განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002265921
საქმე №2ბ/86-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაია სულხანიშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - გ---------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ბ----------“
წარმომადგენელი - თ------------–---–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა დასკვნებზე მითითება: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სს ,,ბ----------ს" სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოთხოვილ იქნა მოპასუხე გ---------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისი, დ-------------, კ--------–---, კ-----------, ს/კ: 0---------------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მესაკუთრეს - სს ,,ბ----------";
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 22 იანვარს სარჩელით მიმართა მოსარჩელე სს ,,ბ----------ს” წარმომადგენელმა - თ------------–---–მა, მოპასუხის გ---------------–---–ის მიმართ და მოითხოვა უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
2.2. სარჩელში მითითებულია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისი, დ-------------, კ--------–---, კ-----------, ს/კ: 0----------------------, წარმოადგენს მის საკუთრებას. აღნიშნული დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომელშიც უძრავი ნივთის მესაკუთრედ მითითებულია მოსარჩელე სს ,,ბ----------”. შესაბამისად სს ,,ბ----------” წარმოადგენს მითითებული ქონების მესაკუთრეს. მოპასუხის უკანონო ქმედების გამო ვერ ფლობს და ვერ სარგებლობს კუთვნილი ქონებით, ასევე ვერ განკარგავს საკუთრებას მისი სურვილისამებრ.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 23 იანვარს სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი.
2.4. სს ,,ბ----------ს” სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების შესახებ გ---------------–---–ს ეცნობა 2018 წლის 23 მარტს, კერძოდ სასამართლოს გზავნილი (სარჩელი თანდართული დოკუმენტებით) ჩაბარდა გ---------------–---–ის მამას, ნ---------------–---–ს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდათ 10 დღის ვადა, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოსადგენად დადგენილი ვადის ბოლო დღე იყო 2018 წლის 02 აპრილი, მაგრამ მის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია და არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ამიტომ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა.
2.5. 2018 წლის 11 მაისს, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხეს ჩაბარდა პირადად - 2018 წლის 24 ივლისს.
2.6. 2018 წლის 30 ივლისს მოპასუხე გ---------------–---–ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა საჩივრის განხილვა, რომლის თაობაზეც ეცნობა მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით.
2.8. 2018 წლის 21 ნოემბერს სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი გ---------------–---–ი, რომელსაც სასამართლოს სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელის სს ,,ბ----------ს“ წარმომადგენელი თ------------–---–ი არ დაეთანხმა საჩივრის ავტორის მოთხოვნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
2.9. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ---------------–---–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა იგი, შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დასკვნები გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.10. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
სასამართლომ შენიშნა, რომ საქმის მომზადების მიზნით სასამართლოს მიერ მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, მოპასუხეს (შესაგებლის) წარდგენისათვის განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა, ასევე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. საპატიო მიზეზად კი ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოპასუხეს განემარტა, რომ მის მიერ სასამართლოს განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებების მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
დადგენილია, რომ სს ,,ბ----------ს“ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების შესახებ, გ---------------–---–ს ეცნობა 2018 წლის 23 მარტს, კერძოდ, საქმეში არსებული მასალების თანახმად, სასამართლო გზავნილი ჩაბარდა მოპასუხის მამას - ნ---------------–---–ს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოსადგენად დადგენილი ვადის ბოლო დღე იყო 2018 წლის 4 აპრილი, მაგრამ მის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა და სს ,,ბ----------ს“ სარჩელი დააკმაყოფილა, 2018 წლის 11 მაისს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელიგადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გ---------------–---–ის მიერ სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე მოპასუხეს უთხრა უარი.
2.11. 2018 წლის 26 დეკემბერს გ---------------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
საჩივრის ავტორის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან მას სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაბარებია, მართალია 2018 წლის 23 მარტს გზავნილი ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ინფორმირებული იყო სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული საქმის თაობაზე. აპელანტის განმარტებით, მისთვის სარჩელის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც პირადად ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამდენად, იმის გამო, რომ აპელანტისთვის სარჩელის შინაარსი არ იყო ცნობილი, მან ვერ შეძლო თავისი კანონიერი ინტერესების დაცვა და სასამართლოსთვის პოზიციის წარდგენა, რაც გასაჩივრებული განჩინების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დაბრუნების საფუძველია.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისი, დ-------------, კ--------–---, კ-----------, ს/კ: 0----------------------, წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. აღნიშნული დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომელშიც უძრავი ნივთის მესაკუთრედ მითითებულია სს ,,ბ----------”. შესაბამისად, სს ,,ბ----------” წარმოადგენს მითითებული ქონების მესაკუთრეს. დადგენილია, რომ მოპასუხის უკანონო ქმედების გამო ვერ ფლობს და ვერ სარგებლობს კუთვნილი ქონებით, ასევე ვერ განკარგავს საკუთრებას მისი სურვილისამებრ.
ასევე დადგენილია, რომ სს ,,ბ----------ს” სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების შესახებ გ---------------–---–ს ეცნობა 2018 წლის 23 მარტს, კერძოდ სასამართლოს გზავნილი (სარჩელი თანდართული დოკუმენტებით) ჩაბარდა გ---------------–---–ის ოჯახის წევრს, მამას, ნ---------------–---–ს 2018 წლის 23 მარტს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდათ 10 დღის ვადა, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოსადგენად დადგენილი ვადის ბოლო დღე იყო 2018 წლის 02 აპრილი, მაგრამ მის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია და არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ამიტომ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 74.1 მუხლის გათვალისწინებით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ზემოხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაჰბარდა დადგენილი წესით. კერძოდ, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ სარჩელი თანდართული მასალით ჩაბარდა მოპასუხის მამას - 2018 წლის 23 მარტს, ზემოხსენებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით კი, პალატა მიიჩნევს, რომ გ---------------–---–ზე კანონით დადგენილი წესით განხორციელდა გზავნილის ჩაბარება და მასვე განემარტა, რომ მას შესაგებლით უნდა ემტკიცებინა სარჩელში მოხმობილი გარემოებების საპირისპირო, გამაბათილებელი გარემოებები. მეტიც, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ ოჯახის წევრისთვის გზავნილის ჩაბარება არ ნიშნავს იმას, რომ იგი ინფორმირებული იყო სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული საქმის თაობაზე. პალატა შენიშნავს, რომ 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტს პირადად აქვს ჩაბარებული იმავე მისამართზე, სადაც სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, მამას. ამდენად, საქმის გარემოებებით დგინდება, რომ ნ---------------–---–ი გ---------------–---–თან მუდმივად მცხოვრები პირს წარმოადგენს, რის გამოც პალატას ექმნება დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი მასზედ, რომ გზავნილის შინაარსი აპელანტისთვის ცნობილი იყო და მას ევალებოდა კანონით დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოდგენა და სარჩელთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება, წინააღმდეგ შემთხვევაში - დადგებოდა მისთვის არასასურველი შედეგი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების სახით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა თვლის, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სწორად და სამართლიანად გამოიტანა.
4.2. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ გ---------------–---–ის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული არ იყო.
პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, რა მტკიცებულებებით უნდა დაადასტურონ მტკიცების საგანში შემავალი მათთვის სასურველი ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა განმარტა, რომ მის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - სასამართლოში დავის მიმდინარეობის არცოდნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარებულად ჩაითვალა გ---------------–---–ზე, აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი რაიმე სახის მტკიცებულება საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, რისი წარმოდგენაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სწორედ მას ევალებოდა. ამდენად, საჩივრის ავტორის მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ იგი არ იყო ინფორმირებული საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ, ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტი.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გი------ ფ-----–--–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინება.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი