განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210119002412138
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-226-2019 21 მაისი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
მომჩივანი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - შპს მ----------------ი ა-–---------------------ი ლ---------–--ა გ--------------–--ე
დავის საგანი - თავდებობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
1. მომჩივანის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ლ---------–--ას წარმომადგენლის, გ--------------–--ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება შპს მ----------------ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და ლ---------–--ასთვის შპს მ----------------ის სასარგებლოდ თანხის გადახდის დაკისრების ნაწილში და შპს მ----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. 2.2. სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა იშუამდგომლა გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. 2.7. აპელანტის ახსნა-განმარტების საფუძველზე, პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის სოლიდარული თავდებობის თაობაზე ხელშეკრულება არ დადებულა და კრედიტორს ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულება არ უცდია. 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 894-ე მუხლის თანახმად, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. 2.9. პალატამ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ზემოხსენებული ნორმის მოთხოვნებს იურიდიულად ამართლებდა, ამიტომ, შუამდგომლობა საფუძვლიანი იყო.
3. საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს მ----------------მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. მომჩივანს მიაჩნია, რომ პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზი იყო საპატიო. 2019 წლის 16 აპრილს 9 საათიდან 10 საათამდე მომჩივანის წარმომადგენელს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, რაზეც მისი ოჯახის წევრების მიერ მოხდა სასწრაფო დახმარების გამოზახება და სამედიცინო მუშაკების ჩარების და მედიკამენტების მიღების შემდეგ, რაც დაახლოებით გაგრძელდა 2 საათამდე, მოხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით შპს მ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლ---------–--ას - შპს მ----------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირი თანხის 3060 ლარის და სარგებლის 306 ლარის გადახდა. ლ---------–--ას - შპს მ----------------ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 150,98 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნასაცვლოდ. (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 100,98 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი). ლ---------–--ას - შპს მ----------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის იურიდიული მომსახურების ხარჯის 200 ლარის და სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის გადახდა. პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 4.2. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ლ---------–--ამ. 4.3. პალატამ სააპელაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში და შესაგებლის წარმოსადგენად გაუგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს. 4.4. სასამართლო სხდომა დაინიშნა 2019 წლის 16 აპრილს, რის თაობაზეც მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ. 4.5. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ გამოცხადდა, მას სასამართლოსათვის წინასწარ არც გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე უცნობებია. 4.6. მომჩივანის განმარტებით, სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით, კერძოდ, ავადმყოფობით იყო გამოწვეული. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 4.8. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 4.9. პალატის აზრით, მომჩივანმა ვერ დაამტკიცა ვერც ის, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული და ვერც ის, რომ ამის თაობაზე არ შეეძლო წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის. 4.10. როგორც აღინიშნა, მომჩივანს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ავადმყოფობა მიაჩნია. 4.10.1. აღნიშნულის დასამტკიცებლად მან სასამართლოს სამედიცინო ბარათი წარმოუდგინა. 4.10.2. ამ ბარათით დგინდება, რომ მომჩივანის წარმომადგენელი 2019 წლის 16 აპრილს გულისრევა-ღებინების მოვლითი ხასიათის ტკივილს უჩიოდა. 4.10.3. ზოგადად, პალატის აზრით, ამ ჩივილების მქონე ადამიანი სასამართლოში საქმის განხილვაში ჯეროვან მონაწილეობას ვერ მიიღებს. 4.10.4. თუმცა, გასათვალისწინებელია ის, რომ სამედიცინო ბარათის თანახმად, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა პაციენტისაგან შეტყობინება 2019 წლის 16 აპრილს, 7:55 საათზე მიიღო და სამედიცინო ბრიგადა დანიშნულების ადგილას 9 საათსა და 10 წთ-ზე გამოცხადდა. 4.10.5. ბრიგადა პაციენტთან 35 წთ-ის განმავლობაში იმყოფებოდა და 9 საათსა და 45 წთ-ზე ტერიტორია დატოვა. 4.10.6. სამედიცინო ბრიგადის მისვლის მომენტისათვის პაციენტის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელი იყო. იგი დროში, სივრცესა და გარემოში ორიენტაციას ახდენდა. ყველა პარამეტრი - სუნთქვა, პულსი წნევა, ტემპერატურა ნორმაში ჰქონდა. ტკივილები არ აღენიშნებოდა. 4.10.7. პაციენტმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა და მედიკამენტის მიღების შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. 4.11. პალატას მიაჩნია, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პირი სამედიცინო ბრიგადის წასვლიდან საათზე მეტი ხნის შემდეგ სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებას უთუოდ შეძლებდა. 4.11.1. მაგრამ, ასეც რომ არ ყოფილიყო, მას გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოს ინფორმირება ყოველ მიზეზგარეშე შეეძლო. 4.11.2. ამას ადასტურებს ისიც, რომ მომჩივანის წარმომადგენელი, საბოლოოდ, 2019 წლის 16 აპრილს სასამართლოში გამოცხადდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაიბარა. 4.12. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა“ – (სუსგ: №ას-1506-2018, 12 აპრილი, 2019 წელი, პ. 19). 4.13. რადგან მომჩივანმა ვერ დაამტკიცა ვერც ის, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული და ვერც ის, რომ ამის თაობაზე არ შეეძლო წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს და იგი ძალაში უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. შპს მ----------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე