განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100118002561058
საქმე №1/ბ-44-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ--- გ---–----ს ძე მ----ას მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №5----------, განქორწინებული, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მისამართზე: წალენჯიხა, ა. ქ------–------ს ქ. N4;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ--- მ----ას ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინსწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 21 აგვისტომდე ვ------- ჯ-------ა და ჯაბა მ----ა იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. განქორწინების შემდეგ ჯ--- მ----ა რამდენჯერმე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლე ვ------- ჯ-------ას, ხოლო ყოფილ მეუღლეზე გაბრაზებული ჯ--- მ----ა 2018 წლის ივნისში ქ. ზუგდიდში სიცოცხლის მოსპობით, ყელის გამოჭრით დაემუქრა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილებს: თ---–- მ----ას და თ----- მ----ას, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა ჯ--- მ----ას მიმართ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ჯ--- მ----ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ წარდგენილ ბრალდებებში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა. ა------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ჯ--- მ----ას მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოში წარდგენილი იყო ურთიერთთავსებადი, სარწმუნო, უტყუარი და პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ჯ--- მ----ას ბრალეულობას.
გამართლებულ ჯ--- მ----ას ინტერესების დამცველი ადვოკატი ბ. ყ-----–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ჯ--- მ----ას მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ჯ--- მ----ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა თ---–- მ----ამ და თ----- მ----ამ გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ვ------- ჯ-------ას ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 21 აგვისტოს ის და ჯ--- მ----ა განქორწინდნენ. მათ შორის ხშრად იყო ჩხუბი და ხშირი კამათი, ვერ უგებდნენ ერთმანეთს. განქორინების მერე ჯ--- მ----ა უფრო გაღიზიანებული იყო და ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მასთან. ჯ. მ----ა ხშირად მიდიოდა ბავშვების სანახავად, ის უცენზურო სიტყვებით გამოირჩეოდა და ჩხუბობდა, ამბობდა, კანონის გარეშე შეგვეძლო ურთიერთობის მოწესრიგება და განქორწინება რა საჭირო იყოო; შენ ნებაზე ყოფნის საშუალებას არ მოგცემ; ნაიარევს დაგამჩნევ, რომ არავინ შემოგხედოსო. მისი ეშინოდა. დედას უყვება ხშირად მის ამბებს, მაგრამ ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო ურთიერთობის შეწყვეტის. ამის მერე სამსახური იშოვა, მუშაობდა, ჯ--- მ----ა ავტომანქანით მიყვებოდა ხოლმე, მიაძახებდა, არ შეგარჩენ, მოგკლავ, დაგასახიჩრებო, რისიც ეშინოდა. დაზარალებულის ჩვენებით იგი მარტო ცხოვრობს შვილებთან და დაუცველად გრძნობს თავს. არდადეგებზე ბავშვების სოფელში წაყვანა უნდოდა. ბავშვებმა უთხრეს, ჯ--- მ----ამ დაგვიძახა და არ გაგვიშვაო ბებიასთან, გვითხრა, დედას არ დაუჯეროთ ყოველთვის, ყელს გამოგჭრით თუ სოფელში წახვალთო. ბავშვები შეშინებულები იყვნენ. ჯ--- მ----ა კარგი მამაა, მაგრამ ეს რატომ მოხდა, არ იცის. მას არ უნდა ჯ. მ----ასთან კომუნიკაცია ჰქონდეს.
მოწმე რ--------- ც-------ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებულს ცუდი არაფერი უთქვამს ჯ--- მ----აზე, ბოლოს უთხრა, სმა დაიწყოო. ბავშვების წაყვანა უნდოდა, როცა ჯ--- მ----ამ დაუძახა ბავშვებს, მოდითო. მერე დაურეკა ბავშვებს, რომლებმაც უთხრეს, მამამ გვითხრაო უარი წამოსვლაზეო.
მოწმე მ----- შ-----–-ას ჩვენების თანახმად, გამოკითხა რ--------- ც-------. რ--------- ც-------მ წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და დაადასტურა იგი.
2015 წლის 10 ივნისის ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, ვ------- ჯ-------ა და ჯ--- მ----ა არიან ცოლ-ქმარი და ჰყავთ საერთო შვილები: თ----- და თ---–-.
2017 წლის 21 აგვისტოს განქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, ვ------- ჯ-------ა და ჯ--- მ----ა განქორწინდნენ.
გამართლებულ ჯ--- მ----ას ჩვენებით დადგენილია, რომ მის მეუღლეს არ უნდოდა წალენჯიხაში ცხოვრება, ეუბნებოდა, სახლი უნდა ვიყიდოთ სხვაგანო. განქორწინების მერე მისი ცოლ- შვილი მისგან განცალკევებით ცხოვრობდა. მას კაცი მიუგზავნა მისმა მეუღლემ, შემირიგდესო, რატომ გამაგდო სახლიდანო, არადა მეუღლემ თვითონ შეიტანა სასამართლოში განქორწინების მოთხოვნა. მანამდე იყო ჩხუბი, დედამისი მოუვარდა, მოხსნეს ფარდები, წაიღეს. 18 ოქტომბერს დაბადების დღე ჰქონდა, ბიძაშვილთან იყო, ქალაქში არ ყოფილა. დაურეკა ცოლმა, ალიმენტს რატომ არ იხდიო, 2 წლით მაინც ჩაგსვამ ციხეშიო, იმ სახლში არ გაგაჩერებო. ბავშვები ქალაქში დადიან მასთან. შორიდან ნახა, რომ ისინი ბაზრის წინ იდგნენ. სკოლის პერიოდი არ იყო, უთხრეს, ბებიას მივყავართო სოფელშიო, მან შესთავაზა, 5 საათამდე მასთან დარჩენილიყვნენ და 5 საათზე დედასთან ერთად წასულიყვნენ. ბებია არ უნახავს, ბავშვებს არ დამუქრებია. დედამთილთან მანამდე ჩხუბი მოუვიდა, რადგან მისი სახლის ჩადება უნდოდა სესხის სანაცვლოდ. მერე ცოლს უთხრა, 1 კვირაში თუ არ მოხვალ, მერე ჩემი ცოლი არ იქნებიო. ცოლი შვილებს ეუბნება, ჩემი მანქანის ფული მამათქვენს უნდა გავასტუმრებინო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავსვამ 2 წლით ციხეშიო; მას კი უთვლის, ცოლს თუ მოიყვან, ცოლთან ერთად დაგწვავო და ა.შ.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ჯ--- მ----ას საქართველოს სსკ-ის 1111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულებმა თ---–- მ----ამ და თ----- მ----ამ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ჯ--- მ----ას წინააღმდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულება დასადასტურებლად იმისა, რომ ჯ--- მ----ამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განახორციელა მუქარა, რაც შეეხება ბრალდების ამ ეპიზოდში მოწმის სახით დაკითხულ ვ------- ჯ-------ას და მოწმე მ----- შ-----–-ას, აღნიშნული მოწმეები ფაქტის თვითმხილველები არ არიან, ისინი ფაქტებს გადმოსცემენ სხვისი გადმოცემით, რის გამოც მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
რაც შეეხება ჯ--- მ----ას მიერ ვ------- ჯ-------ას მიმართ განხორციელებულ მუქარის ბრალდების ეპიზოდს, ამ ნაწილშიც პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას და მოტივაციას და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბრალდების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ვ------- ჯ-------ას ჩვენება, პალატას მიაჩნია, რომ ჯ--- მ----ას დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჯ--- მ----ას ბრალდების დადასტურება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ--- მ----ას მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ჯ--- მ----ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა. ა-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი ჯ--- მ----ას მიმართ დარჩეს უცვლელი:
ჯ--- მ----ა ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ჯ--- მ----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს №0----------------- (12/882-18) განჩინებით 10 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, ნ----------–---–--- (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი 4-----------) მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
გამართლებულ ჯ--- მ----ას განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე