განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.04.2019
საქმის ნომერი
010310018002253139
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310018002253139 (3/ბ-03-2019წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ა----- დ-------ე /შემდეგში „მოსარჩელე“/

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ა----- დ-------ის სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2018 წლის 11 იანვარს ა----- დ-------ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ და მოითხოვა: საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 24 ნოემბრის №1984/02 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება _ გასცეს საჯარო ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში დასაქმებული იმ საჯარო მოსამსახურეების შესახებ, რომლებიც 2017 წელს იმყოფებოდნენ მივლინებაში, მივლინების საჭიროებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით; ასევე გასცეს მივლინებასთან დაკავშირებით წარდგენილი მოხსენებითი ბარათების და გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასლები; წარმომადგენლობითი ხარჯებიდან დაფინანსებული შესყიდვების, კერძოდ, წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის საჭიროების დამადასტურებელი მოხსენებითი ბარათების, გამოცემული აქტების, შესყიდული საქონლის დასახელების შესახებ ინფორმაცია.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ „მოსარჩელის“ მიერ 2017 წლის 15 ნოემბრის №09-02-16/1054 წერილით გამოთხოვილი იქნა საჯარო ინფორმაცია, აჭარის მთავრობის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან - 14 ნოემბრამდე გამოცემული ბრძანებების, მოხსენებითი ბარათების და ხელშეკრულებების ასლების სახით, რომლებიც ეხებოდა სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებს. ასევე, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საწვავის, ავტომობილების შეკეთების და ტელეფონებისთვის გაწეული ხარჯების შესახებ.

 

აჭარის ა/რ მთავრობის 2017 წლის 24 ნოემბრის №1984/02 წერილით „მოსარჩელეს“ უარი ეთქვა საჯარო ინფორმაციის ნაწილის გაცემაზე. კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი არ არის უფლებამოსილი, გასცეს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათები და ბრძანებები, ვინაიდან ისინი შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს. ასევე, არ მიეწოდა ინფორმაცია წარმომადგენლობითი ხარჯების, სტუმრების მიღებისა და გაწეული ხარჯების შესახებ.

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო არის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ა/რ მთავრობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფუნქციაა, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების მიერ საბიუჯეტო სახსრების შემოსავლებსა და ხარჯებზე კონტროლი, შესაბამისად აჭარის ა/რ მთავრობა ვალდებულია ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდოს აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოსა და მის დეპუტატს, მთავრობის საქმიანობასა და საბიუჯეტო თანხებთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია; ამავე კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

 

ამ გარემოებათა შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრული სახით გაეცა მოთხოვნილი ინფორმაცია ა----- დ-------ისათვის, რაზედაც მოპასუხის უარი კანონსაწინააღმდეგო ხასიათისაა, რის გამოც სასამართლოს მიერ უნდა დაევალოს, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.

 

მოპასუხე მხარემ, აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მოცემული ახსნა -განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში წარდგენილი განცხადებით მოსარჩელე მოითხოვდა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან - 2017 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში გამოცემული ბრძანებების, მოხსენებითი ბარათებისა და ხელშეკრულების ასლების გადაცემას, რომლებიც ეხებოდა სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებს. ასევე, მოითხოვდა საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და ტელეფონებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას. მოსარჩელია აღნიშვნით, საჯარო ინფორმაცია გადაეცა ნაწილობრივ. მას არ მიეწოდა პერსონალური მონაცემის შემცველი ინფორმაცია, ასევე, არ მიეწოდა ინფორმაცია, თუ რომელი სტუმრების მიღებაზე იქნა გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის 24 ნოემბრის №1984/02 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, აპარატი არ იყო უფლებამოსილი გაეცა საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათები და ბრძანებები, ვინაიდან ისინი შეიცავდნენ პერსონალურ მონაცემებს. ამასთან, მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში გადაეცა ინფორმაცია 2017 წლის 1-ლი იანვრიდან - 2017 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდის მივლინებების შესახებ, ასევე, ინფორმაცია წარმომადგენლობის, საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და სატელეფონო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია მომთხოვნს გადაეცა კანონის მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-18 მუხლები ანიჭებს პირს უფლებას, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტებს, თუმცა იმავდროულად აწესებს გამონაკლისს და ადგენს შემთხვევებს, როდესაც დაუშვებელია საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცემა. ამდენად, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური, დაუშვებელია, გაიცეს ინფორმაცია, თუ ის შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათების და ბრძანებების გაცემის შესახებ, ზემოთ აღნიშნული ნორმების მიხედვით, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, ისინი შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს, რის გამოც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეთქვა უარი მათ გაცემაზე. საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოსარჩელეს მიეწოდა, რასაც ადასტურებს მის მიერ სარჩელზე დართული მტკიცებულებები. რაც შეეხება ინფორმაციას, თუ რომელი სტუმრების მიღებაზე იქნა გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები და რამდენს შეადგენდა იგი, აღნიშნული მოთხოვნით განცხადება არ ყოფილა წარმოდგენილი. მოსარჩელეს ამაზე არც შემდეგ მიუმართავს დამატებითი განცხადებით მთავრობის აპარატისთვის. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაცემული იქნა კანონით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება კანონშესაბამისია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ა----- დ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, _ ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის 24 ნოემბრის №1984/02 წერილი, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში; აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მთავრობას დაევალა, 2017 წლის 15 ნოემბრის N09-02-16/1054 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა: სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ბრძანებების (რომელშიც დაფარული იქნება მუშაკების საიდენტიფიკაციო მონაცემები) და ხელშეკრულებების ასლების გაცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ ა----- დ-------ემ 2017 წლის 15 ნოემბერს განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და მოითხოვა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან, 2017 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში გამოცემული ბრძანებების, მოხსენებითი ბარათებისა და ხელშეკრულების ასლების გადაცემა, რომლებიც ეხებოდა სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებს. ასევე, მოითხოვა საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და ტელეფონებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია, თანდართული ცხრილების მიხედვით.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის 24 ნოემბრის №1984/02 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, აპარატი არ იყო უფლებამოსილი გაეცა საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათები და ბრძანებები, ვინაიდან ისინი შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს. ამასთან, აღნიშნულ წერილზე დანართით მოსარჩელეს სრულყოფილი სახით წარედგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან - 2017 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და სატელეფონო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ, ცხრილის სახით, რომელიც მოიცავს მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხულ თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაწეულ სარემონტო ხარჯებს, თვეების მიხედვით. ასევე, ინფორმაცია სატელეფონო ხარჯების შესახებ მომზადებული იყო თითოეული თვის მიხედვით გაწეული მთლიანი ხარჯის მითითებით.

 

წარმომადგენლობისა და განხორციელებული მივლინებების შესახებ ინფორმაციაც მომთხოვნს მიეწოდა ცხრილის სახით, რომელშიც შეტანილი იყო 2017 წლის 01 იანვრიდან - 2017 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდის წარმომადგენლობითი, სამივლინებო ხარჯების საფუძვლის შესაბამისი აქტის დასახელება, მივლინების საფუძვლად მითითებული აქტის ნომერი, გამოცემის თარიღი, კონკრეტული მივლინების თარიღი და მივლინების ადგილი. მთავრობის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ შედგენილი ცხრილი მოიცავდა თითოეული ხარჯის მიმღები პირის გრაფას, ხარჯის გაწევის თარიღს, თითოეული სასაქონლო ზედნადების ნომერსა და თარიღს, დამატებით დოკუმენტის დასახელებისა და გაწეული ხარჯის შინაარსს (დანიშნულებას).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

 

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.

 

საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას _ გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ ინფორმაციის თავისუფლებას თავად საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რითაც უზრუნველყოფილია თავისუფალ საზოგადოებაში თავისუფალი აზრის არსებობა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 მუხლის შესაბამისად პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ინფორმაციის თავისუფლება არ არის აბსოლუტურად შეუზღუდავი უფლება, ვინაიდან თავად საქართველოს კონსტიტუცია აწესებს მისი შეზღუდვის ფარგლებს, კერძოდ, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით განმარტებულია, რომ ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს. სწორედ ამგვარ კანონისმიერ შეზღუდვის ფარგლებს აწესებს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი, რომლის მეორე პუნქტი ადგენს, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის დანაწესი გააზრებულ უნდა იქნეს მთლიანობაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406-408 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოახდინა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა იმ სახის ინფორმაციის დიფერენცირება, რომლებიც დაცულია ოფიციალურ წყაროებში და დაყო ისინი რამდენიმე ჯგუფად. ამ ჯგუფებს შორის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია მათში შემავალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. პირველ ჯგუფში შედის ინფორმაცია, რომელიც თავად ინფორმაციის მიღების მსურველ პირს შეეხება. ეს ინფორმაცია, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, დაუბრკოლებლად, კანონით დადგენილი წესით უნდა მიეწოდოს პირს. მეორე ჯგუფს წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც უშუალოდ ინფორმაციის მიღების მსურველს არ შეეხება, მაგრამ მათი მიღება, ასევე, შესაძლებელია კანონით დადგენილი წესის დაცვით. მესამე ჯგუფში შედის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია ინფორმაციის მეოთხე ჯგუფი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ავტომატურად გასაიდუმლოებას გულისხმობს. ეს არის ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული მონაცემები, რომლებიც შეეხება კერძო პირის კერძო საკითხებს, ეს ინფორმაცია ავტომატურად გასაიდუმლოებულია და მისი განსაიდუმლოება დამოკიდებულია თავად იმ პირის თანხმობაზე, ვისაც ინფორმაცია შეეხება. ამდენად, ოფიციალურ წყაროებში არსებული პირის კერძო საკითხებს მიკუთვნებული მონაცემები ხელშეუხებელია და სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაცული გამხელისაგან, რაც შეესაბამება როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპს, ასევე 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებულ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისას სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისაგან დაცვის პრინციპს.

 

შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ კერძო სუბიექტის ფინანსებთან, ჯანმრთელობასთან, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობასთან და სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია პირადი ფასეულობის მქონეა და მისი საიდუმლოების დაცვას თავად საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. ამდენად, პირად საიდუმლოებას მიეკუთვნება კერძო ხასიათის ინფორმაცია, რომელსაც გააჩნია ავტომატურად გასაიდუმლოებული ხასიათი.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,პირადი ცხოვრების პატივისცემის“ უფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ასევე ძირითად უფლებას. მისი შეზღუდვის საფუძვლები განისაზღვრება როგორც საგამონაკლისო შემთხვევები, კერძოდ, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული, კერძო საკითხების შესახებ ინფორმაციის დაცვის მექანიზმი გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის ზემოთ უკვე ხსენებულ 41-ე მუხლის მე-2 პუნქტში. აღნიშნული ნორმების ანალოგიურად, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის” მე-8 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად ცხოვრებას; ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლის თანახმად, არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად ცხოვრებაში; თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, რომ კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

 

ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულია, ერთის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, დაიცვას პირის კერძო სფერო, სანამ თავად ეს პირი არ გამოავლენს ინფორმაციის გაცემის ნებას, ხოლო მეორეს მხრივ, კოდექსი ამომწურავად ითვალისწინებს იმ ინფორმაციას, რომელიც ღიაობის მაღალი ხარისხის მატარებელია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლით მოწესრიგებულია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების წესი. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულია ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია. ხსენებული მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ასეთ ინფორმაციას მიაკუთვნებს ყველა სხვა ინფორმაციას, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილი განხილულ უნდა იქნეს ერთობლიობაში, მათი ერთობლივი ანალიზი კი სასამართლოს აძლევს განმარტების შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციული ორგანო, ერთის მხრივ, ვალდებულია საჯარო ინფორმაციის სახით გასცეს ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, ხოლო, მეორეს მხრივ, უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის იმ ნაწილის დაცვა მესამე პირთაგან, რომლებიც პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს შეიცავს, გარდა იმ შემთხვევის, როდესაც შესაბამისი პირის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა იქნება წარმოდგენილი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 371 მუხლი ადგენს პირის უფლებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თავად გადაწყვიტოს პერსონალური მონაცემების სხვა პირზე გაცემის საკითხი. შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პირის ინტერესი, არ დაუშვას კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება, ვიდრე თავად ეს პირი არ გამოხატავს საწინააღმდეგო ნებას. მართლმსაჯულების განხორციელებისას შექმნილი პერსონალური ინფორმაციის სხვათათვის ხელმიუწვდომლობა განპირობებულია სწორედ მასში შეტანილი იმ მონაცემების პერსონალური ხასიათით, რომლებიც პირის პირადი ცხოვრების კერძო საკითხებს განეკუთვნება და კონსტიტუციით დაცული ფასეულობაა.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 15 ნოემბერს განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და მოითხოვა 2017 წლის 01 იანვრიდან - 2017 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში გამოცემული ბრძანებების, მოხსენებითი ბარათებისა და ხელშეკრულების ასლების გადაცემა, რომლებიც ეხებოდა სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებს, ასევე მოითხოვა საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და ტელეფონებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია, თანდართული ცხრილების მიხედვით.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის 24 ნოემბრის №1984/02 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, აპარატი არ იყო უფლებამოსილი გადაეცა საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათები და ბრძანებები, ვინაიდან ისინი შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს. ამასთან, აღნიშნულ წერილზე დანართით მოსარჩელეს სრულყოფილი სახით წარედგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, 2017 წლის 01 იანვრიდან, 2017 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და სატელეფონო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ, ცხრილის სახით, რომელიც მოიცავს მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხულ თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაწეულ სარემონტო ხარჯებს, თვეების მიხედვით. ასევე, ინფორმაცია სატელეფონო ხარჯების შესახებ მომზადებულია, თითოეული თვის მიხედვით გაწეული მთლიანი ხარჯის მითითებით.

 

წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაციაც მომთხოვნს მიეწოდა ცხრილების სახით, რომელშიც შეტანილი იყო 2017 წლის 01 იანვრიდან - 2017 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდის წარმომადგენლობის, მივლინების საფუძვლის შესაბამისი აქტის დასახელება, მივლინების საფუძვლად მითითებული აქტის ნომერი, გამოცემის თარიღი, კონკრეტული მივლინების თარიღი და მივლინების ადგილი. მთავრობის მიერ გაწეული წარმომადგენლობის ხარჯების შესახებ შედგენილი ცხრილი მოიცავს თითოეული ხარჯის მიმღები პირის გრაფას, გაწეული ხარჯის თარიღს, თითოეული სასაქონლო ზედნადების ნომერსა და თარიღს, დამატებით დოკუმენტის დასახელებისა და გაწეული ხარჯის შინაარსს (დანიშნულებას). შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მიერ მოსარჩელისათვის სრულყოფილი სახით იქნა მიწოდებული მოთხოვნილი ინფორმაცია, 2017 წლის 01 იანვრიდან - 2017 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში საწვავზე, ავტომობილების შეკეთებიასა და ტელეფონებზე გაწეული ხარჯების შესახებ. რაც შეეხება გამოთხოვილ ინფორმაციას, 2017 წლის 01 იანვრიდან - 2017 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების, მოხსენებითი ბარათებისა და ხელშეკრულების ასლების გადაცემას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. მოსარჩელე მოითხოვდა სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების, მოხსენებითი ბარათებისა და ხელშეკრულების ასლების გადაცემას და არა ამ დოკუმენტების საფუძველზე ხარჯების თაობაზე მომზადებული ინფორმაციის გაცემას. ამდენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა ინფორმაცია გასცა არა იმ სახით, როგორითაც ამას მოსარჩელე მოითხოვდა.

 

მართალია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სხვა ფორმით (ცხრილში შეტანილი მონაცემების სახით) ასახა მის მიერ გაცემულ პასუხში, მაგრამ იგი ვერ აკმაყოფილებს განმცხადებლის ინტერესს _ გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მიზნობრიობას, თითოეული აქტის შინაარსის შესაბამისად, უშუალოდ ამ აქტების ასლების გადაცემის გზით. ამგვარი ინფორმაცია ღიაა და ეფუძნება ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი პირისათვის (საბიუჯეტო კოდექსის მე-4.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული რეგულაციის შესაბამისად, განმცხადებელი საკანონმდებლო დანაწესით არ არის შეზღუდული მოითხოვოს კონკრეტული შინაარსის საჯარო ინფორმაცია. კანონმდებლის მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივისა და მიზნის მითითებისაგან განმცხადებლის გათავისუფლება გულისხმობს სწორედ იმასაც, რომ პირი თავად განსაზღვრავს ინფორმაციის შინაარსს და ფორმას, მისთვის საჭირო მიზნობრიობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, თავად განმცხადებელი არჩევს საჯარო ინფორმაციის მისთვის სასურველ ფორმას თუ საჯარო ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით არსებობს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმეტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 15 ნოემბრის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია, საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და ბრძანებები, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამგვარი ინფორმაცია გასცეს, თუმცა პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე. ასევე, აღნიშნული წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა გაიცეს იმ მოცულობით, რომელიც არ მოიცავს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების თაობაზე ინფორმაციას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის 2017 წლის 24 ნოემბრის №1984/02 წერილი საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და ბრძანებების ასლების გაცემაზე უარის ნაწილში ეწინააღმდეგება კანონს.

 

რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის შესახებ მოხსენებით ბარათებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ისინი წარმოადგენს უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მათ შორის საჯარო მოსამსახურეთა მივლინებებსა და წარმომადგენლობასთან დაკავშირებული ბრძანებებისა და ასევე, ხელშეკრულებების მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას და არ მიეკუთვნება სზაკ-ის მე-2 მუხლის „მ“ პუნქტით განმარტებულ საჯარო ინფორმაციას, რამდენადაც არ მიიჩნევა ამ ნორმაში ჩამოთვლილ ოფიციალურ დოკუმენტად, ან ინფორმაციად. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მათ გადაცემაზე, არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებსა და მოთხოვნებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სზაკ-ის 331 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. განსახილველ შემთხვევაში მეორე სასარჩელო მოთხოვნაა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების დავალდებულება, საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ, რომლის განხორციელების ვალდებულებაც კანონმდებლობით აკისრია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

 

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო კონკრეტული სახის ინფორმაცია განცხადებაში მითითებული ფორმის შესაბამისად მიეწოდებინა მომთხოვნი პირისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს და არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აჭარის ა/რ მთავრობის მიერ უმოქმედობის სახით ნათქვამი უარი, საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და ბრძანებების გაცემაზე, არის უკანონო და ის პირდაპირ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპის რეალიზებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ სარჩელი ამ ნაწილში მიიჩნია დასაბუთებულად და დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, რომელიც ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის სრულად უარყოფას.

 

აპელანტის განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში წარმოდგენილი განცხადებით, მოსარჩელე მოითხოვდა 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 14 ნოემბრამდე გამოცემული ბრძანებების, მოხსენებითი ბარათებისა და ხელშეკრულების ასლების გადაცემას, რომლებიც ეხებოდა სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებს. ასევე, ითხოვდა, საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და ტელეფონებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის 24 ნოემბრის N1984/02 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, აპარატი არ იყო უფლებამოსილი გადაეცა საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათები და ბრძანებები, ვინაიდან ისინი შეიცავდნენ პერსონალურ მონაცემებს. ამასთან, გადაეცა ინფორმაცია 2017 წლის 1 იანვრიდან - 2017 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდის მივლინებების შესახებ, ასევე, ინფორმაცია წარმომადგენლობითი, საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და სატელეფონო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ.

 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაევალა, 2017 წლის 15 ნოემბრის N09-02-16/1054 განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა: სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ბრძანებების (რომელშიც დაფარული იქნება მუშაკების საიდენტიფიკაციო მონაცემები) და ხელშეკრულებების ასლების გაცემა.

 

აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეზე ინფორმაცია გაიცა ცხრილის სახით, რომელშიც მითითებულ იყო შემდეგი ინფორმაცია - მივლინება: თანამდებობა, მივლინების საფუძველი, ბრძანების ნომერი და თარიღი, მივლინების პერიოდი და დანიშნულების ადგილი. წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით მოსარჩელისათვის ცხრილის სახით მიწოდებული იქნა შემდეგი ინფორმაცია: მიმღები, თარიღი, თანხა, მოთხოვნის საფუძველი, დამატებითი დოკუმენტი და შინაარსი. ამრიგად, მოსარჩელისათვის სრულად იქნა მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია (გარდა შესაბამისი თანამშრომლის, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა, რის გაცემაზეც სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა), რაც დაფიქსირებულია კონკრეტულ ბრძანებასა თუ ხელშეკრულებაში. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ ბრძანებებისა და ხელშეკრულებების გაცემის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ინფორმაცია გაცემული იქნა ცხრილის სახით, სადაც დაფიქსირებულია ყველა ის მონაცემი, რაც თითოეულ დოკუმენტშია დაფიქსირებული. ამდენად, მიაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

რაც შეეხება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის 24 ნოემბრის N1984/02 წერილის ბათილად ცნობას, მიაჩნია, რომ აღნიშნული წერილი არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით განმარტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოაღნიშნულ წერილს, რადგან ჩათვალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და ბათილად ცნო იგი. შესაბამისად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილშიც სამართლებრივად არ არის დასაბუთებელი, რაც მისი გაუქმების საფუძვლად მიაჩნია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე. „...ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება.

 

მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 24 ნოემბრის №1984/02 წერილის ბათილად ცნობა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება გასცეს საჯარო ინფორმაცია. კონკრეტულად მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის დავალდებულებას გასცეს საჯარო ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში დასაქმებული იმ საჯარო მოსამსახურეების შესახებ, რომლებიც 2017 წელს იმყოფებოდნენ მივლინებაში, მივლინების საჭიროებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით; ასევე გასცეს მივლინებასთან დაკავშირებით წარდგენილი მოხსენებითი ბარათების და გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასლები; წარმომადგენლობითი ხარჯებიდან დაფინანსებული შესყიდვების, კერძოდ, წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის საჭიროების დამადასტურებელი მოხსენებითი ბარათების, გამოცემული აქტების, შესყიდული საქონლის დასახელების შესახებ ინფორმაცია.

 

ბათუმის საქალაქო სასაამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, _ ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის 24 ნოემბრის №1984/02 წერილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში; აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მთავრობას დაევალა 2017 წლის 15 ნოემბრის N09-02-16/1054 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა: - სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ბრძანებების (რომელშიც დაფარული იქნება მუშაკების საიდენტიფიკაციო მონაცემები) და ხელშეკრულებების ასლების გაცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

სარჩელის უარყოფის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს სასარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ბრძანებების (რომელშიც დაფარული იქნება მუშაკების საიდენტიფიკაციო მონაცემები) და ხელშეკრულებების ასლების გაცემა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების შემოწმება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1 მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარეს აპელანტის მოსაზრებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის 24 ნოემბრის №1984/02 წერილთან მიმართებით და განმარტავს, რომ გასაჩივრებული წერილი (24.11.2017წ. №1984/02) განეკუთვნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის 24 ნოემბრის №1984/02 წერილი საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და ბრძანებების ასლების გაცემაზე უარის ნაწილში ეწინააღმდეგება კანონს.

 

სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულების ნაწილში, ემყარება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 331 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

პალატა საჭიროდ მიიჩნევს, საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე დაადგინოს, კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაუცემლობის კანონიერების საკითხი. ამისათვის, პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციაზე, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების მაღალ გარანტიებს შეიცავს, კერძოდ, აღნიშნულის მარეგულირებელი ნორმები მოცემულია კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა იძლევა შესაძლებლობას ნებისმიერი პირისათვის, რათა მან ნებისმიერი (კანონიერი) საშუალებით მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ,,აღნიშნული უფლების განხორციელება, ძირითადად, თვითონ უფლებამოსილი სუბიექტის აქტივობაზეა დამოკიდებული, სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში მხოლოდ ის ვალდებულება ეკისრება, რომ ხელი არ შეუშალოს პირს, მიიღოს ინფორმაცია, გამოთქვას თავისი მოსაზრება, აგრეთვე არ შეიზღუდოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ცენზურის დაწესებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის N2/3/364 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44.1 მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. ამავე კოდექსის 2.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. საიდუმლო ინფორმაცია კი არის საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას (სზაკ-ის 2.1 მუხლის „ნ“ ქ/პ). ამავე კანონის 10.2 მუხლით, ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცნობის, აგრეთვე მათი ასლების მიღების წესი განისაზღვრება ?? ???????? III ????? (27-50 მუხლები).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28.1 მუხლით, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. 37.1 მუხლისა და 37.2 მუხლის პირველი წინადადებით, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. 38-ე მუხლით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა. 42-ე მუხლით, ყველას აქვს უფლება იცოდეს: საჯარო დაწესებულების იმ სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება („დ“ ქ/პ); ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს („ნ“ ქ/პ).

 

განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 15 ნოემბრის განცხადებით მოთხოვნილი და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დავალებული ინფორმაციის (სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ბრძანებები და ხელშეკრულებების ასლები) გაცემა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამგვარი ინფორმაცია გასცეს, რაც მართებულად შეფასდა საქალაქო სასამართლოს მიერ.

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

 

6. სასამართლო ხარჯები

აპელანტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნტის „უ“ ქვეპუნქტისა;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

გოჩა აბუსერიძე

მურთაზ მეშველიანი