განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/3439-18, 330310017002147783
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
14 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე - გელა ბადრიაშვილი
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო
წარმომადგენელი- გ------------------
აპელანტი (მესამე პირი) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - გ--------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს ,,ე----------------------–----–“
წარმომადგენლები - ა------------------------–---------–-----
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ე----------------------–----–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი №----------- საჩივარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 დეკემბრის N------- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე შპს ,,ე----------------------–----–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სულ დაერიცხა მოგების გადასახადი 343 615 ლარი (ტ.1. ს.ფ. 104).
2016 წლის 14 იანვარს, შპს ,,ე----------------------–----–მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და 2015 წლის 16 დეკემბრის N------- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება მოითხოვა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის №----- ბრძანებით შპს ,,ე----------------------–----–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1. ს.ფ. 92-93)
შპს ,,ე----------------------–----–ს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის N----- ბრძანება 2016 წლის 26 აპრილს გაეგზავნა ელექტრონული ფორმით. შპს ,,ე----------------------–----–ის“ დირექტორი ბრძანებას გაეცნო 2017 წლის 13 ივნისს და საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარადგინა 2017 წლის 5 ივლისს (სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის დეპარტამენტში წარადგინა 2017 წლის 30 ივნისს) (ტ.1. ს.ფ. 14-16).
სსიპ შემოსავლების სამსახურის N----- ბრძანება შპს ,,ე----------------------–----–ს“ 2016 წლის 22 აპრილს გაეგზავნა ფოსტით იურიდიულ მისამართზე - თბილისი, ვ---–--–---------. საფოსტო გზავნილის (უკუგზავნილი) შესაბამისად, საწარმოს კორესპონდენცია ვერ ჩაბარდა 2016 წლის 25 აპრილს. ჩაუბარებლობის მიზეზად უკუგზავნილში მითითებულია: „არავინ დამხვდა მისამართზე, დავტოვე შეტყობინება შუშის კარზე“.
2016 წლის 12 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის N----- ბრძანება შპს ,,ე----------------------–----–ს“ განმეორებით გაეგზავნა ფოსტით იურიდიულ მისამართზე - თბილისი, ვ---–--–---------. საფოსტო გზავნილის (უკუგზავნილი) შესაბამისად, საწარმოს კორესპონდენცია ვერ ჩაბარდა 2016 წლის 15 დეკემბერს. ჩაუბარებლობის მიზეზად უკუგზავნილში აღნიშნულია: „არავინ დამხვდა მისამართზე, დავტოვე შეტყობინება შუშის კარზე“ (ტ.1. ს.ფ. 49-52, 94-95).
სსიპ შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტების საფუძველზე 2016 წლის 22 აპრილის N----- ბრძანება 2017 წლის 23 თებერვალს გაავრცელა საჯაროდ (ტ.1. ს.ფ. 107-109).
შპს ,,ე----------------------–----–მა“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის №----- ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 22 აპრილის N----- ბრძანება სსიპ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა 2017 წლის 23 თებერვალს. ვინაიდან გადამხდელს ორჯერ გაეგზავნა სადავო ბრძანება და მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, ამასთან, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში გადამხდელი არ გასცნობია, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 22 აპრილის N----- ბრძანების საჯაროდ გავრცელება კანონშესაბამისია. აღნიშნული ბრძანება ჩაბარებულად ჩაითვალა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს ანუ 2017 წლის 15 მარტს, გასაჩივრების ვადა კი ამოიწურა 2017 წლის 04 აპრილს. საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილია 2017 წლის 05 ივლისს (შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში წარდგენილია 30 ივნისს) (ტ.1. ს.ფ. 36-38).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ,,ე----------------------–----–ის“ საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” პუნქტი, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ შპს ,,ე----------------------–----–ისათვის“ 2016 წლის 22 აპრილის N----- ბრძანების ჩაბარების თარიღად მიიჩნია 2017 წლის 15 მარტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღე და, შესაბამისად, სადავო ბრძანების გასაჩივრებისთვის დადგენილი 20 დღიანი ვადა აითვალა მითითებული თარიღიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
ამდენად, მითითებული ნორმის შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ამოწუროს გადასახადის გადამხდელისთვის დოკუმენტის ჩაბარების სხვა ალტერნატიული საშუალებები, დოკუმენტი ადრესატს უნდა გაუგზავნოს წერილობით სულ ცოტა 2-ჯერ, ასევე, გაუგზავნოს ელექტრონულად და იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება აღნიშნული საშუალებებით ადრესატისთვის დოკუმენტის ჩაბარება, დოკუმენტი გაავრცელოს საჯაროდ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველი საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს ,,ე----------------------–----–ს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის N----- ბრძანება 2016 წლის 26 აპრილს გაეგზავნა ელექტრონული ფორმით, ამასთან, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში გადამხდელი მას არ გასცნობია. ასევე, დგინდება, რომ შპს ,,ე----------------------–----–ს“ N----- ბრძანება გაეგზავნა ფოსტით იურიდიულ მისამართზე ორჯერ 2016 წლის 22 აპრილს და 2016 წლის 12 დეკემბერს. ორივე შემთხვევაში, ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ფორმალურად დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისთვის საქართველოს საგადასახდო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები (პირს 2-ჯერ გაეგზავნა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია), თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობის გამოყენებამდე დოკუმენტის როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ), ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ საჯარო შეტყობინების გზით ადრესატისათვის დოკუმენტის ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებულ იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად, ადრესატისთვის საჯაროდ გავრცელების გზით დოკუმენტის გაცნობამდე, საგადასახდო ორგანომ სრულყოფილად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით და სხვა საშუალებების გამოყენებით გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა და მხოლოდ მას შემდეგ რაც ამოიწურავს მათ, მიმართოს საჯარო შეტყობინების გზით ადრესატისათვის დოკუმენტის ჩაბარებას.
როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა მოცემულ შემთხვევაში საგადასახდო ორგანომ საჯარო შეტყობინების გზით დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარებამდე მხოლოდ ფორმალურად დაიცვა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის ჩანაწერი, რაც ვერ იქნება მიჩნეული ქმედით ღონისძიებად, რომელიც მან განახორციელა გადასახადის გადამხდელისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ჩაბარებასთან დაკავშირებით. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საგადასახდო ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა როგორც სატელეფონო შეტყობინებების, ისე ელექტრონული ფოსტის გზით ეცნობებინა გადასახადის გადამხდელისთვის სადავო ბრძანების გამოცემის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა საჯარო შეტყობინების გზით დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარებამდე მის ხელთ არსებული ალტერნატიული საშუალებების სრულყოფილად გამოყენება, რაც არ იძლეოდა გასაჩივრების ვადის გაშვების მოტივით საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახდო ორგანო ადრესატის მიერ საგადასახდო მოთხოვნის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადას მიიჩნევდა დარღვეულად, საგადასახდო კანონმდებლობა მას ანიჭებდა შესაძლებლობას არსებითად განეხილა ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი. კერძოდ, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. ამდენად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განიხილოს გასაჩივრების ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი საპატიო მიზეზების არსებობისას. ამასთან, კანონმდებელი არ აკონკრეტებს საპატიოობის კრიტერიუმებს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურება, საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სარწმუნოს ხდიან საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევას მისგან დამოუკიდებელი მიზეზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეკვლია სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დარღვევა გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხომ არ იყო გამოწვეული და ხომ არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძვლები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება №----------- საჩივართან დაკავშირებით და დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს ,,ერ&კომპანი ინტერნეიშენელის“ საჩივრის განხილვის თაობაზე.
სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიუთითებს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 9.08.2017 წლის №----------- წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 22.04.2016 წლის №----- ბრძანება გადამხდელს, მისამართზე თბილისი, ვ---–--–---------, გაეგზავნა ორჯერ და ორივეჯერ (10.05.2016 და 30.12.2016 წელს) დაბრუნდა უკან, ხოლო გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით ხსენებული ბრძანება გადამხდელს ელექტრონულად გაეგზავნა 26.04.2016 წელს და გაეცნო 13.06.2017 წელს. შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე 22.04.2016 წლის №----- ბრძანება განთავსდა 23.02.2017 წელს. ვინაიდან, გადამხდელს ორჯერ გაეგზავნა სადავო ბრძანება და მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, ამასთან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში გადამხდელი მას არ გასცნობია, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მიხედვით შემოსავლების სამსახურის ბრძანება გამოქვეყნდა საჯაროდ. ამდენად, აღნიშნული ბრძანება ჩაბარებულად ჩაითვალა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს ანუ 2017 წლის 15 მარტს, გასაჩივრების ვადა კი ამოიწურა 2017 წლის 4 აპრილს. საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში განსახილველად წარდგენილ იქნა 2017 წლის 5 ივლისს (შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში წარდგენილია 30 ივნისს). ამგვარად, ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია სადავო აქტის გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით, სახეზე იყო საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო დავის განმხილველმა ორგანომ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ყველა ფაქტისა და გარემოების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილი მკაცრად განსაზღვრავს იმ წესებს, რომელიც უნდა დაიცვას საგადასახადო ორგანომ გადამხდელისათვის დოკუმენტის გაგზავნის დროს. სასამართლოს მითითება, რომ საგადასახადო ორგანომ სრულყოფილად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, აბსოლუტურად სცდება კანონის მოთხოვნებს და ამ გზით სასამართლო დამატებით ვალდებულებებს აკისრებს საგადასახადო ორგანოს. გარდა ამისა, სასამართლო პირობითად ჩამოთვლის იმ საშუალებებს, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს დოკუმენტის გაგზავნისას, როგორიცაა ტელეფონი, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტა და მოკლე ტექსტური შეტყობინებაც კი. დღესდღეობით კომუნიკაციის მრავალნაირი საშუალება არსებობს, რითაც შეიძლება გადამხდელთან დაკავშირება, ამიტომ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს მიერ მითითებული საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, კვლავ არ დადგებოდა საკითხი, რომ შემოსავლების სამსახურმა ყველა გზას არ მიმართა საჯარო შეტყობინების გავრცელებამდე.
აპელანტი მიუთითებს, რომ ასევე საგულისხმოა გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტი. საიდან უნდა აითვალოს იგი თუ გადამხდელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ეცნობა მის მიმართ გამოცემული აქტების თაობაზე?! ან რა გარანტია არსებობს, რომ ამას გადამხდელი ზეწოლად და დაძალებად არ აღიქვამს და სხვა დავის საფუძველი არ გახდება?! სააპელაციო საჩივრის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე, შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობას, ერთის მხრივ სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანომ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ამოწუროს გადასახადის გადამხდელისთვის დოკუმენტის ჩაბარების სხვა ალტერნატიული საშუალებები, დოკუმენტი ადრესატს უნდა გაუგზავნოს წერილობით სულ ცოტა 2-ჯერ, ასევე, გაუგზავნოს ელექტრონულად და იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება აღნიშნული საშუალებებით ადრესატისთვის დოკუმენტის ჩაბარება, დოკუმენტი გაავრცელოს საჯაროდ. მეორეს მხრივ, უსაფუძვლო ვალდებულებებს აკისრებს საგადასახადო ორგანოს მიმართოს კომუნიკაციის იმ გზებს, რაც არ არის კანონით გათვალისწინებული და მხოლოდ სასამართლოს მოსაზრებას წარმოადგენს და მხოლოდ ამის შემდეგ გაავრცელოს საჯაროდ დოკუმენტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივანისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. ასევე სსკ-ის 44-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით: ,,დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს."
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „ე----------------------–----–ის“ იურიდიული მისამართია თბილისი, ვ---–--–---------.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 9.08.2017 წლის №----------- წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 22.04.2016 წლის №----- ბრძანება გადამხდელს მისამართზე - თბილისი, ვ---–--–---------, გაეგზავნა ორჯერ და ორივეჯერ (10.05.2016 და 30.12.2016 წელს) დაბრუნდა უკან, ხოლო გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით ხსენებული ბრძანება გადამხდელს ელექტრონულად გაეგზავნა 26.04.2016 წელს და გაეცნო 13.06.2017 წელს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე 22.04.2016 წლის №----- ბრძანება განთავსდა 23.02.2017 წელს. ვინაიდან, გადამხდელს ორჯერ გაეგზავნა სადავო ბრძანება და მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, ამასთან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში გადამხდელი მას არ გასცნობია, საბჭომ მართებულად მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 22.04.2016 წლის №----- ბრძანების საჯაროდ გავრცელება კანონშესაბამისია.
ამდენად, აღნიშნული ბრძანება ჩაბარებულად ჩაითვალა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს ანუ 2017 წლის 15 მარტს, გასაჩივრების ვადა კი ამოიწურა 2017 წლის 4 აპრილს. საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში განსახილველად წარმოდგენილია 2017 წლის 5 ივლისს (შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში წარდგენილია 30 ივნისს).
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და თავის მსჯელობაში აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა მხოლოდ ფორმალურად დაიცვა დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები.
აპელანტის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გაუგებარია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კანონის მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულება რატომ მიიჩნა სასამართლომ ფორმალურად და ბუნდოვანად, აპელანტისათვის ასევე გაუგებარია პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საგადასახადო ორგანოს მოკლე ტექსტური შეტყობინებით უნდა ჩაებარებინა გადამხდელისთვის 2016 წლის 22 აპრილის N----- ბრძანება. აპელანტის მითითებით, ამ უკანასკნელის შესრულება კანონით სავალდებულო არ არის და ამავდროულად აბსურდულიცაა, ვინაიდან გადამხდელმა შეტყობინება არ ჩაიბარა არც ელექტრონულ პორტალზე და არც იურიდიულ მისამართზე.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე მიღებულად, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაურღვევია კანონი და არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე - 394-ე მუხლებით დადგენილი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე.
სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებას წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა. ამასთან, ისინი ვალდებულნი არიან გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, რომლის შესრულებაც სავალებულოა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. ამდენად, კანონმდებლობა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას მხარეს ანიჭებს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხი, ვინაიდან სწორედ სადავო აქტის ჩაბარებაზეა დამოკიდებული პირის პროცესუალური თუ მატერიალური უფლებების რეალიზაციის ბედი. გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტის დასადგენად, მნიშვნელოვანია ამ ვადის ათვლის, ვადის დინების დაწყების, აქტის ძალაში შესვლის მომენტის ზუსტი განსაზღვრა. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა. გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლზე, რომელიც სამართლებრივად არეგულირებს საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის მიმოწერას, განსაზღვრავს დოკუმენტის ფორმებსა და კონკრეტულ ქმედებათა სამართლებრივ შედეგებს. მოცემული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო (44.3 მუხლი). პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი (44.4 მუხლი). ამავე მუხლის მე-7 ნაწილი განსაზღვრავს წერილობითი დოკუმენტის გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად მიჩნევის წინაპირობებს, კერძოდ, ჩაბარებულად ითვლება დოკუმენტი თუ იგი ჩაჰბარდა: ა) უფლებამოსილ პირს; ბ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. მე-10 ნაწილი კი ადგენს, რომ შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2- ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი რეგულაციები დეტალურად აღწერს როგორც საგადასახადო ორგანოს, ისე გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მიზნებისთვის განსახორციელებელ ქმედებებს და მათ სამართლებრივ შედეგებს. გადასახადის გადამხდელისათვის გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარებულად მიჩნევისთვის მნიშვნელოვანია შეფასდეს საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებათა კანონშესაბამისობა. კერძოდ, არსებული საკანონმდებლო რეგულაციით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარუდგინოს გადასახადის გადამხდელს ელექტრონული ფორმით. თუმცა, აღნიშნული დოკუმენტის ელექტრონული ფორმით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ვალდებულია დოკუმენტი გაუგზავნოს ადრესატს წერილობითი ფორმით. თუკი ამ უკანასკნელი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ადრესატს სულ მცირე 2-ჯერ მაინც არ ჩაბარდება, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დოკუმენტის საჯაროდ გაცნობის შესახებ. საგულისხმოა, რომ კანონმდებელი არ აკონკრეტებს წერილობითი დოკუმენტის 2-ჯერ გაგზავნის შემთხვევაში თუ რომელ მისამართზე - იურიდიულ თუ ფაქტობრივ მისამართზე უნდა იქნეს გზავნილი გაგზავნილი. სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნული უნდა განიმარტოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებიდან გამომდინარე - გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება. თუკი ადრესატს მის იურიდიულ მისამართზე არ ბარდება დოკუმენტი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე დაადგინოს გადამხდელის ალტერნატიული/ფაქტობრივი მისამართი და განახორციელოს დოკუმენტის გაგზავნა ასეთ მისამართზე. საკანონმდებლო ნორმა გულისხმობს გზავნილის არა მარტო იურიდიულ მისამართზე არამედ მის ფაქტობრივ მისამართზეც გაგზავნას. ადმინისტრაციულმა ორგანომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა გადასახადის გადამხდელს ჩააბაროს დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს კონკრეტულ უფლებებს და ვალდებულებებს. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ყოველმხრივი გამოკვლევა ასევე გულისხმობს, საგადასახადო ორგანოსთვის ცნობილი გადამხდელის ყველა საკონტაქტო, მათ შორის სატელეფონო ინფორმაციის გამოყენებასაც, რათა მიღწეულ იქნეს მიზანი - დოკუმენტის უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარება. საგადასახადო ორგანოსთვის ცნობილი გადასახადის გადამხდელის იურიდიულ თუ ფაქტობრივ მისამართზე გზავნილის ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიმართოს დოკუმენტის საჯარო ფორმით ჩაბარების წესს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე (შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს პირისათვის ელექტრონული და წერილობითი დოკუმენტის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები). ამდენად, საგადასახაო ორგანომ საჯარო შეტყობინების გამოყენებისას უნდა დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობები და მხოლოდ ყველა მცდელობის შედეგად, წერილობითი თუ ელექტრონული ფორმით, ოფიციალური დოკუმენტის ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საჯარო შეტყობინება. საგადასახადო ორგანოს ეკისრება ვალდებულება დაადასტუროს, რომ მან გამოიკვლია და დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულზე დაყრდნობით განახორციელა ოფიციალური დოკუმენტის გაგზავნა გადამხდელისთვის, თუმცა ვერ განხორციელდა გზავნილის ჩაბარება ადრესატისთვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ე----------------------–----–ის“ იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ვ---–--–------------. საგადასახადო ორგანომ სწორედ აღნიშნულ მისამართზე გააგზავნა ორჯერ კორესპოდენცია, თუმცა იგი ვერ ჩაბარდა ადრესატს. ჩაუბარებლობის მიზეზი ახსნილია უკუგზავნილზე მინაწერით: „არავინ დამხვდა მისამართზე. დავტოვე შეტყობინება შუშის კარზე“.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იმ პირობებში, როდესაც შპს „ე------------------------–----–სა“ და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის საქმიანი ურთიერთობა მრავალი წელია არსებობს, ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო შეტყობინების გზით დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარებამდე სრულყოფილად უნდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ალტერნატიული საშუალებები და თუნდაც სატელეფონო შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის გზით ეცნობებინა გადასახადის გადამხდელისთვის სადავო ბრძანების გამოცემის თაობაზე. საგულისხმოა, რომ შპს „ე------------------------–----–ის“ დირექტორის რამაზ ზოსიაშვილის ტელეფონის ნომერი, როგორც მხარეთა განმარტებებით და საქმის მასალებით დასტურდება, ცნობილი იყო საგადასახადო ორგანოსთვის. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნულ პირობებში საჯარო შეტყობინების გამოყენება მოკლებული იყო ფაქტობრივ და სამართლებივ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მიუხედავად ადრესატის მიერ საგადასახდო მოთხოვნის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დარღვეულად მიჩნევისა, საგადასახდო კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებდა შესაძლებლობას არსებითად განეხილა ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი. კერძოდ, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. ამდენად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განიხილოს გასაჩივრების ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი საპატიო მიზეზების არსებობისას. ამასთან, კანონმდებელი არ აკონკრეტებს საპატიოობის კრიტერიუმებს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურება, საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სარწმუნოს ხდის საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევას მისგან დამოუკიდებელი მიზეზით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეკვლია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დარღვევა გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხომ არ იყო გამოწვეული და ხომ არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანომ დავის განხილვის ეტაპზე არ გამოიკვლია, არ დაადგინა სადავო აქტის ჩაბარების საკითხი და სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ირგვლივ არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაზეც ისინი ამყარებდნენ თავიანთ მოთხოვნებს.
ამდენად, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტებმა ვერ მიუთითეს ისეთ გარემოებებზე და ვერ წარმოადგინეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურისა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე გელა ბადრიაშვილი
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე