განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2018
საქმის ნომერი
330210015001162804
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001162804

საქმე №2ბ/6268-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - მ-----–---------

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ე-------“

წარმომადგენელი - დ---------–---

 

დავის საგანი - მოპასუხის მიერ 24.10.2012 წლის ხელშეკრულების ვადის ვადაგადაცილებისა და მოსარჩელის მიერ ამავე ხელშეკრულების ვადის დაცვის აღიარება, მოპასუხის მიერ მარმარილოსა და გრანიტის ფილების დაზიანების ფაქტის და ღირებულების დადგენა, თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.09.2017 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.09.2017 წლის გადაწყვეტილებით:

 

1. მ-----–---------ს სარჩელი შპს ,,ე-------ს“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2012 წლის 24 ოქტომბერს ი---------–--------სა და შპს „ე-------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ-----–---------მ იკისრა ვალდებულება შპს „ე-------ს“ კუთვნილ ფართზე (ო--------–-------------) შეესრულებინა მარმარილოს ნატეხებით ტერასებზე, აივნებზე და კიბის უჯრედებზე იატაკების მოწყობის სამუშაოები, რის სანაცვლოდ შპს „ე-------ს“ უნდა გადაეხადა 8000 ლარი (დღგ-ს გარეშე).

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 24.10.2012 წლის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 17-19)

- 31.10.2013 წლის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 98-104).

 

შპს „ე-------მ“ 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების 3.3 პუნქტის შესაბამისად, ი---------–--------ას 24.10.2012 წელს ავანსის სახით გადაუხადა 2000 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 24.10.2012 წლის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 17-19)

- საბანკო ქვითარი (ტ.1, ს.ფ. 20)

- 31.10.2013 წლის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 98-104)

 

2012 წლის 21 ნოემბერს შპს „ე-------მ“ მოსარჩელე ი---------–--------ას დამატებით გადაუხადა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება - 3500 ლარის ოდენობით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო ქვითარი (ტ.1, ს.ფ. 20)

- 31.10.2013 წლის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 98-104)

 

მ-----–--------- არის ააიპ ფ-------------------------------ის თავმჯდომარე და გამგეობის წევრი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი ი.პ. რეესტრიდან (ტ.2, ს.ფ. 213-214)

 

2012 წლის 10 ოქტომბერს ი---------–--------ასა და ააიპ ფ-------------------------------ას შორის დაიდო ხელშეკრულება (ქვეკონტრაქტორთან სამუშაოს შესრულების შესახებ N1), რომლის საფუძველზეც ფონდი „ჯ-----------------------ს“ უნდა შეესრულებინა გრანიტისა და მარმარილოს ფილებით მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ი.ბ.ა „ო--------–---------------ის კუთვნილ მშენებარე საცხოვრებელ სახლში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 10.10.2012 წლის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 22-23)

10.10.2012 წლის ხელშეკრულების 3.1. პუნქტის შესაბამისად შესასრულებელი სამუშაოს საერთო ღირებულებამ შეადგინა - 18000 ლარი, ამასთან ხელშეკრულებით განისაზღვრა ღირებულების დაზუსტების შესაძლებლობა დამტკიცებული კალკულაციით შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების საფუძველზე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 10.10.2012 წლის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 22-23)

 

2012 წლის 29 ნოემბერს ააიპ ფ-------------------------------ამ მ-----–---------ს გადასცა 2.5 მ3 მარმარილო და 5.6 მ3 გრანიტი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადები (ტ.1, ს.ფ. 28-29)

 

ააიპ ფ-------------------------------ა ადასტურებს, რომ მ-----–---------ს მიერ ანაზღაურებულია მისთვის მიყენებული ზიანი 21 004 ლარის ოდენობით. ამასთან, ადასტურებს, რომ მ-----–---------ს გადასცა ყოველგვარი უფლებას სამშენებლო მასალების (გრანიტისა და მარმარილოს ფილების) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისა და ანაზღაურების მიღებაზე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 10.02.2014 წლის მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 53)

- 02.06.2014 წლის მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 55)

 

2013 წლის 30 იანვარს შპს „ე-------ს“ ტექნიკურმა დირექტორმა მიმართა ი---------–--------ას და მოსთხოვა 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება, ამასთან გააფრთხილა ვალდებულების დამატებით ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანია შეწყვეტდა ხელშეკრულებას 2013 წლის 11 თებერვლიდან და მოითხოვდა გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. 2013 წლის 8 თებერვალს ი---------–--------ამ 2013 წლის 30 იანვრის წერილის პასუხად მიმართა შპს „ე-------ს“ დირექტორს და განუმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭირო მოსაპირკეთებელი შავი გრანიტისა და წითელი მარმარილოს ფილები (310მ2) მასალა ქვეკონტრაქტორი ფირმის მიერ შეტანილი იქნა 2012 წლის ნოემბრის თვეში დანიშნულების ადგილზე (თბილისი, ო--------–-----------), რომლის საბალანსო ღირებულება აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს. შესაბამისად მტკიცება სამუშაოების არ დაწყვების თაობაზე უსაფუძვლოა. ამასთან, 18 ტონა მასალის გადმოყრა განხორციელდა შპს „ე-------ს“ თანამშრომლების მითითებით თვითმცვლელის მეშვეობით, რამაც მაღალი პროცენტობით შეამცირა მასალის ღირებულება. მ-----–---------მ შპს „ე-------ს“ დამატებით განუმარტა, რომ კომპანიაში მენეჯერად მუშაობის დროს მისაღები ხელფასიდან 3500 ლარიდან მიღებული აქვს მხოლოდ 990 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 20 დეკემბრიდან ქვების დამგები ხელოსანი მზად იყო სამუშაოების დასაწყებად, რომელმაც ქვების დაგებამდე უნდა მოამზადოს ბეტონის მოჭიმვებით ქვების დასაგები მოედანი, რომლის სიმაღლე ზოგიერთ ადგილას აღემატება 10 სმ-ს, 24.10.2012 წლის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ბეტონის მოჭიმვის სამუშაოებს, რასთან დაკავშირებითაც თავად კომპანია ახორციელებდა მოლაპარაკებებს ქ-------ს მიერ მიყვანილ ქვის ხელოსანთან. ამდენად, ქ-------ს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე კომპანიას უნდა შეესრულებინა ბეტონის მოჭიმვის სამუშაოები, რაც კომპანიას არ განუხორციელებია. 2013 წლის 2 თებერვლამდე მ-----–---------ს მიერ შეთავაზებული ხელოსანი ელოდებოდა ავანსს 200 ლარის ოდენობით. კომპანიამ არც ხელოსანს ჩაურიცხა ავანსი და არც მ-----–---------ს ჩაურიცხა კუთვნილი ხელფასი, რათა გაეგზავნა აღნიშნული თანხა ხელოსნისათვის. შესაბამისად ქ-------ს მითითებით თავად შპს „ე-------მ“ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 30.01.2013 წლის მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 136)

- 08.02.2013 წლის მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 24-25)

 

2013 წლის 4 დეკემბერს მ-----–---------მ მიმართა შპს „ე-------ს“ და განუმარტა, რომ საავანსო თანხის დაბრუნების სანაცვლოდ იგი ითხოვს 3 დღის განმავლობაში უზრუნველყოს მის მიერ შეტანილი მასალების დაბრუნება, იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს დასაბრუნებელი მასალების სათითაოდ ნახვა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ

- 04.12.2013 წლის მიმართვა (ტ.2, ს.ფ. 73)

 

2013 წლის 10 დეკემბერს შპს „ე-------ს“ წარმომადგენელმა მიმართა მ-----–---------ს და მოსთხოვა უმოკლეს ვადებში გაეტანა მის მიერ შეტანილი გამოუსადეგარი მასალები. 2014 წლის 10 იანვარს შპს „ე-------ს“ წარმომადგენელმა დამატებით მიმართა ი---------–--------ას და მოთხოვა კუთვნილი სამშენებლო მასალის შპს „ე-------ს“ ტერიტორიიდან გატანა

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 10.12.2014 წლის მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 135)

- 10.01.2014 წლის მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 138)

 

2014 წლის 25 დეკემბერს ი---------–--------ამ მიმართა შპს „ე-------ს“ და განუმარტა, რომ მის მიერ ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციისათვის გადახდილია 21004 ლარი, ხოლო, მასალების ღირებულება და ავანსის სხვაობა (5500 ლარი), შეადგენს 15496 ლარს, რაც გადახდილი უნდა იქნეს შპს „ე-------ს“ მიერ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 25.12.2014 წლის მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 58)

 

2013 წლის 25 ნოემბერს ააიპ ფ-------------------------------ის თავმჯდომარის მოადგილემ მიმართა ი---------–--------ას და განუმარტა, რომ ფონდის მიერ მისამართზე - ქ. თბილისი, ო--------–----------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მიზნით შეტანილი იქნა მარმარილოსა და გრანიტის ფილები, საიდანაც გრანიტის ფილების ღირებულება შეადგენს - 9240 ლარს, ხოლო მარმარილოს ფილების ღირებულება - 6000 ლარს, ტრანსპორტის ხარჯი - 1600 ლარს, ხოლო ვალდებულების დარღვევის შესაბამისად 1 წლის პირგასამტეხლო - 6570 ლარს, ჯამი შეადგენს - 23 410 ლარს. ფონდმა მოსთხოვა მ-----–---------ს მარმარილოსა და გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 25.11.2015 წლის მიმართვა (ტ.2, ს.ფ. 47)

 

2013 წლის 26 ოქტომბერს შპს „ე-----“-ს მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად 2 სმ სისქის გრანიტის (10*20) 1მ2 ფილის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 70 ლარს (დღგ ჩათვლით). 2სმ სისქის გრანიტის (10*10) 1მ2 ფილის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 80 ლარს 2014 წლის 11 მარტს შპს „ე-----“-ს მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად 2 სმ სისქის გრანიტის (30*15სმ) და (20*10სმ) 1მ2 ფილის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 60 ლარს (დღგ ჩათვლით). 2სმ სისქის გრანიტის, რომლისგანაც არ არის შესაძლებელი 10*10სმ ფილის დამზადება 1მ2 ფილის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 17 ლარს

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 26.10.2013წ. ცნობა (ტ.1, ს.ფ. 52)

- 11.03.2014წ. ცნობა (ტ.2, ს.ფ.49)

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებით (N2/9189-13) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ე-------ს“ სარჩელი და ი---------–--------ას შპს „ე-------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ე-------ს“ მიერ ავანსის სახით გადახდილი 5500 ლარის უკან დაბრუნება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 31.10.2013 წლის გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ. 216-222)

- 29.07.2015 წლის სააღსრულებო ფურცელი (ტ.2, ს.ფ. 215)

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (N2/9189-13) დადგენილია, რომ მ-----–---------მ დაარღვია 2012 წლის 24 ოქტომბრით ნაკისრი ვალდებულება.

 

მოცემული საქმის ფარგლებში მ-----–--------- ითხოვს აღიარებული იქნეს ფაქტი მის მიერ 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არ დარღვევის თაობაზე. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით განმარტავს, რომ, „ ... დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ“. ამდენად, ფაქტი იმის თაობაზე, რომ მ-----–---------ს მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დადასტურებულია და აღნიშნული გარემოებას დამატებით სასამართლო ვერ შეაფასებს, რამდენადაც 2013 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტს გააჩნია პრეიუდიციული მნიშვნელობა განსახილველი საქმის მიმართ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 31.10.2013 წლის გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ. 216-222)

- 29.07.2015 წლის სააღსრულებო ფურცელი (ტ.2, ს.ფ. 215)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

არ დასტურდება მხარეთა შორის რაიმე სახის ზეპირი შეთანხმების არსებობის ფაქტი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით დასტურდება, რომ მ-----–---------ს 2012 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა განსაზღვრულ ვადაში, რაც მისი მხრიდან არ შესრულებულა, ამასთან არ დასტურდება შპს „ე-------სა“ და მ-----–---------ს შორის სხვა ზეპირი შეთანხმების არსებობის ფაქტი, რომლითაც შპს „ე-------მ“ იკისრა ბეტონით მოჭიმვის სამუშაოებისა და მასალების სართულებზე გადანაწილების ვალდებულება. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ განმარტა, რომ ვერ იქნება აღიარებული ფაქტი იმის თაობაზე, რისი ვალდებულების კისრების ფაქტი ვერ დაადასტურა მოსარჩელე მხარემ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 31.10.2013 წლის გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ. 216-222)

- 29.07.2015 წლის სააღსრულებო ფურცელი (ტ.2, ს.ფ. 215)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----–---------მ დაარღვია 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სახელდობრ, ქ-------ს მიერ შპს „ე-------სათვის“ შეთავაზებული საგანი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ინდივიდუალურად განსაზღვრულ მახასიათებლებს, ამასთან დადგენილია, რომ მ-----–---------ს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ნაკისრი მომსახურება არ შეუსრულებია. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მ-----–---------ს მიერ ვალდებულების დარღვევა, რამაც შპს „ე-------ს“ მიანიჭა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება და შესაბამისად მის მიერ ავანსის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების უფლება. ამავდროულად, არ დასტურდება შპს „ე-------ს“ მიერ საქონლის მიღების ფაქტი, რის გამოც მიხეილ ქაჩიბაის მტკიცება ნივთის შპს „ე-------ს“ მიერ დაზიანების თაობაზე ვერ დასტურდება, ამასთან საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება და არა ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. რამდენადაც, მენარდის მიერ ნაკეთობა არ დამზადებულა და მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა ნივთის გადაცემაზე მითითება უსაფუძვლოა, ვინაიდან მხარის ინტერესი არ ყოფილა მარმარილოსა თუ გრანიტის ფილების შეძენა, ხელშეკრულების საგანი იყო იატაკის მოპირკეთება მენარდის კუთვნილი მასალით, ამდენად არსებულ ვითარებაში ფილების დაზიანება და გაფუჭება შპს „ე-------ს“ მიერ ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან შპს „ე-------ს“ არ მიუღია აღნიშნული საქონელი და შესაბამისად ნივთის დაზიანების რისკი მასზე არ გადასულა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 31.10.2013 წლის გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ. 216-222)

- 29.07.2015 წლის სააღსრულებო ფურცელი (ტ.2, ს.ფ. 215)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

მ-----–---------ს ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნაა - აღიარებული იქნეს 2012 წლის 29 ნოემბერს შპს „ე-------ს“ მიერ გაფუჭებული ტვირთის - მარმარილოსა და გრანიტის ფილების ღირებულება - 21004 ლარის ოდენობით. სასამართლომ განმარტა, რომ ის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს მარმარილოსა და გრანიტის ფილების ღირებულება, მ-----–---------ს მიერ საქონლისათვის გადახდილი თანხის ოდენობა და მით უფრო ამ საქონლის შპს „ე-------ს“ მიერ გაფუჭების ფაქტი. ამასთან, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას აფუძნებს სკ-ს 391-ე მუხლს რომლის შესაბამისადაც კრედიტორმა უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა მოვალეს შესრულებული ვალდებულების მიღების ვადის ბრალეული გადაცილების გამო. კონკრეტული მუხლის დისპოზიცია ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც სახეზეა 1) მოვალის მიერ შესრულების შეთავაზება და 2) კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ბრალეული დაყოვნება, ამასთან ნორმით გათვალისწინებული შედეგის დადგომისათვის (ზიანის ანაზღაურება) აუცილებელია ზემოაღნიშნული ორი პირობის კუმულატიური არსებობა. სადავო შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ვერც ერთი პირობის არსებობის დადასტურება, კერძოდ არ დასტურდება არც მოვალის მიერ შესრულების შეთავაზება (მ-----–---------ს მიერ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება), შესაბამისად, პირველი პირობის არ არსებობა გამორიცხავს მეორე პირობის არსებობას, რამდენადაც თუ არ არსებობს შესრულება ვერ იქნება კრედიტორის მიერ შესრულების მიღებაზე უარის თქმა. ამასთან, სხვა სამოქალაქო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებით დადასტურებულია და მოცემული საქმისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონეა მ-----–---------ს მიერ 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, მის მიერ არ არის შეთავაზებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთი და არც ნარდობით გათვალისწინებული სამუშაო არ არის შესრულებული, რაც გამორიცხავს არსებულ ურთიერთობაზე სკ-ს 391-ე მუხლის გავრცელებას და ამ საფუძვლით მატერიალური ზიანის - 21004 ლარის ანაზღაურების დაკმაყოფილებას. ამასთან, საგულისხმოა ის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომ მ-----–---------სა და შპს „ე-------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 8000 ლარს, ხოლო, თავის მხრივ მ-----–--------- ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 21004 ლარის ოდენობით. მაშინ, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაშიც კი მ-----–--------- მიიღებდა 8000 ლარს. არაგონივრულია იმ ხელშეკრულების დარღვევისათვის, რომლის ღირებულება 8000 ლარია გამომდინარეობდეს ზიანი 21004 ლარის ოდენობით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 31.10.2013 წლის გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ. 216-222)

- 29.07.2015 წლის სააღსრულებო ფურცელი (ტ.2, ს.ფ. 215)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ განმარტა, რომ ი---------–--------ა წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ითხოვს იმ ფაქტების აღიარებას, რომლებთან დაკავშირებითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (N2/9189-13) ნამსჯელი და დადასტურებულია, ამდენად მათ გააჩნიათ პრეიუდიციული მნიშვნელობა მოცემული საქმის მიმართ და სასამართლო გარკვეულწილად შებოჭილია მათი რევიზიის შესაძლებლობით.

 

პრეიუდიციის მოქმედების სავალდებულოობაზე უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი. მითითებული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იგივე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. აღნიშნული ნორმის თანახმად პრეიუდიციული ძალის მოქმედება დაკავშირებულია, როგორც სარჩელის, ასევე სასამართლოს მიერ ერთი სასარჩელო წარმოების დროს განხილული საკითხების ხელახლა განხილვის აკრძალვასთან. უკვე განხილულ სარჩელზე დადგენილი გარემოებების ხელახლა განხილვას კრძალავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტიც. აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან ისეთი მტკიცებულების წარმოდგენისაგან, რომლებსაც თუმცა ემყარება მათიმოთხოვნები თუშესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ.

 

პრეიუდიციული ძალის მოქმედების შედეგად ამ ძალის მქონე სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები სავალდებულოა სხვა გადაწყვეტილებებისთვისაც, რომელთა განხილვაში მონაწილეობენ იგივე მხარეები, რომელთა მიმართაც გამოტანილია პრეიუდიციული ძალის მქონე გადაწყვეტილებები. იგი საპროცესო მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს საქმეთა განხილვის ეკონომიურობას, სასამართლო გადაწყვეტილებათა სტაბილურობასა და დავების დამთავრების ხელისშემწყობ მექანიზმს. უნდა აღინიშნოს, რომ პრეიუდიციის ცნება დაკავშირებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სისწორის პრეზუმფციის მოქმედებასთან, რაც კრძალავს ხელმეორედ ერთი და იგივე სარჩელისა, თუ უკვე განხილული საკითხების ხელახლა განხილვას. პრეიუდიცია გამოიყენება განსახილველ საქმეში ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით. ეს ცნება, როგორც სამართლებრივი მექანიზმი, თავის გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე და როგორც პრეზუმფცია თავის პირობებს ,,კარნახობს’’ საქმეში მონაწილე ყველა სუბიექტს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ე-------ს“ სარჩელი და ი---------–--------ას შპს „ე-------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ე-------ს“ მიერ ავანსის სახით გადახდილი 5500 ლარის უკან დაბრუნება. მოცემული გადაწყვეტილების ფარგლებში დადგენილია, რომ მ-----–---------მ არ შეასრულა 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და იგი 2013 წლის 30 იანვარს გაფრთხილებული იქნა ვალდებულების შესრულებისა და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.

 

ი---------–--------ას მიერ 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის არ გადაცილების აღიარების სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როცა სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია მ-----–---------ს მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, აღნიშნული გარემოების ხელმეორედ შეფასების შესაძლებლობა არ არსებობს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულება შპს „ე-------ს“ ბრალეული ქმედების გამო არ დარღვეულა (გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.2.3. პუნქტი). სასამართლომ არ გაიზიარა მ-----–---------ს მტკიცება, იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ე-------ს“ მიერ არ მომზადდა ბეტონის მოჭიმვითი სამუშაოები, რის გამოც მ-----–---------მ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამდენად მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც მ-----–--------- ითხოვს შპს „ე-------ს“ მიერ ბეტონით მოჭიმვის სამუშაოებისა და მასალების სართულებზე გადანაწილების ვალდებულების არ შესრულების აღიარებას უსაფუძვლოა, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო ინსტანციების მიერ ერთხელ უკვე ნამსჯელია. ამასთან მხარის მიერ არ არის მითითებული რაიმე ახალი გარემოება, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო ფაქტის სხვაგვარად შეფასების საფუძველი.

 

სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველი იყო - ნარდობის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 2012 წლის 24 ოქტომბერს ი---------–--------ასა და შპს „ე-------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ-----–---------მ იკისრა ვალდებულება შპს „ე-------ს“ კუთვნილ ფართზე (ო--------–-------------) შეესრულებინა მარმარილოს ნატეხებით ტერასებზე, აივნებზე და კიბის უჯრედებზე იატაკების მოწყობის სამუშაოები, რის სანაცვლოდ შპს „ე-------მს“ უნდა გადაეხადა 8000ლარი (დღგ-ს გარეშე).

 

ი---------–--------ა წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს ნარდობის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას 21 004 ლარის ოდენობით, და აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში სურს აღიარებული იქნეს: 1) 2012 წლის 29 ნოემბერს შპს „ე-------ს“ მიერ სატვირთო ავტომანქანიდან თვითმცვლელით დაცლილი სამშენებლო მასალების - მარმარილოსა და გრანიტის ფილების შპს „ე-------ს“ მიერ გაფუჭებისა და დაღუპვის აღიარება. 2) გაფუჭებული ტვირთის - მარმარილოსა და გრანიტის ფილების ღირებულების განსაზღვრა - 21000ლარის ოდენობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხელშეკრულებიდან შპს „ე-------“ გავიდა მ-----–---------ს მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულდროს და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და შესაბამისად ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. სკ-ს 361-ე მუხლის აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა. ყოველი მოქმედება არ იწვევს ვალდებულების შესრულებას და შესაბამისად ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგის დადგომას (სკ-ს 427-ე მუხლი). ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს. სწორედ ასეთი მოქმედება წარმოადგენს ვალდებულების ობიექტს. შეიძლება ითქვას, რომ შესრულება ჯეროვანია, როცა შესრულება ხდება დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას, უფლებამოსილი პირის მიმართ, ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ და ვალდებულების შესრულების საგნით ანუ, ვალდებულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების საგნისათვის წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად, მაგალითად, შეთანხმებული ხარისხის ნივთის გადაცემით, მომსახურების გაწევით, სამუშაოს შესრულებით და სხვა. მოვალე შეთავაზებულ ვალდებულებას უნდა ასრულებდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. შესაბამისად შესრულების მიღების ვადის გადაცილებად არ ჩაითვლება, თუკი კრედიტორი უარს აცხადებს ნაკლის მქონე ნივთის მიღებაზე. საქონლის ნაკლს უთანაბრდება ასევე ის შემთხვევა, როცა შეთანხმებული საქონლის ნაცვლად ხდება სხვა საქონლის მიწოდება, კერძოდ სკ-ს 381-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების საგანია ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი, კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა ნივთი, თუნდაც უფრო მაღალი ღირებულების მქონე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ არ დასტურდება შპს „ე-------ს“ მიერ საქონლის მიღების ფაქტი, რის გამოც მ-----–---------ს მტკიცება ნივთის შპს „ე-------ს“ მიერ დაზიანების თაობაზე ვერ დასტურდება, ამასთან საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება და არა ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. რამდენადაც, მენარდის მიერ ნაკეთობა არ დამზადებულა და მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა ნივთის გადაცემაზე მითითება უსაფუძვლოა, ვინაიდან მხარის ინტერესი არ ყოფილა მარმარილოსა თუ გრანიტის ფილების შეძენა, ხელშეკრულების საგანი იყო იატაკის მოპირკეთება მენარდის კუთვნილი მასალით, ამდენად არსებულ ვითარებაში ფილების დაზიანება და გაფუჭება შპს „ე-------ს“ მიერ ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან შპს „ე-------ს“ არ მიუღია აღნიშნული საქონელი და შესაბამისად, ნივთის დაზიანების რისკი მასზე არ გადასულა.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მ-----–---------სა და შპს „ე-------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 8000 ლარს, ხოლო, თავის მხრივ მ-----–--------- ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 21004 ლარის ოდენობით. მაშინ, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაშიც კი მ-----–--------- მიიღებდა 8000 ლარს. არაგონივრულია იმ ხელშეკრულების დარღვევისათვის, რომლის ღირებულება 8000 ლარია გამომდინარეობდეს ზიანი 21004 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, შპს ,,ე-------ს“ წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე აღიარებული იქნა ზიანის მიყენების ფაქტი და ასევე, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაზედაც აპელანტი ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნებს, თუმცა, გადაწყვეტილებაში აღნიშნულის თაობაზე მითითება არ მომხდარა. შესაბამისად, სასამართლოს უნდა დაედგინა შპს ,,ე-------ს“ მიერ ფონდ ჯ-----------------------ზე მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი. ასევე, სასამართლოს არ უნდა განეხილა ერთობლიობაში 24.10.2012 წლის ხელშეკრულების ღირებულება და ჩამოყრილი ტვირთის ღირებულება, რომელიც რაოდენობრივად სამჯერ მეტ ფართობს აკეთებდა, ვიდრე ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული. მისი სახეობისა და ფორმის მიხედვით, გაცილებით ღირებულს წარმოადგენდა, ვიდრე ეს ხელშეკრულებაში იყო მითითებული. ხოლო, სასამართლოს მიერ იმის მტკიცება, რომ მხარის ინტერესი არ ყოფილა მარმარილოსა და გრანიტის ფილების შეძენა, შესაბამისად შპს ,, ე-------ს“ მიერ ვერ განხორციელდებოდა ფილების დაზიანება, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

 

აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.10.2013 წლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, არანაირი კავშირი არ აქვს მე-3, მე-4 და მე-5 სასარჩელო მოთხოვნებთან. აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დადგინდა შპს ,,ე-------ს“ მიერ ტვირთის გაფუჭების ფაქტობრივი გარემოებები. ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.3. პუნქტში არასწორადაა მითითებული შპს ,,ე-------ს“ მიერ ნივთის დაზიანების თაობაზე ფაქტის ვერ დადასტურება. ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით უდავოდ არის დადგენილი თანამშრომლების მიერ თვითმცლელის მეშვეობით მასალების გადმოყრა, რამაც შეამცირა მასალების ღირებულება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნას, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მიხედვით წარმოადგენს, სასამართლოს მიერ დადგენილი იქნას შპს ,,ე-------ს“ მიერ, 2012 წლის 29 ნოემბერს მ-----–---------ს მიერ მისთვის სასაწყობო მიბარებასთან დაკავშირებით გადაცემული მასალების, შემდგომ მის შპს ,,ე-------ს“ მიერ სატვირთო ავტომანქანებიდან თვთვმცლელით დაცლილი მარმარილოსა და გრანიტის ფილების გაფუჭებისა და დაღუპვის ფაქტი. ასევე, სასამართლოს მიერ დადგენილი იქნეს შპს ,,ე-------ს“ მიერ გაფუჭებული ტვირთის - მარმარილოსა და გრანიტის ფილების ღირებულება - 21004 ლარის ოდენობით. აპელანტის მოთხოვნაა, ასევე, შპს ,,ე-------ს“ დაეკისროს მისთვის ზიანის ანაზღაურება 21004 ლარის ოდენობით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2012 წლის 24 ოქტომბერს ი---------–--------სა და შპს „ე-------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ-----–---------მ იკისრა ვალდებულება შპს „ე-------ს“ კუთვნილ ფართზე (ო--------–-------------) შეესრულებინა მარმარილოს ნატეხებით ტერასებზე, აივნებზე და კიბის უჯრედებზე იატაკების მოწყობის სამუშაოები, რის სანაცვლოდ შპს „ე-------ს“ უნდა გადაეხადა 8000 ლარი (დღგ-ს გარეშე).

 

შპს „ე-------მ“ 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების 3.3 პუნქტის შესაბამისად, ი---------–--------ას 24.10.2012 წელს ავანსის სახით გადაუხადა 2000 ლარი.

 

2012 წლის 21 ნოემბერს შპს „ე-------მ“ ი---------–--------ას დამატებით გადაუხადა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება - 3500 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ მ-----–--------- არის ააიპ ფ-------------------------------ის თავმჯდომარე და გამგეობის წევრი.

 

2012 წლის 10 ოქტომბერს ი---------–--------ასა და ააიპ ფ-------------------------------ას შორის დაიდო ხელშეკრულება (ქვეკონტრაქტორთან სამუშაოს შესრულების შესახებ N1), რომლის საფუძველზეც ფონდი „ჯ-----------------------ს“ უნდა შეესრულებინა გრანიტისა და მარმარილოს ფილებით მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ი.ბ.ა „ო--------–---------------ის კუთვნილ მშენებარე საცხოვრებელ სახლში.

 

10.10.2012 წლის ხელშეკრულების 3.1. პუნქტის შესაბამისად შესასრულებელი სამუშაოს საერთო ღირებულებამ შეადგინა - 18000 ლარი, ამასთან ხელშეკრულებით განისაზღვრა ღირებულების დაზუსტების შესაძლებლობა დამტკიცებული კალკულაციით შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების საფუძველზე.

 

2012 წლის 29 ნოემბერს ააიპ ფ-------------------------------ამ მ-----–---------ს გადასცა 2.5 მ3 მარმარილო და 5.6 მ3 გრანიტი.

 

ააიპ ფ-------------------------------ა ადასტურებს, რომ მ-----–---------ს მიერ ანაზღაურებულია მისთვის მიყენებული ზიანი 21 004 ლარის ოდენობით. ამასთან, ადასტურებს, რომ მ-----–---------ს გადასცა ყოველგვარი უფლება სამშენებლო მასალების (გრანიტისა და მარმარილოს ფილების) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისა და ანაზღაურების მიღებაზე.

 

2013 წლის 30 იანვარს შპს „ე-------ს“ ტექნიკურმა დირექტორმა მიმართა ი---------–--------ას და მოსთხოვა 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება, ამასთან გააფრთხილა ვალდებულების დამატებით ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანია შეწყვეტდა ხელშეკრულებას 2013 წლის 11 თებერვლიდან და მოითხოვდა გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. 2013 წლის 8 თებერვალს ი---------–--------ამ 2013 წლის 30 იანვრის წერილის პასუხად მიმართა შპს „ე-------ს“ დირექტორს და განუმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭირო მოსაპირკეთებელი შავი გრანიტისა და წითელი მარმარილოს ფილები (310მ2) მასალა ქვეკონტრაქტორი ფირმის მიერ შეტანილი იქნა 2012 წლის ნოემბრის თვეში დანიშნულების ადგილზე (თბილისი, ო--------–-----------), რომლის საბალანსო ღირებულება აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს. შესაბამისად მტკიცება სამუშაოების არდაწყების თაობაზე უსაფუძვლოა. ამასთან, 18 ტონა მასალის გადმოყრა განხორციელდა შპს „ე-------ს“ თანამშრომლების მითითებით თვითმცვლელის მეშვეობით, რამაც მაღალი პროცენტობით შეამცირა მასალის ღირებულება. მ-----–---------მ შპს „ე-------ს“ დამატებით განუმარტა, რომ კომპანიაში მენეჯერად მუშაობის დროს მისაღები ხელფასიდან 3500 ლარიდან მიღებული აქვს მხოლოდ 990 ლარი. აპელანტის განმარტებით, 2012 წლის 20 დეკემბრიდან ქვების დამგები ხელოსანი მზად იყო სამუშაოების დასაწყებად, რომელმაც ქვების დაგებამდე უნდა მოამზადოს ბეტონის მოჭიმვებით ქვების დასაგები მოედანი, რომლის სიმაღლე ზოგიერთ ადგილას აღემატება 10 სმ-ს, 24.10.2012 წლის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ბეტონის მოჭიმვის სამუშაოებს, რასთან დაკავშირებითაც თავად კომპანია ახორციელებდა მოლაპარაკებებს ქ-------ს მიერ მიყვანილ ქვის ხელოსანთან. ამდენად, ქ-------ს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე კომპანიას უნდა შეესრულებინა ბეტონის მოჭიმვის სამუშაოები, რაც კომპანიას არ განუხორციელებია. 2013 წლის 2 თებერვლამდე მ-----–---------ს მიერ შეთავაზებული ხელოსანი ელოდებოდა ავანსს 200 ლარის ოდენობით. კომპანიამ არც ხელოსანს ჩაურიცხა ავანსი და არც მ-----–---------ს ჩაურიცხა კუთვნილი ხელფასი, რათა გაეგზავნა აღნიშნული თანხა ხელოსნისათვის. შესაბამისად ქ-------ს მითითებით თავად შპს „ე-------მ“ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

2013 წლის 4 დეკემბერს მ-----–---------მ მიმართა შპს „ე-------ს“ და განუმარტა, რომ საავანსო თანხის დაბრუნების სანაცვლოდ იგი ითხოვს 3 დღის განმავლობაში უზრუნველყოს მის მიერ შეტანილი მასალების დაბრუნება, იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს დასაბრუნებელი მასალების სათითაოდ ნახვა.

 

2013 წლის 10 დეკემბერს შპს „ე-------ს“ წარმომადგენელმა მიმართა მ-----–---------ს და მოსთხოვა უმოკლეს ვადებში გაეტანა მის მიერ შეტანილი გამოუსადეგარი მასალები. 2014 წლის 10 იანვარს შპს „ე-------ს“ წარმომადგენელმა დამატებით მიმართა ი---------–--------ას და მოთხოვა კუთვნილი სამშენებლო მასალის შპს „ე-------ს“ ტერიტორიიდან გატანა

 

2014 წლის 25 დეკემბერს ი---------–--------ამ მიმართა შპს „ე-------ს“ და განუმარტა, რომ მის მიერ ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციისათვის გადახდილია 21004 ლარი, ხოლო, მასალების ღირებულება და ავანსის სხვაობა (5500 ლარი), შეადგენს 15496 ლარს, რაც გადახდილი უნდა იქნეს შპს „ე-------ს“ მიერ.

 

2013 წლის 25 ნოემბერს ააიპ ფ-------------------------------ის თავმჯდომარის მოადგილემ მიმართა ი---------–--------ას და განუმარტა, რომ ფონდის მიერ მისამართზე - ქ. თბილისი, ო--------–----------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მიზნით შეტანილი იქნა მარმარილოსა და გრანიტის ფილები, საიდანაც გრანიტის ფილების ღირებულება შეადგენს - 9240 ლარს, ხოლო მარმარილოს ფილების ღირებულება - 6000 ლარს, ტრანსპორტის ხარჯი - 1600 ლარს, ხოლო ვალდებულების დარღვევის შესაბამისად 1 წლის პირგასამტეხლო - 6570 ლარს, ჯამი შეადგენს - 23 410 ლარს. ფონდმა მოსთხოვა მ-----–---------ს მარმარილოსა და გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

 

2013 წლის 26 ოქტომბერს შპს „ე-----“-ს მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად 2 სმ სისქის გრანიტის (10*20) 1მ2 ფილის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 70 ლარს (დღგ ჩათვლით). 2სმ სისქის გრანიტის (10*10) 1მ2 ფილის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 80 ლარს 2014 წლის 11 მარტს შპს „ე-----“-ს მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად 2 სმ სისქის გრანიტის (30*15სმ) და (20*10სმ) 1მ2 ფილის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 60 ლარს (დღგ ჩათვლით). 2სმ სისქის გრანიტის, რომლისგანაც არ არის შესაძლებელი 10*10სმ ფილის დამზადება 1მ2 ფილის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 17 ლარს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებით (N2/9189-13) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ე-------ს“ სარჩელი და ი---------–--------ას შპს „ე-------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ე-------ს“ მიერ ავანსის სახით გადახდილი 5500 ლარის უკან დაბრუნება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (N2/9189-13) დადგენილია, რომ მ-----–---------მ დაარღვია 2012 წლის 24 ოქტომბრით ნაკისრი ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით „ ... დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ“. ამდენად, ფაქტი იმის თაობაზე, რომ მ-----–---------ს მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დადასტურებულია და აღნიშნული გარემოებას დამატებით სასამართლო ვერ შეაფასებს, რამდენადაც 2013 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტს გააჩნია პრეიუდიციული მნიშვნელობა განსახილველი საქმის მიმართ.

 

პალატა მიუთითებს, რომ არ დასტურდება მხარეთა შორის რაიმე სახის ზეპირი შეთანხმების არსებობის ფაქტი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით დასტურდება, რომ მ-----–---------ს 2012 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა განსაზღვრულ ვადაში, რაც მისი მხრიდან არ შესრულებულა, ამასთან არ დასტურდება შპს „ე-------სა“ და მ-----–---------ს შორის სხვა ზეპირი შეთანხმების არსებობის ფაქტი, რომლითაც შპს „ე-------მ“ იკისრა ბეტონით მოჭიმვის სამუშაოებისა და მასალების სართულებზე გადანაწილების ვალდებულება. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ ვერ იქნება აღიარებული ფაქტი იმ ვალდებულების თაობაზე, რომლის არსებობაც ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელის მიერ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----–---------მ დაარღვია 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სახელდობრ, ქ-------ს მიერ შპს „ე-------სათვის“ შეთავაზებული საგანი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ინდივიდუალურად განსაზღვრულ მახასიათებლებს, ამასთან, დადგენილია, რომ მ-----–---------ს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ნაკისრი მომსახურება არ შეუსრულებია. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მ-----–---------ს მიერ ვალდებულების დარღვევა, რამაც შპს „ე-------ს“ მიანიჭა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება და შესაბამისად მის მიერ ავანსის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების უფლება. ამავდროულად, არ დასტურდება შპს „ე-------ს“ მიერ საქონლის მიღების ფაქტი, რის გამოც მიხეილ ქაჩიბაის მტკიცება ნივთის შპს „ე-------ს“ მიერ დაზიანების თაობაზე ვერ დასტურდება, ამასთან საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება და არა ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. რამდენადაც, მენარდის მიერ ნაკეთობა არ დამზადებულა და მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა ნივთის გადაცემაზე მითითება უსაფუძვლოა, ვინაიდან მხარის ინტერესი არ ყოფილა მარმარილოსა თუ გრანიტის ფილების შეძენა, ხელშეკრულების საგანი იყო იატაკის მოპირკეთება მენარდის კუთვნილი მასალით, ამდენად არსებულ ვითარებაში ფილების დაზიანება და გაფუჭება შპს „ე-------ს“ მიერ ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან შპს „ე-------ს“ არ მიუღია აღნიშნული საქონელი და შესაბამისად ნივთის დაზიანების რისკი მასზე არ გადასულა.

 

2012 წლის 29 ნოემბერს შპს „ე-------ს“ მიერ გაფუჭებული ტვირთის - მარმარილოსა და გრანიტის ფილების ღირებულების 21004 ლარის ოდენობით აღიარებისა და ზიანის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მ-----–--------- ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას აფუძნებს სკ-ს 391-ე მუხლს რომლის შესაბამისადაც კრედიტორმა უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა მოვალეს შესრულებული ვალდებულების მიღების ვადის ბრალეული გადაცილების გამო. კონკრეტული მუხლის დისპოზიცია ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც სახეზეა 1) მოვალის მიერ შესრულების შეთავაზება და 2) კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ბრალეული დაყოვნება, ამასთან ნორმით გათვალისწინებული შედეგის დადგომისათვის (ზიანის ანაზღაურება) აუცილებელია ზემოაღნიშნული ორი პირობის კუმულატიური არსებობა. სადავო შემთხვევაში აპელანტმა ვერ უზრუნველყო ვერც ერთი პირობის არსებობის დადასტურება, კერძოდ არ დასტურდება არც მოვალის მიერ შესრულების შეთავაზება (მ-----–---------ს მიერ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება), შესაბამისად, პირველი პირობის არარსებობა გამორიცხავს მეორე პირობის არსებობას, რამდენადაც თუ არ არსებობს შესრულება ვერ იქნება კრედიტორის მიერ შესრულების მიღებაზე უარის თქმა. ამასთან, სხვა სამოქალაქო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებით დადასტურებულია და მოცემული საქმისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონეა მ-----–---------ს მიერ 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, მის მიერ არ არის შეთავაზებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთი და არც ნარდობით გათვალისწინებული სამუშაო არ არის შესრულებული, რაც გამორიცხავს არსებულ ურთიერთობაზე სკ-ს 391-ე მუხლის გავრცელებას და ამ საფუძვლით მატერიალური ზიანის - 21004 ლარის ანაზღაურების დაკმაყოფილებას.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ი---------–--------ა ითხოვს იმ ფაქტების აღიარებას, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (N2/9189-13), ამდენად მათ გააჩნიათ პრეიუდიციული მნიშვნელობა მოცემული საქმის მიმართ, რაც გამორიცხავს ზემოხსენებული გარემოების განსახილველი დავის ფარგლებში რევიზის შესაძლებლობას.

 

პრეიუდიციის მოქმედების სავალდებულოობაზე უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი. მითითებული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იგივე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. აღნიშნული ნორმის თანახმად პრეიუდიციული ძალის მოქმედება დაკავშირებულია, როგორც სარჩელის, ასევე სასამართლოს მიერ ერთი სასარჩელო წარმოების დროს განხილული საკითხების ხელახლა განხილვის აკრძალვასთან. უკვე განხილულ სარჩელზე დადგენილი გარემოებების ხელახლა განხილვას კრძალავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტიც. აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან ისეთი მტკიცებულების წარმოდგენისაგან, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ.

 

პრეიუდიციული ძალის მოქმედების შედეგად ამ ძალის მქონე სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები სავალდებულოა სხვა გადაწყვეტილებებისთვისაც, რომელთა განხილვაში მონაწილეობენ იგივე მხარეები, რომელთა მიმართაც გამოტანილია პრეიუდიციული ძალის მქონე გადაწყვეტილებები. პრეიუდიციის ცნება დაკავშირებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სისწორის პრეზუმფციის მოქმედებასთან, რაც კრძალავს ხელმეორედ ერთი და იგივე სარჩელისა, თუ უკვე განხილული საკითხების ხელახლა განხილვას. პრეიუდიცია გამოიყენება განსახილველ საქმეში ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ე-------ს“ სარჩელი და ი---------–--------ას შპს „ე-------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ე-------ს“ მიერ ავანსის სახით გადახდილი 5500 ლარის უკან დაბრუნება. მოცემული გადაწყვეტილების ფარგლებში დადგენილია, რომ მ-----–---------მ არ შეასრულა 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და იგი 2013 წლის 30 იანვარს გაფრთხილებული იქნა ვალდებულების შესრულებისა და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია მ-----–---------ს მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, არ არსებობს აღნიშნულ საკითხზე განმეორებითი მსჯელობის პროცესუალური შესაძლებლობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულება შპს „ე-------ს“ ბრალეული ქმედების გამო არ დარღვეულა (გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.2.3. პუნქტი). სასამართლომ არ გაიზიარა მ-----–---------ს მტკიცება, იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ე-------ს“ მიერ არ მომზადდა ბეტონის მოჭიმვითი სამუშაოები, რის გამოც მ-----–---------მ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამდენად მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც მ-----–--------- ითხოვს შპს „ე-------ს“ მიერ ბეტონით მოჭიმვის სამუშაოებისა და მასალების სართულებზე გადანაწილების ვალდებულების არ შესრულების აღიარებას უსაფუძვლოა, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო ინსტანციების მიერ ერთხელ უკვე ნამსჯელია. ამასთან მხარის მიერ არ არის მითითებული რაიმე ახალი გარემოება, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო ფაქტის სხვაგვარად შეფასების საფუძველი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროს და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და შესაბამისად ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. სკ-ს 361-ე მუხლის აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა. ყოველი მოქმედება არ იწვევს ვალდებულების შესრულებას და შესაბამისად ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგის დადგომას (სკ-ს 427-ე მუხლი). ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს. სწორედ ასეთი მოქმედება წარმოადგენს ვალდებულების ობიექტს. შეიძლება ითქვას, რომ შესრულება ჯეროვანია, როცა შესრულება ხდება დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას, უფლებამოსილი პირის მიმართ, ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ და ვალდებულების შესრულების საგნით ანუ, ვალდებულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების საგნისათვის წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად, მაგალითად, შეთანხმებული ხარისხის ნივთის გადაცემით, მომსახურების გაწევით, სამუშაოს შესრულებით და სხვა. მოვალე შეთავაზებულ ვალდებულებას უნდა ასრულებდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. შესაბამისად შესრულების მიღების ვადის გადაცილებად არ ჩაითვლება, თუკი კრედიტორი უარს აცხადებს ნაკლის მქონე ნივთის მიღებაზე. საქონლის ნაკლს უთანაბრდება ასევე ის შემთხვევა, როცა შეთანხმებული საქონლის ნაცვლად ხდება სხვა საქონლის მიწოდება, კერძოდ სკ-ს 381-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების საგანია ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი, კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა ნივთი, თუნდაც უფრო მაღალი ღირებულების მქონე.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება შპს „ე-------ს“ მიერ საქონლის მიღების ფაქტი, რის გამოც მ-----–---------ს მტკიცება ნივთის შპს „ე-------ს“ მიერ დაზიანების თაობაზე ვერ დასტურდება.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები–ყველა სარჩელზე.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

პალატას მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა აპელანტისთვის იურიდიული მომსახურების ხარჯის 1250 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. პალატის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. პალატა განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე, საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები. შესაბამისად, წარმომადგენლის დახმარებისათვის ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ე-------“ მოითხოვს მიხეილ ქაჩიბაისთვის იურიდიული დახმარებისთვის გასაწევი ხარჯის 1250 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრებას და მის მიერ წარმოდგენილია 01.02.2018 წლის ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე და წარმომადგენლის დახმარებისათვის ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება საგადახდო დავალება. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ მართალია აპელანტი კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს, რომ ის, ასევე, გათავისუფლებულია სასამართლოსგარეშე ხარჯების გადახდისაგან. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დავის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე აპელანტს - მ-----–---------ს შპს ,,ე-------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის ხარჯის ნაწილის - 500 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----–---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.09.2017 წლის გადაწყვეტილება.

3. აპელანტს - მ-----–---------ს შპს ,,ე-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის - 500 ლარის გადახდა.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი