ავალდებულებს რაიმე ისეთი მოქმედების განხორციელებას, რაც მისი მხრიდან სამაგიერო შესრულებას შეიძლება ჩაითვალს. ...ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებას ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს". ყოველივე აღნიშნული ლაპარაკობს იმაზე, რომ სამართლი ყოველთვის დარაჯად უნდა ედგეს ხალხის ზნეობას.
აპელანტის შეფასებით, ზემოთ მითითითებული დასაბუთების შესაბამისად, სასამართლო შეეცადა გამოყენებინა უზენასი სასამართლოს განმარტებანი საქმეზე Nას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი და ასაბუთებს, რომ მსგავს შემთხვევებში სასამართლო გადაწყვეტილება მიღება სასამართლოს შეფასების საგანია და არა მოსარჩელის სუბიექტური განსაზღვრება; აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ამდაგვარი მსჯელობა მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ მოსარჩელეე იდავებდა მხოლოდ იმ გარემებებზე მითითებით, რომ ქონების გაჩუქების შედეგად მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში ჩავარდა, დაკარგა შემოსავლის წყარო; სხვა შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ ჩუქებამდე და ჩუქების შემდგომ მხარეთა შორის არსებული ვითარება უკეთესობიდან საუკეთესოდ უნდა შეცვლილიყო, თუ გამჩუქებელს აღარ უნდა ჰქონოდა მხარისგან საუკეთესო მოლოდინი ჩვეულებრივ ტრადიციულ-ზნეობრივი დამკვიდრეული ჩვეულების სახით, რომელიც იმთავითვე ურთიერთშებოჭვის ფარგლებსაც გულისხმობს. სწორედ ამ გარემოების დადგენა და სამართლებრივი შეფასებაა საჭირო კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობისათვის და ამის შესაბამისად უნდა გამოეყენებინა სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი და არა პირდაპირი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- ვ--–--------------------ი ე-----------------–--ის შვილია.
- 2012 წლის 22 მარტს ე-----------------–--ესა და ვ--–--------------------ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ე-----------------–--ემ აჩუქა ვ--–--------------------ს ქ.თბილისში, ს-----------ს ქ----ში მდებარე N-- საცხოვრებელი ბინა (საკადასტრო კოდი: 0----------------------).
- თბილისში, ს-----------ს ქ----ში მდებარე N-- საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით ეკუთვნის ვ--–--------------------ს (საკადასტრო კოდი: 0----------------------).
4.2. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, გამოვლინდა თუ არა ვ--–--------------------ის მხრიდან დედის - ე-----------------–--ის მიმართ, მძიმე შეურაცხყოფისა და დიდი უმადურობის ფაქტი, რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს მხარეთა შორის 2012 წლის 22 მარტს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
წინამდებარე შემთხვევაში, ე-----------------–--ის მიმართ ვ--–--------------------ის მიერ უმადურობის, შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის მტკიცება ეკისრება თავად მოსარჩელეს (აპელანტს) და სწორედ მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ დასაჩუქრებული - მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე), შეურაცხყოფას აყენებს მას ან სხვაგვარად იჩენს უმადურობას. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება მოწმის ჩვენებით, პოლიციის ორგანოში დაცული მასალებით, ოჯახური კონფლიქტის ამსახველი მტკიცებულებებით, განაჩენით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალებითა ან სხვა ნებისმიერი ისეთი მტკიცებულებით, რომელშიც ასახული იქნება ვ--–--------------------ის მიერ აპელანტის მიმართ გამოვლენილი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი უმადურობა. სასამართლომ განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“ ამ შემთხვევაში, გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულების მხარეთა მიერ წინასწარაა შეთანხმებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათის გათვალისწინებით, ქონების გამჩუქებელს იმგვარი უფლებები გააჩნია, რაც ვერ ექნება, მაგალითად, ნივთის გამყიდველს, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ გულისხმობს დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ იგი თავის უფლებებს კეთილსინდისიერად და მართლზომიერად ახორციელებს. სწორედ ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად გამჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა გამჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქების გაუქმების შესაძლებლობას კანონი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას უკავშირებს, როგორიც არის 1) დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა და/ან 2)მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა. სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი, ანუ აშკარა უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება; შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს. თავისთავად ,,დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად.
სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, მჩუქებლისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხს მჩუქებლის ქცევის გათვალისწინებით და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უმადურობა და მიყენებული შეურაცხყოფა ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს, მითითებული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ, მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით, უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, ობიექტურად, შეიძლება თუ არა იგი უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული, მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი დასაჩუქრებულის მიმართ გამოხატავს პატივისცემას და კეთილგანწყობას. მის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვის მიზნით, საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას; თუმცა ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივი მოწესრიგება ცხადყოფს, რომ ჩუქების ხელშეკრულებიდან გასვლა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. ერთ-ერთ მსგავს შემთხვევას წარმოადგენს საჩუქრის გამოთხოვა დასაჩუქრებულის მიერ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა ან დიდი უმადურობის გამოჩენის ვითარება მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
პალატა განმარტავს, რომ უმადურობა არ არის იურიდიული ტერმინი და როგორც აღინიშნა, იგი შეფასებითი კატეგორიისაა. ზოგადი ხასიათის უმადურობა არ ქმნის ნაჩუქარის გამოთხოვის საფუძველს. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთერთ საქმეზე განმარტა, რომ ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს, როგორადაც კანონის თანახმა მიჩნეულია „მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“. აქედან გამომდინარე, პალატის შეფასებით, უმადურობა არის დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. ქონების ჩუქებით გადაცემა, პირდაპირ კავშირშია ზნეობრივ-მორალურ საკითხებთან.
სააპელაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა განმარტავს, რომ ე-----------------–--ის მიერ მითითებული გარემოებები (ვ--–--------------------ის მხრიდან დედის თხოვნის გაუთვალისწინებლობა, კერძოდ, გაფრთხილების მიუხედავად დედის სტუმრობისას სახლში არყოფნა, რის გამოც მოსარჩელემ გასაღების არქონის გამო ვერ შეძლო ბინაში შესვლა, მასსა და მის ძმებს შორის დაძაბული ურთიერთობა), ვერ იქნება განხილული უმადურობისა და შეურაცხყოფის გამოვლინებად, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას; პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვ--–--------------------ის მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად შეურაცხყოფისა და აგრესიის გამოვლინების ფაქტი არ დგინდება; ამასთან, გაურკვეველია, თუ რას უკავშირებს აპელანტი უმადურობას, რამდენადაც სააპელაციო საჩივარი დეტალურ განმარტებას ფაქტების თაობაზე არ შეიცავს; ასევე დაუდგენელია, რომელი მოწმის ჩვენებას მიიჩნევს აპელანტი გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით მოხმობილ ფაქტებთან შეუსაბამოდ.
პალატა აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს ხელი მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი, მოიცავს როგორც დამოუკიდებლად თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას.
მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები მასზედ, რომ ვ--–--------------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დედის - ე-----------------–--ის მიმართ მძიმე შეურაცხყოფას, ან/და დიდი უმადურობის გამოვლინებას; კერძოდ, ხსენებული გარემოება არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით; შესაბამისად, აპელანტმა ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთვის რეალიზაცია.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს; სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან.
5. ამრიგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე-----------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /
მოსამართლეები: /ანა გოგიშვილი/
/ეკატერინე ცისკარიძე/