განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.01.2019
საქმის ნომერი
330210017002164280
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002164280

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7291-18 21 იანვარი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი

 

აპელანტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

 

წარმომადგენელი - გ------- ა---------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ--–----“

 

წარმომადგენელი - დ----- ბ---------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შპს „დ--–----“-ის მიმართ სარჩელი აღძრა და 17 624.03 ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2014 წლის 1-----------ს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „დ--–----“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის ვალდებულებას ქ. თბილისში წ-------–---–-------------ის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა-აღდგენის სამუშაოების შესრულება წარმოადგენდა, რომლითაც მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში და მცენარის დარგვისას გამოსაყენებელი ძირითადი აგროტექნიკური ნორმების პირობებთან, შეტანილი ნოყიერი ნიადაგის, ხელოვნური საფარის და მავთულბადის პარამეტრებთან ერთად, სკვერის მოწყობა განისაზღვრა (ს.ფ. 20 - 26).

 

6. 2014 წლის 1----------ის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.2. პუნქტით, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ნაწილის 0.5%-ის ოდენობით, შეთანხმდა (ს.ფ. 20 - 26).

 

7. ხელშეკრულების 9.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ მიმწოდებლის მიერ წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ორჯერ დარღვევის/ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შემსყიდველის სასარგებლოდ სრულად ჩამოერთმეოდა (ს.ფ. 20 - 26).

 

8. შპს „დ--–----“-ის მხრიდან ვალდებულება ვადის დარღვევით შესრულდა (მხარეთა ახსნა - განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი)).

 

9. 2014 წლის 1-----------ს ქ. თბილისის მერიის მოთხოვნის საფუძველზე სს „პ--------------ი“-ს მიერ საბანკო გარანტია N4---, თანხით 17 395 ლარი, გაიცა (ს.ფ. 293).

 

10. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელე მხარის მიერ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მიღება არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის საკომპენსაციოდ გონივრულ ანაზღაურებას წარმოადგენდა და შპს „დ--–----“-ისთვის დამატებით პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები არ არსებობდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება წარმოიშობა. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა ვალდებულების დარღვევასთან არის დაკავშირებული. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებას ემსახურება, იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს. გარდა ვალდებულების შეუსრულებლობისა, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი ასევე, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება შეიძლება გახდეს.

 

რაც შეეხება საბანკო გარანტიის იურიდიული ბუნებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება. საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია.

 

11. მოცემულ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ მოსარჩელე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „დ--–----“-ისგან შესრულება მიიღო, თუმცა, ვალდებულების სრულად მიღება, რა თქმა უნდა, არაჯეროვანი შესრულებისთვის, პირგასამტეხლოს სახით შეთანხმებული სანქციის დაკისრების წინაპირობებს არ გამორიცხავს. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 1-------ს მუნიციპალიტეტის მერიამ სს „პ--------------ის“ კომერციულ დირექტორს ბ------–--ეს წერილით მიმართა და განუმარტა, რომ მოპასუხე შპს „დ--–----“-ს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების 3.5 პუნქტით გაწერილი სამუშაოების შესრულების ვადები დაირღვა. ამავე ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად კი, გათვალისწინებული ვადების ორჯერ ან 15 კალენდარულ დღეზე მეტის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველის სასარგებლოდ წარდგენილი გარანტია შემსრულებელს ჩამოერთმეოდა სრულად. ვინაიდან შემსრულებელს ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადები რამდენჯერმე 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით ჰქონდა დარღვეული, შემსყიდველმა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის (17 395 ლარის) მათ სასარგებლოდ გადარიცხვა მოითხოვა. წარმოდგენილი საგადახდო დავალებით დასტურდება, რომ სს „პ--------------მა“ 2015 წლის 02 ივლისს 17 395 ლარი შემსყიდველის ხაზინაში (ქ. თბილისის „სახელმწიფო ხაზინა“) გადარიცხა (ს.ფ. 293-295).

 

განსახილველ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვდა. როგორც წინამდებარე განჩინებაში განვითარებულმა მსჯელობამ ცხადყო, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა ვალდებულების შეუსრულებლობასთან ერთად ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებაც შეიძლება გახდეს, თუმცა, სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპი, რომელიც კერძო სამართლის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს, ერთიდაიმავე დარღვევის გამო ორმაგი ფინანსური სანქციის დაკისრების მართლზომიერებას გამორიცხავს. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა წარმოადგენს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა, ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და, ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დამკვეთმა შესრულება სრულად მიიღო, სამუშაოების შეთანხმებულ ვადებში დაუსრულებლობის გამო კი, სს „პ--------------ის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია გამოითხოვა, აღნიშნულით შემკვეთის მიზანი, შესრულების ვადის დარღვევით გამოწვეული ჰიპოთეტური ზიანის ანაზღაურების შესახებ მიღწეულია. საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საბანკო გარანტია არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით გაიცა, რასაც, თავისი არსით, პირგასამტეხლოს დატვირთვა აქვს (სანქცია ვადაგადაცილებისათვის). შესაბამისად, იმავე დარღვევისთვის, დამატებით, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის მე-8 და 115-ე მუხლებით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპს ეწინააღმდეგება.

 

12. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, აპელანტს მოპასუხე მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობა უნდა დაედასტურებინა, ანუ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მიეთითებინა, რომ არაჯეროვანი შესრულებისთვის (ვადის დარღვევა) მოპასუხეს სანქცია არ დაკისრებია, რაც ვერ განახორციელა. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე მხარემ წარმოადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი, რომლითაც სს „პ--------------ს“ ბენეფიციარის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო საბანკო გარანტიის მათ სასარგებლოდ გადახდას მოითხოვდა, საქმეს, ასევე, ერთვის სს „პ--------------ის“ მიერ საბანკო გარანტიის თანხის აპელანტისთვის გადახდის მტკიცებულებაც. ამ პირობებში სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირების მიზანი აპელანტის მიერ საბანკო გარანტიის მიღებით მიღწეულია, აპელანტმა მასზე კანონით დაკისრებული ტვირთი ვერ დასძლია, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი