განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2018
საქმის ნომერი
120210016001423332
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6722-16 29 მაისი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ლევან გვარამია

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი – სს ,,ს--------------------------------------–------”;

წარმომადგენელი – ლ---------------–--;

 

მოწინააღმდეგე მხარე – გ------- გ-------;

წარმომადგენელი – ც----------------;

 

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სს ,,ს--------------------------------------–------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე გ------- გ-------ს მოსარჩელე სს ,,ს--------------------------------------–------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 1800 (ათას რვაასი) ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2015 წლის 29 ნოემბერს ,,მიცუბიში კოლტის” მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით T--------, რომელსაც მართავდა გ------- გ-------, შეეჯახა ”ტოიოტა პრიუსის” მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით - A--------, რომელსაც მართავდა დ------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა;

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.2. ავტოსაგზაო შემთხვევაში დამრღვევ მძღოლად ცნობილი იქნა გ------- გ-------, რომლის მიმართაც საქართველოს შსს საპატრულო პოლიციამ შეადგინა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი - № ეთ 8----- საქართველოს ასკ-ის 125-ე მუხლის შესაბამისად და დაჯარიმდა 250 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი;

 

2.3. გ------- გ-------ს ადმინისტრაციული ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ გაუსაჩივრებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.4. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ”ტოიოტა პრიუსის” მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - A--------, დაზღვეული იყო სს ,,ს--------------------------------------–-----ში”.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ავტომობილის დაზღვევის პოლისი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.5. შეჯახების შედეგად ”ტოიოტა პრიუსის” მარკის ავტომანქანამ მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანებები, ზიანის ოდენობა შეფასებულ იქნა შპს ”ავტოექსპერტიზის” მიერ; შეფასების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 2868,5 აშშ დოლარით (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში -7142.6 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ავტომობილის ინსპექტირება, ზარალის ოდენობის და ნარჩენი ღირებულების დადგენის შესახებ შპს ,,ავტოექსპერტიზის’’ 01.12.2015წ. აქტი;

 

2.6. სს ,,ს--------------------------------------–-----მა" დაზღვეულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი 7118.47 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო დავალება N100, გადახდის თარიღი 11.02.2016წ;

 

2.7. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ,,ტოიოტა პრიუსის” მარკის ავტომანქანაზე (სახელმწიფო ნომრით - A--------) მიყენებულმა ზიანმა შეადგინა - 1800 ლარი;

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის 29 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2868.5 აშშ დოლარი. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის (,,ტოიოტა პრიუსის” მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - A--------) დაზიანებების აღდგენის ღირებულების სასაქონლო შეფასება, რომლის თანახმად აღდგენის ღირებულება შესრულებულ სამუშაოებთან ერთად ჯამში 1800 ლარის წარმოადგენს. ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ---------–------–---–მა განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ დაზიანებულა ყველა ის ნაწილი, რაც ჩამოთვლილია შპს ,,ავტოექსპერტიზის’’ მიერ შედგენილ დაზიანებული ავტომობილის ინსპექტირების ზარალის ოდენობის და ნარჩენი ღირებულების დადგენის დოკუმენტში. მანვე მიუთითა, რომ წარდგენილი ფოტოსურათებიდან ირკვევა, რომ არ არის დაზიანებული კარნიზი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კარნიზი არ არის დაზიანებული მაშინ კარნიზის საფარი პლასტმასი შეცვლა საჭირო აღარ არის. ასევე არ დგინდება დაზიანებულია თუ არა უკანა დაკიდების ძელი, რომლის შეცვლის შემთხვევაშიც იცვლება ე.წ. ცაპკაც. იმ შემთხვევაში თუ ძელი დაზიანდებოდა და გამოიცვლებოდა სრულად მაშინ სარობოტე სამუშაოები საჭირო აღარ იყო. აღნიშნული დეტალების სრულად შეცვლის შემთხვევაში ძელის და ე.წ. ,,ცაპკის’’ ღირებულება ერთად შეადგენს 1000 ლარს, ხოლო თუ გადააწყობდნენ მისი ფასი განახევრდებოდა (აღნიშნული გარემოება დადგენილი არ არის). მანვე მიუთითა, რომ ამ ფირმის ავტომანქანების ბუფერი იშლება ნაწილებად (სამ ნაწილად), შესაბამისად შესაძლებელია მხოლოდ დაზიანებული მარცხენა ნაწილის შეცვლა, რომლის ღირებულება თავისივე სამაგრით იქნებოდა 70 ლარი, სრულად აღდგენის შემთხვევაშიც კი მისი ბამპერის ღირებულება 300-350 ლარს არ აღემატება. გარდა ამისა არ იყო საჭირო სათუნუქე სამუშაოები, ხოლო რაც შეეხება სარობოტე სამუშაოებს იგი შესაძლებელია საჭირო ყოფილიყო მხოლოდ მანქანის გარკვეული ნაწილის გასასწორებლად. სამღებრო სამუშაოები შესაძლებელია საჭირო ყოფილიყო მხოლოდ ბუფერის და ფრთის შესაღებად. მანვე აღნიშნა, რომ უნდა შედგენილიყო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ნაწილების დეტალური აღწერის აქტი, სადაც მითითებული იქნებოდა თითოეული დაზიანებული დეტალი, ხოლო დასურათებისას გადაღებული უნდა ყოფილიყო კონკრეტულად დაზიანებული ნაწილები. მის მიერ დაზიანებული ნივთების ჩამონათვალი გაკეთდა წარდგენილი სურათების მიხედვით, ხოლო დაზიანებული დეტალების ფასები მის მიერ მითითებული იქნა ინტერნეტიდან და სხვადასხვა სერვისცენტრებიდან მოძიებული ინფორმაციის შედეგად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე ზიანის გამომწვევი მიზეზებს და კონკრეტულ ოდენობას ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებებით მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რომ ზიანის ოდენობა არის განსხვავებული. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარემ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოს დამადასტურებლად წარმოადგინა ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის 23.09.2016წ. სასაქონლო შეფასება, რომლის თანახმად ავტომობილის ,,ტოიოტა პრიუსის’’ (სახელმწიფო ნომრით - A--------) აღსადგენად საჭირო დეტალები, მათი ფასები, აღდგენის სამუშაოები და ღირებულება განსხვავებულია. ამდენად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას შპს ,,ავტოექსპერტიზას’’ მიერ 01.12.2015წ. დაზიანებული ავტომობილების ინსპექტირების, ზარალის ოდენობის და ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტში ჩამოთვლილი დაზიანებული ნაწილებისა და შესასრულებელი სამუშაოების არსებობის შესახებ აქტში მითითებული მოცემულობით, ვინაიდან აღნიშნული გარემოებები მოპასუხე მხარემ სადაო გახადა და წარმოადგინა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მისი მოქმედებით ზიანი მიადგა დამზღვევს 1800 ლარის ოდენობით. ამასთან, გასათვალისიწნებელი ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის განმარტებით, უცნობია არსებობს თუ არა, ან სად ინახება დაზიანებული (შეცვლილი) ნაწილები.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ავტოავარიის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის მესაკუთრისათვის (დამზღვევისათვის) სადაზღვევო თანხის გადახდით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

დელიქტური ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისკენ.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს ,,სამართალდარღვევის’’ შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელისა და მოპასუხეთა ახსნა-განმარტებებით, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა მოპასუხე - გ------- გ------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად დამზღვევზე (დ------------–---–ზე) მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა სამართალდარღვევის შემადგენლობის სამივე ნიშანი, აღნიშნული კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის - გ------- გ------ისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ხოლო 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით.

მოცემულ შემთხვევაში, მზღვეველს სს ‘’ჯ------------–-----ი’’ და დამზღვევს დ------------–---–ს შორის არსებობს სსკ-ის 799-ე და 820-ე მუხლებით გათვალისწინებული, ზიანის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მზღვეველი ვალდებული იყო, ზიანი აენაზღაურებინა ფულადი კომპენსაციით, სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ძირითადი ვალდებულება აგრძელებს არსებობას. ასეთ დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით, კერძოდ, მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს.

იმისათვის, რომ მზღვეველს ე.წ. „სუბროგაციის პრინციპით“ გაუჩნდეს უფლება, წაუყენოს მოთხოვნა სამართალდამრღვევს, სადაზღვევო თანხის გადახდის მომენტისათვის უნდა არსებობდეს თავად ზიანის (მატერიალური დანაკლისის) ფაქტი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომლის საშუალებითაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, იყო მოპასუხე გ------- გ-------. ასევე დადგენილია გ------- გ------ის ბრალეულობა ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენაში, შესაბამისად, იგი წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს დაზარალებულისათვის (დ------------–---–ისათვის) მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხში. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ დ------------–---–ს ჰქონდა მოპასუხე გ------- გ------ისაგან ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის მოთხოვნის უფლება. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანა დაზღვეული იყო სს „ს-------------------------------------–-----ში“, რომელმაც შეასრულა, რა თავისი ვალდებულება მზღვეველის წინაშე და მას ეს ზიანი აუნაზღაურა მოსარჩელემ, როგორც მზღვეველმა, შესაბამისად ზიანის მოთხოვნის უფლება მოპასუხე გ------- გ------ის მიმართ გადავიდა მზღვეველზე.

 

რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სასამართლოს მოაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიყენებული ზიანის ოდენობის დამდგენი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ მოთხოვნილი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხემ სადაო გახადა და საწინააღმდეგოს დამადასტურებლად წარმოადგინა ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის 23.09.2016წ. სასაქონლო შეფასება. შეფასების შემდგენი ექსპერტი რ---------–------–---–ი უთითებს, რომ შპს ,,ავტოექსპერტიზას’’ მიერ 01.12.2015წ. დაზიანებული ავტომობილების ინსპექტირების, ზარალის ოდენობის და ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტში მითითებული ფასები შეუსაბამოდ მაღალია, არის ფასთა შორის სხვაობა, მისივე მითითებით არ არის დაზიანებული ზოგიერთი ნაწილი და არ არის საჭირო აქტში მითითებული გასაწევი სამუშაოები. ამასთან, არ არის შედგენილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ნაწილების დეტალური აღწერის აქტი, სადაც უნდა მომხდარიყო შემთხვევის შედეგად დაზიანებული თითოეული დეტალის მითითება და უნდა მომხდარიყო დაზიანებული დეტალების დასურათება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე მხარის მიერ აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარემ თავი გაართვა მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს და დაასაბუთა თუ რატომ არის მის მიერ შედგენილი ექსპერტიზის შეფასებით დადგენილი ზიანის ოდენობა უფრო მცირე, კონკრეტულად რაში გამოიხატა ექსპერტიზის დასკვნის ცდომილება და რატომ არ უნდა იქნეს იგი გაზიარებული, თუმცა მოსარჩელე მხარეს რაიმე მტკიცებულება აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის აპელირებას ზიანის ოდენობაზე სასამართლო დასაბუთებლად მიიჩნევს და თვლის, რომ ზიანის ოდენობის დამდგენი მტკიცებულებები სრულად ვერ ადასტურებს მოთხოვნილი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 1800 ლარის ანაზღაურება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.3 ნაწილში დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ,,ტოიოტა პრიუსის” მარკის ავტომანქანაზე (სახელმწიფო ნომრით - A--------) მიყენებულმა ზიანმა შეადგინა - 1800 ლარი; სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნას და ექსპერტის განმარტებას და დაადგინა რომ: "სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარემ თავი გაართვა მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს და დაასაბუთა თუ რატომ არის მის მიერ შედგენილი ექსპერტიზის შეფასებით დადგენილი ზიანის ოდენობა უფრო მცირე".

 

აპელანტი აღნიშნავს, შედგენილი დასკვნა არის ავტო სასაქონლო და ავტო ტექნიკური, ხოლო დასკვნის ავტორი არის ტრასოლოგი, რაც მის მიერ განმარტებული იქნა სხდომაზე. ამდენად, მას არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია.

 

ამასთან, დასკვნა შედგენილია ფოტოსურათების საფუძველზე ხოლო მიერ აპელანტის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ეფუძნებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალების უშუალო დათვალიერებას.

 

ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გაიზიარა სასამართლომ ასახავს დასკვნის შედგენის მომენტისათვის (2016 წლის 23 სექტემბრისათვს) არსებულ ფასებს მაშინ როდესაც შემთხვევა მოხდა 2015 წლის ნოემბრისათვის.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ჩვენს მიერ წარმოდგენილი საქმეში არსებული საპატრულო პოლიციის ახსნა განმარტებები, სადაც პირდაპირ არის აღწერილი ის დაზიანებები რაზედაც რ---------–------–---–მა განმარტა, რომ არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ამავე სასამართლოს მიერ სხვა მოპასუხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლომ სწორედ საპატრულო პოლიციის ოქმები დაუდო საფუძვლად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ 2.1 – 2.6. პუნქტებში დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებებს (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების 3.1.4. – 3.2.2. პუნქტები).

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამასთან, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. დამკვიდრებული პრინციპის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა სუბროგაციული სარჩელი. მოპასუხე მხარის მიერ თავის მხრივ სადავოდ ხდის ავტოსატრანსპორტო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ოდენობას. შესაბამისად, მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა მოპასუხეს, რადგანაც სწორედ მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის ზედმეტობის დადასტურება.

 

მოპასუხის კუთვნილი მტკიცების ტვირთის დაძლევის მიზნით, მის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს ,,ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის“ მიერ შედგენილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის (,,ტოიოტა პრიუსის” მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - A--------) დაზიანებების აღდგენის ღირებულების სასაქონლო შეფასება, რომლის თანახმად, 2015 წლის 29 ნოემბერს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულება შესრულებულ სამუშაოებთან ერთად ჯამში 1800 ლარის წარმოადგენს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ დამდგარი ზიანის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია შპს ,,ავტოექსპერტიზის’’ მიერ შედგენილ დაზიანებული ავტომობილის ინსპექტირების, ზარალის ოდენობის და ნარჩენი ღირებულების დადგენის დოკუმენტში. მითითებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია დაზიანებული ავტონაწილები, დაზიანების აღმოსაფხვრელად გასაწევი სამუშაოები, მათი ღირებულება ცალ-ცალკე და ჯამში, რაც ჯამსი შეადგენს 7142.6 ლარს. აღსანიშნავია, რომ მოცემულ დოკუმენდში არ არის განმარტებული ნაწილების დაზიანების მიზეზი. საგულისხმოა, ასევე, რომ საეჭვოა გარკვეული სახის სამუშაოების და ნაწილების შეცვლის აუცილებლობა, რაც ასევე აღნიშნა სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის რ---------–------–---–ის მიერ. კერძოდ, მოცემული დოკუმენტის თანახმად, შესაცვლელია უკანა ბანპერი (ნაწილის ღირებულება - 708) ლარი, თუმცა ამავე დასკვნის მიხედვით შესაცვლელია მხოლოდ უკანა ბამპერის მარცხენა სამაგრი. ექსპერტის რ---------–------–---–ის განმარტებით, ამ ფირმის ავტომანქანების ბუფერი იშლება ნაწილებად (სამ ნაწილად), შესაბამისად შესაძლებელია მხოლოდ დაზიანებული მარცხენა ნაწილის შეცვლა, რომლის ღირებულება თავისივე სამაგრით იქნებოდა 70 ლარი, სრულად აღდგენის შემთხვევაშიც კი მისი ბამპერის ღირებულება 300-350 ლარს არ აღემატება. შპს ,,ავტოექსპერტიზის’’ მიერ შედგენილ დაზიანებული ავტომობილის ინსპექტირების, ზარალის ოდენობის და ნარჩენი ღირებულების დადგენის დოკუმენტის თანახმად, დაზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო იყო სათუნუქე და სარობოტე სამუშაოები (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება ერთობლივად შეადგენს 750 ლარს). ამასთან, მითითებულ დოკუმენტში არ არის განმარტებული, თუ რა სახის ზიანის აღმოსაფხვრელად იყო საჭირო აღნიშნული სამუშაოების შესრულება. ამასთან, ექსპერტის - რ---------–------–---–ის განმარტებით ზიანის აღმოსაფხვრელად საჭირო არ იყო სათუნუქე სამუშაოები, ხოლო რაც შეეხება სარობოტე სამუშაოებს იგი შესაძლებელია საჭირო ყოფილიყო მხოლოდ მანქანის გარკვეული ნაწილის გასასწორებლად. სამღებრო სამუშაოები, რომელიც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აქტის მიხედვით შეფასებულია 500 ლარად და უნდა განხორციელებულიყო 5 ნაჭერზე (არ არის განმარტებული, თუ რომელ ნაჭრებზე), ექსპერტის - რ---------–------–---–ის განმარტებით შესაძლებელია საჭირო ყოფილიყო მხოლოდ ბუფერის და ფრთის შესაღებად. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის რ---------–------–---–ის განმარტებით, უნდა შედგენილიყო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ნაწილების დეტალური აღწერის აქტი, სადაც მითითებული იქნებოდა თითოეული დაზიანებული დეტალი, ხოლო დასურათებისას გადაღებული უნდა ყოფილიყო კონკრეტულად დაზიანებული ნაწილები. მის მიერ დაზიანებული ნივთების ჩამონათვალი გაკეთდა წარდგენილი სურათების მიხედვით, ხოლო დაზიანებული დეტალების ფასები მის მიერ მითითებული იქნა ინტერნეტიდან და სხვადასხვა სერვისცენტრებიდან მოძიებული ინფორმაციის შედეგად. მანვე მიუთითა, რომ წარდგენილი ფოტოსურათებიდან გამომდინარე არ არის დაზიანებული კარნიზი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კარნიზი არ არის დაზიანებული მაშინ კარნიზის საფარი პლასტმასი შეცვლა საჭირო აღარ არის. ასევე არ დგინდება დაზიანებულია, თუ არა უკანა დაკიდების ძელი, რომლის შეცვლის შემთხვევაშიც იცვლება ე.წ. ცაპკაც. იმ შემთხვევაში, თუ ძელი დაზიანდებოდა და გამოიცვლებოდა სრულად, მაშინ სარობოტე სამუშაოები საჭირო აღარ იყო. აღნიშნული დეტალების სრულად შეცვლის შემთხვევაში ძელის და ე.წ. ,,ცაპკის’’ ღირებულება ერთად შეადგენს 1000 ლარს, ხოლო თუ გადააწყობდნენ მისი ფასი განახევრდებოდა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილ შპს ,,ავტოექსპერტიზის’’ მიერ შედგენილ დაზიანებული ავტომობილის ინსპექტირების, ზარალის ოდენობის და ნარჩენი ღირებულების დადგენის დოკუმენტში, ჩამოთვლილია მხოლოდ ავტონაწილები და გასაწევი სამუშაოები, მათი ღირებულების მითითებით, თუმცა არ არის მითითებული, თუ რა სახის დაზიანება მიადგა ავტომანქანას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ე.ი. არ არის აღწერილი დაზიანებული ნაწილები, შესაბამისად დაზიამების ხარისხი. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას მასზედ, რომ აპელანტმა კვალიფიციური მტკიცებულების წარმოდგენით ვერ უზრუნველყო მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების (ზიანის ოდენობა) დასაბუთება. პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად დაადგინა რომ მოპასუხე მხარემ თავი გაართვა მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს და მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, დაადასტურა 2015 წლის 29 ნოემბერს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულების ოდენობა, რაც შეადგენს 1800 ლარს.

 

აპელანტის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია ფოტოსურათების საფუძველზე, შესაბამისად იგი არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს როგორც მტკიცებულება. მითითებულთან მიმართებით, პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტის რ---------–------–---–მა 2016 წლის 15 აგვისტოს წერილით მიმართა სს ,,ს--------------------------------------–-----ს” და 2015 წლის 29 ნოემბერს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას დამდგარი ზიანი შეფასების მიზნით მოითხოვა დაზიანებული ავტომობილის ირგვლივ არსებული მასალების გადმოცემა, თუმცა აღნიშნულს აპელანტის მხრიდან შესაბამისი ქმედება არ მოჰყოლია. ამდენად, ექსპერტის ხელთ არსებულ ერთადერთ საკვლევი მასალას წარმოადგენდა ფოტოსურათები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თავად აპელანტმა ფაქტობრივად იძულებული გახადა ექსპერტი დასკვნა შეედგინა მხოლოდ ფოტოსურათებზე დაყრდნობით. ამასთან, აპელანტის მითითებული პოზიციის გაზიარება თავის მხრივ გულისხმობს, რომ უპირობოდ იქნეს გაზიარებული სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალების, როგორც ასეთის სრულებით არაქმედუნარიანად გადაქცევას ე.ი. იგი იქნება მხოლოდ ფორმალური ხასიათის მატარებელი რაც ყოვლად დაუშვებელია და ეწინააღმდეგება თანასწორობისა და შეჯიბრობითობის ფუძემდებელ პრინციპებს.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.3. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, არა იმ გარემოებას თუ რა თანხა იქნა გაღებული მოსარჩელის, როგორც მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურების მიზნით, არამედ იმ გარემოებას, თუ რეალურად რას შეადგენდა ზიანის ოდენობას, ვინაიდან მხოლოდ ამ ოდენობის ფარგლებში წარმოება მზღვეველს მესამე პირადმი მოთხოვნის უფლება. (იხ. მაგ. სუსგ №ას-581-549-2011, 5 სექტემბერი, 2012 წელი, სადაც განმარტებულია სუბროგაციის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საფუძვლები).

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს მოსთხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია მხარეთა შორის არსებული შეთანხმება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის დადგომის გარემოებები, აუცილებელია ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა და ზიანის დადგომასა და პირის ქმედებას შორის კაუზალური (მიზეზ-შედეგობრივი) კავშირი. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 29 ნოემბერს ,,მიცუბიში კოლტის” მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით T--------, რომელსაც მართავდა გ------- გ-------, შეეჯახა დაზღვეულ ”ტოიოტა პრიუსის” მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით - A--------, რომელსაც მართავდა დ------------–---–ი. დადგენილია, ასევე რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო მოწინაახმდეგე მხარის - გ------- გ------ის ბრალით, ხოლო რამდენადაც აპელანტმა სადაზხვევო ხელშეკრულების საფუძველზე აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანი, მას „სუბროგაციის“ პრინციპიდა გამომდინარე გ------- გ------ის მიმართ წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, თუმცა არა მის მიერ გადახდილი თანხის არამედ დამდგარი ზიანის რეალური ოდენობის შესაბამისად, რაც შეადგენს 1800 ლარს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.სს ,,ს--------------------------------------–------ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე /ლევან გვარამია/