განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2018
საქმის ნომერი
330210115001066248
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115001066248

საქმე N2ბ/4288-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

 

საჩივრის ავტორი – ო----------–-------------

წარმომადგენელი – ზ---------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ-------–-------“

წარმომადგენელი – თ---------------–--

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, გარიგების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

 

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მის მიმართ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ო----------–-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა განხილვა სააპელაციო სასამართლოებში წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში წარმოების მარეგულირებელი სპეციალური ნორმები არ განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებებს, ამიტომ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:

 

ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ;

დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 07 დეკემბერს დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომა გადაიდო 2017 წლის 08 თებერვალს, იმ საფუძვლით, რომ ამავე სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის, ზ---------------ს შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე. ამავე სხდომაზე მიღებული განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლს უარი ეთქვა სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. ამასთან, 2017 წლის 08 თებერვალს მიღებული საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტ ო----------–-------------ის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე და მიღებული განჩინებით საქმის განხილვის გაგრძელება დადგინდა 2017 წლის 29 მარტს 12:00 საათზე. 2017 წლის 29 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის თურქული ენის თარჯიმნით უზრუნველყოფის მიზნით აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. აღნიშნულ სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის პანტელეიმონ გაბუნიას შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა, საქმის განხილვა გადაიდო 2017 წლის 26 აპრილს 17:00 საათზე. ამავე სხდომაზე აპელანტი და მისი წარმომადგენელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით, ხელწერილით გაფრთხილებული იქნენ 2017 წლის 26 აპრილს 17:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე.

 

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი ო----------–-------------ი 2017 წლის 26 აპრილს 17:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოსათვის უცნობი იყო აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პირობები: აპელანტის მოწინააღმდგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე; საქმის მასალების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ აპელანტს ეცნობა კანონით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის უცნობი იყო აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ.

 

საჩივრის საფუძვლები

 

საჩივრის ავტორის მითითებით, მან სასამართლო სხდომის თარიღად მიიჩნია 29.04.2017 წელი, ნაცვლად 26.04.2017 წლისა. როგორც აპელანტმა აღნიშნა, იგი წარმომადგენელთან ერთად გამოცხადდა სასამართლოში 29.04.2017 წელს. ამასთან, აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეცდომით გაგება დაკავშირებული იყო ქართული ენის არცოდნასთან.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 233.1. მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

პალატა განმარტავს, რომ ზემოხსენებული მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.

 

საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი საპატიო მიზეზად უთითებს იმ გარემობას, რომ მან სასამართლო სხდომის თარიღად მიიჩნია 29.04.2017 წელი და არა 26.04.2017 წელი.

 

საჩივრის ავტორის აღნიშნულ განმარტებას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 26 აპრილს, 17:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა როგორც აპელანტს, ასევე, მის წარმომადგენელს პ. გაბუნიას, რაც დადასტურებულია მათი ხელმოწერებით (იხ. ხელწერილი).

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ,,იმ სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას’’, რაც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებად. ხოლო, აპელანტის აპელირება იმის თაობაზე, რომ მის მიერ არასწორად იქნა გაგებული სასამართლო სხდომის თარიღი, ვერ იქნება მიჩნეული საპატიო მიზეზად.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა დამატებით განმარტავს, რომ საჩივრის ზეპირი განხილვისას სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე თავად საჩივრის ავტორმა წარმოადგინა წინააღმდეგობრივი და არადამაჯერებელი პოზიცია საჩივარში მითითებულ გარემოებებთან, კერძოდ, 26 აპრილის სხდომის თარიღთან, დროსთან, სხდომაზე მისი გამოცხადებისა და მისთვის სხდომის თარიღის შეტყობინებასთან დაკავშირებით, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დამატებით საფუძველს წარმოადგენს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ო----------–-------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.04.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი