განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.05.2018
საქმის ნომერი
330210015754918
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
23.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015754918

საქმე №2ბ/7503-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - შპს ,,გ------------------------–-------------------------“ (შპს ,,G-----------------------------------------”)

წარმომადგენელი - ს-------------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,, კ---------–--------–---------------“

წარმომადგენელი - ი-----–----–-----–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.12.2017 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.12.2017 წლის გადაწყვეტილებით:

 

1. მოსარჩელე შპს „კ---------–--------–---------------ს“ სარჩელი მოპასუხე შპს „გ------------------------–-------------------------“-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდა სრულად.

1.1. მოპასუხე შპს „გ------------------------–-------------------------“-ს მოსარჩელის შპს „კ---------–--------–---------------“-ს სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის 33 835 ლარის ანაზღაურება;

1.2. მოპასუხე შპს „გ------------------------–-------------------------“-ს მოსარჩელის შპს „კ---------–--------–---------------“-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 76 045,50 აშშ დოლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2014 წლის 22 აპრილის მხარეთა შორის დაიდო მიწოდების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა 8 000 000 კგ თეთრი კრისტალური შაქარი რუმინული წარმოების (ევროკავშირი) (1.1. და 2.1. პუნქტები). მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2014 წლის წლის ბოლომდე (2.2. პუნქტი). ყოველთვიური მიწოდების ოდენობა 1 000 000 კგ (+-5%) (2.4. პუნქტი). საქონლის ღირებულება განისაზღვრება 1,32 ლარად ერთ კილოგრამზე (3.1. პუნქტი).

 

ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ, 4.6. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის რაოდენობისა და მისი მიწოდების ყოველთვიური გრაფიკის დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში „მიმწოდებელი“ იტოვებს უფლებას დააკისროს „მყიდველს პირგასამტეხლოს გადახდა, თვეში ასათვისებელი საქონლიდან ყოველ აუთვისებელ ტონაზე 30 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 4.7. პუნქტის თანახმად კი, ცალმხრივად, ნაკისრი ვალდებულეებების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ასეთი ინიციატივის მქონე მხარე, მეორე მხარეს უხდის პირგასამტეხლოს ყოველ აუთვისებელ ტონაზე 30 აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-2014 წლის 22 აპრილის მიწოდების ხელშეკრულება (ს.ფ.15-17)

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2014 წლის 15 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა 2014 წლის 22 აპრილის მიწოდების ხელშეკრულების დანართი N1, რომლის მიხედვითაც მიწოდების ხელშეკრულების 3.1. პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 1 (ერთი) ტონა საქონლის ღირებულება განისაზღვრება 752 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საქონლის მიწოდების დღეს სს „ს----------–--------ში“ არსებული კომერციული კურსით, დღგ-ს ჩათვლით, რაც ასახული იქნება ყოველ მიწოდებულ პარტიაზე გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურაში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-2014 წლის 15 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა 2014 წლის 22 აპრილის მიწოდების ხელშეკრულების დანართი N1 (ს.ფ. 18);

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ნაცვლად 8 000 000 კგ შაქრისა მიაწოდა 5 465 150 კგ შაქარი. ამასთან, მოსარჩელის მიერ სრულად არის გადახდილი მიწოდებული პროდუქციის ღირებულება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერები საქონლის შესყიდვებთან დაკავშირებით (ს.ფ. 30-45);

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ 2014 წლის ივნისში 2014 წლის 22 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის შეთანხმებული ოდენობის მიუწოდებლობის გამო დამატებით შეიძინა 520 000 კგ შაქარი (1 კგ ღირებული 1,35 ლარად); 2014 წლის ივლისსში - 728 000 კგ შაქარი (1 კგ ღირებული 1,35 ლარად) და 2014 წლის აგვისტოს თვეში - 468 000 კგ შაქარი (1 კგ ღირებული 1,35 ლარად). სულ მოსარჩელემ აღნიშნულ საქონელში გადაიხადა 33 835 ლარით მეტი, ვიდრე უნდა გადაეხადა თუკი მოპასუხე ჯეროვნად შეასრულებდა ვალდებულებას.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერები საქონლის შესყიდვებთან დაკავშირებით (ს.ფ. 30-45);

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 22 აპრილის ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა მოპასუხე მხარემ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა შორის არსებული მიმოწერა (ს.ფ. 67-81);

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს განჩინებით შპს „გ-------------------------–-------------------------“-ის შუამდგომლობა ლონდონში საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს განჩინება (ს.ფ. 195-207)

-საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 117-188);

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მხარეთა შორის 2014 წლის 22 აპრილს დაიდო ხელშეკრულება საქონლის მიწოდების შესახებ, სადაც დეტალურად განისაზღვრა მხარეთა უფლებები და ვალდებულებები. ამავე ხელშეკრულებით წერილობითი სახით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობაც. როგორც მტკიცებულებებით, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დადასტურდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8 000 000 კგ. შაქარი მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე 2014 წლის აპრილის თვიდან 2014 წლის 31 დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდში არ მიუწოდებია. მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 5 465 150 კგ შაქარი, შესაბამისად, მოსარჩელეზე არ მოხდა 2 534 850 კგ შაქრის მიწოდება.

 

ასევე, სასამართლომ სადავო გარემოებად არ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის შაქარის ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ 2014 წლის ივნისში 2014 წლის 22 აპრილის ხელშეკრულებით გათავლისწინებული პროდუქციის შეთანხმებული ოდენობის მიუწოდებლობის გამო დამატებით შეიძინა 520 000 კგ შაქარი, 1 კგ ღირებული - 1,35 ლარი; 2014 წლის ივლისსში - 728 000 კგ შაქარი - 1 კგ ღირებული 1,35 ლარი და 2014 წლის აგვისტოს თვეში - 468 000 კგ საქარი (1 კგ ღირებული 1,35 ლარად). სულ მოსარჩელემ აღნიშნულ საქონელში გადაიხადა 33 835 ლარით მეტი, ვიდრე უნდა გადაეხადა თუკი მოპასუხე ჯეროვნად შეასრულებდა ვალდებულებას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა შეეხება მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულებაზე მეტი ღირებულებით საქონლის შეძენას. ვინაიდან სწორედ მოპასუხის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოსარჩელემ სხვა სუბიექტისგან მოახდინა შაქრის შეძენა უფრო მაღალ ფასად, ვიდრე 20214 წლის 22 აპრილის ხელშეკრულებით იყო გათავლისწინებული, შესაბამისად, მოსარჩელე დაზარალდა მოპასუხის ქმედების შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლოს მითითებით, მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ მისი ქმედება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის საქმიანობაა არაალკოჰოლური-გამაგრილებელი სასმელების წარმოება, რომელიც თავის საქმიანობას უფრო მეტი მოცულობითა და შესაბამისად, უფრო მეტი მოგების მიღების მიზნით ახორციელებს სეზონურად, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, შესაბამისად, მოპასუხისთვის წინასწარ იყო სავარაუდო, რომ მის მიერ სწორედ ზაფხულის სეზონზე იმ პროდუქციის მიუწოდებლობა თუ ნაკლები ოდენობით მიწოდება, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია არაალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად, უპირობოდ გამოიწვევდა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებას. მითუმეტეს, რომ მოსარჩელის მიერ 0,03 ლარით მეტი ღირებულება იქნა გადახდილი თოთოეულ კილოგრამ შაქარზე, ვიდრე უნდა გადაეხადა და შესაბამისად, სწორედ ამ ოდენობით იყო მისი, როგორც იურიდიული პირის, საფინანსო მხარე დაგეგმილი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელის სურვილის შესაბამისად ხდებოდა იმ ოდენობის შაქრის მიწოდება, რასაც თავად შემსყიდველი დაუკვეთავდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასეთი გარემოება არ დასტურდება. მოსარჩელეს დასჭირდა მიწოდებულ პროდუქციაზე მეტი პროდუქცია სწორედ მისი საქმიანობიდან გამომდინარე სეზონის გათვალისწინებით და იგი „იძულებული“ გახდა შეეძინა 0,03 ლარით მეტი ღირებულების მქონე შაქარი, ვიდრე მას დაგეგმილი ჰქონდა, რომ შეეძინა. 2014 წლის 22 აპრილის ხელშეკრულების 2.4. პუნქტის მიხედვით, ყოველთვიური მიწოდების ოდენობად განისაზღვრა 1 000 000 კგ შაქარი (+-5%). მოპასუხის მიერ კი 2014 წლის აპრილში მიწოდებულია - 350 000 კგ, 2014 წლის მაისში - 286 000 კგ, 2014 წლის ივნისში - 582 150 კგ, 2014 წლის ივლისში - 1 140 000 კგ, 2014 წლის აგვისტოში - 971 000 კგ, 2014 წლის ოქტომბერში - 494 000 კგ, 2014 წლის ნოემბრის თვეში - 78 000 კგ, 2014 წლის დეკემბერში - 596 000 კგ. შესაბამისად, სეზონის გათვალისწინებითაც კი უფრო ნაკლები ოდენობის პროდუქციაა მიწოდებული მოსარჩელეზე, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის საქმიანი ურთიერთობა მიღებული იყო მიმოწერა, ასევე, სატელეფონო საუბრით ურთიერთობა, შესაძლებელია ჩაითვალოს კიდეც, რომ ყოველთვიური მიწოდება თავად მხარეთა შეთანხმებით კორექტირდებოდა, თუმცა, ზაფხულის პერიოდის გათვალისწინებით, როდესაც დაგეგმილზე მეტი ოდენობით პროდუქცია დასჭირდა მოსარჩელეს, რაც დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა ყოველთვიურად 1 000 000 კგ შაქრის მიღებაზე, რომლის მიწოდება შეეძლო მოპასუხეს მოსარჩელეზე, მითუმეტს, რომ 2014 წლის ივლისის თვეში მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 1 140 000 კგ შაქარი და იმავე თვეს მოსარჩელის მიერ დამატებით იქნა უფრო მეტი ღირებულების მქონე შაქრის შეძენა სხვა სუბიექტისგან. თუკი გავიზიარებთ იმ გარემოებასაც, რომ იურიდიული პირი ორიენტირებულია მოგებაზე, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ მოპასუხეს მზად ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8 000 000 კგ შაქარი მოსარჩელეზე მისაწოდებლად და ამ უკანასკნელმა სხვა პირისგან 0,03 ლარით ძვირი თანხა გადაიხადა იმავე პროდუქციაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

2014 წლის 22 აპრილის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა თუ არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა და დარიცხვის წესი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ცალმხრივად განაცხადა უარი ვალდებულების შესრულებაზე, კერძოდ, არ მიაწოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული საქონელი მოსარჩელეს, შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ხელშეკრულების 4.7. პუნქტი და მას ყოველ აუთვისებელ ტონაზე უნდა დაეკისროს 30 აშშ დოლარის გადახდა. ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ მოსარჩელეს 8 000 000 კგ შაქრის ნაცვლად მიაწოდა 5 465 150 კგ შაქარი და მისაწოდებელი დარჩა 2 534 850 კგ, რაც ყოველ ტონაზე 30 აშშ დოლარის გადამრავლებით შეადგენს 76 045,50 აშშ დოლარს, სწორედ აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება პირგასამტეხლოს გონივრულობას, სასამართლომ განმარტა, რომ თავად მოპასუხე მხარის მიერ არ გამხდარა სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა, ამასთან მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მხარე წარმოადგენს ისეთ სუბიექტს, რომელთათვისაც ხელშეკრულებების დადება და სამართლებრივი ურთიერთობა მათი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და ამასთან, მათ ხელშეკრულებაში დეტალურად და სრულყოფილად გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი, რაც ორივე მხარისთვის მისაღები იყო, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ მოსალოდნელი იყო როგორც პირგასამტეხლოს არსებობა, ასევე მისი ოდენობაც, შესაბამისად, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მიჩნეული იქნა გონივრულად.

 

სასამართლოს განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი სასარჩელო მოთხოვნა შეეხება ზიანს, რომელიც განსახილველ შემთხვევაში, არის სხვაობა მოსარჩელის მიერ გადასახდელ და გადახდილ ღირებულებას შორის, ხოლო, მეორე სასარჩელო მოთხოვნა კი არის პირგასამტეხლო - მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო დაკისრებული „სანქცია“. ამდენად, ერთდროულად ორივე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და ორივე საფუძვლიდან გამომდინარე მოპასუხეზე თანხის დაკისრება შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ასევე, უნდა დაკმაყოფილდეს 12.10.2017 წლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, მხარეთა შორის არსებობს ხელშეკრულება, რომლის მე-5 მუხლის დადგენილია, რომ დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იყოს ინგლისური სამართალი და რომ იურისდიქციის ადგილი არის ლონდონი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შეთანხმება არ შეიცავდა ნამდვილ საარბიტრაჟო დათქმას, რის გამოც აპელანტს უარი ეთქვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე. თუმცა, განჩინებაში არსად არ არის დათქმა იმის თაობაზე, რომ ბათილად იქნა ცნობილი ხელშეკრულების მე-5 მუხლი. შესაბამისად, მუხლის შემადგენელი კომპონენტებიდან ნამდვილი დარჩა შეთანხმება იმაზე, რომ დავა გადაწყდებოდა ლონდონში და იმაზე, რომ გამოყენებული იქნებოდა ინგლისის სამართალი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2014 წლის 22 აპრილის მხარეთა შორის დაიდო მიწოდების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის უნდა მიეწოდებინა 8 000 000 კგ თეთრი კრისტალური შაქარი რუმინული წარმოების (ევროკავშირი) (1.1. და 2.1. პუნქტები). მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2014 წლის წლის ბოლომდე (2.2. პუნქტი). ყოველთვიური მიწოდების ოდენობა 1 000 000 კგ (+-5%) (2.4. პუნქტი). საქონლის ღირებულება განისაზღვრება 1,32 ლარად ერთ კილოგრამზე (3.1. პუნქტი). ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ, 4.6. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის რაოდენობისა და მისი მიწოდების ყოველთვიური გრაფიკის დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში „მიმწოდებელი“ იტოვებს უფლებას დააკისროს „მყიდველს პირგასამტეხლოს გადახდა, თვეში ასათვისებელი საქონლიდან ყოველ აუთვისებელ ტონაზე 30 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 4.7. პუნქტის თანახმად კი, ცალმხრივად, ნაკისრი ვალდებულეებების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ასეთი ინიციატივის მქონე მხარე, მეორე მხარეს უხდის პირგასამტეხლოს ყოველ აუთვისებელ ტონაზე 30 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2014 წლის 15 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა 2014 წლის 22 აპრილის მიწოდების ხელშეკრულების დანართი N1, რომლის მიხედვითაც მიწოდების ხელშეკრულების 3.1. პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 1 (ერთი) ტონა საქონლის ღირებულება განისაზღვრება 752 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საქონლის მიწოდების დღეს სს „ს----------–--------ში“ არსებული კომერციული კურსით, დღგ-ს ჩათვლით, რაც ასახული იქნება ყოველ მიწოდებულ პარტიაზე გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურაში.

 

დადგენილია, რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს ნაცვლად 8 000 000 კგ შაქრისა მიაწოდა 5 465 150 კგ შაქარი. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სრულად არის გადახდილი მიწოდებული პროდუქციის ღირებულება.

 

დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ 2014 წლის ივნისში 2014 წლის 22 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის შეთანხმებული ოდენობის მიუწოდებლობის გამო დამატებით შეიძინა 520 000 კგ შაქარი (1 კგ ღირებული 1,35 ლარად); 2014 წლის ივლისში - 728 000 კგ შაქარი (1 კგ ღირებული 1,35 ლარად) და 2014 წლის აგვისტოს თვეში - 468 000 კგ შაქარი (1 კგ ღირებული 1,35 ლარად). სულ მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნულ საქონელში გადაიხადა 33 835 ლარით მეტი, ვიდრე უნდა გადაეხადა თუკი აპელანტი ჯეროვნად შეასრულებდა ვალდებულებას. ამასთან, დადგენილია, რომ 2014 წლის 22 აპრილის ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა აპელანტმა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს განჩინებით შპს „გ-------------------------–-------------------------“-ის შუამდგომლობა ლონდონში საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე არ დაკმაყოფილდა.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით წერილობითი სახით განისაზღვრა პირგასამტეხლო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8 000 000 კგ. შაქარი აპელანტის მიერ მოწინააღმდეგე მხარეზე 2014 წლის აპრილის თვიდან 2014 წლის 31 დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდში არ მიუწოდებია. აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს მიაწოდა 5 465 150 კგ შაქარი, შესაბამისად, არ მოხდა 2 534 850 კგ შაქრის მიწოდება. ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიწოდებული პროდუქციის შაქარის ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული.

 

მოწინააღმდეგე მხარემ 2014 წლის ივნისში 2014 წლის 22 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის შეთანხმებული ოდენობის მიუწოდებლობის გამო დამატებით შეიძინა 520 000 კგ შაქარი, 1 კგ ღირებული - 1,35 ლარი; 2014 წლის ივლისსში - 728 000 კგ შაქარი - 1 კგ ღირებული 1,35 ლარი და 2014 წლის აგვისტოს თვეში - 468 000 კგ საქარი (1 კგ ღირებული 1,35 ლარად). სულ მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნულ საქონელში გადაიხადა 33 835 ლარით მეტი, ვიდრე უნდა გადაეხადა თუკი აპელანტი ჯეროვნად შეასრულებდა ვალდებულებას.

 

2014 წლის 22 აპრილის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა თუ არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა და დარიცხვის წესი. ამასთან, აპელანტმა ცალმხრივად განაცხადა უარი ვალდებულების შესრულებაზე, კერძოდ, არ მიაწოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული საქონელი მოწინააღმდეგე მხარეს, შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ხელშეკრულების 4.7. პუნქტი.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების შეწყვეტას მოითხოვს მოცემულ დავაზე ქართული სასამართლოს კომპეტენციის არარსებობაზე მითითებით. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს განჩინებით (საქმე Nა-887-შ-21-2016) შპს „ჯ------------------------–--------------------------ს“ უარი ეთქვა ლონდონში საარბირტაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსი დაკავშირებულია მხოლოდ ერთ მოქმედებასთან - დავის შემთხვევაში ინგლისის სამართლის გამოყენებით დავის გადაწყვეტასთან, იურისდიქციის ადგილი ლონდონი, რაც თავისთავად არ ნიშნავს, რომ დავა განხილული უნდა იქნეს ინგლისის სასამართლოს მიერ. აღნიშნული მუხლი არც ალტერნატივას გულისხმობს, რომ დავის შემთხვევაში საქმე უნდა განიხილოს ან არბიტრაჟმა ან ინგლისის სასამართლომ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, თავად მხარის მოქმედებით ცალსახად დგინდება, რომ შპს „ჯ------------------------–--------------------------ს“-ს მიაჩნდა, რომ მხარეთა შორის შეთანხმება სწორედ რომ არბიტრაჟზე იყო, შესაბამისად, თავისი დარღვეული უფლებების დასაცავად სწორედ ლონდონის არბიტრაჟს მიმართა, თუმცა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ ცნო უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და განმარტა, რომ ხელშეკრულების მე-5 მუხლი მხარეთა შორის ასეთ შეთანხმებას არ ითვალისწინებდა. ამდენად, თუკი მხარეთა შორის არსებული დავა არ არის ლონდონში საარბიტრაჟო ტრიბუნალის განხილვის საგანი, რაზეც უკვე იმსჯელა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, აღნიშნული ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მხარეთა შორის დავა განეკუთვნება ინგლისის სასამართლოს კომპეტენციას. ამასთან, მართალია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით არ მომხდარა ხელშეკრულების მე-5 მუხლის ბათილად ცნობა, თუმცა მისი განმარტების შედეგად მუხლმა, სადაც საუბარი იყო არბიტრაჟზე და არა ინგლისის სასამართლოზე, დაკარგა თავისი მოქმედების სფერო, რომელიც მხოლოდ არბიტრაჟს ეხებოდა, შესაბამისად, ამავე მუხლის სხვა საფუძვლითა და სხვა კონტექსტით გამოყენება საფუძველს მოკლებულია. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის არც საარბიტრაჟო და არც ინგლისის სასამართლოს განხილვაზე არ ყოფილა შეთანხმება, ამასთან, ორივე მხარის იურიდიული მისამართი საქართველოშია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე განსჯად სასამართლოებს სწორედ საქართველოს სასამართლოები წარმოადგენს.

 

განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით ეთანხმება რა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სააპელაციო პალატა დასკვნის სახით დამატებით განმარტავს შემდეგს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლით მხარეთა ნებას წარმოადგენდა არა ლონდონის სასამართლოს იურისდიქციის დადგენა და ინგლისური სამართლის გამოყენება ზოგადად დავის წარმოშობის შემთხვევაში, როგორც ამას აპელანტი მიუთითებს, არამედ მხარეთა შორის საარბიტრაჟო დათქმის ნამდვილობის პირობებში არბიტრაჟის განსჯადობის დადგენა და სწორედ ამ მიზნითა და აღნიშნული მიზნის ფარგლებში გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ ცნო ლონდონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, მხარეთა შორის შეთანხმების სადავო მუხლის ბათილად აღიარების არარსებობის მიუხედავად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს მოცემულ საქმეზე ლონდონის სასამართლოს კომპეტენციის დადგენის სამართლებრივი საფუძვლით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,გ------------------------–-------------------------ის“ (შპს ,,G-----------------------------------------”) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.12.2017 წლის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი